ზაფხული, ფლირტი და გართობა "აწყვეტამდე" - როგორ ისვენებენ ცნობილები

ზაფხული, ფლირტი და გართობა "აწყვეტამდე" - როგორ ისვენებენ ცნობილები

ბევრისთვის ზაფხული გამორჩეულად საყვარელი სეზონია, ამ დროს ყველა ცდილობს, არდადეგები თუ კუთვნილი შვებულება მისთვის კომფორტულ და სასურველ ადგილას გაატაროს, ახალი ნაცნობები შეიძინოს, თავგადასავლები ეძებოს და ა.შ. საზაფხულო გეგმებსა და დასვენებასთან დაკავშირებულ თემებზე საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე.

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი:

- დასასვენებლად გეგმები ჯერ არ დამიწყვია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბათუმის ჯაზფესტივალზე წავალ. ახლა რუსთაველის თეატრში რეპეტიციები გვაქვს და როცა მუშაობას დავასრულებთ, მეგობრებთან ერთად, ზღვაზე წავალ. მინდა, წყნარ და მშვიდ გარემოში დავისვენო და არა - ბათუმურ სიგიჟეში.

- ახლა რა სპექტაკლზე მუშაობთ?

- ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე (გოგი ალექსიძის ქალიშვილი. - ავტ.) რუსთაველის თეატრის სცენაზე დგამს სპექტაკლს, რომელშიც 12 მოცეკვავე და 5 მსახიობი მონაწილეობს. წარმოდგენა დატვირთულია თანამედროვე ცეკვებით და ვფიქრობ, საინტერესო სპექტაკლი გამოვა. ცნობისათვის, ამ დადგმაში ჯანო კახიძის მუსიკა იქნება გამოყენებული.

- ნინუცასა და ოჯახის წევრებთან ერთად თუ აპირებთ სადმე გამგზავრებას?

- ჯერ არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებთ. ბავშვები უკვე გავუშვით დასასვენებლად. მე და ნინუცას საერთო სამეგობრო წრე არ გვყავს, ამიტომ ის თავის მეგობრებთან ერთად ისვენებს ხოლმე, მე - ჩემს მეგობრებთან.

კახა ახვლედიანი, ტელეწამყვანი:

- კახა, როგორც ცნობილია, "მაესტროს" წამყვანების გარკვეული ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. მათ შორის თქვენც ხართ?

- ამ პერიოდში დილის გადაცემას ტაიმ-აუტი აქვს. ასე რომ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე მეც შვებულებაში ვარ.

- უკვე დაგეგმეთ, სად გაატარებთ ამ სანატრელ დროს?

- სავარაუდოდ, თურქეთსა და ბათუმში წავალ. აუცილებლად ვესტუმრები ყაზბეგს - ადგილს, სადაც გავიზარდე. იქაურობა ძალიან მიყვარს. წელს ბათუმში კარგი მუსიკოსები ჩამოდიან და მინდა "ქართულად", გემრიელად გავერთო, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად. დასასვენებლად წინასწარ არ ვემზადები ხოლმე - ფული თუ გაქვს, სპონტანურად, ნებისმიერ ადგილას წახვალ.

- როგორ დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას?

- განაწილებული მაქვს დრო: ცოტა "პენსიონერულადაც" უნდა დავისვენო - ზღვის სანაპიროზე წამოვწვე, ვიფიქრო, გავირუჯო, მერე კი მთაში, შემდეგ - ბათუმის კლუბებში "ავიწყვეტ".

- "პენსიონერული" დასვენების დროს ჰამაკში წოლა და წიგნების კითხვა თუ გიყვართ?

- ადრე ხშირად ვკითხულობდი, მაგრამ ახლა ფიზიკურად ნაკლებად ვახერხებ ამას. საერთოდ, ზერელედ კითხვა კი არ მიყვარს, წიგნს კარგად უნდა ჩავუჯდე. თუ დრო და "ნერვი" მექნება, რომელიმე ახალ მწერალსა და ნაწარმოებს გავეცნობი.

- საზღვარგარეთ, მაგალითად - თურქეთში ყოფნისას კლუბებში თუ დადიხართ? ბევრი აღნიშნავს, რომ ქართული კლუბები უცხოურთან, იქაურ გართობასთან ახლოსაც ვერ მივა...

- თურქეთის კლუბებში ხშირად არ დავდივარ, რადგან იქ კარგი მუსიკის მოსმენა იშვიათადაა შესაძლებელი, ჩვენთან კი ზაფხულში ბევრი მაგარი დიჯეი ჩამოდის...

- ლაშქრობებში სიარული თუ მოგწონთ?

- თავის დროზე ბევრი "ვილაშქრე", ახლა კი მსგავსი რაღაცები აღარ მხიბლავს. ყაზბეგში რომ ვცხოვრობდი, ის ერთი წელი ჩემთვის სულ ლაშქრობა იყო. მთა და ხეტიალი მაგარი რამ არის. საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ნანახი მაქვს და სხვებსაც ვურჩევ, "პარიზებში" და "ლონდონებში" სიარულს ჯობია, თავიანთი ქვეყანა კარგად დაათვალიერონ და ისეთი ადგილები ნახონ, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ.

- ექსტრემალური გართობების მოყვარული თუ ხართ?

- არა, გენაცვალე, ასეთი რაღაცები არ მიზიდავს. ჩემთვის წყნარად ვისვენებ ხოლმე - უალკოჰოლო კოქტეილი, კარგი მუსიკა ყურსასმენებში, წყალი, გაგრილება, მზის აბაზანების მიღება, საღამოს გემრიელი ვახშამი და ა.შ. თუმცა, რა ვიცი, ექსპრომტად შეიძლება მომინდეს კიდეც ზღვაზე პარაშუტით დაშვება...

- სხეულის გასაკაჟებლად თუ ვარჯიშობთ ხოლმე?

- სამწუხაროდ, დიდი ხანია, აღარ მივარჯიშია. არადა, მთელი ბავშვობა ვვარჯიშობდი.

- რომელიმე ზაფხული განსაკუთრებულად ხომ არ გახსენდებათ?

- ყველა ზაფხულში იყო გარკვეული ფლირტი, ყველა გოგონა განსაკუთრებული გახლდათ და ა.შ. მრავალფეროვანი ადამიანი ვარ და აქედან გამომდინარე, ბევრი განსხვავებული ამბავი მაქვს გასახსენებელი... ვეცდები, ახლაც მაქსიმალურად განვიტვირთო და მთელი წლისთვის "დავიტენო".

- ძალიან კარგი, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

- დიდი მადლობა, თქვენც ასევე.

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- მომდევნო თვეები არ დამიგეგმავს. ბათუმში უკვე რამდენჯერმე ვიყავი: ხან საქმეზე, ხან - გადაღებებზე; ამ ქალაქში ჩასვლა კიდევ მომიწევს - ჯაზფესტივალზე მივდივარ. სამსახურში დატვირთული რეჟიმის გამო, ხანგრძლივ დასვენებას ალბათ, სექტემბრისთვის მოვიწყობ.

- ნატალია სად ისვენებს?

- მე და ნატალია გაზაფხულზე ეგვიპტეში ვიყავით, ახლა ჯაზფესტივალზე მიმყავს, შემდეგ კი აუცილებლად წავალ ბაკურიანში, მერე - ზღვაზე. ეგვიპტეში ნამდვილი დასვენება მოვიწყვეთ: ტელეფონები გამორთული გვქონდა და დილიდან საღამომდე პლაჟზე ან აუზზე ვიყავით. მიმაჩნია, რომ ასეთი დასვენება ნამდვილი რელაქსაციაა - მასაჟი, აუზი, ვარჯიში. ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს.

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

- ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და არ ვიცი, დასვენებას რამდენად მოვახერხებ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ვერც ერთ ზაფხულს ვერ დავისვენე. თან, დიდხანს უსაქმურად ყოფნა არ შემიძლია. მგონი, წელსაც ვერ დავისვენებ, რადგან "სანო" სტუდიაში ახალ პროექტზე ვმუშაობთ, მეორე პროექტისთვის კი ცალკე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ახალ სიმღერებს ვწერ, შემოდგომისთვის კი კონცერტის გამართვის სურვილი მაქვს, იგეგმება გასტროლებიც. მოკლედ, ბევრი საინტერესო სიახლე მექნება.

- რეგიონულ კონცერტებში მონაწილეობთ?

- როგორ არა! ახლა ბათუმშიც მოგვიწევს კონცერტზე წასვლა, მანამდე კი მეგობრებთან ერთად, თბილისის მახლობლად ვახერხებ განტვირთვას. ახლაც საგურამოში ვარ და ფაქტობრივად, ჩემი დასვენებაც ეს არის. ჩემთვის რელაქსაციისთვის ყველაზე კარგი საშუალება სიმშვიდე და სიწყნარეა. ზღვა მიყვარს, მაგრამ შესაძლოა, 2 კვირაში ერთხელ მომინდეს წყალში ჩასვლა და ბანაობა. მთაში ყოფნა მირჩევნია, სადაც სუფთა ჰაერია, ნიავი დაქრის, მშვიდად ხარ და ათას რამეზე ფიქრობ. ლაშქრობებიც მომწონს. დაახლოებით ორი კვირის წინ, ბიჭებმა გადავწყვიტეთ ქალაქგარეთ, ბუნებაში გავსულიყავით. სამწვადეც წავიღეთ - იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა (იცინის) და კარგი დრო გავატარეთ, ბევრი ვიმღერეთ...

- ექსტრიმის მოყვარული ხართ?

- ასეთი რაღაცები არ მიზიდავს. ეტყობა, საკუთარი თავი ზედმეტად მიყვარს და არ ვრისკავ (იცინის).

- გამორჩეულად რომელი ზაფხული გახსენდებათ?

- ყველა ზაფხული კარგად მახსენდება. მაგალითად, შარშან "ვერის უბნის მელოდიებზე" ვმუშაობდით, ბათუმში 40 დღე ვიყავით და ზღვაში ჩასვლა ერთადერთხელ მოვახერხე, ისიც - ნახევარი საათით, მაგრამ მაინც კარგი იყო...

- ალბათ საკურორტო რომანები, ფლირტი გიზიდავს...

- ასეთებიც მახსენდება (იღიმის). მოგიყვე? არა, არ მოგიყვები, რადგან არ ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო... ზაფხულში მსგავსი ურთიერთობები რაღაცნაირად აეწყობა ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სერიოზული არაფერი ხდება. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რომ საზაფხულო რომანი თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც გაგრძელებულა...

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- დასასვენებლად როდის წავალ, არ ვიცი, რადგანაც მსახიობები, მუსიკოსები, პოეტები და ა.შ. ბექა ელბაქიძესთან ერთად, საქართველოს რეგიონებში მუსიკალური საღამოების მოწყობას ვგეგმავთ. ეს პროექტი აგვისტოში განხორციელდება. გარდა ამისა, ალეკო ცაბაძესთან ერთად ფილმზე ვმუშაობთ...

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

- ჩვენ უკვე ვისვენებთ: რამდენიმე დღეა, მე, ლილუ, ლილუს მეგობარი, ჩემი მეგობარი და მისი შვილი ურეკში ვართ. ბავშვები კარგად ერთობიან და მათთან ერთად, ჩვენც მშვენივრად ვისვენებთ. თქვენც ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება