გურმანი ვინი და მარტივი კერძების კულინარია

გურმანი ვინი და მარტივი კერძების კულინარია

გემრიელ კერძებსა და სამზარეულოზე ზაალ წულუკიძე - ვინი გვესაუბრება, რომელიც ამჟამად "მეცხრე არხზე" ანონსებსა და პრომოებს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ დიდი კულინარიული ნიჭით არ გამოირჩევა და არც ბევრი კერძის მომზადება იცის, მაგრამ მოხმარება - მშვენივრად...

- მარტივი კერძების გაკეთება უპრობლემოდ შემიძლია. მაგალითად, კვერცხის, კარტოფილის შეწვა; წიწიბურას, მაკარონის ან ბრინჯის მოხარშვა და ა.შ. - პრინციპი ერთია. მთავარი ყურადღებაა, რომ არ დაგეწვას ან არ გადმოვიდეს. ამ ყველაფრის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაც შემიძლია. თუ კარტოფილის გათლა მთხოვეს, შესაძლოა, ბევრზე სუფთად და უკეთ გავფცქვნა და 60% კანს არ გავაყოლო. ის, რასაც მზარეულები ვითომ იგონებენ, როგორც წესი, უკვე არსებობს, მაგრამ მცირე სახეცვლილებას ახდენენ. ზოგჯერ თეფშზე ამა თუ იმ კერძის ერთი ციცქნა ულუფა დევს, მაგრამ იმხელა ფასი აქვს, გაოცდები. უცხო ქვეყნების სამზარეულოებს თუ გადავხედავთ, ფრანგულში ძალიან მომწონს შნიცელი ყველით. თევზი ბევრი ქვეყნის სამზარეულოს აქვს, მაგრამ ვფიქრობ, იაპონურია გამორჩეული - სუში ძალიან მაგარია და ვგიჟდები. თბილისში მას მხოლოდ ერთ ადგილას მივირთმევ. იქაური "ლანჩ-მენიუ", ერთი შეხედვით პატარაა, მაგრამ ისეთი მსუყეა, ნამდვილად გყოფნის.

მოგონებები აშშ-ზე

- 22 წლის წინ, აშშ-ში ვიყავი ნუკრი ომიაძესთან და დათო არჩვაძესთან ერთად. ატლანტაში ქართული ფოლკლორის დღეები ტარდებოდა, ანსამბლი "დარიალი" იყო მიწვეული და ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრები წავედით. იქ სხვადასხვა ოჯახში ვიყავით გადანაწილებული. სხვათა შორის, დათო ბუშების თანაშემწის ოჯახში მოხვდა, მე - ლედერსებთან. ატლანტაში კონცერტი დღეში რამდენჯერმე გვქონდა, სულ სადღაც მივდიოდით. ჩვეულებრივი კოლეჯის სცენაც კი ჩვენი სპორტის სასახლის ზომის იყო. რაც შეეხება ამერიკულ კულინარიას, ბურგერების გარდა, იქაური ფრანგული სამზარეულოც კარგად ავითვისე და იტალიური პიცერიებიც. ფრანგულად მომზადებული ლოკოკინები ძალიან მომეწონა. სპეციალური კოვზი მოჰყვებოდა და "ხმაურიანად" უნდა "ამოგესრუპა". მახსოვს, დიდ ფურშეტზე ვიყავით და იქ ათასნაირი საჭმელი იყო. მათ შორის - კრევეტები. მაშინ არც კი ვიცოდი, ასე თუ ერქვა. საქართველოში როცა მივირთვი, მერე გამახსენდა, აშშ-ში რომ მქონდა ნაჭამი. მაშინ 14 წლის ბავშვი ვიყავი.

დაუვიწყარი "დანკი დანეცი"

- ამერიკული სამზარეულო, როგორც წესი, ჰოთდოგთან, ჰამბურგერთან და ჩიზბურგერთან ასოცირდება, მაგრამ ძალიან მაგარია - "დანკი დანეცი", ოღონდ, თუ ნამდვილი ამერიკულია. ეს პოლიციელების საყვარელი ნამცხვარია და მართლაც ნოყიერი და გემრიელია: კაკაოიან ბისკვიტში შოკოლადია ჩასხმული და ზემოდანაც შოკოლადი აქვს მოსხმული, ოღონდ გამაგრებული. უგემრიელესია. მივხვდი, რატომაც გიჟდებოდნენ პოლიციელები მასზე.

ამერიკული საუზმე

- დილა, როგორც წესი, "ხლოპებით" იწყებოდა, რომელსაც რძეში ვყრიდით, მე კი წვრილად დაჭრილ ბანანს ვამატებდი და მაგარი იყო. ზოგჯერ მსუბუქი საუზმე - ფუნთუშა იყო, მასთან ერთად კი ჩაი, ყავა ან ნატურალური წვენი, ძირითადად - ფორთოხლის, რომელსაც აუცილებლად მიირთმევდნენ ჭამის დროს. მახსოვს, უზარმაზარი მაცივარი ჰქონდათ და ყველაფერი უხვად იყო.

- ალბათ, სულ იმ მაცივართან ტრიალებდი, არა?

- (იცინის). მაგალითად, რძე განა თითო ლიტრიანი ქილებით იყო, - 5-10-ლიტრიანით. ცალკე ჰქონდათ შოკოლადიანი რძე. მახსოვს, ერთხელ, პროდუქტის საყიდლად წაგვიყვანეს და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ატლანტის ჰიპერმარკეტი. ყველაფერი იყიდებოდა - ნავები და იახტებიც კი (იცინის). ათასნაირი ბრენდი იყო, პროდუქტი კი - უამრავი. ერთი გასვლა და ის დიდი მაცივარი სავსე იყო ხოლმე. ერთხელ, ხორცის უზარმაზარი ნაჭერი შეწვეს, რომელსაც შიგნით ათასნაირი სუნელი ჰქონდა დამატებული. დიდად არ გადავირიე, მაგრამ გემრიელი იყო. იქაური "საცივიც" კი გავსინჯე, მაგრამ საშინლად უგემური და წყალწყალა აღმოჩნდა. ნიგოზი და ნიორი რომ ჰქონოდა, რა უჭირდა, - წყალში რაღაც იყო გახსნილი და ხორცის ნაჭრები ტივტივებდა, თუმცა შიგნით მხოლოდ თეთრი ხორცი იდო და ის კი გეახელით. იქ ქათმის ყველა ნაწილი ცალ-ცალკე, დაფასოებული შეგეძლო გეყიდა, მაშინ აქ ასე არ იყო. მაგალითად, შემწვარი პატარა ბარკლები "პოპკორნივით" ეყარა მუყაოს დიდ ყუთში. ამერიკელები ისეთ კერძებს ამზადებდნენ, რომლებიც ქოლესტერინის "საბადო" იყო და ამ მავნე ნივთიერებას ყოველდღიურად ჭარბი რაოდენობით იღებდნენ.

"საბჭოთა ბავშვის" შთაბეჭდილებები

- სხვათა შორის, ლედერსების ოჯახს ვაჟი ჰყავდა, დაუნის სინდრომით დაავადებული, მაგრამ კომპიუტერს ფლობდა ძალიან კარგად და უზომოდ კეთილი ადამიანი გახლდათ, გოგონა კი სკოლაში "ჩერლეიდერი" იყო. წლები რომ გავიდა, ფილმი ვნახე - "მერვე დღე", ზუსტად იქ არის მთავარი გმირი დაუნის სინდრომით დაავადებული და მახსოვს, ვიტირე კიდეც, რადგან ამ ადამიანთან ერთად გატარებული კვირა გამახსენდა. სულ მთხოვდა, კომპიუტერი მეთამაშეო, არადა, საბჭოთა კავშირიდან ჩასულმა ბავშვმა, რა ვიცოდი მაშინ, კომპიუტერი რა იყო? "დენდი" მხოლოდ ყურმოკვრით გამეგო, მან კი ყველა თამაში ზეპირად იცოდა და რასაც დაიწყებდა, ყველა მათგანში ბოლომდე გადიოდა. იქ ხალხი, ძირითადად, ქალაქგარეთ, სიმწვანეში ცხოვრობს და სუფთა ჰაერზე ვიყავით. ოჯახს რამდენიმე მანქანა ჰყავდა, ერთი კი უფრო დიდი ზომის - საოჯახო მანქანა იყო, შიგნით სავარძლები ტრიალდებოდა.

ამერიკული იტალიური პიცა

- 1991 წელს, აქ პიცა სად უნდა მეჭამა? იქ კი უგემრიელესი პიცები იყიდებოდა, რომლის მსგავსი დღემდე არ მიჭამია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადგილას გამისინჯავს. არავის ეწყინოს, მაგრამ ჩვენებს ერთი რამ სჭირთ - ხან რას აკლებენ და ხან რას უკეთებენ ზედმეტს, - საჭირო ინგრედიენტები საჭირო დოზით არასდროსაა. ყველი და ძეხვი თუ დააკელი და სალათის ფოთლითა და ზეთისხილით შეავსე, რა თქმა უნდა, ის გემო აღარ ექნება, რაც უნდა ჰქონდეს. ამერიკაში ორ ნაჭერზე მეტს ვერ ვჭამდით, იმხელა იყო.

რაჭული ლობიანი

- ლობიანის კეთება ნამდვილად არ ვიცი, არც მიცდია, მაგრამ დედაჩემს ძალიან გემრიელი გამოსდის. რაჭულად იცის მისი კეთება - ლორით და მართლაც სულ სხვანაირი გემო აქვს. ბებიაჩემმა ასწავლა. მართალია, ის ქართლელი იყო, მაგრამ რაჭა ძალიან უყვარდა და ხშირად იქ ატარებდა დროს. თბილისურ საცხობებში რომ შემოვიდა "რაჭული ლობიანი ლორით", მივედი და ვიკითხე - ზემოდან ლორი უსვია-მეთქი? - არა, შიგნით აქვს ჩაჭრილიო... გამოვშტერდი (იცინის). საერთოდ, რაჭველებს მაინცდამაინც დიდი სამზარეულო არ გვაქვს, "სკრომნი" ხალხი ვართ და რად გვინდა "პაკაზუხობა"? თუ შემწვარი ქათამი გინდა, საუკეთესო ვარიანტია, რაჭული. ძალიან გემრიელია "ჩახვეული", ბებიაჩემი აკეთებდა ხოლმე. პურია, ოღონდ სპირალივითაა დახვეული და შეგიძლია, ამ ზოლებს მიჰყვე და ისე მიირთვა. ბევრი ვარიანტია, ზოგი ზემოდან ცხიმსაც უმატებს, ზოგი შიგნით - ყველს, მაგრამ ჩვეულებრივი ჯობია. ჩემი მეუღლე - ნინი მეგრელია, მაგრამ მეგრულ საჭმელებს ხშირად არ აკეთებს.

"იმედის" კულინარიული ხალისობები

- კულინარიის რუბრიკა მთელი სეზონი მიმყავდა. ადამიანი ერთდროულად წამყვანი და კულინარი რომ იყოს, გადაცემა რთული, მოსაწყენი და დამაბნეველი იქნებოდა, ამიტომ გოგიჩას ასისტენტი რომ ვიყავი, ძალიან სახალისო ჩართვები გვქონდა ხოლმე. ხან მაიონეზზე ვღადაობდით, ხან მწვანე ზეთისხილზე, - რა არის, "ბოტკინი" სჭირსო?! (იცინის). ამავე დროს ვცდილობდით, კერძების შესახებ ამომწურავი და კარგი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის. მოწვეულმა მზარეულებმაც იცოდნენ, რომ ეს უფრო გასართობი რუბრიკა იყო. დიდი რეიტინგი ჰქონდა, ყოველთვის რამდენიმე სპონსორი გვყავდა - ჩაი, ძეხვი, ზეთი, ათასნაირი ფირმა და თქვენ წარმოიდგინეთ, მზისგან დამცავი გასარუჯი კრემიც კი გვასპონსორებდა. რამდენიმე ფირმის ნაჩუქარი წინსაფრები და მზარეულის ქუდები ახლაც შენახული მაქვს. გული მწყდება, რომ ბევრი ჩანაწერი ვერ შევინახე. თუ სადმე კერძში მაიონეზი იყო, გოგიჩა სულ მეკითხებოდა, - რამდენპროცენტიანიაო? ოღონდ, არ უნდა დამეხედა და ისე მეპასუხა. წინასწარ ვიცოდი, რომ აუცილებლად დამისვამდა ამ კითხვას და ერთხელაც რომ მკითხა, - რამდენპროცენტიანიაო? - მაიონეზი-მეთქი? - ვკითხე და, - არა, კიტრიო. - ის მაინც გეკითხა, რამდენსანტიმეტრიანია-მეთქი, - და მოკვდნენ სიცილით გიორგი ჭინჭარაშვილი და გოგიჩა, ქრისტინე იმედაძემ კი ჩვენი უხამსი ხუმრობა არ შეიმჩნია (იცინის). გოგიჩამ მეორე ჩართვაზე მკითხა, - გაზომეო? - გავზომე, მაგრამ ვის აინტერესებდა-მეთქი და ამაზე სიცილის მეორე სერია დაეწყო. მოკლედ, ძალიან სახალისო, კურიოზული "ეთერები" გვქონდა.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება