"ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში"

"ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში"

სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მთავარი გმირების, დაქალების ბავშვობის მეგობარი ნატაშკა გამოჩნდა, რომლის მეუღლეც რესტორანში ჩხუბისთვის დააკავეს, თავად ნატაშკა კი ამ ფაქტის გამო დედასთან დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად ბიზნესის აწყობას მიჰყო ხელი.

ნატაშკას როლის შემსრულებელი ეკა დემეტრაძე ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობთა დასში, თუმცა მანამდე სხვადასხვა თეატრში მიწვევით თამაშობდა. ეკას მეუღლე ასევე მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილია, რომელიც სერიალში ზაზას როლს ასრულებს.

- ალბათ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით გოგონებს, რაღაც ეტაპზე სურთ მსახიობობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და შეიძლება ითქვას, რომ ოცნების დონეზე, რომანტიკული განწყობით ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე, მაგრამ რომ გავიზარდე, მერე მივხვდი, ჩემთვის რამდენად სასურველი და საყვარელი პროფესია ამირჩევია. მსახიობობას პროფესიას ვერ დაარქმევ, ეს უფრო ცხოვრების წესია. თუ გინდა იყო მართლა წარმატებული, ცხოვრების წესად უნდა გაიხადო საქმე, რომელიც ძალიან დიდ შრომას და ამასთანავე მსხვერპლს მოითხოვს. გარდა ამისა, ეს პროფესია მოქმედებს შენზე, როგორც პიროვნებაზე, თითოეული როლის შესრულებისას ვითარდები როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

- მსახიობები პირველ როლს განსაკუთრებულად იხსენებენ ხოლმე. თქვენ ვინ განასახიერეთ პირველად?

- პირველი როლი სადიპლომო სპექტაკლში შევასრულე, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ლალი კეკელიძის სპექტაკლში "პუნქტი ნომერი ნოლი" შესრულებული უსიტყვო როლი.ერთი სეზონი ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და შემდეგ რეპერტუარიდან მოიხსნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემთვის ის მაინც განსაკუთრებულად რჩება. ალბათ იმიტომ, რომ ვერ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები ამ გმირზე მუშაობისას.

- "ჩემი ცოლის დაქალებამდე" სხვა სერიალებშიც მონაწილეობდით...

- კი, ჯერ იყო "ჟამი ყვავილობისა", შემდეგ - "დეტექტივები", სადაც ერთ ეპიზოდში მივიღე მონაწილეობა, მერე - "შუა ქალაქში" და ბოლოს - "გოგონა გარეუბნიდან". საერთოდ, როცა ახალ პროექტზე ვიწყებ მუშობას, მასზე ვარ გადართული და წინა ყველაფერი მავიწყდება, ამიტომ ბევრის გახსენება ამ სერიალებზე მიჭირს. "ჟამი ყვავილობისა" დიდი ხნის წინ იყო და სხვადასხვა პრობლემის გამო შეწყდა. რაც შეეხება სერიალს "გოგონა გარეუბნიდან", მასზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. თეთრი ხალათი რომ ჩამაცვეს და საოპერაციოში შემიყვანეს, თავი უცნაურად ვიგრძენი, მიწევდა სამედიცინო ხელსაწყოებთან ურთიერთობა, სასწრაფოს მანქანით გადაადგილება, რაც ნამდვილად საინტერესო გამოცდილება გახლდათ. მაგრამ ეს სერიალიც შუა გზაში გაჩერდა ისე, რომ სეზონი ბოლომდე ვერ მივიდა.

- რაც შეეხება "ჩემი ცოლის დაქალებს", როგორ მოხვდით ამ სერიალში?

- აქაც შერჩევის წესით მოვხვდი, მაგრამ თავიდან სულ სხვა პერსონაჟზე იყო კასტინგი გამოცხადებული. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ სხვა როლზე დამიძახეს.

- რომელი პერსონაჟი უნდა გეთამაშათ?

- მაგას ვერ ვიტყვი.

- მაშინ ის გვითხარით, რა მსგავსება და განსხვავებაა ეკასა და ნატაშკას შორის?

- რადგან ამ გმირს მე ვასახიერებ, მსგავსება ბევრი იქნება, განსხვავება კი ის გახლავთ, რომ ნატაშკას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, თუმცა რეალურად ბევრი ადამიანია მის მდგომარეობაში. პირადად ჩემთვის მისი ოჯახური გარემო, ქმართან ურთიერთობა და დამოკიდებულება ცოტა უცნაურია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნატაშკასნაირი ცხოვრებით ცხოვრობენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება