ქართველ ტურისტები, რომლებიც ამ ზაფხულს დასვენებას ეგვიპტეში გეგმავდნენ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა დააფრთხო. როგორც ცნობილია, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა - ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია. ასევე, ეგვიპტის ქალაქებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით უნდა ერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს. მიუხედავად ამისა, ბევრმა საზაფხულო შვებულება არ ჩაიმწარა და ეგვიპტეს მაინც ესტუმრა. მათ შორისაა ცნობილი პარფიუმერული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია შამუგია. "ამბები.გე" მას ეგვიპტეში დაუკავშირდა და სთხოვა, იქ არსებული მდგომარეობის შესახებ მოეთხრო.
ხატია:
- მეგობრები, ჩვენს შვილებთან ერთად ეგვიპტეში, კერძოდ, ქალაქ ჰურგადაში ვისვენებთ. ვართ 5 დედა და 7 ბავშვი. ჩემი შვილიც, ნიკუშაც აქ მყავს. ვიმყოფებით სასტუმროში, სადაც აბსოლუტურად არაფერი იგრძნობა იმის მიუხედავად, რა ამბები ხდება ზოგადად ამ ქვეყანაში და რასაც საინფორმაციო სამსახურები ავრცელებენ. უბრალოდ, თავს ვიკავებ და სასტუმროს გარეთ არ გავდივარ, არ წავსულვარ არც ალექსანდრიის დასათვალიერებლად და არც ქაიროში... თუმცა ახლა ვიმყოფები გემზე, რომლითაც ულამაზესი კუნძულების დასათვლიერებლად მივყავართ. ბავშვები ისე მხიარულობენ, ჭკუაზე არ არიან.
- გამგზავრების წინ რა მითითებები მიიღეთ?…
- გვითხრეს, რომ თქვენს ტურ-ოპერატორებთან გქონდეთ ურთიერთობა და გარეაქტივობებისგან თავი შეიკავეთ და საკუთარი ინიციატივით სასტუმროს ტერიტორია არ დატოვოთო.
- კიდევ რამდენი დღე უნდა იყოთ?
- სულ 10 დღე გვიწევს აქ ყოფნა. კვირას, 14 ივლისს კი უკვე თბილისში ვბრუნდებით.
- ჰურგადაში პირდაპირი რეისით ჩაფრინდით?
- კი, პირდაპირი რეისით ჩავფრინდით.
- ე.ი. არ ნანობ, რომ გარისკე. მათ, ვინც აპირებს ეგვიპტეში დასასვენებლად გამგზავრებას, ურჩევ, არ გადაიფიქრონ?
- ასე ვერავის ვერაფერს ვურჩევ. საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. თუმცა ჩვენ მართლაც კარგად ვისვენებთ. ბავშვებიც სასტუმროს აკვაპარკსა და აუზზე შესანიშნავად ერთობიან. ვიტყვი იმასაც, რომ აქ უამრავი დამსვენებელია.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის