"გიგა ლორთქფანიძემ მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მასთან ერთად წავიდა"

"გიგა ლორთქფანიძემ მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მასთან ერთად წავიდა"

ასობით სპექტაკლი ქართულ თუ რუსულ სცენაზე, პედაგოგიური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა, რუსთავის თეატრი, ფილმები - "დათა თუთაშხია", "თეთრი ბაირაღები", "წიგნი ფიცისა", "ერთ პატარა ქალაქში", "პრემიერა" - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც გიგა ლორთქიფანიძემ ქართულ სახელოვნებო სივრცეს და საზოგადოებას დაუტოვა.

"სულიერი სიახლოვე ყოველთვის მარჯანიშვილის თეატრთან მეტი მქონდა. იქ ვახტანგ ტაბლიაშვილმა 22 წლის ასაკში მიმიწვია. მაშინდელი დასი საოცრად მდიდარი, ნიჭიერი ხალხით სავსე იყო. 1967 წელს, როცა თაობების დაპირისპირება მოხდა, მე ახალგაზრდობას დავუჭირე მხარი და 27 მსახიობთან ერთად, თეატრიდან წამოვედი. ჩემს შემოქმედებაში ყველაზე სწორ ნაბიჯად რუსთავში წასვლა და თეატრის შექმნა მიმაჩნია და როცა მეკითხებიან, ყველაზე დიდ შეცდომად რა მიგაჩნიათო, ვპასუხობ, - მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნება-მეთქი. უკან 11 მსახიობით დამაბრუნეს... გული რომ გაგიტყდება, ცოტა ძნელია, მაგრამ ეს რევანში კი არ იყო, თითქოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ სახლში დამაბრუნეს, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი", - აღნიშნა გიგა ლორთქიფანიძემ ინტერვიუში, რომელიც მასთან პირველად 2005 წელს, გაზეთისთვის ჩავწერე. საათ-ნახევრის განმავლობაში დიდი ინტერესით ვუსმენდი მის მონათხრობს, რომელიც ამ ადამიანის საინტერესო ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ "დათა თუთაშხიას" გადაღებასაც შევეხეთ...

"ჩემს შემოქმედებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნოდარ დუმბაძესთან შეხვედრას, მისი თითქმის ყველა ნაწარმოები გავასცენიურე. შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში დიდი მოვლენა მოხდა, როცა პირველად წავიკითხე გენიალური ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია", გამიჩნდა შეგრძნება, რომ ის აუცილებლად უნდა დამედგა, მაგრამ ურთულესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, საკმაოდ დიდი რომანია და თეატრში მისი დადგმა შეუძლებლად მივიჩნიე. თუ ვერ შევძლებდი ყველა იმ ჯოჯოხეთის კარის გავლას, რაც დათა თუთაშხიამ განვლო, შესაძლოა, ნაწარმოები პრიმიტიული გამოსულიყო, რაღაც სათავგადასავლო სპექტაკლი. ამიტომ, მრავალსერიიანი ფილმის გადაღების იდეა გამიჩნდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ პერიოდში, კინოს მაშინდელ ხელმძღვანელობასაც ეს აზრი დაჰბადებია და გადაღება მე შემომთავაზეს. ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რაც ამ ფილმისთვის მიმიღია, ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებია: "ფილმში ასამდე როლია და ერთხელ ვერ ვთქვი, მთლად სწორი არ არის, რომ იტყვიან, ათიანებშია მორტყმულიო!" ამ ფილმმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა".

გიგა ლორთქიფანიძეს მისი ყველა კოლეგა და მეგობარი დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს. სამწუხაროა, რომ ქართველ საზოგადოებას, კინოსა და თეატრს ოთარ მეღვინეთუხუცესის შემდეგ, უნიჭიერესი თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი გამოაკლდა...

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი:

- მინდა, გიგა ლორთქიფანიძის პიროვნულ თვისებებზე გავამახვილო ყურადღება, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. წლების განმავლობაში ოჯახებით ვახლობლობდით და პირადად მე და ჩემს ოჯახს მან ბევრი რამ შესძინა. დიახ, მისგან საინტერესო, მხიარული, მეგობრული ურთიერთობები შევიძინეთ, ადამიანების შესანიშნავი წრე ჰყავდა და სულ მათთან ვიკრიბებოდით. მისი მეუღლე - ქეთინო კიკნაძე არაჩვეულებრივი დიასახლისია და ყველაფერი მის მხრებზე გადადიოდა (იღიმის). მათთან მუდმივად ცნობილი ადამიანები იყრიდნენ თავს, გიგას კურსელები თუ შეძენილი მეგობრები, ყველანი დიდი პიროვნებები იყვნენ და "ეჯიბრებოდნენ", ვინ უფრო კარგად იმღერებდა, ვინ მეტ საინტერესო ამბავს, ანეკდოტს მოჰყვებოდა და ერთმანეთს გააცინებდა. შეიძლება ითქვას, რომ ერთი სახლის თეატრი იყო. გიგა ყველას ემეგობრებოდა, როგორც წლოვანებით უმცროსს, ასევე - თანატოლებს. ბედნიერი ადამიანი გახლავართ, რომ ბოლო დღემდე, ბოლო წუთამდე მისი ოჯახის ახლობელი ვარ და ვიქნები.

- რას გვეტყვით მასთან შემოქმედებით ურთიერთობაზე?

- შემოქმედებითად ჩემით გატაცებული იყო-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. მაგალითად, ჩემს მეუღლეს - ტრისტან ყველაიძეს ერთ-ერთ ფილმში მთავარი როლიც ათამაშა და სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა ხოლმე, მე კი მასთან რუსთაველის თეატრში ერთადერთ სპექტაკლში ("რომაული კომედია") შევასრულე მთავარი როლი. მის ფილმებში კი არასდროს მითამაშია. ერთხელ ვუთხარი, - ბატონო გიგა, რა არის, არც უშნოებში, არც ლამაზებში, არც ახალგაზრდებში, არც ბებრებში, არსად გაგახსენდი და არ დამაკავე-მეთქი (იცინის). შემომხედა და - "ჰო, მართალი ხარ და ნეტავ, რატომ, პასუხი არ მაქვს, სიმართლე გითხრაო". არ მწყენია, იმდენად ძვირფასი პიროვნება იყო ჩემთვის, სამაგიეროდ, როდესაც თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო, მე კი რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, წლის საუკეთესო ქალის როლის შესრულებისათვის პრემია ოთხჯერ მივიღე. ეს მისი პროტექციით კი არა, ობიექტურობის წყალობით მოხდა. ბოლო ორი წელი, სახლიდან რომ ვეღარ გამოდიოდა, ამბობდა, რა ვქნა, ერთმა ფეხმა ამდენ ხანს მატარა და ბოლოს უკვე მიმტყუნაო. ფეხიდან დაიწყო მისი პრობლემები... როდესაც ვსტუმრობდით, ძალიან უხაროდა. თვე არ გავიდოდა, რომ არ მენახა. რამდენიმე ხნის წინ მასთან ერთად ძალიან კარგი, გულისამაჩუყებელი ფოტოები გადავიღე... იმ კადრებში რაღაცნაირი ნაღვლიანია...

ბოლოს საავადმყოფოშიც ვნახულობდი. სანამ ლონდონში, გასტროლზე წავიდოდი, თეატრზე ბევრი ვისაუბრეთ, ტელევიზიაზე მოვუყევი ამბები, ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფრის საქმის კურსში იყო ხოლმე... გიგა ძალიან გულჩვილი და გულწრფელი ადამიანი გახლდათ, მით უფრო, ქეთინოსა და შვილების მიმართ, რომლებიც უზომოდ უყვარდა. ცრემლები ადგებოდა ხოლმე თვალზე, ძალაგამოლეული იყო, მაგრამ ავადმყოფობას ღირსეულად დაუდგა. გიგა ბედნიერი ადამიანი გახლდათ, რადგან ძალიან წარმატებული პიროვნება იყო, თავისი ქვეყნისა და ოჯახისთვის ბევრი რამ გააკეთა და ვალმოხდილი წავიდა.

გია ბურჯანაძე, მსახიობი:

- გიგა ლორთქიფანიძე იყო ადამიანი-დღესასწაული! არა მარტო საქმეში, ყველაფერში ნიჭიერი კაცი გახლდათ, ცხოვრებაში, მეგობრობაში, სიმღერაში, სუფრასთან... მასთან ყოფნა ზეიმი იყო და ბედნიერია ის, ვინც მას იცნობდა და ერთხელ მაინც ჰქონია ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, ჩემთვის რა იყო, როცა მასთან პატარა ბიჭობიდანვე მქონდა შეხება... საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც სერიოზულად იყო ჩართული, არც ერთ ხელისუფლებას არ ეპუებოდა... უკომპრომისო და შეუპოვარი ადამიანი გახლდათ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულს, თავისი სიმართლე ყოველთვის გაჰქონდა... მისი ამ ქვეყნიდან წასვლა ჩემთვის დიდი ტკივილია.

- როგორ გაიხსენებთ "თეთრი ბაირაღების" გადაღებებს?

- შესანიშნავი პერიოდი იყო, მსახიობის ცხოვრებაში ასეთი ბედნიერება იშვიათია - როცა გარს ნიჭიერი ხალხი გახვევია, თავად ნაწარმოებზე აღარაფერს ვამბობ. ასეთ გარემოცვაში წარმოუდგენელი იყო, ფილმი არ გამოსულიყო ან ვერ გეთამაშა...

- როგორი იყო ბატონი გიგა მუშაობის პროცესში?

- საერთოდ, რეჟისორებს დესპოტიზმისკენ აქვთ ხოლმე მიდრეკილება, მაგრამ ბატონი გიგასნაირი მოსიყვარულე რეჟისორი იშვიათია. ის მსახიობებზე შეყვარებული იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ მათთვის მუშაობის პროცესი კომფორტული ყოფილიყო, ხელი არ შეშლოდათ და საკუთარი თავი ბოლომდე გამოევლინათ. დამთმობი და ყურადღებიანი იყო. ვერც კი გრძნობდი, როლს ისე გაკეთებინებდა. ცნობილი ფაქტია, რომ გიგამ ძალიან კარგად იცოდა მსახიობების შერჩევა. როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოებზე იწყებდა მუშაობას, თეატრში იქნებოდა თუ კინოში, წინასწარ იცოდა, ვინ, რა როლზე უნდა დაემტკიცებინა. კინოში ერთადერთი რეჟისორი იყო, რომელიც სინჯებს არ იღებდა, რადგან ყველა მსახიობსა და მათ შესაძლებლობებს კარგად იცნობდა, პერიფერიული თეატრებით დაწყებული, ცენტრალურებით დამთავრებული. ხანდახან ისეთ როლზე დავუმტკიცებივარ, გამკვირვებია კიდეც, - მაგი არაა შენი საქმე, შეუდექი მუშაობასო, - მეტყოდა ხოლმე (იცინის). ჭკუის დარიგება არ იცოდა, ამბებს ჰყვებოდა და უნდა მოგესმინა, - გამგებმა გაიგოსო, დასკვნები თავად უნდა გამოგეტანა, თუ რა უნდოდა შენთვის. თავს არაფერს მოგახვევდა, ამას არც საკუთარ თავს აკადრებდა, არც - სხვას. იცოდა, რომ როდესაც შემოქმედი მუშაობს, ზედმეტად ჩარევა არ შეიძლება - არ უნდა დააკომპლექსო ან დაამუხრუჭო ადამიანი, ამიტომ ის გათავისუფლებაში გვიწყობდა ხელს. სპექტაკლზე მისი მოსვლა ყველას უხაროდა, ერთი სიტყვით ან ფრაზით ზუსტად გეტყოდა სათქმელს, - როლისთვის რა უნდა მოგეკლო ან მიგემატებინა. მართლაც უნიჭიერესი ადამიანი იყო. სხვისი წარმატება ისევე უხაროდა, როგორც საკუთარი. საქართველოში მსახიობი არ მეგულება, რომელსაც გიგასგან დიდი სითბო და სიყვარული არ ეგრძნო. ვინატრებდი, ეგებ ოდესმე კიდევ გამოჩნდეს ასეთი ადამიანი და რეჟისორი.

ბერტა ხაფავა, მსახიობი:

- გიგამ მთელი ეპოქა შექმნა, რომელიც მასთან ერთად წავიდა... ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, რომ იმ დონემდე მიხვიდე, რა დონეზეც მან თეატრი და კინო აიყვანა... ძველები მიდიან, ახლები მოდიან, ვერაფერს შევცვლით!

როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან გაგვათავისუფლეს, იქაურობა ჩვენ გამო გიგამაც დატოვა. - თეატრში არ შევალ, სანამ ამათ არ დააბრუნებთო...

- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში", რომელიც ბატონმა გიგამ "მოზარდში" აღადგინა, თქვენ ოლღა ბებიას როლს ასრულებდით.

- დიახ, შესანიშნავი პერიოდი იყო. გიგას ყველასთან თბილი და მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა, თითქოს ერთი ოჯახი ვიყავით. ბოლოს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, გიგა საავადმყოფოში მოვინახულე, აბსოლუტურად ნათელი გონებით იყო, ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ყველაფერი გამოგვკითხა, რას ვაკეთებდით, როგორ ვართ. მართალია, წვეთოვანი ედგა და ძალიან დასუსტებული და შეცვლილი იყო, მაგრამ არაფრით არ მეგონა, თუ ვერ "გამოძვრებოდა".

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი, გიგა ლორთქიფანიძის ყოფილი სტუდენტი:

- ბატონი გიგა მასშტაბური პიროვნება იყო, ჩვენს სფეროში არ ყოფილა დარგი, რომელსაც ის არ შეხებია. ეს იყო - თეატრი, კინო, ესტრადა, ცირკიც კი, თეატრის მოღვაწეთა კავშირი, პარლამენტი, უზენაესი საბჭო, პედაგოგიკა... ბატონი გიგა რექტორი იყო იმ პერიოდში, როდესაც თეატრალური ინსტიტუტი უნივერსიტეტად გადაკეთდა და ამაში მას ლომის წილი მიუძღვის. მასთან სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე, ქალბატონ ლილი იოსელიანთან - სამსახიობო და საოცარი იყო მისი დამოკიდებულება კოლეგებისადმი - როგორ პატივს სცემდა ქალბატონ ლილის! ჩემნაირი რამდენი სტუდენტი ჰყავდა, მაგრამ არსებობდა სპექტაკლი, მას რომ არ ენახა, რომელ თეატრშიც უნდა ყოფილიყო - მარჯანიშვილში იქნებოდა, ახმეტელში, ზუგდიდში თუ სხვაგან. არა მარტო ჩემს შემთხვევაში, სხვებთანაც ასეთი გახლდათ. ზოგჯერ ცოტა ფიცხიც იყო, შეიძლება ეყვირა, მაგრამ ზღვარს არ გადალახავდა. პირადი შეხედულებების გამო, ნიჭიერ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ დაჩაგრავდა. ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. ერთი დეტალი მინდა გავიხსენო: რამდენიმე წლის განმავლობაში, ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელი გახლდით. იქ, ერთ მსახიობს დიაბეტი აწუხებდა, ოჯახს ძალიან უჭირდა და საჭირო წამლებით უზრუნველყოფას ვერ ახერხებდნენ, ძალიან გახდა და ვიფიქრე, იქნებ რაიმეთი დავეხმარო-მეთქი.

ბატონ გიგასთან თეატრის მოღვაწეთა კავშირში მივედი, მაშინ პირადად არ ვიცნობდი, სარეჟისორო ფაკულტეტი მასთან მოგვიანებით დავამთავრე... იმ მსახიობის ამბავი მოვუყევი და მეორე დღისთვის დამიბარა. სიმართლე გითხრათ, დახმარების იმედი დიდად არ მქონდა, რადგან ვიფიქრე, მასთან ჩემნაირი ალბათ რამდენი ვინმე მიდის-მეთქი. შევედი და რას ვხედავ? უზარმაზარი ყუთი დევს. თურმე, იმავე დღეს ჯანმრთელობის სამინისტრო, შესაბამისი განყოფილება "დაუტრიალებია" და მთელი ორი წლის სამყოფი შპრიცები, წამლები და სხვა საჭირო ნივთები გამზადებული დამახვედრა. წარმოგიდგენიათ? რამხელა ადამიანი იყო. თუკი რაიმე ჯილდო, პრემია არსებობდა, დაფასება გინდა თუ სახელი, ხომ ყველაფერი ჰქონდა მინიჭებული. ყველაფერი გამოსდიოდა - ფანტასტიკურად მღეროდა, თამადობდა, შესაშური იუმორით იყო დაჯილდოებული. ლილი იოსელიანს აქვს ნათქვამი, ფეხის ტრავმის გამო, გიგას სახით ქართულმა თეატრმა უნიკალური მსახიობი დაკარგა, იმდენად "აქტიორული" მონაცემები აქვსო...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება