როგორ მოხვდა ქართველი გოგონას ღიმილი მსოფლიოს 55 საუკეთესო ღიმილს შორის

როგორ მოხვდა ქართველი გოგონას ღიმილი მსოფლიოს 55 საუკეთესო ღიმილს შორის

ანუნა მდივნიშვილი ტელეგადაცემის წამყვანი 16 წლის ასაკში გახდა. ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ როცა პროფესიის არჩევის დრო დაუდგა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აირჩია. საჯარო სამსახურში მუშაობის სურვილი აქვს და არ არის გამორიცხული, მომავალში პოლიტიკაშიც ვიხილოთ. ის ახლახან პროექტში - "გაუღიმე მსოფლიოს" (რომლის სლოგანიც - "გულწრფელი ღიმილი უნივერსალური ენაა") ჩაერთო და მეგობართან - ვატო მდივანთან ერთად, სამყაროს ქართული ღიმილი გაუგზავნა.

- ამ პროექტში როგორ მოხვდი? ჩემი აზრით, 55 ღიმილს შორის შენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო...

- რეჟისორი ლაშა ბირკაძე დამიკავშირდა და "მზიურში" დამიბარა. მითხრა, - შენთან ერთად ქართული გარეგნობის ბიჭიც მჭირდებაო. გადასაღებად ჩემს მეგობარ ვატო მდივანთან ერთად მივედი. გადაღება სპონტანურად მოხდა. ლაშამ ამიხსნა, რომ "ქართული ღიმილი" საზღვარგარეთ, პროექტის - "გაუღიმე მსოფლიოს" ორგანიზატორებისთვის უნდა გაეგზავნა. აღმოჩნდა, რომ მათ ჩვენი ღიმილები ძალიან მოეწონა და ფილმშიც შეიტანეს. პრემიერა უნგრეთში გაიმართა, სადაც მიგვიწვიეს კიდეც, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ამბავი სათანადოდ არ გაშუქებულა. არადა, ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

- პოდიუმი, სიმღერა, ტელევიზია, სწავლა - ამ ყველაფერს ერთმანეთს როგორ უთავსებ?

- ზარმაცი არ ვარ. როცა საჭიროა, დილის 6 საათზეც ვდგები და ვმეცადინეობ. მჯერა, თუ გულით მოინდომებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ! ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ბოლოს არჩევანი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შევაჩერე. სახელმწიფო მართვას ვსწავლობ. მომავალში ჩემს თავს საჯარო სამსახურში ვხედავ. არც ის არის გამორიცხული, რომ პოლიტიკაში წავიდე. ჩემთვის მისაბაძი პოლიტიკოსი მარგარეტ ტეტჩერია.

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- მოგეხსენებათ, "ჯეოსტარის" ერთ-ერთი მონაწილე გახლდით. ამ პროექტის დასრულების შემდეგ დამიკავშირდნენ და "იმედში" გადაცემის - "გადაიხადე ნაკლები" წამყვანობა შემომთავაზეს. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო - 16 წლის ბავშვი კამერის წინ დავდექი და გადაცემა წავიყვანე. ტექსტს პროდიუსერი მიწერდა, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. ეს გადაცემა რამდენიმე თვეში დასრულდა. მერე "მე-9 არხზე" მიმიწვიეს, სადაც ანალოგიური გადაცემა მიმყავს.

- მეგობრებისთვის, პირადი ცხოვრებისთვის დრო გრჩება?

- მთავარია, დროის სწორად განაწილება იცოდე და ყველაფრის გაკეთებას მოასწრებ: სწავლითაც კარგად ვსწავლობ, ვმუშაობ, გადაღებებზე დავდივარ და არც მეგობრებს ვაკლდები. ბოლო დროს დავრწმუნდი, რაც უფრო მეტად დაკავებული ხარ, მით უფრო მეტს ასწრებ, უფრო მეტად მობილიზებული ხარ.

- შეყვარებული ხარ?

- არა. ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. მყავს თაყვანისმცემლები, რომლებიც ზოგჯერ მაბრაზებენ, მაგრამ უფრო ხშირად ჭკვიანად იქცევიან.

- არასდროს გყვარებია?

- მეგონა, მიყვარდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ის გრძნობა კი არა, გატაცება უფრო იყო.

- შენი თაობის ბიჭები როგორები არიან?

- არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩემს თაობაში უმეტესობას ფასეულობები დაკარგული აქვს და ზედაპირულ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას, პარტნიორის არჩევისას მხოლოდ გარეგნული მხარით კმაყოფილდებიან, ასეთი რამ კი ჩემთვის მიუღებელია.

- როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მოგხიბლავს?

- გემოვნება და შეხედულებებიც წლების მატებასთან ერთად მეცვლება. ადრე მაღალი, შავგვრემანი ბიჭები მომწონდა, ახლა კი ვფიქრობ, რომ მთავარია, ადამიანური თვისებები ჰქონდეს, მამაკაცური იყოს და ქალთან მოქცევის წესები იცოდეს. ძალიან სიმპათიური, ქალივით ლამაზი ბიჭები არ მიზიდავს. ქართული გარეგნობის "დასტოინები" მომწონს. აუცილებელია, ჰქონდეს იუმორის გრძნობა, შინაგანი კულტურა და ინტელექტი. თუ ადამიანი განათლებული არ არის, მას რაზე უნდა ველაპარაკო? არ მინდა, ჩემნაირი აქტიური იყოს - ორი პლუსი ერთად ვერ იცხოვრებს.

- შენი თაყვანისმცემლები ორიგინალობით თუ გამოირჩევიან?

- ნამდვილად, ორიგინალური თაყვანისმცემლები მყავს, საოცრებებს აკეთებენ, მაგალითად: მესამე სართულზე, ჩემს ფანჯარასთან ამოდიან და საჩუქრებს მიტოვებენ. ვფიქრობ, ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სპაიდერმენია. ჩემი სახლის სადარბაზოში ცოტა დამაბნეველი განლაგებაა. ჰოდა, ზოგიერთს ეშლება და ყვავილებს ჩემს ნაცვლად, მეზობლებს უტოვებენ (იღიმის). ბიჭი რომ ვიყო, შეყვარებულ გოგონას ორიგინალური სიურპრიზებით გავაოცებდი. სხვათა შორის, მეგობარი ბიჭებისთვის რჩევები არაერთხელ მიმიცია.

- შენთვის გოგოს მხრიდან აქტიურობა მიუღებელია?

- ბიჭი თუ ძალიან მომეწონება, ამას ვაგრძნობინებ, მაგრამ მასზე უფრო მეტად არ ვიაქტიურებ, ეს გამორიცხულია! ბიჭებზე მონადირე, ზედმეტად აქტიური გოგონები არ მომწონს... ერთი თაყვანისმცემელი მყავს, ორიგინალობით გამორჩეული. თავიდან ვმეგობრობდით, მაგრამ მერე აღმოაჩინა, რომ ვუყვარდი. ერთ დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავით, პატარა ქუჩაზე უნდა გაგვევლო. ამ ბიჭს ყველა გაფრთხილებული ჰყოლია და ქუჩა გადაკეტილი დაგვხვდა, კედლებზე კი პატარა ფურცლები იყო გაკრული, რომლებზეც ლექსები ეწერა; ყველა წამიკითხა. მერე წყვილმა გამოიარა, შემდეგ - გოგონამ, რომელსაც ვარდი ეჭირა და ეს ვარდი უეცრად, ამ ბიჭის ხელში აღმოჩნდა; მანქანამ გაიარა, რომელშიც ჩემი საყვარელი სიმღერა ბოლო ხმაზე იყო ჩართული. მოკლედ, თავი ზღაპარში მეგონა. ქუჩის ბოლოს მეგობრები შევნიშნე, ციდან კი ვარდის ფურცლები წამოვიდა... ძალიან ლამაზი საღამო იყო. ეს სპექტაკლის მაგვარი სანახაობა მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ის მართლა კარგი ადამიანია, მაგრამ არ ვიცი, მის მიმართ გრძნობა რატომ არ გამიჩნდა. მგონი, ეს ამბავი მართლა ზეცაში წყდება. ხშირად მეკითხებიან და უკვირთ: "ასეთი კარგი გოგო მარტო რატომ ხარ?" ამ საკითხს სერიოზულად ვუდგები, ზედაპირული ურთიერთობები და ერთთვიანი ქორწინებები ჩემთვის მიუღებელია.

- ზაფხული მოვიდა, დასვენებას სად აპირებ?

- სამსახურიდან ეგვიპტეში უკვე ვიყავი: ვიმუშავე და თან - დავისვენე. ახლა მინდა, მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავიდე და ჩემს აგარაკებზე - სურამსა და კოჯორშიც ჩავიდე; ამ ადგილების გარეშე ვერ ვძლებ. ბავშვობიდან დავდივარ და მიჩვეული ვარ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: სექტემბრიდან იტალიური ენის შესწავლას ვაპირებ და მინდა, სიმღერაც გავაგრძელო, პედაგოგთან მომზადება დავიწყო. გარდა ამისა, რამდენიმე ფილმისა და რეკლამის კასტინგზე ვიყავი და ვნახოთ, რა შემოთავაზებებს მივიღებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ: როგორ იღიმის მსოფლიო - 31 ქვეყანა და ორი "ქართული ღიმილი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება