რა ავიწყდება სიმთვრალისას ზალიკო ბერგერს

რა ავიწყდება სიმთვრალისას ზალიკო ბერგერს

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ცოტა ხნის წინ ფილმის - "ჰენგოვერი" ქართულ "რიმეიქში" - "რა მოხდა კიევში" გამოჩნდა. მსახიობობა ძალიან მოეწონა და ამ საქმეს თავი კარგადაც გაართვა. ცრურწმენების არ სჯერა, მაგრამ მაინც, ხეზე სამჯერ დაკაკუნება და "ტფუი, ტფუის" თქმა ჩვევად აქვს ქცეული. ზოგადად, თუკი ადამიანებისთვის 8 საათი ძილი საკმარისია, მას გამოსაძინებლად 12 საათი სჭირდება. ცხოვრების სტილით "ღამურა" გახლავთ...

- ვთქვათ, ბიონსეს მენეჯერი მომღერლისთვის სასცენო კოსტიუმის შექმნას გთხოვთ...

- ძალიან გამიხარდება! მისთვის კოსტიუმს სიამოვნებით შევქმნიდი. ზუსტად ისეთი კოსტიუმები მომწონს, როგორიც ბიონსეს ნამდვილად მოუხდება. ისეთ კაბას "გავაკეთებდი", რომ მისი სხეულის ფორმები გამოკვეთილი ყოფილიყო: სექსუალურს, მოკლეს, ასიმეტრიული ბოლოებით... მეტალის დეტალებით გავაფორმებდი, რათა უფრო მეტად სასცენო და ეფექტური ყოფილიყო.

- ვთქვათ, ბიონსესთვის შექმნილი კოსტიუმისათვის კუთვნილ გასამრჯელოს არ გაძლევენ...

- ბიონსესთვის კოსტიუმის შეკერვა უკვე კარგი გასამრჯელოა - იმაზე ასჯერ მეტი, ვიდრე თბილისში ყველაზე კარგი გადამხდელები იხდიან (იცინის). ჰოდა, ამით უკმაყოფილო არ დავრჩებოდი. თან, რადგან მოკლე კაბას "ვაკეთებ", ქსოვილიც ცოტა "წავა" (იცინის).

- სამაგიეროდ, ძვირად ღირებული ქსოვილი დაგჭირდებოდათ...

- რასაკვირველია, მაგრამ ბიონსესთვის კაბის შექმნა ისეთი რეკლამაა, რომ თანხას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა.

- ვთქვათ, რესტორანში მყოფს, მენეჯერი გთხოვთ, რომ სავახშმოდ სხვაგან წახვიდეთ, რადგან თქვენი პოპულარობით ხალხს აკომპლექსებთ და მშიერს ტოვებთ...

- ძალიან მაგრად გავლანძღავ (იცინის)! ვეტყვი, - ხალხს ვუყვარვარ, სახალხო არტისტი ვარ, ჩემზე ხალხი გიჟდება და პირიქით, ჩემი დანახვისას მადა მოემატებათ-მეთქი. ისე, ერთხელ გრიგოლეთში ჩვენება გვქონდა. მეორე დღეს მაღალი თანამდებობის პირებთან (თან, საკმაოდ ცნობილებთან) ერთად რესტორანში ვიყავი. ბოლოს მომსახურე პერსონალმა ჩეკები მოიტანა და მე მომმართა: - აი, ამდენია გადასახდელი. ეს თანხა თქვენს სახელზე გამოვწერეთ, ბატონო ზალიკო, რადგანაც ცნობილი ადამიანი ბრძანდებითო.

- გადაიხადეთ?

- დიდი ჩხუბი ავტეხეთ, მაგრამ ერთ-ერთ მეგობარს ანგარიშის გადახდა მაინც მოუხდა.

- ზოგადად, მომსახურე პერსონალთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- არაჩვეულებრივი. ძირითადად, მცნობენ ხოლმე და ეს მიხარია. "ტფუი, ტფუი", თვალი არ მეცეს და ჩემ მიმართ სიმპათიით განწყობილები არიან. ჰოდა, ხან უბრალოდ სახელით მომმართავენ, ხან - "ბატონი ზალიკოთი".

- ვთქვათ, "ჰენგოვერის" რეჟისორი ფილმის ახალ სერიაში ჩაოს როლის შესრულებას გთავაზობთ...

- (იცინის) ამ შემოთავაზებასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი, რადგან ქართულ "ჰენგოვერში" უკვე გადამიღეს და ჩემი მსახიობური ნიჭით ყველა აღფრთოვანდა, ბევრი მაქეს. რა ვიცი, ამერიკულ "ჰენგოვერშიც" დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი...

- თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟი ბევრს მოეწონა, მაგრამ მთელი ფილმით აღფრთოვანებულები არ არიან. საბოლოო ჯამში, "რა მოხდა კიევში" მოგწონთ?

- როცა ფილმის პრემიერა გაიმართა, საქმის გამო ვარშავაში გახლდით. ახლახან დავბრუნდი და ვნახე. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა, ყოფილიყო.

- იმ სცენის ეკრანზე გამოჩენის მერე, რომელშიც თქვენ და თორნიკე გოგრიჭიანი გვერდიგვერდ მწოლიარეები იღვიძებთ, თორნიკე თითქოს, თავს უხერხულად გრძნობს. გვიამბეთ, ეს სცენა როგორ გადაიღეთ?

- დიდი სიცილ-ხარხარით. დილის 8-ის ნახევარზე უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავით და საღამოს 11 საათამდე ვმუშაობდით. ისე, სიმართლე გითხრათ, თორნიკე თავს უხერხულად სულაც არ გრძნობს - ეს "პოზა" უფროა. კონკრეტული სცენა ფილმისთვის ერთგვარი ინტრიგა იყო, თორემ უხერხულ სიტუაციაში არავინ აღმოჩენილა.

- ვთქვათ, დილით ალა პუგაჩოვას გვერდით იღვიძებთ...

- (იცინის) უი, დედა! უფრო გასაოცარი რეაქცია მექნება, ვიდრე - გოგრიჭიანს ჰქონდა იმ ფილმში. ინფარქტი თუ არ დამემართება, კარგია!

- რას იფიქრებთ, - თქვენ გვერდით ალა პუგაჩოვა როგორ მოხვდა?

- ვაიმეეე... ახლა რომ წარმოვიდგინე, მართლა საშიშია. ე.ი. "პახმელიაზე" ვარ და არ მახსოვს, ალას გვერდით როგორ აღმოვჩნდი...

- რეალურად, ასე ძალიან დამთვრალხართ?

- შეიძლება, სიმთვრალე არ მეტყობა ხოლმე, მაგრამ მეორე დღეს რაღაცები არ მახსოვს; ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა (იცინის).

- ვთქვათ, გიორგი მარგველაშვილი პრესკონფერენციაზე გულისტკივილით ამბობს, რომ 2 წლის წინ ძაღლი ჰყავდა, რომელიც ზალიკო ბერგერმა მოჰპარა და სვანეთის მთებში საგულდაგულოდ გადამალა...

- გაოცებისგან პირს დავაღებ! ძალიან უაზრო ბრალდებაა, თან, გიორგი მარგველაშვილს არ ვიცნობ. ძაღლი - არა, მაგრამ სახლში კატა მყავს. როგორც ყველა კატა, ისიც მხიარულია. კუსა ჰქვია და "კუსუს-კუსუსს" ვეძახით ხოლმე. ძალიან ლამაზია. სხვისი ცხოველი რატომ უნდა მოვიპარო? ჩემი კატა ვინმემ რომ მოიპაროს, შეიძლება, გავგიჟდე!..

- ვთქვათ, Victoria's secret-ის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ბოლო კოლექციისთვის წლების წინ, ზალიკო ბერგერის მიერ გამართული საცურაო კოსტიუმების ჩვენებიდან იდეის მოპარვა სცადეს...

- 1 კვირის წინ, ვარშავაში ყოფნისას Victoria's secret--ის კოლექცია ვნახე და არ მომეწონა. ასე რომ, ჯობია, მომმართონ - შემდეგ კოლექციას დიდი სიამოვნებით მოვუმზადებ...

- ვთქვთ, "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალზე ხართ...

- აღფრთოვანებული დავრჩები და არაფერსაც აღარ ვიტყვი! ან ვიტყვი: დიდი მადლობა კინოაკადემიას, რადგან ქართული "ჰენგოვერით" დაწყებული ჩემი სამსახიობო კარიერა "ოსკარამდე" მოვიდა; დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას და ყველას, ვინც ამ წინსვლაში ხელი შემიწყო-მეთქი.

- უჩინარი რომ იყოთ, რას გააკეთებდით?

- ისე, დიდად გასართობი კი იქნებოდა... ალბათ, ზოგ ადამიანს დავაკვირდებოდი. შეიძლება, ბანკშიც აღმოვჩენილიყავი...

- გასაძარცვავად?

- (იცინის) მგონი, ცუდი იდეა დამებადა. ისე, ცნობისათვის, არასოდეს არაფერი მომიპარავს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება