რუსეთის საგარეო უწყება რუსებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქმის დაჭერას არ ურჩევს

რუსეთის საგარეო უწყება რუსებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქმის დაჭერას არ ურჩევს

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქმის დაჭერას არ ურჩევს",- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცი".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე კატეგორიაში -"ინფორმაცია ქვეყნებზე - საქმიანი კლიმატი", მათთვის, ვისაც ბიზნესის წარმოება საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სურთ, რეკომენდაციებია განთავსებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება საკმაოდ ხელსაყრელია, მაგრამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის საქმის წარმოება რეკომენდირებული არაა - ძვირი დაუჯდებათ.

აი, რა არის ნათქვამი საიტზე საქართველოში არსებულ საქმიან კლიმატზე, რომელთანაც, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს გაწყვეტილი: "საქართველოში ლეგალურად შესული უცხოელისთვის სამსახურის მიღება რთული არაა. ამისთვის დამსაქმებელმა უცხოელის სამედიცინო დაზღვევის საფასური უნდა გადაიხადოს და უცხოელის დასაქმების შესახებ საგადასახადო ორგანოებს შეატყობინოს.

ადგილობრივი კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად, აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით სახელმწიფო რეგისტრაცია. ეს პროცედურა ძალიან მარტივია. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტო ვალდებულია, ასეთი რეგისტრაცია განაცხადის შეტანიდან სამი სამუშაო დღის მანძილზე მოახდინოს. სააქციო საზოგადოების დარეგისტრირებისას საწესდებო კაპიტალი 10 000 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს".

აი, რა ინფორმაციაა გამოქვეყნებული რუსეთის საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის საიტზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ:

აფხაზეთის საქმიანი კლიმატის შესახებ: "ქვეყნის ბიზნესკლიმატი შესაძლოა შეფასდეს, როგორც საკმაოდ რთული ინვესტორებისთვის. ერთ-ერთი ძირითად ფაქტორად, რაც ბიზნესის წარმოებას ართულებს, რუსული ბიზნესის წარმომადგენლები სახელმწიფო ორგანოების კორუმპირებულობას თვლიან. აფხაზი თანადამფუძნებლის გარეშე უცხოური კომპანიის გახსნა რთულია, თუმცა სამართლებრივი საფუძველი ამისთვის არსებობს. 2009 წლის ოქტომბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინვესტიციების წახალისებასა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობისთვის ძირითად დაბრკოლებად შესაძლოა, რეგისტრაციის არარსებობა იქცეს. მაგრამ სპეციალისტით დაინტერესების შემთხვევაში, აფხაზურ ორგანიზაციას შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი 6 თვით რეგისტრაციის თხოვნით მიმართოს".

სამხრეთ ოსეთში საქმიანი კლიმატის შესახებ: "სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რესპუბლიკაში უკიდურესად ჩამორჩენილად ხასიათდება. რუსული კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე ფაქტობრივად არაა. ამის მიზეზია: მიწის კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვა, ასევე კორუფციის მაღალი დონე და ბიზნესის ორგანიზების გზაზე ბიუროკრატიული შეფერხებები".

მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა