რა შემთხვევაში გაურბის ლაშა კანკავა ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას

რა შემთხვევაში გაურბის ლაშა კანკავა ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას

პოპულარული კომედიური სერიალის - "შუა ქალაქში" - ზორბა, ახმახი და მკაცრი პერსონაჟი კაკი "კინაღამ" გეი აღმოჩნდა: მან ლაშას ყვავილების თაიგული მიართვა, სიყვარულში გამოუტყდა და "გაუმხილა", - ამ ჯმუხი ადამიანის მიღმა ნაზი პიროვნება იმალებაო. ვინც სერიალის ჩაწერას ესწრებოდა, შვებით ამოისუნთქა, როცა გაირკვა, რომ თავის სექსუალურ ორიენტაციაზე კაკი ხუმრობდა და სინამდვილეში გეი არ იყო...

აღმოჩნდა, რომ კაკი მოულოდნელი "გაცისფერებისგან" თავად მსახიობმა ლაშა კანკავამ "იხსნა", თორემ ზორბა პერსონაჟი სცენარისტებს ჰომოსექსუალობისთვის გაწირული ჰყოლიათ...

- ამ სცენის გადაღებამდე მკითხეს: კაკი გეი რომ აღმოჩნდეს, რაიმე პრობლემა ხომ არ იქნებაო? ჩემი აზრით, ხალხს ჭორის უფრო მეტად სჯერა, ვიდრე - სინამდვილის და ხშირად, მსახიობის პროფესიისა და მისი რეალური ცხოვრების ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ვარ, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ასეთ რამეზე შევთანხმდით: კაკი უბრალოდ ხუმრობს, ლაშა რომ დაძაბოს და შეაშინოს. როცა ჩემმა პერსონაჟმა თქვა, - გეი ვარო, სერიალის ჩაწერაზე მაყურებლებმა იცინეს, მაგრამ როცა გაირკვა, რომ ხუმრობდა, ყველამ "ამოისუნთქა". ხალხს გეი კაკი არ უნდა.

- სხვა დროს და სხვა პროექტში ჰომოსექსუალის როლს შეასრულებდით?

- პროექტს გააჩნია... ერთ-ერთ ფილმში - "აბსურდისტანი" ეროტიკულ სცენაში მონაწილეობა (გოგოსთან ერთად) შემომთავაზეს. ფილმის წარმომადგენლებს ვუთხარი, - ხომ არ გაგიჟდით-მეთქი? ძალიან ცოტა ქართული ფილმი ვიცი, რომელშიც სექსის სცენები ესთეტიკურად არის გადაღებული, უმეტესობა კოშმარია! გაირკვა, რომ ფილმი გერმანული ყოფილა, რომელსაც აზერბაიჯანში იღებდნენ, ამიტომ ეროტიკულ სცენაში მონაწილეობაზე უპრობლემოდ დავთანხმდი...

- სერიალში - "შუა ქალაქში" როგორ მოხვდით?

- წელიწად-ნახევრის წინ კასტინგზე დამიბარეს. დავით გოგიჩაიშვილმა მკითხა: ვის როლს ითამაშებდიო? ვუპასუხე: ვინმე ბოროტი, ზორბა მეზობლის როლს შევასრულებდი-მეთქი. სერიალის ამჟამინდელ სეზონში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს და სცენარი წავიკითხე, სიტყვა "ზორბას" დანახვისას (ჩემი გმირის შესახებ პაატა ამბობს: ეს ზორბა ტიპი ვინ არის, არ ვიციო) ვიფიქრე: ალბათ მაშინდელი კასტინგიდან შემარჩიეს-მეთქი.

- კაკის როლი მოგწონთ?

- კი. უპირველეს ყოვლისა, ის მომწონს, რომ სერიალის გადაღებისას თითქოს, ერთდროულად სპექტაკლშიც ვთამაშობ და კინოშიც: ჩაწერას მაყურებლები ესწრებიან, კამერებიც ჩართულია...

- სინამდვილეში და გყავთ?

- კი. ის უკვე 2 შვილის დედა გახლავთ.

- თქვენი დის პირად ცხოვრებაში თუ ჩაერიეთ?

- ყურადღებით ვიყავი, მაგრამ კონკრეტულ მითითებებს არ ვაძლევდი.

- თქვენ და კაკის რა საერთო და მკვეთრად განსხვავებული თვისებები გაქვთ?

- კაკივით მკაცრი არ ვარ. ჩემი ფიზიონომიის გამო, ერთი შეხედვით, ზოგს მკაცრი და უარყოფითი ადამიანი ვგონივარ. გამიგონია კიდეც, როცა ჩემ შესახებ უთქვამთ: ალბათ რა მკაცრია. როგორი უხეში ჩანს, შინ როგორ იტანენო? კაკისგან ხასიათით აბსოლუტურად განვსხვავდები, თუმცა არის შემთხვევები, როცა "გავკაკდები" ხოლმე... ცოტა ხნის წინ მამა გარდამეცვალა. დღეს ჩემს სამუშაო სფეროში თუკი რაიმეს ვაკეთებ, მისი მხარდაჭერის დამსახურებაა. თავდაპირველად, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებისას, მეუბნებოდა, - მსახიობის პროფესია არ აირჩიოო, მაგრამ როცა ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი, მხარში ამომიდგა. სულ მეუბნებოდა, - კარგი იქნებოდა, "შუა ქალაქში" რომ დაგიძახონო. როცა სერიალში მომიწვიეს, მამა უკვე აღარ იყო და ამის გამო გული მწყდება. მეგობარმა - ნიკა ხომასურიძემ მითხრა: შენთვის მნიშვნელოვან წუთებში ყოველთვის იგრძნობ, რომ მამა შენ გვერდით არის, შენი სიხარული უხარია, სატკივარი კი - სტკივაო. ასეთი შემთხვევები მართლა მქონდა. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია...

- თეატრალურ უნივერსიტეტში ვის ჯგუფში სწავლობდით?

- გოჩა კაპანაძისა და ლევან წულაძის ჯგუფში ვსწავლობდი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თეატრალურ სფეროს ცოტა ხნით ჩამოვშორდი: პროფესიით მუშაობა კი მინდოდა, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გარემო აღმოჩნდა; წინსვლის ნაცვლად, "დავატორმუზე". მახსოვს, რუსთავის თეატრში ლევან წულაძე სპექტაკლს დგამდა და მასთან უბრალოდ შევიარე, ვილაპარაკეთ... ამ სფეროში ჩემი დაბრუნება სწორედ ლევან წულაძისა და გოჩა კაპანაძის დამსახურება გახლავთ. მათი წყალობით ძალა მოვიკრიბე და ბარიერი გადავლახე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმის კეთება მინდა! მსახიობობასთან ერთად, რეჟისორი და სცენარისტი ვარ, საღამოებსაც ვაწყობ... რამდენიმე პროექტისთვის სცენარებზე ვმუშაობ, ოღონდ - იმ პირობით, რომ ერთი პერსონაჟი "ჩემი" იქნება, მე ვითამაშებ...

- მსახიობობის სურვილი პირველად როდის გაგიჩნდათ?

- ბავშვობიდან ბევრ ფილმს ვუყურებდი, ერთსა და იმავე სპექტაკლს 2-3-ჯერ ვესწრებოდი. სხვათა შორის, ჩემ მიერ მსახიობის პროფესიის არჩევას საფუძვლად სასაცილო ამბავი უდევს: საბავშვო ბაღში დავდიოდი, როცა ინდური ფილმის - "დისკოს მოცეკვავე" სანახავად წამიყვანეს. კინოთეატრიდან რომ გამოვედი, მაშინ ვთქვი: მსახიობობა მინდა-მეთქი. მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია (იცინის)... სხვათა შორის, ნიკა ხომასურიძის დამსახურებაა, რომ სცენარების წერას სერიოზულად მოვეკიდე. საერთოდაც, ნიკას გაცნობის მერე, ჩემს ცხოვრებაში ბევრი გზა გაიხსნა. მივხვდი, რომ კარგი მხოლოდ მაშინ იქნები, როცა "შენს" როლს თამაშობ. ხშირად მსახიობებს სწყინთ, - კასტინგზე ის აირჩიეს, მე - არაო. არადა, რეჟისორს თავისი საფიქრალი აქვს; სურს, მსახიობი პერსონაჟს როგორმე "მოარგოს". კარგად ჩატარებული კასტინგი უკვე ნახევარი საქმეა... შესრულებული როლებიდან საყვარელი პერსონაჟი ცოტა მყავს. კაკი მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ, რადგან მისმა როლმა ბევრი კარგი რამ მომცა.

- მაგალითად, რა მოგცათ?

- მსახიობისთვის პოპულარობა მნიშვნელოვანი რამ არის. მის მიმართ ხალხს სასიამოვნო დამოკიდებულება უჩნდება. ადრეც მეუბნებოდნენ, - თითქოს რომელიღაც ფილმიდან გვეცნობიო, მაგრამ ახლა უფრო ბევრი მცნობს...

- კაკიმ მაყურებლებისთვის საყვარელი პერსონაჟი - ლაშა რამდენჯერმე სცემა...

- პირადად მე, კონფლიქტური საერთოდ არ ვარ. ყოველთვის ვცდილობ, დაძაბული სიტუაცია განვმუხტო; ბევრ რამეზე თვალიც დამიხუჭავს.

- სპორტის რომელიმე სახეობას ხომ არ მისდევთ?

- ბავშვობაში აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე დავდიოდი. ახლაც ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო: დილაობით ვვარჯიშობ, დავრბივარ... როცა დრო მაქვს, ვცეკვავ: დარბაზში ხან ერთ მეგობარს "მივათრევ", ხან - მეორეს, მეწყვილე რომ მყავდეს (იცინის). ჩემი აზრით, მსახიობისთვის ფორმაში ყოფნა აუცილებელია.

- ინტერვიუსთვის დიდი მადლობა. დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გინდათ?

- მიმაჩნია, რომ თუ მოინდომებ, ღვთის წყალობით, მიზანს აუცილებლად მიაღწევ! მთავარია, მიზნისკენ მიმავალ სწორ გზას არ გადაუხვიო. ცოტა ხნის წინ, "ნიკოლოზ ფილმსმა" საქართველოში ვინი ჯონსი ჩამოიყვანა. ის თეატრალურ უნივერსიტეტში წავიყვანეთ, სტუდენტებისთვის რომ მცირე მასტერკლასი ჩაეტარებინა. მის მიმართ სტუდენტების დამოკიდებულებას ვგრძნობდი: შეკითხვებს ისე უსვამდნენ, თითქოს ისეთივე წარმატების მიღწევა, როგორსაც ამ მსახიობმა მიაღწია, წარმოუდგენელია. სხვათა შორის, თავად ვინი ჯონსმაც თქვა: წარმოუდგენელი არაფერია. თუ მოინდომებთ, აბსოლუტურად ყველაფრის მიღწევა შეიძლებაო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება