ნუცა ქავთარაძე - "მე და აჩიკოს არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს რაიმე დავუშალოთ"

ნუცა ქავთარაძე - "მე და აჩიკოს არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს რაიმე დავუშალოთ"

ტელეჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე არჩილ სოლოღაშვილის მეუღლე და ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - გოგი ქავთარაძის შვილიშვილია. ჟურნალისტი ბაბუასთან ურთიერთობაზე, მეუღლის რჩევებსა და ახალ სამსახურზე გვიყვება.

- ბაბუასთან ხშირ ურთიერთობას ვერ ვახერხებდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ სახლში არ ვცხოვრობდით, თანაც - დროის უმეტეს ნაწილს გასტროლებზე ატარებდა... რაც დრო გადის, გოგის მით უფრო მეტად ვაფასებ. პატარა ვერ ვხვდებოდი, ხალხს ასე რომ უყვარდა. ახლა დროის უმეტეს ნაწილს ქუთაისში ატარებს და მის ნახვას კვირაში ერთხელ ვახერხებ. გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც ნამდვილ ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეს.

- ალბათ მის სპექტაკლებს ხშირად ესწრებოდი, არა?

- თეატრში სიარული ყოველთვის მომწონდა. საერთოდ, ვცდილობ, საყვარელი ადამიანების მიმართ კრიტიკული ვიყო და ამ მხრივ გამონაკლისი არც გოგი გახლდათ - შენიშვნებს ვაძლევდი, ის კი ითვალისწინებდა.

- მსახიობობაზე არასდროს გიფიქრია?

- არა, ყოველთვის ჟურნალისტობა მსურდა. თუმცა, ერთი პერიოდი, ჰობის დონეზე მსახიობობის სურვილიც მქონდა. ჩემს პროფესიულ არჩევანში არც ბაბუა და არც მშობლები არ ჩარეულან... 13 წლის ვიყავი, როცა რადიოში დავიწყე მუშაობა. მერე ჩუმად კოლეჯში, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. მახსოვს, ექსკურსიაზე მივდიოდი, როცა დედას დავურეკე და ვუთხარი: კოლეჯში ჩაბარება ვცადე და ჩემი ქულები გაიგე-მეთქი (იცინის). ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა, რასაც წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ოჯახის წევრები ერთმანეთის ცხოვრებაში ნაკლებად ვერევით, რადგან ურთიერთს ვენდობით.

- მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- განებივრებული ბავშვი ვიყავი. მშობლები ჩემ მიმართ ყოველთვის ლოიალურები იყვნენ. არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, როცა ვერ გამიგეს. ალბათ მენდობოდნენ და სჯეროდათ, რომ ცუდად არ მოვიქცეოდი.

- როცა გათხოვების გადაწყვეტილება მიიღე, რჩევა ოჯახის წევრებს თუ ჰკითხე? ალბათ ბაბუას უხარია, მსახიობი სიძე რომ ჰყავს.

- ჩემი გადაწყვეტილება მამამ და ბაბუამ სულ ბოლოს შეიტყვეს. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ძალიან ახლოს ვარ, ამის გამხელა მისთვისაც გამიჭირდა... ერთ დღეს დასთან ერთად მივედი გოგისთან. მინდოდა მეთქვა, - ვთხოვდები-მეთქი. ძალიან ვნერვიულობდი და თან, მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა. როცა გავბედე და ვუთხარი: "მე ვთხოვდები!" შემომხედა და, - ბიჭი ვინ არისო? გაუხარდა, მისი სასიძო აჩიკო რომ აღმოჩნდა და თქვა: ოჯახში კიდევ ერთი მსახიობი გვეყოლებაო.

- წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-ში რეპორტიორად მუშაობდი. ახლა "იმედში", "ქრონიკის" წამყვანად მოგვევლინე. როგორ შეეგუე ახალ სამსახურს?

- თავიდან დაძაბული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, ახალ ტელევიზიაში როგორი სიტუაცია დამხვდებოდა. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფანტასტიკური ხელმძღვანელობა და კოლეგები მყავს. სხვათა შორის, პირდაპირი ეთერის წინ ნერვიულობას დროის გასვლა არ შველის. ყოველი გადაცემის წინ ისე ვნერვიულობ, როგორც პირველ დღეს ვინერვიულე.

- ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აჩიკომ მითხრა, - სულ ვცდილობ, პირდაპირი ეთერის დროს ნუცას "რაიმე" ვუპოვო და შენიშვნა მივცეო. ეს სიმართლეა?

- ყველაზე მეტად, დედა მაკრიტიკებდა, ახლა კი აჩიკოც არ მაკლებს ამ სიამოვნებას (იღიმის). სამაგიეროდ, თუ მეუბნებიან - ეს კარგიაო, დარწმუნებული ვარ, რაღაც მართლა ძალიან კარგად გავაკეთე - ისინი ტყუილად არ შემაქებენ. მათ ყველა ეთერის მერე ვეკითხები: დღეს რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ-მეთქი?

- აჩიკო როგორ ეგუება შენი დატვირთული დღის რეჟიმს?

- ერთმანეთის საქმიანობას პატივს ვცემთ. ჩვენ ვიცით მუშაობისა და შრომის ფასი, ამიტომ არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს რაიმე დავუშალოთ. მისი მხრიდან შეზღუდვები არ მაქვს.

- მეუღლის მიმართ თუ ხარ კრიტიკული? პროფესიული თვალსაზრისით რჩევებს თუ აძლევ?

- სულ ვცდილობ, პრემიერებს არ დავესწრო, რადგან ამ დროს ძალიან ვნერვიულობ; რამდენჯერმე ისე ვინერვიულე, ლამის მოვკვდი. როცა რჩევას ვაძლევ, ვგრძნობ, რომ ამას ითვალისწინებს. არ ვარ სამსახიობო ოსტატობაში გარკვეული და შესაბამისად, მას ჩვეულებრივი მაყურებლის თვალით ვაფასებ.

- გემრიელი კერძებით ხშირად ანებივრებ?

- ეს კითხვა გამოვტოვოთ, რა...

- რატომ? როგორც დიასახლისს, აჩიკო გაქებს ხოლმე...

- მართალია, ჩემი მომზადებული კერძები მოსწონს, მაგრამ დატვირთული დღის რეჟიმის გამო, მის განებივრებას ხშირად ვერ ვახერხებ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება