მარჯანიშვილის თეატრთან გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა

მარჯანიშვილის თეატრთან გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა

დღეს მარჯანიშვილის თეატრთან, ცნობილი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას თბილისის მერიის წარმომადგენელი მამუკა ქაცარავა, ცნობილი ქართველი მსახიობები, გიგა ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

"გიგას სახელი და გიგას სული ყოველთვის იქნება ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში, ქართულ თეატრალურ აზროვნებაში და ქართულ კულტურაში. ქართველ კაცს ყოველთვის ემახსოვრება მისი სპეკტაკლები, მისი თეატრალური იდეები, მისი ფილმები და პიროვნება. გიგა ლორთქიფანიძე ყოველთვის საინტერესო და სამაგალითო იქნება ყველა ქართველისთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო," - აღნიშნა მსახიობმა კახი კავსაძემ.

"თუ ვინმეს ეკუთვნოდა ვარსკვლავი, რასაკვირველია პირველ რიგში ბატონ გიგას. ამიტომ ეს არის არაჩვეულებრივი დღე. გიგა იყო ყველაფრით გამორჩეული, ნიჭიერი მუსიკაში, სიმღერაში... მას ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი," - განაცხადა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა.

რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი გიგა ლორთქიფანიძე 100-ზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის, მათ შორის "დათა თუთაშხიას" ავტორია. თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრალური კავშირის თავმჯდომარე 1996 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

"გიგა ლორთქიფანიძის სიცოცხლეშივე შეკვეთილი იყო ამ ვარსკვლავის გახსნა, თუმცა სამწუხაროდ გარდაიცვალა. ის პირობა, რომელიც მის წინაშე იყო დადებული, დღეს შესრულდა, მისი გარდაცვალებიდან მე-9 დღეს და ეს ალბათ, სიმბოლურიც არის," - განაცხადა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ.

86 წლის ქართველი რეჟისორი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა. იგი დიდუბის პანთეონში, ცნობილი ქართველი მსახიობების, რამაზ ჩხიკვაძისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის საფლავების გვერდით დაკრძალეს. გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი მისივე დაარსებული მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა.

"ამ ვარსკვლავების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემიც არის აქ. გუშინ წავიდა ბრწყინვალე რეჟისორი, გადასარევი პიროვნება, ქართულ თეატრალურ და კინოხელოვნებაში უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ახლა კი მის ვარსკვლავზე დადიან, დასეირნობენ და დაბლა არავინ იყურება. ეს არ არის სწორი ადგილი, კედელზე რომ იყოს რა იქნება?", - აღნიშნა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლიკა მოშიაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება