რა ხიბლი აქვს დავით აქუბარდიასთან ერთად გადაცემის წაყვანას

რა ხიბლი აქვს დავით აქუბარდიასთან ერთად გადაცემის წაყვანას

თაკო აბაშიძეს უჩინმაჩინობა ბევრჯერ უნატრია და ახლაც ნატრობს. გაუჩინარებულს ყველაზე მეტი ინფორმაცია მექნებოდაო, - ამბობს. მსახიობი ამჟამად რადიო "დარდიმანდში" მუშაობს და ქართულ-ამერიკული სკოლის თეატრალურ სტუდიაშიც პედაგოგობს. ცოტა ხნის წინ ის "კომედი არხის" სერიალშიც - "კოქტეილი" გამოჩნდა...

- შანსი რომ გქონდეთ, ერთი დღით რომელ არსებად გადაიქცეოდით?

- რომელიმე მწერად, რომელიც ძალიან პატარა, თითქმის უხილავი იქნებოდა; მერე ბევრ ადგილას შევფრინდებოდი და უამრავ საიდუმლოს ავხდიდი ფარდას...

- ვთქვათ, მაღაზიაში საკვები პროდუქტების საყიდლად შესულს, გარშემო მყოფები უცნაურად გიყურებენ...

- ყურადღებას არ მივაქცევ. ჩვენთან უცნაურად ცქერა უმიზეზოდაც სჩვევიათ. ასე რომ, ახალი არაფერი მოხდება (იღიმის)...

- ხედავთ, რომ ცალ-ცალი ფეხსაცმელი ჩაგიცვამთ...

- არა უშავს, როგორმე გავძლებ, მით უმეტეს, რომ ზოგი ადამიანი ასე სპეციალურად იცვამს.

- ვთქვათ, შეშფოთებული მეუღლე გიმხელთ, რომ უცხოპლანეტელებს შეხვდა...

- მასზე უარესად შევშფოთდები (იცინის).

- ქუჩაში პატრული გაჯარიმებთ და თან გიხსნით: ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, დიდმკერდიან ქალბატონებს ვიწრო სამოსის ჩაცმა ეკრძალებათ, - მამაკაცებისთვის არაჰუმანურიაო...

- კანონს დავემორჩილები და ხელისუფლების მომდევნო ცვლილებას დაველოდები, რათა ისე ჩავიცვა, როგორც მინდა.

- დავით აქუბარდია თანაწამყვანობას გთავაზობთ...

- აუცილებლად დავთანხმდები (იცინის). ხომ იცი, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

- ცხოველების მიმართ თქვენი განსაკუთრებული სიყვარული ცნობილია. ამჟამად შინ რამდენი ოთხფეხა მეგობარი გყავთ?

- პეკინესის ჯიშის ძაღლი - პიკო, 2 სპარსული კატა - ტასო და ფუფა, აკვარიუმის თევზები, კუ, იადონები, მთის ჩიტები - "ჩიჟიკები" და რამდენიმე ჯიშის ჩიტი ამჟამად დედასთან ცხოვრობენ. სახლში მხოლოდ თუთიყუში და ამადინები (ჩიტი) მყავს. ჩემი პატარის გამო, ცხოველების მოვლას ვერ ვახერხებ. ლეკვის ყოლასაც ვაპირებ: აუცილებელია, ბავშვებს ცხოველის სიყვარული ვასწავლოთ. ეს პატარებში კეთილშობილ გრძნობებსა და პასუხისმგებლობას ავითარებს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ცხოველები ერთგული და დაუცველი არსებები არიან. მათ აგრესიულად კი არა, სიყვარულით უნდა მოექცნენ. ხშირად პატარებმა კი არა, უფროსებმაც არ იციან, ცხოველებს როგორ მოეპყრონ. ეს იმის გამო ხდება, რომ საქართველოში ცხოველის მოვლის კულტურა ძალზე დაბალია.

- ვთქვათ, "ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან" დაგირეკეს და საქართველოში მძიმე პირობებში მყოფი დატყვევებული მურა დათვებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ვოლიერში მთელი დღის გატარება გთხოვეს...

- ცხოველები ისე მიყვარს, რომ მათ დასახმარებლად ვოლიერში ერთ დღეს კი არა, მთელ კვირას გავატარებდი. თან, მათთან ურთიერთობისას ადრენალინს არ გამოვყოფ - არ მეშინია და შესაბამისად, არ მკბენენ. ასევე, არ მეშინია მიცვალებულის. ვფიქრობ, რომ ცოცხალი ადამიანი ბევრად უფრო საშიშია (იცინის).

- ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ხედავთ, რომ თქვენი ორეული პოლიტიკურ დებატებშია ჩართული და თქვენი სახელით გაცხარებით ამბობს, - საქართველოს ქალი პრეზიდენტი, - ანუ მე ვჭირდებიო!

- ძალიან ბევრს ვიცინებდი და თავადაც აუცილებლად განვაცხადებდი, რომ საქართველოს რწმენა, კარგად დაფიქრება სჭირდება და კიდევ - დიდი, ფართოდ გახელილი თვალები...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება