"არ შემიძლია, ერთ ადამიანთან დავგეგმო მთელი ცხოვრება..."

"არ შემიძლია, ერთ ადამიანთან დავგეგმო მთელი ცხოვრება..."

9 წლის ასაკში მიხვდა, რომ მულტფილმებით ვერაფერს ისწავლიდა და მუსიკის გაკვეთილებს მიუბრუნდა. არქეოლოგობაც უნდოდა, ისეთი ნივთის პოვნა, რაც სხვას არ ჰქონდა. შემდეგ ეს ნივთი აბსტრაქტული გახდა, მუსიკის სახე მიიღო და კომფორტი შეუქმნა. დღეს სწორედ ხელოვნების ამ დარგში გრძნობს თავს კომფორტულად. მისი ახალი საქმიანობა, ტელეწამყვანობაც მუსიკალურ პროექტს უკავშირდება - "მაგთიფანს".

მძიმე სოციალური ფონი, ეზოში ფიჩხზე მომზადებული სადილი, ლატარიაში მოგებული არაერთი 5 მანეთი, პირველი ჰონორარი, პრეზიდენტის სტიპენდია... ამ და სხვა საინტერესო ეპიზოდებზე ქეთი ორჯონიკიძე თავად გიამბობთ. მას დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და გუშინ ვამბობდი ზუსტად, ნეტავ ახალგაზრდობაც ასეთი მქონდეს-მეთქი. ძალიან სასაცილო ბავშვი ვიყავი. დედა მათემატიკოსია, უმაღლეს მათემატიკას ასწავლის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მამა მეტყევეა, წლების განმავლობაში სატყეო სამინისტროში მუშაობდა. ამჟამად უმუშევარია.

- რომლის სამსახური უფრო გაინტერესებდა ბავშვობაში?

- მათემატიკა მიყვარს. ბუნება ახლა უფრო შემიყვარდა. ჩვენს ეზოში ნუშის ხეები დავრგე. პიტნას ვუვლი და "მოჰიტოს" კოქტეილისთვის ჩემი ხელით ვკრეფ ხოლმე სახლის პიტნას. მამის მხრიდან მაქვს სოფელი, ტეზერი. ბავშვობაში სკოლის არდადეგებზე საჩხერეში ვისვენებდი, ნათესავებთან. ვთამაშობდი ფეხბურთს, ტყემლის ხეებზე ავდიოდი. ერთი სიტყვით, ემოციური და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეში ექვს საათს ფორტეპიანოსთან ვატარებდი და სკოლაშიც მაღალ ნიშნებზე ვსწავლობდი, მაინც მრჩებოდა დრო გართობისთვის.

- თუ გქონია პერიოდი, როცა მშობლები შენი მტრები გეგონა?

- არა, გარდატეხის ასაკში ყველა ვაფრენთ და პერიოდულად გარკვეული ტიკები გვაქვს, მაგრამ მითითებები, აკრძალვა, როგორც ასეთი, მშობლების მხრიდან არ მახსენდება. შესაბამისად, მათზე გულაცრუებული არასდროს ვყოფილვარ. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდი.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- ბებიას, დედაჩემის დედას. ძალიან მიყვარდა ბებია. რომ მეკითხებოდნენ, დედა გიყვარს თუ მამაო, ბებია-მეთქი, ვპასუხობდი. დედაჩემი ძალიან აქტიური და ენერგიულია. მამაჩემი რადიკალურად განსხვავებულია მისგან, მშვიდი, წყნარი, შეუძლია 24 საათი ჩუმად იყოს. მე სადღაც შუაში ვარ აქტიურობის თვალსაზრისით. ამით ვგავარ ბებიას. თუმცა ვფიქრობ, რომ დედაჩემის ხასიათი ბევრად მომგებიანია დღეს, აქტიური ადამიანები ბევრს აღწევენ. მე ზოგჯერ ორი დღე და ღამე მძინებია... ბებიას რაც შეეხება, ძალიან მაგარი ადამიანი იყო, თითქოს არ არსებობდა ასაკობრივი ზღვარი ჩვენ შორის. ჩემს მეგობრებთანაც ბევრ საერთოს პოულობდა. ის იჯდა შუაგულში, ჩვენ გარშემო და ჰყვებოდა ომის ამბებს. სულგანაბულნი ვუსმენდით. ბებიას საიდუმლო საბუთები ებარა, იბრძოდა კიდეც. თავიდან მოხალისედ წავიდა და დარჩა. ორჯერ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ერთხელ გემზე დააგვიანდა, რომელიც აფეთქდა. ბებიას თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. საკუთარი თვალით უყურებდა შუაზე გაპობილ გემს... როგორც საუკეთესო მუშაკი, ბებია ომში 6 ნაჭერი სარეცხი საპნითა და ორნაირი ჩითის ნაჭრით დაასაჩუქრეს. იმ დროს ერთი ქართველი მოდიოდა თბილისში, ბებიაჩემს ეს საჩუქრები თავისი წერილით გამოუტანებია ოჯახში, იმის ნიშნად, რომ ცოცხალი იყო. 1941 წლის ამბავს ვყვები. შემდეგ მალარია შეჰყრია ბებიაჩემს, საწყლები, წყალს ძროხის ნაფეხურებში ჩამდგარი წვიმის გუბეებიდან სვამდნენ თურმე, აბა რა დაემართებოდა. წითელი ჯვრის სამხედრო ეშელონით ჩამოიყვანეს თბილისში. რადგან სამკურნალო იყო, ბებიაჩემი დატოვეს თბილისში, დანარჩენები უკან გაბრუნდნენ. იმ ეშელონიდან ერთადერთი კაცი გადარჩა, ტუაფსესთან მთელი ეშელონი დაბომბეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თბილისში დაბრუნებულმა მშობლებს ჰკითხა, ჩემი საჩუქრები თუ მიიღეთო. აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი მიუტანია და ოჯახს ბებია მკვდარი ეგონა. ამ ამბის მერე 30 წელი გავიდა. ბებიამ სამინისტროში კათედრის სპეცგანყოფილების უფროსის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. მის თანამშრომელთან "ნაფრონტალი" ძმაკაცი მივიდა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო ის ადამიანი, ვისაც ბებიამ ჩითის ნაჭრები და საპონი გამოატანა. ოფლი წამოუვიდა თურმე შუბლიდან იმ კაცს ბებიაჩემის დანახვაზე, გატრიალებულა და გასულა კაბინეტიდან. თანამშრომელს უკითხავს, რა დაემართაო, არაფერი, ეტყობა, კუჭის პრობლემები ჰქონდაო, უთქვამს ბებიას. ომში ყველაფერი ხდება, შეიძლება დაკარგა, შეიძლება მოჰპარეს, მაგრამ იმ ოჯახში მაინც ხომ უნდა მისულიყო და ეთქვა, რომ მათი ოჯახის წევრი ცოცხალი იყო. ბებიის ისტორიები დღემდე ზედმიწევნით მახსოვს. მგონია, რომ მისი და ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად ერთმანეთს ჰგავს, უბრალოდ, ჩვენ ომში არ ვართ, ესაა განსხვავება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება