ბუბა კიკაბიძე - "პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რადგან ასე მაღლა დასხდნენ, ყოველთვის იქ იქნებიან"

ბუბა კიკაბიძე - "პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რადგან ასე მაღლა დასხდნენ, ყოველთვის იქ იქნებიან"

ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ რუსულ ონლაინ-გამოცემა Труд-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- ვახტანგ, გჯერათ ბედისწერის?

- მე მჯერა ღმერთის, რომელიც ჩვენს ნაცვლად წყვეტს ყველაფერს. თუ ადამიანები იმის გამოთვლას დაიწყებენ, თუ რამდენი თავისუფალი არჩევანი აქვთ და რამდენი რამ ხდება ღმერთის ნებით, მაშინ მიწასა და ცას შორის უწონადობის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ღმერთი ყველაფერს წყვეტს - ვინ რამდენი უნდა იცოცხლოს, რა უნდა გაიაროს ცხოვრებაში. ადამიანი კი იმედით ცხოვრობს. აი, ვისაც მე არ ვენდობი - ესენი პოლიტიკოსები არიან. უცნაურია, მაგრამ რატომღაც ისინი სიმაღლის დაპყრობის შემდეგ, გაურკვევლობაში ვარდებიან: რადგან ასე მაღლა დასხდნენ, ჰგონიათ ყოველთვის იქ იქნებიან. ხოლო როდესაც ცხოვრება ყელზე ხელს მოუჭერს, გაოცებულნი რჩებიან და უსამართობაზე ჩივილს იწყებენ.

- ახალგაზრდა დედათქვენი თუ გახსოვთ?

- კი. დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო. დედა 6 წლის წინ გარდაიცვალა. მეგონა, რომ სამუდამოდ ჩემს გვერდით იქნებოდა. ადრე არასდროს დამსიზმრებია. მას შემდეგ რაც გარდაიცვალა, ხშირად ვნახულობ სიზმარში. ყოველთვის ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ, თითქოს დედა მეუბნება: "ბუბა, როგორ არ გრცხვენია სცენაზე ასეთი ხრინწიანი ხმით სიმღერა!". დედაჩემი ხომ მომღერალი იყო: ისე მენატრება, რომ ძილის წინ ვთხოვ: "დედა, მოდი ჩემთან, მესაუბრე". როდესაც ვასაფლავებდი, გვერდით მამაჩემის ფოტო დავუდე, რომ სულ ერთად ყოფილიყვნენ.

- ერთად თქვენი მშობლები დიდხანს არ ყოფილან, მამათქვენი რამდენადაც ვიცი, 1942 წელს ქერჩის ბრძოლაში დაიღუპა...

- ძალიან გამხდარი ბიჭი ვიყავი, რის გამოც დამცინოდნენ კიდეც. ძალიან საწყენი იყო ფიქრი: "აი, მე რომ მამა მყოლოდა..." არ მჯეროდა, რომ მამა დაიღუპა. როდესაც მოგზაური შემსრულებელი გავხდი, გადავწყვიტე, მამა მომეძებნა. ვფიქრობდი: ის იყო უჩვეულო ადამიანი, მამაცი, იცოდა უცხო ენები და შესაძლოა დასავლეთშიც კი მოხვდა. ერთხელ აშშ-ში საგასტროლო ტურის დროს, ერთმა ხანშიშესულმა ადამიანმა მომძებნა და კითხვები დამისვა: "რა ერქვა მამაშენს?" მე ვუპასუხე "კონსტანტინე". ის ჩამეძია: "დედას მანანა?". როგორც აღმოჩნდა ის და მამაჩემი ახალგაზრდობაში მეგობრები იყვნენ, ფეხბურთის გუნდში ერთად თამაშობდნენ. ამან იმედები გამიძლიერა: იქნებ მამაჩემიც მზვერავი, მეორე აბელი იყო? აღსანიშნავია, რომ დიდი აბელი ჩემს სიმამრთან ერთად ერთ სკოლაში სწავლობდა. როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ყვებოდა, რომ მისმა ოჯახმა 16 წლის განმავლობაში არ იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ და ცოცხალი იყო თუ არა.

- წიგნის დაწერას აპირებდით...

- უკვე ვწერ. იდეა გენადი ხაზანოვმა მომაწოდა. წიგნის იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა დასცინო ადამიანს აქცენტის გამო - შენ ხომ მის ენაზე საერთოდ არ შეგიძლია საუბარი. წიგნისთვის ასეთი სახელის დარქმევა მსურდა "კავკასიური იერის ადამიანი", მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. წიგნი თითქმის მზადაა, მაგრამ ჯერ არ ჩანს სოლიდური გამომცემელი.

- საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყავით. როგორი დამოკიდებულება გქონდათ თაყვანისმცემლებთან?

- ხალხი უნდა გიყვარდეს. ზოგჯერ მესმის: "არ შემიძლია, თავი მომაბეზრეს ამ ფანებმა, უკანა გასასვლელიდან გამიყვანეთ". ესენი ხომ ის ადამიანები არიან, ვისაც შენ უყვარხარ! როდესაც 1996 წელს მოსკოვში დარბაზ Россия-სთან ჩემი ვარსკვლავი გაიხსნა, მაშინ საქართველოში შუქი და გაზი არ იყო. სახლში დავბრუნდი და რამდენიმე წუთით მოვიდა შუქი. მაშინ მეუღლეს ვუთხარი: "ახლა შეგიძლია თქვა, რომ შენი ქმარი ვარსკვლავია!". ეს ვთქვი თუ არა, შუქი მაშინვე ჩაქვრა...

- ცრუმორწმუნე ხართ?

- არც ისე. თავის დროზე ნანი ბრეგვაძემ ცნობილ სოხუმელ მკითხავ ლილისთან გაყოლა მთხოვა. ის 70 წლის იყო და თავისი თვალებით პირდაპირ განმგმირა. ნანი ლილისგან სრულიად გათეთრებული გამოვიდა, შეშინებული იყო: ხელზე რაღაც საშიში დაუნახავს. ლილიმ ჩემი ხელიც აიღო, მაგრამ მე უარი ვთქვი. მითხრა, რომ მალე უსიამოვნება, ავადმყოფობა მელოდა, თუმცა გადავიტანდი. შემდეგ დაამატა: იმ ადგილას, სადაც იმკურნალებ, ახალ პროფესიას დაეუფლები და იმის გამო რასაც იქ გააკეთებ, თბილისში უსიამოვნებები შეგექმნება, თუმცა შემდეგ ამის გამო ყველა მადლიერი იქნება შენიო. ყველაფერი რაც მითხრა, ასრულდა - ავადმყოფობაც, უსიამოვნებებიც და მადლიერებაც...

- ფილმს თუ გადაიღებდით და რის შესახებ?

- მაქვს ერთი ჩანაფიქრი, რომელიც ჩემი ახალგაზრდობის მეგობარს უკავშირდება. ის დედასთან და ბებიასთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. როდესაც დაქორწინდა, მეზობლებმა, რომლებსაც 4-ოთახიანი ბინა ჰქონდათ, კედელი დაანგრიეს, რათა ბიჭს სივიწროვეში არ ეცხოვრა ოჯახთან ერთად. აი ასე ცხოვრობდნენ ძველ თბილისში. უკვე დავწერე ეს სცენარი. ეს იქნება ფილმი სულიერების შესახებ, რომელიც დღეს გაქრა.

- მეგობრის ოჯახი მყარი თუ გამოდგა?

- კი დღემდე ერთად ცხოვრობენ. ის ცნობილი მოცეკვავეა.

მომზადებულია trud.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება