"მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ ირაკლი ფუტკარაძე დავთმე და გადამწყვეტ ტურში არ ვიბრძოლე"

"მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ ირაკლი ფუტკარაძე დავთმე და გადამწყვეტ ტურში არ ვიბრძოლე"

მერაბ როდონაია 2 ნიჭიერი ზუგდიდელი ბიჭის - 15 წლის ირაკლი ფუტკარაძის და 9 წლის სანდრო ფარცვანიას მუსიკის მასწავლებელი გახლავთ. ირაკლი "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი იყო, სანდრო კი - "ახალი ხმის". ზუგდიდელი ბიჭების ნიჭიერებაზე უამრავი ადამიანი აღტაცებით საუბრობდა. კონკურსანტები განსაკუთრებულად პოპულარულები სოციალურ ქსელებში იყვნენ. საბოლოო ჯამში, სანდრო "ახალი ხმის" ფინალში ვერ მოხვდა. "საქართველოს ვარსკვლავის" ნახევარფინალში პროექტი ირაკლი ფუტკარაძემაც დატოვა...

მერაბ როდონაია:

- საკუთარ თავს პედაგოგად არ მივიჩნევ. ამ საქმეს იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ პედაგოგების მუშაობაში ბევრი რამ არ მომწონდა. ნიჭიერი ბავშვებისთვის მხოლოდ საჭირო პირობების შექმნა მინდოდა. ვხედავდი, რა აკლდათ მათ და ვცდილობდი, ეს დანაკლისი უხეში ჩარევის გარეშე შემევსო, რომ ბავშვებს ინდივიდუალიზმი არ დაეკარგათ. 10 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ.

- რა მუსიკალური განათლება გაქვთ მიღებული?

- მუსიკალური განათლება საერთოდ არ მაქვს. სიმღერებს ბავშვობიდან ვწერდი და მეგობრებიც მუსიკალურები მყავდა. 90-იანი წლების დასაწყისში, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე პირველი "ცოცხალი" კონცერტი სწორედ მათთან ერთად გავმართე. მას შემდეგ, იმ მოედანზე "ცოცხალი" ბენდის შესრულებით კონცერტი მრავალი წელი არ ჩატარებულა. პროფესიული თვალსაზრისით, სამეგობროში ყველაზე სუსტი მე ვიყავი, მაგრამ როგორღაც, მაინც მიტანდნენ (იცინის). კარგი ბენდი გვყავდა. თითქმის ყველა წევრი ქალაქიდან წავიდა. ვინც დარჩა, ის მუსიკას შეეშვა - ზუგდიდში პერსპექტივა ვერ ნახეს. აქ ყველა სფერო ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ მონოპოლიზებულია. მათ მთელი რეგიონი საკუთარი გავლენის სფეროებად აქვთ დაყოფილი. ასეთ გარემოში განვითარება კი არა, სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ჭირს. ჩემი სტუდია დავხურე და მეც დედაქალაქში გადასვლა მომიხდა, მაგრამ დედის ავადმყოფობის გამო, სამსახურის დაწყება ვერ შევძელი: დედას ინსულტი დაემართა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ჩემს მეტი არავინ ჰყავს - მარტო ვერ ვტოვებ...

- ელოდით, რომ თქვენი მოსწავლე - "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ირაკლი ფუტკარაძე ფინალისტებს შორის ვერ მოხვდებოდა?

- იკამ შესარჩევ ტურში 3 სიმღერა ისე შეასრულა, რომ ფაქტობრივად, სატელევიზიო ეტაპზე მოხვედრა დროზე ადრე გაინაღდა. ამ კონკურსისთვის თავგამოდებით ვემზადებოდით. შემდეგ ეს თავგამოდება სადღაც გაქრა. ირაკლისთან დაკავშირება თითქმის შეუძლებელი გახდა. ვიცოდი, რომ მეცადინეობა დღეში სულ რამდენიმე წუთით უწევდა. მინდოდა, როგორმე "სკაიპით" მაინც დავხმარებოდი, მაგრამ კვირაში ერთი საათით თუ ვახერხებდი მასთან ასე - დისტანციურად მუშაობას. ტელეფონის ზარებსაც კი იშვიათად პასუხობდა. ასეთ საქციელს იმით ხსნიდა, რომ ძალიან დაკავებული იყო, შედეგად კი ის მივიღეთ, რომ შესარჩევი ტურების ფავორიტი მაყურებლის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მართალი გითხრათ, ამ ყველაფრისგან დავიღალე და ირაკლის უკვე თავად ვუთხარი: - აღარ შემეხმიანო-მეთქი. უკვე არც კი ვიცოდი, ნახევარფინალში როგორ იმღერებდა. ფინალისტებს შორის რომ ვერ მოხვდებოდა, ამის შიში თავისთავად გაჩნდა. ალბათ, ახლა მთელი ცხოვრება ვინანებ, რომ დავთმე და გადამწყვეტ ტურში, თუნდაც იმ ერთი საათისთვის არ ვიბრძოლე. შეიძლებოდა, არც არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ ეს მძიმე ტვირთად მაწევს...

- როგორც ირაკლიმ მითხრა, - სოფო ტოროშელიძესთან და ბენდთან მართლაც ბევრს მეცადინეობდა...

- სოფო ტოროშელიძე არაჩვეულებრივი შემსრულებელია, მაგრამ ირაკლის შესაძლებლობებში 100%-ით გარკვევას და მისგან მაქსიმუმის მიღებას ვერ მოვთხოვ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ობიექტური მიზეზებიც მაქვს: ბოლო შესარჩევ ტურამდე 3 დღით ადრე, სოფომ ირაკლის დაურეკა და გადამწყვეტ ტურზე Led Zeppelin–ის Stairway to heaven-ის შესრულება ურჩია. ვისაც ეს სიმღერა ოდესმე მოუსმენია, მიხვდება, რომ სიმღერის უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, ამ ნაწარმოებში განსაკუთრებული ვოკალური მონაცემების ჩვენება შეუძლებელია. სოფოს მაინც არ ვაწყენინეთ - Led Zeppelin-ი დავტოვეთ და სიმღერა Kashmir-ით შევცვალეთ. ირაკლის ბგერებში რადიკალური ცვლილებების შეტანა მოგვიხდა. მან ეს სიმღერა 2 დღეში ბრწყინვალედ დაამუშავა. მისი შესაძლებლობები ვიცი. ამიტომ ვერ დავიჯერებ, რომ მთელი კვირის განმავლობაში, "ბევრი მეცადინეობით" უკეთესი შედეგის მიღება არ შეეძლო. მის შესრულებას "სკაიპში" ნახევრსაათიანი ჩართვის გავლენა უფრო ეტყობოდა, ვიდრე - მთელი კვირის მეცადინეობა. იმ მეცადინეობის ჩანაწერებიც მაქვს, რადგან მისი ნამღერის ჩანაწერს უკან ვუგზავნიდი, რომ შენიშვნების არსი უკეთ გაეგო. ირაკლი უნიჭიერესია! ვირტუოზია! ამიტომ მწყდება გული...

- პროექტში ირაკლის ბოლო გამოსვლას როგორ აფასებთ?

- ამ კონკურსზე ის მისი ყველაზე სუსტი გამოსვლა იყო, რასაც მაყურებელი არაფრით აპატიებდა. მით უმეტეს, როცა პროექტში უძლიერესი კონკურენტები იყვნენ და მაყურებელს არჩევნის საშუალება ჰქონდა.

- ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერასთან ერთად, ირაკლის კონკურსში ყოფნას აკრიტიკებდნენ კიდეც, ასევე - სანდრო ფარცვანიასასაც, რომელიც პროექტ "ახალ ხმაში" მონაწილეობდა...

- ირაკლის მიმართ უფრო კრიტიკულები იყვნენ, სანდრო კი მთელი ქვეყნის რჩეული გახდა. ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა! მან "იუთუბზე" ქართული "ახალი ხმის" ყველა რეკორდი მოხსნა. ახლახან დავთვალე და საბოლოო ჯამში, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ არხებზე, მის ვიდეოს 224 ათასზე მეტი "ნახვა" აქვს! ცრემლიან კომენტარებს კი რა დათვლის (იღიმის)?.. ირაკლის მიმართ კრიტიკის მიზეზი ჩემთვის გასაგებია. მისი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი არც მე ვარ. დასანანია, რომ ერთ ტურშიც კი არ გამოჩნდა მისი რეალური შესაძლებლობები! ჩემი აზრით, ის ერთადერთი იყო, ვინც 15-20-წუთიანი რეპეტიციებით კმაყოფილდებოდა და ფაქტობრივად, პედაგოგის ან თუნდაც საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანის მეგობრული მხარდაჭერა არ ჰქონია.

- თქვენი აზრით, სანდრომ რატომ ვერ გაიმარჯვა?

- "სინგ ოფის" ანუ ბოლოსწინა ტური - "ჩიორა ჩიტოს" ეთერში გასვლამდე 1 დღით ადრე ჩატარდა. როცა ტელემაყურებელმა ეს სიმღერა სანდროს შესრულებით მოისმინა, პროექტის მონაწილე უკვე აღარ იყო. ასეთი განრიგი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ჟიურის გადაწყვეტილებაზე სანდროს თავბრუდამხვევ რეიტინგს გარკვეული გავლენაც მოეხდინა და ფინალში დაეშვათ. თუ სანდროს რეიტინგი ზარებზეც აისახებოდა, უთუოდ გაიმარჯვებდა. პროექტში სანდრო აშკარა ფავორიტი იყო. თუ ფინალში გავიდოდა, ფრედი მერკურის ohemian Rhapsody უნდა ემღერა (რეპეტიციის დროს მოსინჯეს კიდეც). არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს იყო მთავარი მიზეზი, მაგრამ ალბათ, ეკა კახიანს გაუჭირდებოდა ისეთი პროცენტული თანაფარდობით მიენიჭებინა უპირატესობა ლიზა ყენიასთვის, როგორც ეს რატის შემთხვევაში გააკეთა. თუნდაც 80/20 რომ ყოფილიყო, სანდრო მაინც მოიგებდა. ასევე, ეკამ ყველა პირობა შეუქმნა სანდროს, რომ შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინა, ყველანაირად ხელს გვიწყობდა. ვიცი, რომ "პატარა ჩიორას" მიმართ გულგრილი არ ყოფილა და ამ გადაწყვეტილებით ყველა ასპექტში წააგო...

- წელს თქვენს 2 მოსწავლეს ხალხის დიდი ნაწილის მოწონება ხვდა წილად. წინათ რატომ არაფერი გვსმენია თქვენ შესახებ?

- ჩემ შესახებ ვერც გაიგებდით: არც ერთ კონკურსანტს, ვისაც სატელევიზიო კონკურსებისთვის მომზადებაში დავეხმარე, ჩემი სახელი არსად უხსენებია. მეტსაც გეტყვით: ერთ-ერთი "ჯეოსტარელი" "რუსთავი 2"-ის სიუჟეტში აჩვენეს, როგორ ემზადებოდა ერთ-ერთ ცნობილ თბილისელ პედაგოგთან. არადა, ყველა ტურში ყველა სიმღერა მე შევურჩიე, დავამუშავებინე და 4 თვის განმავლობაში, მასთან ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ვიმუშავე. "ჯეოსტარის" სატელევიზიო ეტაპზე გასულ ბავშვს სამეგრელო ზემო სვანეთის "გუბერნიიდან" დაუკავშირდნენ და პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ ჩემს სახელს ახსენებდა, "ესემესებით" არ დაეხმარებოდნენ. ბავშვს ვუთხარი: ჯანდაბას ჩემი ხსენება, თუ შენ ფიქრობ, რომ ეს ხელს შეგიშლის, ნუ მახსენებ-მეთქი და განზე გავდექი. მაგრამ დღესაც წარმოდგენა არ მაქვს, რა გზებით უნდა მიემართა "გუბერნიას" ბიუჯეტი "ჯეოსელის" ანგარიშისკენ. როგორც ჩანს, არც "გუბერნიის" წარმომადგენლებს ჰქონდათ ამაზე წარმოდგენა - ბავშვი პირველივე ტურიდან გავარდა. მოკლედ, "გადააგდეს". ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩემი სტუდიის სხვა ბავშვები დაზარალდნენ: "გუბერნიამ" პირობა მოგვცა, "ჯეოსტარელის" მხარდამჭერი კონცერტების გამართვაში დაგვეხმარებოდა, რითაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებოდათ, 7 რაიონულ ცენტრში გამოსულიყვნენ და ხალხს მათი შესრულება ენახა. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამართულ ღონისძიებებზე არავინ გვიწვევდა, ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მიმდინარე კლიპების კონკურსში ჩემი ბავშვების პრომოების ჩასმისთვის კი წუთში 170 ლარს ითხოვდნენ. ერთჯერადი ჩვენება 500 ლარზე მეტი ჯდებოდა. ამიტომაც ჩემი ბავშვები არსად ჩანდნენ. იქ მისვლა ნამდვილად ღირდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ, საქართველოში ისეთი სტუდია მეორე არც იქნებოდა, რომელშიც ფაქტობრივად, საშუალო შესაძლებლობების მქონე არც ერთი შემსრულებელი არ იყო. ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტიდან სულ 3 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო. ბედის თუ ადგილობრივი ხელმძღვანელობის ტელევიზიის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ალიანსის ირონია იმას გულისხმობს, რომ ჩემ მიერ ნახსენები კლიპების კონკურსი ჩემი იდეა იყო - ჩემი დაუღალავი შრომისა და უამრავი თეთრი ღამის შედეგი... კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს აღვნიშნავ: კონკურსის ყველა კლიპს თავიდანვე ერთი ადამიანი იღებს, რითიც თვით კონკურსის არსიც კი გაუგებარი გახდა. ჩემი პროექტის მიხედვით, კონკურსისთვის კლიპები თავად ბავშვებს უნდა გადაეღოთ, რომლებიც აუდიო-ვიდეორედაქტირებისთვის საჭირო ცოდნას ჯერ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო ცენტრში შეიძენდნენ, შემდეგ კი ეს კლიპი მათი საგამოცდო ნამუშევარი უნდა ყოფილიყო. მომღერლები თვითონვე უნდა შეერჩიათ. ბუნებრივია, რომ საკუთარი ნამუშევრებისთვის სუსტ შემსრულებელს არავინ ირჩევდა. მომღერალ ბავშვებს უფასო კლიპი ექნებოდათ, სწავლის მსურველებს კი - ცოდნა. ამ პროექტისთვის გამგეობამ 11 ათას ლარად ღირებული ვიდეოკამერაც შეიძინა სრული კომპლექტაციით, რომელიც სასახლის დირექციამ გაურკვეველი მიზეზით კარადაში ჩაკეტა და პროექტიც შეჩერდა. მანამდე კი გახმოვანების აპარატურაც გაიტანეს და ჩაკეტეს. იმ დროს სასახლეში ვმუშაობდი და ჩემი ხელფასი 54 ლარს შეადგენდა. მხოლოდ იმიტომ ვმუშაობდი, რომ საინტერესო და სასარგებლო საქმისთვის საჭირო რესურსი მქონოდა. რაკი ესეც აღარ იყო, განცხადება დავწერე და წამოვედი. ის კამერა, ბავშვებს რომ წაართვეს, პერიოდულად ჩნდებოდა ქორწილებში, შემდეგ კი - კლიპების კონკურსის გადაღების პროცესშიც, რომელიც უფასო არავისთვის აღარ იყო...

- ამჟამად, რას საქმიანობთ?

- ფაქტობრივად - არაფერს. საკუთარი სტუდია რომ მქონდა, ისიც დავხურე, რადგან თავის ფუნქციას ბოლომდე ვერ ასრულებდა. რაც შემეძლო, ბავშვებს ყველანაირ პირობებს ვუქმნიდი, მაგრამ მათ მთავარი - აუდიტორია, მსმენელი არ ჰყავდათ. ისინი "სცენის მტვერს" ვერ გრძნობდნენ და მაყურებლების ოვაციებს ვერ ისმენდნენ. არადა, ნამდვილად იმსახურებდნენ... ვფიქრობ, ჯობია, სხვა მხრივ ვიაქტიურო და სიტუაციის გამოსწორებას სამოქალაქო სექტორიდან ვეცადო. პრობლემა სისტემურია და განსხვავებულ მიდგომებს ითხოვს. ისეთ ქალაქში, სადაც ყველაზე გამორჩეულ და კოლორიტულ მხატვარს 10 წლის განმავლობაში ნათურა ვერ აუნთია და სანთლის შუქზე იძინებს, სიმღერით და ცეკვა-თამაშით ვერაფერს გახდები.

- სატელევიზიო პროექტებისთვის ნიჭიერ ბავშვს ისევ ამზადებთ?

- მხოლოდ სანდრო და ირაკლი შემომრჩა. სხვა ბავშვებიც მაკითხავენ, მაგრამ ამ საქმეს თავი დავანებე. მიზეზი ბევრია და ზოგი მათგანის შესახებ უკვე გითხარით... ბავშვებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მათ იციან, რომ დახმარებაზე უარს არ ვეტყვი. ერთი (რეგიონში კი - ერთადერთი) სატელევიზიო კონკურსის იდეის ავტორი თავად ვარ, რომელიც ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში 2007 წელს გავიდა. პროექტის სახელწოდება დღეს უკვე სიმბოლურად ჟღერს "ახალი ხმა". მასში 56 მონაწილე იყო. ეთერში 21 დღის განმავლობაში გადიოდა. ყველა ტექნიკური და ფინანსური პრობლემა გადავჭერი, რაც კი არსებობდა, რომ კონკურსი ეთერში გასულიყო. პროექტი მთლიანად მონაწილეთა შემოწირულობებით გაკეთდა. დღესასწაულის გამო, ერთხელ კონკურსის ეთერში გასვლა დაგვიანდა და შობის ღამეს, 3 საათზე ტელევიზიაში ანონიმური ზარი შემოვიდა - რა საშინელებას აჩვენებთ და ეს რა ბავშვები გამოგყავთო?! ამ ზარის შედეგად, პროექტი შეგვიჩერეს. ადმინისტრაციას რომ ვუთხარი, შობის ღამეს 3 საათზე "ოდიშის" არხს თუ უყურებს ვიღაც, ხომ რეიტინგული გადაცემა გაგვიკეთებია და რას გვერჩით-მეთქი, მიპასუხეს: - აწი ჩვენ შევარჩევთ, ვინ უნდა გავუშვათ და ვინ - არაო. კონკურსის მონაწილეთა ნახევარი პროგრამიდან "ამოაგდეს", მერე კი ნიშნის მოგებით მეუბნებოდნენ, - მონაწილეობისთვის ფული რომ გადაიხადეს, მათთან საქმის გარჩევა ხომ მოგიწევთო? იმედები გაუცრუვდათ, რადგან ყველა მონაწილემ ყველაფერი კარგად გაიგო. მას შემდეგ პროექტი კიდევ სამჯერ შეჩერდა, ფინალი კი ეთერში საერთოდ არ გაუშვეს...

- მუსიკალური თვალსაზრისით, სანდროს და ირაკლის მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

- მთავარია, არც ერთი შანსი არ დაკარგონ და ყველა შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენონ, ნამდვილი მეგობრები შეიძინონ და გაუფრთხილდნენ მათ, რადგან ასეთი მეგობრის პოვნის შანსიც მინიმალურია; ჰქონდეთ დამოუკიდებლად აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების უნარი, არასოდეს შეწყვიტონ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების განვითარებაზე ფიქრი... ახლა ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება. ამ ცვლილებებს იმედის თვალით ვუყურებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება