რაკეტა "პროტონ-მ"-ის ავარიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა

რაკეტა "პროტონ-მ"-ის ავარიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა

წინასწარი ვერსიით, მიმდინარე წლის 2 ივლისს ბაიკონურის კოსმოდრომზე რაკეტა "პროტონ-მ"-ის ავარიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა. სტარტის შემდეგ რაკეტის არასწორხაზოვანი მოძრაობა და შემდგომი ჩამოვარდნა აწყობისას დაშვებულმა შეცდომამ - კუთხური სიჩქარის დეტექტორების არასწორმა მონტაჟმა განაპირობა. დეტექტორების შეერთებისას "+" და "-" პოლუსები იყო არეული. ამის გამო სტარტის შემდეგ რაკეტამ ორიენტაცია და მდგრადობა დაკარგა.

შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა ცოტა უცნაურია, რომ მრავალმილიონიანი რაკეტის ჩამოვარდნას ასეთი ბანალური მიზეზი აქვს. ადამიანი კოსმოსს 50 წელიწადზე მეტია ითვისებს და რაკეტების ავარიები ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ხდებოდა. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი შეცდომები დაუშვებელია.

რაკეტა ძალიან რთული აგრეგატია. მის გამართულ მუშაობას ათობით სისტემა და ასობით დეტექტორი განაპირობებს. ამიტომაც არის, რომ აწყობისას, ჯერ რაკეტის ცალკეულ საფეხურებს შემდგომ კი მთლიანად აწყობილ რაკეტას დეტალურად და სკრუპულოზურად ამოწმებენ. არ არის გამორიცხული, რომ 2 ივლისს ბაიკონურზე მომხდარი ავარიის მიზეზი სწორედ აწყობილი რაკეტის შემოწმებისას დაშვებულმა გულგრილობამ განაპირობა.

"პროტონ-მ", რომელსაც ორბიტაზე 3 თანამგზავრი უნდა გაეყვანა, სტარტიდან 10 წმ-ის შემდეგ კურსიდან გადაიხარა და კოსმოდრომის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად ორი დამოუკიდებელი კომისია შეიქმნა.

2010 წლიდან მოყოლებული ეს "პროტონ-მ"-ის მეხუთე ავარიაა. თავად რაკეტის ღირებულების გაუთვალისწინებლად, ავარიების შედეგად მიღებულმა ჯამურმა ზარალმა 15,2 მლრდ რუსული რუბლი შეადგინა.

2013 წლის ივნისის მდგომარეობით, "პროტონ-მ"-ის 74 სტარტიდან სრული წარმატებით, 66 გაშვება დასრულდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე