18 წლის ასაკში ჰაილი სტეინფილდმა არა მხოლოდ "ოსკარის" ნომინანტობა მოასწრო "რკინის ალღოში" შესრულებული როლისთვის, არამედ "მაქს მარასგან" მომავლის სახის წოდებაც მიიღო. გოგონამ არც ისე დიდი ხანია დაიწყო კარიერა, თუმცა უკვე დიდ სიმაღლეებზეა. სულ მალე ეკრანებზე გამოვა ახალი "რომეო და ჯულიეტა", რომელშიც ჰაილიმ ყველა დროის ყველაზე რომანტიკული გმირი განასახიერა.
"უბრალოდ, მინდა ვიყო ბედნიერი"
- 2013 წელს ხუთ ფილმში ითამაშეთ. როგორია ისეთ ვარსკვლავებთან თამაში, როგორებიც არიან კევინ კოსტნერი, ტომი ლი ჯონსი, დემიენ ლიუისი?
- მაგარია! საოცრად ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მიწევს მუშაობა, რომელთაგან ბევრი რამ ვისწავლე. მათი პროფესიონალური რჩევების წყალობით ბევრს მივაღწიე. ეს უნიკალური გამოცდილებაა.
- კინოინდუსტრიაში როგორ მოხვდით?
- 8 წლისა მივედი დედასთან და ვუთხარი, რომ მსახიობობა მინდოდა. სწორედ იმ დროს ჩემი ბიძაშვილი სარეკლამო რგოლებში მონაწილეობდა. ეტყობა, ამან შთამაგონა. მეც მომინდა მასავით ეკრანზე გამოჩენა. დედამ მითხრა, რომ თუ მართლა გადავწყვეტდი, სამსახიობო ოსტატობა უნდა მესწავლა. მეც მესმოდა, რომ ამას დიდი სიბეჯითე სჭირდებოდა. ვისწავლე, მერე კი სააგენტოებში დავგზავნეთ ჩემი ფოტოები და ასე დაიწყო.
- ძნელია სკოლაში სწავლისა და მუშაობის შეთავსება?
- შინ ვსწავლობ თითქმის უკვე ოთხი წელია.