მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული იარაღი

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული იარაღი

სამხედრო ანტიკვარიატის ბაზარზე იშვიათი სახის იარაღი ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. უმეტეს შემთხვევაში, კოლექციონერების მიერ ხელოვნების ნიმუშებთან გათანაბრებული იარაღი ოდესღაც ცნობილ ადამიანთა საკუთრებაში იყო. 2007 წელს Osenat-ის აუქციონზე ნაპოლეონ ბონაპარტის ხმალი 4,8 მლნ ევროდ გაიყიდა. იმპერატორის ხმალი ევროპული ცივი იარაღის ყველაზე ძვირადღირებულ ანტიკვარულ ნივთად იქცა. დასავლურ საიარაღო ანტიკვარიატს აღმოსავლური ეჯიბრება. გამოცემა Forbes-მა ბოლო 13 წლის განმალობაში მსოფლიო აუქციონებზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ანტიკვარიატის სია წარმოადგინა.

ყველაზე ძვირადღირებული ხმალი - ფასი: 7 581 608 აშშ დოლარი

1748 წელს ცინ დინასტიის იმპერატორმა აისენჰერო ჰუნლიმ ჩინეთის საუკეთესო ოსტატებს სარიტუალო ხმლები დაუკვეთა. იმპერატორი პროექტს პირადად კურირებდა და ყოველი ეგზემპლიარის დიზაინსაც თავადვე არჩევდა. ოქროთი და ვერცხლით მოპირკეთებულ ხანჯლებს, თეთრი ნეფრიტისგან დამზადებული სახელურები და ინდივიდუალური რიგითი ნომრები ჰქონდათ. 2008 წლის ოქტომბერში, ჩინური საიარაღო ხელოვნების ერთ-ერთი უიშვიათესი ნიმუში, ჰონკონგის Sotheby’s-ს აუქციონზე 7,5 მლნ აშშ დოლაზე მეტად გაიყიდა. აზიური ცივი იარაღისთვის ეს რეკორდია.

ყველაზე ძვირადღირებული ხანჯალი - ფასი: 5 947 459 აშშ დოლარი

ჩვენს დრომდე გრანადის საემიროს (დღევანდელი ესპანეთის ტერიტორია) მმართველი ნასრიდების დინასტიის (130-1492 წწ) ეპოქის არც ისე ბევრი ნივთია შემორჩენილი. ამიტომაც ნასრიდელი ოსტატების მიერ შექმნილი ცივი იარაღი მუზეუმებსა და კოლექციონერებში ძალიან ძვირად ფასობს. 2010 წლის ოქტომბერში, ლონდონის Sotheby’s-ს აუქციონზე ოქროს ორნამენტებით მოპირკეთებული უნიკალური ხანჯალი საწყის ფასზე ხუთჯერ მეტად - თითქმის 6 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული რევოლვერი - ფასი: 1 142 500 აშშ დოლარი

ჩვენამდე გარეული ცხოველების ოქროს სურათებითა და გრავირებით მოპირკეთებული რევოლვერ Colt 1849-ის მხოლოდ 21-მა ეგზემპლიარმა მოაღწია. სამუელ კოლტმა უნიკალური იარაღი მცირე სერიით, 1851 წელს სპეციალურად ლონდონში გამართული გამოფენისთვის დაამზადა. ძვირფასი იარაღით კოლტი მხოლოდ ცნობილ ადამიანებს ასაჩუქრებდა. ასე მაგალითად, ამერიკელმა მეიარაღემ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I სამი Colt 1849 უსახსოვრა. კერძო კოლექციონერებში რევოლვერი ძალიან ფასობს, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის იანვარში Sotheby’s-ს აუქციონზე იარაღი 1 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული ფარი - ფასი: 923 151 აშშ დოლარი

მოოქროვილი ვერცხლის ფარი, 1826 წელს გარდაცვლილი, ცნობილი ბრიტანელი მხატვრისა და გრავირების ოსტატის, ჯონ ფლაქსმანის უკანასკნელი ნამუშევარია. ის 1823 წელს კამბერლენდელი ჰერცოგის, ერნს ავგუსტისთვის დამზადდა და საცერემონიო ფუნქციებს ასრულებდა. ფარი, რომელზეც ჰომეროსის პოემა "ილიადას" სცენებია გამოსახული, 2007 წლის Sotheby’s-ს აუქციონზე ამ ტიპის ნივთისთვის რეკორდულ ფასად - თითქმის 1 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული მუზარადი - ფასი: 842 000 აშშ დოლარი

დღეისთვის მეცნიერებისა და არქეოლოგებისთვის მხოლოდ ორი ძველბერძნული ბრინჯაოს მუზარადის არსებობაა ცნობილი. პირველი ჰამბურგის მუზეუმშია გამოფენილი, მეორე კი 2010 წელს ნიუ-იორკში Christie's აუქციონზე გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით VII საუკუნის შუა ხანებში შექმნილმა მუზარადმა, რომელიც გარედან ბერძნული მითოლოგიის სცენებითაა მოპირკეთებული, ჩვენამდე პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაში მოაღწია.

ყველაზე ძვირადღირებული აბჯარი - ფასი: 602 500 აშშ დოლარი

2009 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში Christie's აუქციონზე სამურაის უნიკალური აბჯარი გაიყიდა. იმდროინდელი წესებისა და ტრადიციების მკაცრი დაცვით შესრულებული აბჯარი ოქროთი და ვერცხლითაა მორთული. თავად იაპონიაში მსგავსი ტიპის აბჯარი დიდ იშვიათობად ითვლება. ალბათ სწორედ ამიტომ, აუქციონზე წარმოდგენილი ლოტი საწყის ღირებულებაზე ორჯერ მეტად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული ხმალი კატანა - ფასი: 238 320 აშშ დოლარი

იაპონური კანონმდებლობით, სპეციალური ნებართვის გარეშე დიდი ოსტატების მიერ დამზადებული ხანჯლებისა და ხმლების ქვეყნის ფარგლებს გატანა აკრძალულია. იაპონიაში ისინი ეროვნულ ფასეულობად ითვლებიან. მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს - XX-ს დასაწყისში, მსგავსი აკრძალვა არ არსებობდა და ზოგიერთი იაპონური ხმალი - კატანა დასავლეთში უპრობლემოდ მოხვდა. მურომატის პერიოდის (1336-1573 წწ) დასაწყისში გამოჭედილი ერთ-ერთი ასეთი კატანა 2007 წელს ლონდონის Christie's აუქციონზე გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული შუბი - ფასი: 108 750 ევრო

კოლონიზაციის პერიოდში ევროპელები აფრიკიდან არა მხოლოდ რესურსებსა და სასარგებლო წიაღისეულს ეზიდებოდნენ. აფრიკული ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის იარაღი კოლექციონერებში დიდად ფასობს. 2012 წელს, პარიზში Sotheby’s-ს აუქციონზე ლუბას სამეფო შუბი, რომელიც ოდესღაც ტომის ბელადს ეკუთვნოდა და საცერემონიო იარაღის ფუნქციას ასრულებდა, რეკორდულ ფასად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული მუშკეტი - ფასი: 42 817 აშშ დოლარი

2008 წლის დეკემბერში, ლონდონის Christie's აუქციონზე 1780 წელს დამზადებული უიშვიათესი მუშკეტი გაიყიდა. იარაღი თავის დროზე თურქი სულთან აბდულ-ჰამიდ I პირად დაცვას ეკუთვნოდა. ჩვენამდე ცეცხლსასროლი იარაღის მხოლოდ 10-მა ასეთმა ნიმუშმა მოაღწია. 9 სხვადასხვა მუზეუმებში, ერთიც - კერძო კოლექციაში ინახება. ოსმალი ოსტატების მიერ დამზადებული იარაღი ძვირფასი თვლებითა და ოქროთი არის მოპირკეთებული.

ყველაზე ძვირადღირებული არბალეტი - ფასი: 33 800 ევრო

სავარაუდოდ, 2005 წელს მიუნჰენის Sotheby’s-ს აუქციონზე გაყიდული უნიკალური გერმანული სანადირო არბალეტი, თავის დროზე მდიდარ რაინდს ან დიდგვაროვანს ეკუთვნოდა. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას არბალეტის კორპუსის მდიდრული მორთულობა და დიდი ოსტატობით შესრულებული გრავირება იძლევა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ m.forbes.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე