"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტების რთული გზა ფინალამდე და ცხოვრება კონკურსის შემდეგ

"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტების რთული გზა ფინალამდე და ცხოვრება კონკურსის შემდეგ

1 ივლისს მუსიკალური კონკურსის, "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალი გაიმართა. 80 ათასზე მეტი ზარიდან მაყურებლის რჩეული და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულის მფლობელი ნინა სუბლატი გახდა. ფინალში გამარჯვებისთვის ნინასთან ერთად მარიკო ლეჟავა და ნუკა გვალია იბრძოდნენ. ყოფილ კონკურსანტებს ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე სარეპეტიციო დარბაზში მივაკითხეთ.

სამთვიანი მარათონის განმავლობაში ნუკა გვალიამ, ნინა სუბლატმა და მარიკო ლეჟავამ საკმაოდ რთული გზა გაიარეს. ნუკა ბევრჯერ იყო აუტსაიდერი. კონკურსის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ნუკა ფეხმძიმედაა. რამდენჯერმე ნინაც მოხვდა აუტსაიდერთა რიგებში და ლამის პირადი ცხოვრებაც დაენგრა. რაც შეეხება მარიკო ლეჟავას, რამდენიმე კვირის წინ კინაღამ ლევან მასპინძელაშვილის ფანების "მსხვერპლი" გახდა. ინტერვიუმ მხიარულად ჩაიარა, მაგრამ ყოფილი ფინალისტები დაღლილები და ნანერვიულები ჩანდნენ.

- გოგონებო, როგორ შეაფასებდით რთულ საკონკურსო პერიოდს?

მარიკო:

- პირადად მე რთული, მაგრამ საინტერესო გზა გავიარე. ისეთ ადამიანებს შევხვდი, როგორებიც არიან დეჟა გომესი და "დიფ ფარფლი". იან გილანმა ჩაგვიტარა მასტერკლასი. მნიშვნელოვანი იყო ნინო ქათამაძის ტური. ყველაზე მეტად კი ირაკლი ჩარკვიანის ტურს გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პერფორმანსი მაშინ მქონდა. საკუთარი თავი ვიპოვე. არ ვიცოდი, თუ ამ ჟანრშიც შემეძლო სიმღერა.

ნუკა:

- მიუჩვეველი ვიყავი ასეთ რეჟიმს. თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება. ძალიან მიყვარს ძილი და რეპეტიციებზე ადრე მოსვლა მიჭირდა, მერე შევეგუე (იღიმება). ამ კონკურსმა დიდი აღიარება და ხალხის სიყვარული მომიტანა.

ნინა:

- რთული გზა იყო, განსაკუთრებით ჩემთვის. კონკურსში ჩემი მისიით მივედი. მინდოდა, შეხედულება შემეცვალა ქართულ შოუბუიზნესსა და მომღერლებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი, რადგან ჩემი თითოეული გამოსვლა იყო სტერეოტიპების რღვევა, ჩაცმულობითა თუ რეპერტუარით. ისეთ რთულ რაღაცას მოვკიდე ხელი, როგორიც ბოლო გამოსვლის დროს ბიორკის სიმღერა იყო. თამამი გამოსვლა მქონდა პირველივე ტურზე, როდესაც სიმღერა "თოხიც" შევასრულე. ბეტ ჰარტის სიმღერის დროს, საზოგადოების ნახევარი ამბობდა, რომ ცუდად შევასრულე და ზუსტად ერთ კვირაში ჰარტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დადო ჩემი გამოსვლა და კარგად შეაფასა. რაც მთავარია, კონკურსის განმავლობაში ხალხის დიდი სიყვარული მოვიპოვე.

- განსაკუთრებით რთულად რა გახსენდებათ ამ სამი თვის განმავლობაში?

ნინა:

- პირველი საკონკურსო დღე, როცა არ ვიცოდი, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ჩემს სიმღერას. იმის მიუხედავად, რომ აუტსაიდერებში მოვხვდი, ხალხი შოკირებული იყო, რომ სმს-ლიდერი არ გავხდი. ბევრი რაღაცის დათმობა მომიხდა კონკურსის გამო.

- რას გულისხმობ?

- მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი იყო. თითოეული ნიუანსი გათვლილი მქონდა და ძალ-ღონეს არ ვიშურებდი. ამ დროს სხვა რაღაცები ხანდახან გვავიწყდებოდა. მაგალითად, პირადი ურთიერთობები.

ნუკა:

- არც ერთი ჭორი არ მიმაქვს გულთან და რთულად არაფერი გადამიტანია. თანაც, ხალხის კომენტარებს რომ ვაკვირდები, დადებითი ჭარბობს.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენს ტატუს, როდესაც მთელი ზურგი მოიხატე...

- ეს არავის საქმე არ არის. ვისაც თავიდანვე არ მოვწონდი, მათგან მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. მათ ჩემი ფეხმძიმობის ტესტზეც უარყოფითი კომენტარები გააკეთეს.

- შენ და ნინასაც გაპირისპირებდნენ...

- არა მარტო ნინას, ბოლოს, ირაკლი რომ გავარდა, მისმა ფანებმა საშინელებები დამიწერეს. არ ვიცი, მე რა შუაში ვიყავი. ის ჩვენთვის პატარა ძმა იყო.

მარიკო:

- ძალიან ვინერვიულე, როდესაც ლევან მასპინძელაშვილის გაგდებას მე მაბრალებდნენ. იმ დროს ჩემ ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, ნებისმიერს დაადებდნენ ვეტოს. ბევრმა ვერ გაიგო და მლანძღავდნენ, რომ ჩემი ბრალი იყო და უნიჭო ვარ. ძალიან მეწყინა ეს კომენტარები, ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს. მე და ლევანი ახლო მეგობრები ვართ. ერთხელ ვუთხარი, შენი ფანები მერჩიან-მეთქი და მითხრა, დაიკიდეო. შეგნებული ადამიანია და ესმის, რომ ეს ფორმატის ნაწილი იყო.

- ნიკა გვარამიას ფავორიტობაც დაგაბრალეს.

- დიახ, თქვეს, რომ მას უნდოდა ჩემი დარჩენა და გამარჯვება. კიდევ ვიმეორებ, ჩემს მაგივრად ნებისმიერ კონკურსანტს დაადებდნენ ვეტოს.

- ნუკა და ნინა, თქვენ როგორ შეაფასებდით ვეტოს?

ნუკა:

- პროექტის ფარგლებში ამის გამოყენება შეეძლოთ და ძალიან კარგად მოიქცნენ. გამიხარდა, რომ მარიკო დარჩა, ვმეგობრობთ და ჩემი ემოციები ვიდეოშიც ჩანს.

ნინა:

- მეც გამიხარდა, იმიტომ, რომ მარიკო ლეჟავა ჩემი დაქალია. პირველ რიგში, მინდოდა, მე გამემარჯვა და შემდეგ, მარიკოს. მისი გამარჯვება იგივე ჩემი გამარჯვება იქნებოდა. ვეტო კარგი იყო, ვფიქრობ, ვინც ვიყავით ფინალში, ისინი უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ის გუნდი ვიყავით, ვისაც ძალიან გვინდოდა ფინალში გადასვლა და მიხარია, რომ ასე მოხდა.

- ნინა, ახლა მაინც გაგვიმხილე გვარი...

- რეალურად სულაბერიძე ვარ (იღიმება).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება