"პოროხა" - დაკარგული ექიმი და წარმატებული მსახიობი

"პოროხა" - დაკარგული ექიმი და წარმატებული მსახიობი

მის პერსონაჟს მეტსახელად "პოროხა" ჰქვია და სერიალში "შუა ქალაქში" მონაწილეობს. "პოროხა" ქუჩურ სლენგზე მოლაპარაკე "კარგი ტიპია", ცოტა მოძველბიჭო ელემენტი, რომელიც მუდმივად რაღაც საქმეებშია გახლართული.

მაგრამ როგორც ამ პერსონაჟის გამსახიერებელ მსახიობ გიორგი მახარაძესთან შეხვედრისას გავარკვიე, მას "პოროხასთან" საერთო არაფერი აქვს. ერთი თბილისელი ბიჭია, რომელიც თავის ოჯახზე, მეგობრებსა და პროფესიაზე უზომოდ არის შეყვარებული.

- წლების წინ "ღამის შოუს სტუდიაში" სერიალისთვის კასტინგი გავიარე, ჩემი სურათი და ვიდეომასალა ბაზაში შეიტანეს. წელს კი დამირეკეს და მითხრეს, - გვინდა, რომ ესა და ეს როლი ითამაშოო. კასტინგი აღარ გამივლია.

- "პოროხა" იმ უბნის მოძველბიჭო ტიპია, რომელშიც მიროტაძეების ოჯახი ცხოვრობს... მოგწონს?

- ტექსტი რომ ვნახე, მივხვდი, როგორი პერსონაჟის განსახიერებაც მომიწევდა. ის ბექას (მსახიობი კოკო როინიშვილი) უბნელი და მეგობარია. მაგარი "ღადაობა" ტიპია, სულ რაღაც საქმეებშია, სახლში გოგოები აჰყავს, ხშირად მასზე უფროსებიც... ბექა კი მისი საპირისპირო პერსონაჟია, მაგრამ მაინც ძმაკაცობენ... თავიდან ცოტა კი დავიძაბე, მაგრამ მერე "პოროხას" ალღო ავუღე (იცინის).

- შენს როლს ისე დამაჯერებლად თამაშობ, რომ ბევრს ცხოვრებაშიც ასეთი ჰგონიხარ...

- ცხოვრებაში "პოროხას" ნამდვილად არ ვგავარ, მაგრამ ვიცნობ ასეთებსაც და სხვანაირებსაც (იღიმის), ან ასეთი როგორ უნდა ვიყო? მე ხომ მსახიობი ვარ. ძველი ბიჭი და მსახიობი? ერთმანეთისგან ცოტა შორს არიან.

- შენ და კოკო როინიშვილი ჯგუფელები, მეგობრები, ნათესავები (შენი ცოლისძმაა) ხართ და სერიალშიც პარტნიორები აღმოჩნდით... რას იტყვი ამაზე?

- მე და კოკო ერთმანეთთან შეთამაშებულები ვართ. გამიხარდა, რომ სერიალში მისი პერსონაჟის ოჯახში მომიწია შესვლამ. საქმე ამან უფრო გამიადვილა... დიახ, ვძმაკაცობთ, ვმეგობრობთ და ბევრ სპექტაკლში ერთადაც გვითამაშია. კოკო კარგი პარტნიორია, მისი მხრიდან ხელშეწყობას ვგრძნობ.

- მას მერე, რაც სერიალში გამოჩნდი, ალბათ ქუჩაში გცნობენ, არა?

- გუშინ მქონდა ასეთი ფაქტი: ქუჩაში ბავშვებმა დამინახეს: ე, "პოროხა" გაიჩითაო (იღიმის). მთელი სამეგობრო, სერიალის გავლენით, "პოროხას" მეძახის...

- რომ შეგრჩეს ეს მეტსახელი?

- არა მგონია, ჩემი გვარიდან გამომდინარე, ყველანი "მახარას" მეძახიან, რასაც "პოროხა" ვერ გადაფარავს.

- მსახიობობა რატომ გადაწყვიტე?

- მართალია ბავშვობაში ბებიას ხშირად ველაპარაკებოდი იმაზე, რომ მომავალში ექიმი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დედაჩემი ამის საშინელი წინააღმდეგი იყო, რადგანაც უნდოდა, რომ ეკონომიკურ ან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მამაჩემი ამბობდა, სადაც უნდა, იქ ჩააბაროსო, ბიძაჩემიც იმავეს ამბობდა...

- სკოლაში გამორჩეულად რომელი საგანი გიყვარდა?

- საგანი კი არა, საგნები (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია) მიყვარდა. მათემატიკა რომ ვიცი, ეს მამაჩემის დამსახურებაა. სკოლაში ხშირად მათემატიკურ ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი. მერე გარდატეხის ასაკში სწავლას ცოტა ავუშვი.

- რომელ სკოლაში სწავლობდი?

- ბებიასთან, 150-ე სკოლაში დავიწყე სწავლა (ბებია იქ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის) და ბოლოს, ისევ 150-ე დავამთავრე. შუალედებში კი არაერთ სკოლაში მომიწია სწავლამ...

მოკლედ, მე და ბებიამ თეატრალურ უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად, მშობლებისგან მალულად, მომზადება დავიწყეთ. დამეხმარა იმაშიც, რომ სამსახიობო ოსტატობაში მანანა ბერიკაშვილთან მოვმზადებულიყავი. მისაღებ გამოცდებზეც გავედი. ბოლოს, სიის სანახავად ჩემ მაგივრად ძმაკაცი მივიდა და ტელეფონში იმხელაზე დაიღრიალა, - გიო, მოეწყვეო, რომ შევხტი... გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. უფასო განყოფილებაზე მაღალი ქულებით ჩავირიცხე. უნდა ვთქვა, რომ გაგვიმართლა და კარგი ჯგუფი შევიკრიბეთ...

- სტუდენტობისას ნათამაშებ სპექტაკლებს მსახიობები სიამოვნებით იხსენებენ ხოლმე, ალბათ არც შენ ხარ გამონაკლისი...

- კი, რა თქმა უნდა. სწავლა დამთავრებული არ მქონდა, რომ მუსიკისა და დრამის თეატრში ქალბატონმა მანანა ბერიკაშვილმა თავის სპექტაკლში (დრამა) დამაკავა. სტუდენტობისას გასტროლზე ინგლისშიც კი გახლდით. ჯგუფის სპექტაკლი "ჩვენი პატარა ქალაქი" წავიღეთ, რომელიც გიორგი შალუტაშვილმა დადგა. საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალში ვმონაწილეობდით. ერთ დღეს სამჯერ ვითამაშეთ ერთი და იგივე სპექტაკლი. ყველას, რეჟისორებსა და მათ სტუდენტებს, ვინც იმ ფესტივალში მონაწილეობდა, მოეწონა ჩვენი წარმოდგენა. ოვაციებით გვხვდებოდნენ. პრესაში ჩვენზე რეცენზიები იწერებოდა. წინადადებები და მიწვევებიც მივიღეთ... ჯგუფთან ერთად, ასევე ნათამაშები მაქვს შალვა დადიანის "გუშინდელნი"...

- გული არ გწყდება იმაზე, რომ ექიმობაზე უარი თქვი?

- არა და სხვა პროფესიისკენ გული არც მიმიწევს, მით უმეტეს, რომ ჩემი დღევანდელი საქმიანობა მიყვარს.

- როგორც გავიგე, ცოტა ხნის წინ ავთო ვარსიმაშვილს "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლში "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" მიუწვევიხარ...

- კი, ბატონმა ავთომ გასულ თებერვალს მიმიწვია სპექტაკლში - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ", რომელშიც მარიამ ჯოლოგუა და აპოლონ კუბლაშვილი თამაშობდნენ. მარიამი ორსულობის გამო ვეღარ ახერხებდა მონაწილეობას და აპოლონიც შეცვალეს. მოკლედ ისინი მე და ჩემმა ჯგუფელმა, "თავისუფალი თეატრის" მსახიობმა მარიამ ნადირაძემ ჩავანაცვლეთ. სავარაუდოდ, სექტემბრიდან აპოლონი და მარიამი დაბრუნდებიან და ჩვენ, როგორც გვითხრეს, მათი დუბლიორები ვიქნებით.

- კინოში არ გინდა თამაში?

- ორ ფილმში გადამიღეს: ერთი გახლავთ თინათინ ყაჯრიშვილის მხატვრული, სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი - "პატარძლები", რომლის პრემიერაც 2014 წლისთვის არის დაგეგმილი და მეორე ფილმი - "არჩევანი" მარიამ ქაცარავამ გადაიღო. მასში მთავარი როლი მაქვს და მისი პრემიერა სექტემბერ-ოქტომბერში შედგება. მის გაგზავნას ფესტივალებზეც აპირებენ. ცოტა ხანში კიდევ ერთ ფილმში მომიწევს თამაში, მაგრამ ჯერ დეტალები არ ვიცი.

- შენი პერსონაჟის სიტყვები რომ გამოვიყენო, - "რა ცხოვრებით ცხოვრობ, ძმაო", მაგალითად, ფეხბურთი თუ გიყვარს?

- ფეხბურთი მიყვარს. რეალის გაქანებული "ბალელშიკი" ვარ.

- "ბარსელონა" არ მოგწონს?

- "ბარსელონა" არ მიხსენოთ. 15 წელია, ღრმა ბავშვობიდან "რეალს" ვგულშემატკივრობ. ჩავარდნები კი ჰქონდა, მაგრამ არ მიღალატია. მე და კოკო ფეხბურთზე ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ბოლო დროს თავს ვიკავებთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს.

- მხოლოდ ფეხბურთზე კამათობთ?

- კი, აბა, სხვა რა გვაქვს საკამათო? ჯვარი გვწერია... ისე, ფეხბურთთან დაკავშირებით საოცარი სიზმრები მაქვს. მაგალითად, სამჯერ, თამაშების წინადღეს, "რეალი" - "მილანის" მატჩები თავისი ანგარიშებით დამესიზმრა. ის კი არა, გატანილი გოლის ავტორებიც კი ვიცოდი, ვინ იქნებოდნენ...

- ალბათ ბავშვობაში ფეხბურთზეც დადიოდი, არა?

- ბავშვობაში კალათბურთს (11 წლის განმავლობაში) ვთამაშობდი. "საკალათბურთო აკადემიაში" ჩემი მწვრთნელები იყვნენ - გელა დარსაძე, თემურ აბულაძე და გია კაზანჯიანი. უცხოეთშიც კი ვიყავით შეჯიბრებებზე. მართალია კალათბურთს სერიოზულად ვთამაშობდი, მაგრამ ფეხბურთს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. ისე, კალათბურთში "მაიამის" "ვბალელშიკობ".

- მუსიკა არ გიყვარს?

- მუსიკა ძალიან მიყვარს.

- მღერი?

- (იცინის) ამბობენ, რომ სმენა მაქვს, მაგრამ ისე, რომ სადმე ვიმღერო, არა... ამ ამხრივ გამბედაობა მაკლია. წესით, მსახიობს კომპლექსი არ უნდა მქონდეს... მხოლოდ ახლობლების წრეში შეიძლება ვიმღერო, ოღონდ, ვიღაცებთან ერთად. ქორწილში მარიამთან ერთად ვიმღერე და კინაღამ მოვკვდი. იმავენაირად ვინერვიულე ჩემს ცეკვაზეც. ცუდად არ მიცეკვია, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ და მინდოდა, უკეთ გამომსვლოდა...

- სამაგიეროდ, სიმღერა საუკეთესოდ შენს მეუღლეს, მომღერალ მარიამ როინიშვილს გამოსდის. ნანახი მაქვს, როგორ მღერის უკვე თქვენი პატარა გოგონაც...

- კი, ელენე კარგად მღერის. ხანდახან სიმღერაში ისეთ რაღაცებს არტყამს, პირდაღებული ვრჩები. შეუძლია, სიმღერას ორი-სამი მოსმენით აუღოს ალღო. ნიჭიერი ბავშვია.

- ისე, შენს ქორწილში ცეკვის გამო რატომ ინერვიულე?

- დედა - თეო ჩივაძე მოცეკვავეა და ქორწილისთვის მე და მარიამს ცეკვა ქართული დაგვიდგა. მარიამს კარგად გამოუვიდა. მანამდე დედაჩემთან, სტუდიაში ერთი წლის განმავლობაში მეცადინეობდა. დედა ამბობს, რომ უნიჭიერესია.

ისე, ჩემი დიდი ბაბუა - გრიგოლ ჩივაძე მოცეკვავე, ქორეოგრაფი გახლდათ. ბაბუაც ცეკვავდა... ბავშვობაში როგორც გითხარით, კალათბურთით ვიყავი დაკავებული და ცეკვის შესასწავლად ვერ მოვიცალე. ახლაც სულ მინდა, დედაჩემთან, სტუდიაში ვიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- მარიამი კოკოს მეშვეობით გაიცანი?

- თავიდან ერთმანეთი ყველამ სოფელ სიონში გავიცანით. იმის მერე დავმეგობრდით. თან, მე და კოკო ჯგუფელები რომ ვიყავით, ესეც გვაახლოებდა. 24 საათის განმავლობაში ერთად ვიყავით. მოკლედ, ორწლიანი მეგობრობის შემდეგ, მე და მარიამმა 2010 წელს ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, ქორწილი 23 იანვარს გვქონდა...

- მოგწონს მარიამის გადაწყვეტილება, სამომავლოდ ოპერის მომღერლობას რომ აპირებს?

- მართლა სერიოზული მონაცემები აქვს და ეჭვიც არ მეპარება, რომ თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწევს. მაგრად რომ მღერის, ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის, სპეციალისტების აზრია. ახლა ნიკოლოზ რაჭველის დარბაზში, რკინიგზელთა სახლში სოლო კონცერტს აპირებს. ეს მისი პირველი სოლო კონცერტია და წარმატებებს ვუსურვებ. მას ჩემი რჩევა არ სჭირდება, ყველაფერი კარგად იცის, ოღონდ, საუკეთესო მომავალს და წარმატებებს ვუსურვებ... ისე, ერთი პერიოდი, ორივენი იტალიაში ვაპირებდით გამგზავრებას, მას "ლასკალაში" კურსის გავლა უნდოდა, მეც იქ სამსახიობო განხრით სასწავლებელს ვეძებდი, მაგრამ ეგ ამბავი გადაიდო. ვნახოთ.

- როგორი მამა ხარ?

- დავიწყებ იმით, რომ ელენე ძალიან მაგარი შვილია. თავიდან მიჭირდა იმის აღქმა, რომ მამა ვიყავი და შვილი მყავდა. უცნაურია, ლაპარაკი რომ დაიწყო, პაპას მეძახდა. ახლა უკვე მამას მეძახის, ხან გიოს, გიორგის... ბავშვი მუსიკალურიც არის, პლასტიკურიც, არტისტულიც, მოკლედ, სამომავლოდ ხელოვნების სფერო თუ აირჩია, ვგრძნობ, რომ ყველგან გაქაჩავს (იღიმის)... ბოლო დროს გაბუტვა ისწავლა. ხანდახან, რაღაცებზე გულიც უჩუყდება...

- სიდედრს - თამრიკო ჭოხონელიძეს ძალიან უყვარხარ, ეს არაერთხელ უთქვამს ჩემთან ინტერვიუში... შენ რას იტყვი მასზე?

- ჰო, მე და თამრიკოს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ და მეც ძალიან მიყვარს. ჩვენ კლასიკური გაგებით სიძე-სიდედრი კი არა, უბრალოდ, კარგი მეგობრები ვართ.

- როგორც გატყობ, ვერ გაექეცი მოდას და სხეულზე რამდენიმე ტატუც გაიკეთე...

- ტატუ პირველად მარიამმა გაიკეთა და მერე მეც მაგრად მომინდა. გულის მხარეს, მარცხენა ფერდქვეშ, ნეკნებზე ელენეს ხელისგულის ანაბეჭდი მაქვს ამოსვირინგებული და ამის წყალობით, სულ თან მყავს ჩემი შვილი...

- ხელებზე რა გაწერია?

- ერთ ხელზე "ფემილი" (ოჯახი) მაწერია, მეორეზე - "ფრენდს" (მეგობრები). უეცრად, არც დავფიქრებულვარ, ისე გავიკეთე...

- გიორგი, დედისერთა კი ხარ, მაგრამ გატყობ, რომ ეგოისტი არ უნდა იყო. ასეა?

- უმეგობროდ არასდროს მიცხოვრია. ბავშვობიდან მახსოვს, ხან რომელი ამხანაგი რჩებოდა ჩემთან და ხან მე ვრჩებოდი კლასელთან. მეგობრისა და ძმაკაცის გარეშე ცხოვრება დღემდე არ შემიძლია. არც დამეგობრება მიჭირს. ადამიანებს ადვილად ვეგუები და ვენდობი. კიდევ ერთი თვისება მაქვს: ვინმესთან რაც უნდა ვიკამათო, ვიჩხუბო, მეორე დღეს აღარ მახსოვს...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება