ბარბარე დვალიშვილის "ოქროს წერტილი"

ბარბარე დვალიშვილის "ოქროს წერტილი"

როცა ვინტერესდები, ჩემი რესპონდენტები რა სახის ლიტერატურას ეცნობიან, ხშირად ასე მპასუხობენ: მოუცლელობის გამო, ამჟამად წიგნებს ვერ ვკითხულობო. მსახიობი და გადაცემა "შუა დღის" წამყვანი - ბარბარე დვალიშვილი წიგნებსაც კითხულობს, კოლეგების სპექტაკლებსაც ესწრება და თავის 6 წლის გოგონაზეც ზრუნავს. ის ბავშვის გემოვნების განვითარებას ძალდაუტანებლად, "შეპარვით" ცდილობს...

- უპირველეს ყოვლისა, გემოვნება ოჯახში ყალიბდება. მშობლებმა შვილებს გემოვნება ძალდაუტანებლად, თამაშ-თამაშით უნდა განუვითარონ, თან - ისე, რომ არჩევანის უფლებაც მისცენ. გარემოსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შემდეგ - სამეგობროს, პედაგოგს... პირადად მე, ბევრ რამეში გამიმართლა.

- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- რომ გითხრათ: გემოვნებით ვიცვამ-მეთქი, - ეს სიმართლე არ იქნება. რადგან მსახიობი ვარ და ბევრ ხალხთან ვურთიერთობ, წესით, ჩაცმულობაზე განსაკუთრებულად უნდა ვზრუნავდე, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევ... ხშირ შემთხვევაში, ხელოვანი ადამიანის გემოვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის "ოქროს წერტილი" გახლავთ: თუ გადააჭარბე ან ოდნავ ზედმეტი მოგივიდა, მთელი ნამუშევარი დაგენგრევა...

- რა სახის ლიტერატურას ანიჭებთ უპირატესობას?

- მიმაჩნია, რომ ადამიანმა წიგნები სულ უნდა იკითხოს - ეს სიბერისგან თავის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. უპირველეს ყოვლისა, კითხვა ინტელექტზე "მუშაობს": იგებ, თუ როგორ აზროვნებენ ნიჭიერი და გემოვნებიანი ადამიანები. გარდა ამისა, კითხვა მეხსიერებისთვისაც კარგია. დეტექტივების კითხვაც მიყვარს და პიესებისაც... ახალ ნაწარმოებებსაც ვეცნობი ხოლმე. მომწონს, როცა წაკითხულ წიგნს ხელმეორედ ვკითხულობ და აღმოჩენებს ვაკეთებ: რაც ბავშვობაში მელოდრამატული, ბულვარული, "ზედაპირული" მეგონა, ახლა ნამდვილი კლასიკა მგონია. წიგნის ორჯერ, სამჯერ წაკითხვა ნამდვილად ღირს ისევე, როგორც კარგი ფილმის რამდენჯერმე ნახვა. დიდი ლიტერატურული შემოქმედება ნამდვილად არ ძველდება, პირიქით - დროთა განმავლობში სხვა მნიშვნელობას იძენს.

- საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები ან ფილმი თუ გაქვთ?

- ეს სპორტი არ არის, რომ რომელიმე ნაწარმოებს პირველი, მეორე თუ მესამე ადგილი მივანიჭო, მით უმეტეს, რომ მე ამის უფლება არ მაქვს; ეს უპატივცემულობა იქნება თავად ავტორების მიმართ... ბევრი ნაწარმოებია, რომელიც ეტაპობრივად "მზრდიდა". სწორად აზროვნება, რაღაცების ძალიან მოკრძალებით შეფასება დიდი ადამიანების შემოქმედებამ მასწავლა.

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე როგორ ზრუნავთ?

- ბავშვი 6 წლის არის და რა თქმა უნდა, მაღაზიაში რომ შევდივართ, რაც ყველაზე მეტად "კივის", ბრჭყვიალებს და უგემოვნოა, ის მოსწონს. ეს მხოლოდ ჩემი შვილის ახირება არ არის: ამ ასაკის ბავშვებს ძირითადად ის მოსწონთ, რაც ლაპლაპებს. ისე, ბოლო დროს ოქროსფერი რაღაცები მეც მომწონს. შვილს წიგნებს "შეპარვით" ვურჩევ, რომ არ გაჯიუტდეს და თავისი არ გაიტანოს. მისი გემოვნების განვითარებას ფილმებით, მულტფილმებითაც ვცდილობ. სერიალების მიმართ ბავშვებს გიჟური ლტოლვა აქვთ. შვილს ვურჩევ ხოლმე, - სერიალების ცქერა არ გინდა, ამას ჯობია, წიგნი წაიკითხო ან ერთად ვხატოთ-მეთქი. მინდა, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო.

- თქვენი გოგონა "ჩემი ცოლის დაქალებს" თუ უყურებს?

- ძალაუნებურად უყურებს: გადაღებაზე რამდენჯერმე მყავდა და სერიალში მონაწილე ბავშვებსაც იცნობს.

- თქვენ და თქვენს შვილს რა საერთო ინტერესები გაქვთ?

- ცეკვა მასაც ძალიან უყვარს! "სუხიშვილების" "ასა" დისკზე მაქვს ჩაწერილი და ჩემს სახლში სულ ცეკვა-თამაშია (იღიმის). შვილს კარგ მუსიკას ვასმენინებ. მართალია, მექანიკურად უსმენს, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, ყური კლასიკას რომ მიეჩვევა... ვაკის პარკში ბიბლიოთეკა გაიხსნა, სადაც არასტანდარტული გარემოა: ჰამაკები, ბალიშები... ბავშვებს იქ ხატვა, მულტფილმების ნახვა შეუძლიათ. ჩემს შვილს წიგნები იქიდან მოაქვს ხოლმე, მერე უკან აბარებს, ახალი მოაქვს და ა.შ. მართალია, გამოტანილი წიგნებიდან ნახევარზე მეტს არ კითხულობს, მაგრამ ბიბლიოთეკასთან "ურთიერთობა" მაინც ბევრს ნიშნავს.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენი პერსონაჟის შესახებ გვითხარით - როგორი ქალია ნელიკო?

- ძალიან პროგრესული, ჭკვიანი... უბრალოდ, თავისი ცხოვრების წესის გამო ბევრ რაღაცაზე ხუჭავს თვალს. მას შეუძლია პრიმიტიული, მწირი, უინტერესო ცხოვრება თავისი ხასიათის წყალობით გააკეთილშობილოს. პროგრესულია, რადგან ჯერ ერთი - 50 წლის ასაკში გათხოვდა და მეორეც: შეუძლია გაუგოს შვილს, რომელიც თაყვანისმცემლებს კი ხვდება, მაგრამ ცოლად არავის მიჰყვება... ნელიკო რაღაცებს რეალური თვალით უყურებს. საერთოდ, დადებითი პერსონაჟია.

- რაიმეთი თქვენ თუ გგავთ?

- რადგან ჩემში ნელიკო "აღმოცენდა", ალბათ სადღაც მიძინებული იყო (იღიმის)...

- ზოგადად, როგორი როლების შესრულება მოგწონთ?

- უფრო მეტად, სახასიათო როლები მიზიდავს. "სახასიათოს" რომ ამბობენ, სულ კომიკური როლები ჰგონიათ. არადა, ეს მკვეთრად გამოხატულ ხასიათს გულისხმობს. მაგალითად, როცა შესაბამისი ასაკის ვიყავი, ჩემთვის ჯულიეტას როლი რომ მოეცათ, ძალიან სახასიათოდ ვითამაშებდი. ის ჩემთვის არალირიკული გმირია: ჯულიეტა არის აბსოლუტურად თავნება გოგო, მშობლების მიმართ ურჩი, გიჟმაჟი ხასიათის მქონე... ამიტომ, როცა მის როლს სტანდარტულად თამაშობენ, ლირიკულები არიან. მკვეთრად გამოხატული ხასიათის მოძებნა ყველა პერსონაჟში შეიძლება.

- თეატრში მაყურებლის ამპლუაში თუ დადიხართ?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მსახიობებს ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს - კოლეგების სპექტაკლებზე არ დავდივართ და ამას მოუცლელობას ვაბრალებთ. მესმის, რთულია, მთელი დღე თეატრში გაატარო და საღამოს ისევ თეატრში სპექტაკლის სანახავად წახვიდე, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ყველა წარმოდგენას ვნახულობ. იცით, რატომ? არ მინდა, მოვლენებს ჩამოვრჩე და თან, "ვქურდბაცაცობ": ვიღაც თავის საქმეს ნიჭიერად რომ აკეთებს, იმის სხვაგვარად გადმოღება შეიძლება. მოკლედ, ბევრ რამეს ვსწავლობ და არ მსურს, ეს სიამოვნება მოვიკლო...

- ჭამაზე რას გვეტყვით?

- საერთოდ, გურმანი ვარ. განსაკუთრებით - თევზი და ხორცი მიყვარს. ისეთ ადამიანებზე ვგიჟდები, რომლებმაც გემრიელად მომზადებული სადილის ფასი და გემოც იციან. ნაყროვანება ცოდვად კი მიიჩნევა, მაგრამ ზომიერად - ყველაფერი კარგია.

- საფირმო კერძიც გაქვთ, ალბათ?

- ყოველ პარასკევს "შუა დღეში" ისეთ საფირმო კერძებს ამზადებენ, რომ მათთან შედარებით, ჩემი მომზადებული არაფერია (იცინის).

- ქართულ ტელეგადაცემებს თვალყურს თუ ადევნებთ?

- მეტ-ნაკლებად. ჩემს გადაცემას არ ვუყურებ.

- რატომ?

- გადაცემა ჩავწერო, სახლში მივიდე და კიდევ მას ვუყურო?! არა, ამის დრო არ მაქვს: გადაღება, რეპეტიცია, პატარა ბავშვი... მაგრამ გამოგიტყდებით და ყოფილა შემთხვევა, გადაცემა "გადამიხვევია" და მინახავს, რადგან რაღაცამ დამაინტერესა. საკუთარი თავი ისე არ მიყვარს, რომ ყველა გადაცემას ვუყურო, ეს გამორიცხულია.

- ხშირად ტელეწამყვანები საკუთარი გადაცემის ჩანაწერის ნახვით რაღაცებს სწავლობენ...

- მე მაშინ ვსწავლობ, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რაღაცას მირჩევს. კომპლიმენტები არ მიყვარს.

- ეკრანიდან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ აქსესუარები ძალიან გიყვართ. ასეა?

- აქსესუარების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ქალისთვის აუცილებელია. მინდა, ჩემი შვილი გარეგნობას სათანადო ყურადღებას აქცევდეს, მაგრამ მე მაკიაჟიც არ მიყვარს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება