ბათუმში ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ბათუმის საოცრებათა პარკში 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ზაფხულის საზღვაო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST-2013 გაიმართება. ფესტივალი ბათუმში უკვე მეორედ ტარდება. სასტუმრო Holiday Inn- ში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დააანონსეს.

"ეს ფესტივალი არის მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, მათთვის, ვისაც უყვარს ერთად შეკრება და პოზიტიური მუხტი. მთავარია, რომ სამი დღის განმავლობაში ადამიანებს გააერთიანებთ ეს მუსიკა და იქნებიან ძალიან კარგ და პოზიტიურ განწყობაზე", - ამბობს ფესტივალის PR-მენეჯერი ნიკოლოზ დვალიძე.

ბათუმში LAID BACK, SLEEP PARTY PEOPLE ,FAITHLESS- თან ერთად უამრავი ცნობილი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩამოვა, რაც საშუალებას მისცემს ქალაქს, საერთაშორისო მუსიკალურ ეპიცენტრად იქცეს. ფესტივალის Line up-ი ასეთია-BETOKO; SYNKRO; PHON-O ;GIRAFFAGE; MAX COOPER; DOMINIK EULBERG; RONE.

უცხოელ შემსრულებლებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ქართველი დიჯეებიც მიიღებენ. ფესტივალზე ასევე იგეგმება მაია დარსმელიძის ახალი ელექტრონული პროექტის “Mao & The Mins“ პრეზენტაცია. ფესტივალის არტ-მენეჯერი ტატო ხარჩილავა ფიქრობს, რომ ქართველი შემსრულებლებისთვის ეს დღე თავის წარმოჩენის განსაკუთრებული საშუალება იქნება: "დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი არტისტებისთვის ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღებას. იქიდან გამომდინარე, რომ უცხოელი არტისტები საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილები, თან ისეთი სახელები, როგორიც არის LAID BACK, SLEEP PARTY PEOPLE ,FAITHLESS და ა.შ. ქართველი არტისტების კარიერაში ძალიან კარგად იწერება ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება და ამ არტისტებთან ერთად ერთ line-up-ში მოხვედრა", - ამბობს ტატო ხარჩილავა.

ფესტივალზე გაიყიდება როგორც ერთდღიანი დასასწრები ბილეთი, ასევე სამდღიანი აბონემენტი. სამი დღის აბონემენტი ეღირება 70 ლარი, თუმდა პირველი აგვისტოს შემდეგ ფასი გაიზრდება და 120 ლარი გახდება. ერთდღიანი ბილეთის ფასი პირველ აგვისტომდე იქნება 35 ლარი, ხოლო პირველი აგვისტოს შემდეგ - 50 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში და საიტზე biletebi.ge.

წელს BATUMI SUMMER SET FEST-ი 45 000 მსმენელს უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

ელენე ცინცაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება