რეზო ესაძე: სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს

რეზო ესაძე: სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს

"ჩემი სიცოცხლის უკვე ტანმსხვილ ხეზე ღამეები ხეებზე მეტად შრიალებენ, რადგან ყველაფერი ღამეებში მოხდა, როცა ვისგანაც დღე მტკიოდა, ყველას ეძინა. დღეები ყრუდ მიდიან. სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს. ასე მოვდივარ მწყრალი შარით, სადაც ცხელი ყინულის გაღმა გახურებული ქვები ქშუიან და დამშრალი ტალღების ფსკერზე თევზის ლანდი თამაშობს", - ამბობს რეზო ესაძე, თხემით ტერფამდე შემოქმედი - კინორეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, პოეტი, ფიზიკოსი... გასახსენებელი და სათქმელი ბევრია, ძალიან ბევრი...

რატომ მოეწონა მიხაილ რომს

მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რეჟისორ მიხაილ რომთან მოვხვდი, უფრო სწორად, მან თავად ამირჩია. ეს ამბავი ასე დაიწყო: გასაუბრებაზე საბჭოთა კინოს ოსტატები - გერასიმოვი, მაკაროვა, ძიგანი, კარმენი, რომი (მაშინ ვინ ვინ იყო, არ ვიცოდი) ისხდნენ. ჩემი რიგიც მოვიდა. არაკი, მოთხრობა, ლექსი წავიკითხე და გავჩუმდი... ყველა მიყურებდა. მათგან ერთი არ მომეწონა (რომელიც თურმე რომი იყო). ვფიქრობ, რა უნდა ჩემგან? რა დაშტერებით მიყურებს-მეთქი? გამომცდელებს მადლობა გადავუხადე, კარისკენ წავედი და იმ დროს, რომის გვერდით მჯდომმა (რომის ასისტენტი ფოსი) უკან მიმაბრუნა. კიდევ ერთი დავალება მომცეს: II მსოფლიო ომი მიდის, საფოსტო განყოფილებაში ამანათია მოსული. ამანათს ხსნით და უნდა მოგვიყვეთ, რა დევს შიგ? ვის უგზავნიან? და ა.შ. მოსაფიქრებლად ხუთი წუთი გაქვთ. - არ მინდა მოფიქრება, ახლავე დავიწყებ-მეთქი. გაუკვირდათ, მაგრამ ნება მომცეს, დამეწყო. ამანათს შვილს დედა უგზავნის. მისამართი ქიმიური ფანქრით აწერია და ბოლოში რამდენიმე ასო წაშლილია, შეიძლება, მას დედის ცრემლიც დაეცა და წაშალა. ამანათს თავსახურს ავხსნით და შიგნითაც მისამართი აწერია. როგორც ჩანს, დედას ეშინოდა, ამანათი არ დაკარგულიყო, ამიტომ სამკუთხა წერილზეც მისამართი მიუთითა (კომისიის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს). დედამ წერილი მეზობლის ბავშვს - ფუცუს დააწერინა, რადგანაც თავად წერა უჭირს, თვალთ დააკლდა და შვილს უხსნის, რომ მეზობლის გოგონა გაიზარდა და წერაც კარგად იცის. წერილში ბიჭისთვის უცნობი ახალგაზრდა ქალის ფოტოსურათი დევს. დედა წერს: - შვილო, კოწიე გარაყანიძე ხომ გახსოვს, ნაგომარიდან, შენი მოსიყვარულე კაცი. საწყალი, მოკვდა, ქალიშვილი დარჩა, აგია მისი შვილი. იმისთანაა, ავ თვალს არ დაენახვება. 40 კაცი რომ მოულოდნელად დაეცეს სტუმრად, თვალს არ დაახამხამებს, ისე გაუმასპინძლდება. მოსიყვარულე, გულთბილი და კარგი სახელის მქონე გოგოა. მას შორიდან დაველაპარაკე, მივანიშნე და მგონი, ეგ საქმე გამოვა. სასწრაფოდ ჩამოდი, დაქორწინდი და ოჯახს მოეკიდე. დედა სულაც არ ფიქრობს იმაზე, რომ შვილი შეიძლება, ვეღარ დაბრუნდეს (კომისიიდან მოწონების ხმები მოდის)... ვაგრძელებ. დედა შვილს ყველაფერს 2-2 ცალს უგზავნის - ჯემპერს, წინდას, ქუდს.. და ეუბნება, - შვილო, ერთი შენთვის დაიტოვე და მეორე შენს ისეთ მეგობარს აჩუქე, რომელსაც დედა არ ჰყავს. ჩათვალოს, რომ დედამისის გამოგზავნილია. ღმერთმა ორივე მშვიდობით ჩამოგიყვანოთ (ჩურჩულია, ზოგი ცრემლს იწმენდს). მაგრამ მთავარი ეს არ არის. კაცს, რომელიც არ მომეწონა, უეცრად სახე გაუნათდა, წამოხტა და გამოაცხადა - ეს ახალგაზრდა ჩემთან ისწავლის! დანარჩენ გამოცდებზეც გავედი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს სულაც აღარ იყო საჭირო, რადგან რომის შეფასება უკვე ჩარიცხვას ნიშნავდა...

"წარმატებული" მარცხი

რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკისთან ვმეგობრობდი. მას ჩემი ფილმები ძალიან მოსწონდა. ლენინგრადში მასთან მოწყობილ უკანასკნელ შეხვედრაზე, ემიგრაციაში წასვლის წინ, ანდრეიმ საბჭოთა კინოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. ასეთი შეკითხვა დაუსვეს: - ნუთუ არ არსებობს ფილმი, რომელიც თქვენს სულიერ მდგომარეობას მიესადაგება? უპასუხა - ჩემი უსაყვარლესი ფილმი არის "ერთი ნახვით შეყვარება". ამ ფილმის სცენარის ავტორი ტოპოლი, ტარკოვსკის მსგავსად, მეამბოხე პიროვნება იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფილმის ჩვენებამ ზედა ინსტანციებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მან ტიტრებში თავისი გვარის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა და ტოპოლის ნაცვლად, ფსევდონიმი დაწერა - ბელა აბრამოვა (დის სახელი და გვარი გამოიყენა). ამის შესახებ დღემდე თითქმის არავინ იცის. ფილმის პირველი ჩვენების შემდეგ, აღფრთოვანებულმა ახალგაზრდა ხელოვანებმა ხელში აყვანილი მატარეს, აი, მეორე დღეს კი "სმოლნიში", ლენინგრადის მმართველმა წრეებმა ფილმი ნახეს. ქალაქკომის მდივანმა, რომანოვმა ჩემთან შეხვედრა მოინდომა. საშინელი და აგრესიული რეაქცია ჰქონდა. მთელი ხმით ყვიროდა, აშკარა შურისძიებითა და დაუნდობლობით შეპყრობილი მომმართავდა. მითხრა - არათუ ფილმი არ მომეწონა, მეზიზღება ის სივრცე, სადაც ასეთი აზრები იბადებაო. მეც არ დავაკელი: - სწორედ იმიტომ გავაკეთე ეს ფილმი, რომ არ მოგწონებოდათ, თუ მოგეწონებოდათ, მას მაკრატლით დავჭრიდი-მეთქი. ამ შეხვედრას, უფრო სწორად კი - სკანდალს, ლენინგრადის კინოსტუდიიდან ჩემი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის ბრძანება მოჰყვა. მაგრამ დისკვალიფიკაცია არ შედგა, ლენინგრადელმა და ქართველმა ინტელიგენციამ გადამარჩინა. რეზო ჩხეიძის ხელშეწყობით, თბილისში, კინოსტუდია "ქართულ ფილმში", თენგიზ აბულაძის მოადგილედ გადმომიყვანეს. თითქოს საქართველოში იმ დროს საბჭოთა კავშირი არ იყო...

ჩემი ცხოვრების უნივერსიტეტი

თბილისის მეცხრამეტე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ყველა საქმეში მოწინავე ვიყავი, ასე გამოდიოდა. ჩემზე ერთი კლასით ქვემოთ გურამ რჩეულიშვილი სწავლობდა. სკოლის კედლის გაზეთს ერთად ვუშვებდით... სკოლა დავამთავრე და ოჯახურმა "კომიტეტმა", რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: დედა, მამა, ძმა, ბიცოლები, ბიძები, დეიდები, ბებია, ბაბუა, ბაბუის ნათლული, განხილვა დაიწყო, - სად, რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბაროს ბავშვმა? "ტანზე შემოვიხიე" და ვთქვი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა! ოქროს და ვერცხლის მედალოსნებისთვის ამა თუ იმ ფაკულტეტზე ლიმიტირებული იყო მიღება, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბუთების შესატანად, რიგი წინა დღის საღამოდან უნდა დაგვეკავებინა. უამრავი ახალგაზრდა და მათი ოჯახის წევრი ღამეს უნივერსიტეტის მესერთან ათენებდა. კარს დილით აღებდნენ. ჩემი ახლობლები ნელ-ნელა შემომეცალნენ და მეც მთვლემარე, უეცრად, უზარმაზარმა მასამ წამიღო. თურმე ჭიშკარი გაუღიათ და იმ ტალღამ კიბეზე ამიყვანა, მერე შიგნით შემიყვანა და ერთ კედელზე, "ფორტოჩკასთან" ახლოს მიმაჭყლიტა, სადაც საბუთებს იღებდნენ... ისეთ დღეში აღმოვჩნდი, ვფიქრობდი, - ოღონდ აქედან გამიყვანა და არაფერი მინდა-მეთქი, კინაღამ მომკლეს. მერე როგორღაც გამოვძვერი, ვდგავარ შეურაცხყოფილი და აღშფოთებული. საიდანღაც მეგობარი - კონო ჩხატარაშვილი გამოვარდა, რომელიც შემოქმედის სკოლაშიც ჩემი კლასელი იყო და თბილისშიც ერთ კლასში მოვხვდით. კონო მეუბნება, - მე უკვე სტუდენტი ვარო. როგორ-მეთქი? - აგერ, მეორე კორპუსში კაციშვილი არ ჭაჭანებს და წამოდიო. გავიქეცით. მართლაც, "ფორტოჩკაში" ქალი იჯდა და ამთქნარებდა. საბუთები რომ მივაწოდე, გაუხარდა და დამლოცა. მეგონა, უკვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამრიცხეს. ქალმა ყველაფერი გააფორმა და გახარებული გამოვედი. ვგრძნობ, კონო რაღაცნაირად მიყურებს, თან ქილიკობს და მეუბნება - იცი, რომ ფიზიკის ფაკულტეტზე შეიტანე საბუთები? ჯერ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა და როცა დამაჯერა, კინაღამ ვცემე. მერე მირჩია, საბუთები გამოიტანე და ხვალ სადაც გინდა, იქ შეიტანეო. ამწუთას მივიტანე საბუთები და იმ ქალს ვუთხრა, - შემეშალა, - მაგას არ ვიკადრებ-მეთქი!

ასე აღმოვჩნდი კონოსთან ერთად, ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, რამდენჯერმე ვეცადე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავსულიყავი, მაგრამ ნიკო კეცხოველს (რექტორს) გაგონებაც არ უნდოდა. ისე, ძალიანაც მომწონდა, სადაც ვსწავლობდი. ის წლები ჩემთვის უძვირფასესია, შესანიშნავი და უნიჭიერესი მეგობრები მყავდა: კონო, თამაზ ჩანტლაძე, ზარო (გვარად ზარიევი), ოთარ სადრაძე და სხვები... ისინი ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია, ამიტომ ყველას დიდი სიყვარულით ვიხსენებ. ნიჭიერები მარტო ფიზიკასა და მათემატიკაში კი არ იყვნენ: თამაზი საუკეთესო პოეტი იყო, მე და ის სტუდენტურ თეატრშიც გამოვდიოდით. გოგოლის "რევიზორში" დობჩინსკის როლი ვითამაშე და უძვირფასეს ნიკო კეცხოველს ისე მოსწონდა ჩემი გამოსვლა, ზოგჯერ სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში, მხოლოდ ამ ეპიზოდის სანახავად შემოდიოდა... კედლის გაზეთს ("ჭინჭარი") ვუშვებდით, მასზე ლეგენდები დადიოდა. ყოველ პარასკევს, ახალი ნომრის წასაკითხად ხალხი სხვადასხვა ინსტიტუტიდან მოდიოდა. ბატონი ნიკო ყველა იმ სტუდენტით ამაყობდა, ვინც თავს შემოქმედებითი კუთხით გამოიჩენდა. აი, ამათ შეუძლიათ თქვან, რომ უნივერსიტეტში სწავლობენო, - ასე მიაჩნდა. თეორიული ფიზიკა კარგად ვიცოდი, მაგრამ უმაღლეს მათემატიკას გავურბოდი. უმაღლესი მათემატიკის ლექციებზე აკადემიკოს ილია ვეკუას სიყვარულით დავდიოდი. სასწაული ლექტორი იყო, მუდამ მაოცებდა. 15 წუთით ადრე მივდიოდი ფიზიკის დიდ აუდიტორიაში, სპეციალურად ადგილს ვარჩევდი, რომ მას ლექციაზე შევემჩნიე. მახსოვს, ასაწევ-ჩამოსაწევი 6 დაფა, აუდიტორიის ფანჯრები, რომელიც ეზოს მხარეს გადიოდა და იქიდან შემომავალი სუფთა ჰაერი... ილია ვეკუას გრძელი ცარცი და "გაკრახმალებული" ჩვარი (თავად მოჰქონდა). ზუსტად 9-ს რომ 5 წუთი აკლდა, სიჩუმეში ვეებერთელა კარი გაიღებოდა, სწრაფად და უხმაუროდ დაიხურებოდა და საოცრება იწყებოდა... დაფის ზემო უკიდურეს კუთხეში პირველ მათემატიკურ ნიშანს წერდა და თითქოს განიცდიდა, რომ მეექვსე დაფაც არ ეყოფოდა ლექციის ბოლომდე. სულმოუთქმელად წერდა, ბოლო დაფაზე რომ გადავიდოდა, ქვედა უკიდურეს მარჯვენა კუთხეშიც დაწერდა, ბოლოს ჩარჩოზე მიაწერდა, რომ ეს ყველაფერი არ უდრის ნულს და ზარიც დაირეკებოდა. არ მახსოვს, ლექცია ზარზე ადრე ან ცოტა გვიან რომ დაემთავრებინა. ის იმდენად არაამქვეყნიური ჩანდა, რომ დარწმუნებული ვარ, სიზმრად ნანახი ამოხსნილი ამოცანა მოჰქონდა. მას, როგორც მომავალი რეჟისორი, როგორც კარგ მსახიობს, ისე ვუყურებდი. ის იყო ქარიშხალი, ოღონდ, უხმო... თუ ჩემს შემოქმედებას რამე ღირებულება აქვს, სითბოს გამოსცემს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ იქ დაიბადა და თვითმყოფადია...

1986 წელს, მხატვართა კავშირმა ჩემი ნახატების გამოფენა მოაწყო, რომელიც შემდეგი ლოზუნგით - "От Эйзенштейна до Тарковского" მოსკოვში, მიუნხენსა და ჟენევაში გადაიტანეს. ეს ყველაფერი, უნივერსიტეტის იმდროინდელი "სიგიჟეების" დამსახურებაა.

გალაკტიონთან შეხვედრა

ჩემი ოჯახი გურიიდან თბილისში საცხოვრებლად რომ გადმოვიდა, მეექვსე კლასში ვიყავი. ჩვენი სახლი არსენალის ქუჩის სასწაულ აღმართში იდგა. წარმოიდგინეთ, გზიდან პირველ სართულზე ვიყავით, ეზოდან მეექვსეზე. ძველებური სახლები ფუტკრის ფიჭასავით იყო ერთმანეთზე მიშენებულ-დაშენებული... იცით, ამ აღმართში ერთმანეთს რა ხმები ერწყმოდა? აღმართში ამავალი და ზევიდან ჩამომავალი მანქანების ხმაური, დილით ახალგაღვიძებული ხალხის გადაძახილი, ხანდახან მეზობლების ჩხუბის, ქარხნის საყვირისა თუ მატარებლის ხმა, ძაღლების ყეფა და ეს ყველაფერი, ჩემ თვალწინ ერთი დიდი სპექტაკლივით მიმდინარეობდა... მაშინ სახლებს ისეთი განიერი "პოდოკონიკები" ჰქონდა, კაცი მასზე სუფრას გაშლიდა. ჰოდა, მეც იქ ვმეცადინეობდი. საოცრად დინამიკურად ვცხოვრობდი ოთახნახევრიან ბინაში, მარადიულ ხმაურიან "ავანსცენაზე". როცა წამოვიზარდე, ბიძაჩემმა თქვა - ამას იმხელა თავი აქვს, რომელი ხვრელიდან (ანუ ყურიდან, გურულებმა ასე იციან თქმა) რა გამოვარდება, კაცმა არ იცის, ამიტომ ბაღანას გაუფრთხილდითო. ერთ დღესაც, ჩემმა მშობლებმა იფიქრეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მეთერთმეტეკლასელი, წარმატებული მოსწავლისათვის კაბინეტი უნდა მოეწყოთ. ქუჩიდან, ჩემს ბინას, პატარა მიშენებული კიბე ჰქონდა. კიბიდან, ჯერ ბნელ შესასვლელში, შემდეგ დიდფანჯრებიან "ზალაში" მოხვდებოდი, რომელიც ორად იყო გაყოფილი. ჩემი უფროსი ძმის წინადადებით, გადაწყდა, ბნელი შემოსასვლელის ერთ კუთხეში, დაახლოებით ორ მეტრამდე ფართობში, მოეწყოთ სამეცადინო კუთხე. ძველი თოკი გააბეს, მაგრამ მასზე ლამაზი ფარდა დაკიდეს, "ატამანკა" და მაგიდაც დამიდგეს. იქ თუ სტუმარიც დაჯდებოდა, ერთი ფეხი გარეთ დარჩებოდა. კაბინეტი განათებული რომ ყოფილიყო, მაგიდის ელექტროლამპა გვჭირდებოდა. ერთ დღესაც, მარჯანიშვილის ქუჩაზე უნივერმაღში მაგიდის ელექტროლამპა ვნახე, რომელიც სოკოს ჰგავდა. იმ ღამეს ჩემებმა ითათბირეს, დანაზოგი ფული გამონახეს და მეორე დღეს, მე და დედა მის საყიდლად წავედით... უნივერმაღის პირველ სართულზე, ლამპას ვარჩევდით, როცა კიბესთან ახლოს, მაღალ სვეტთან ვიღაც უზარმაზარი, წვერიანი კაცი შევნიშნე, ნაცნობი სახე ჰქონდა. ძველი პალტო და დასაუთოებელი შარვალი ეცვა. ბატიბუტს თუ მზესუმზირას მიირთმევდა. დაჟინებით მიყურებდა, როგორც ჩანს, თავიდანვე თვალი ჩამავლო. მე და დედამ ნივთი შევიძინეთ, ის კაცი კი ჩვენკენ დაიძრა. გვერდით დამიდგა - კისერთან, საყელოში ხელი ჩამიყო, მკლავი ბოლომდე ჩამაღლიტა. მერე ხელი გაითავისუფლა და კისერში მტკიცა ამ სიტყვებით: - ამას მაგარი კისერი აქვსო. ვინ იყო? გალაკტიონი!

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება