როგორი ერუდიტია პრემიერის პაროდისტი - "წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს"

როგორი ერუდიტია პრემიერის პაროდისტი - "წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს"

"წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. ეს ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. რომანები მომწონს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მხატვრული ლიტერატურის გაცნობას ვეღარ ვახერხებ. გამოცდები მქონდა და უმეტესად იურიდიულ ლიტერატურას ვკითხულობდი", - ამბობს პრემიერ-მინისტრის პაროდისტი, ნიკა კაკაბაძე. მისი საყვარელი ავტორი კონსტანტინე გამსახურდიაა.

- ნიკა, წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ უბრუნდები?

- ნაწარმოები თუ მომეწონება, გარკვეული ხნის შემდეგ მას აუცილებლად დავუბრუნდები. კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი" 4-ჯერ მაქვს წაკითხული. საერთოდ, წიგნის სამყაროში ლევან სანიკიძის "დედა ისტორიით" შევაბიჯე. ის წარუშლელი შთაბეჭდილება დღემდე მახსოვს. ძალიან მომწონს ბალზაკისა და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება.

- პოეზია?

- პოეზია ნაკლებად მიზიდავს, ლექსებსაც ვერ ვიმახსოვრებ.

- წიგნი მოგიპარავს?

- არასდროს მომიპარავს. ძალიან ვღიზიანდები, როცა წიგნი ჩემგან მიაქვთ და უკან არ მიბრუნებენ.

- საკუთარ თავს რომელიმე ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ?

- მსგავსების რა გითხრა, მაგრამ კონსტანტინე სავარსამიძე მომწონს. ჩემთვის ძალიან ახლობელია. მისნაირ ადამიანთან ცხოვრებაში სიამოვნებით ვიმეგობრებდი. ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ.

- პრემიერ-მინისტრის პაროდიის წყალობით პოპულარული გახდი.

- ხალხი ქუჩაში მცნობს, ჩემ მიმართ დადებითი განწყობა აქვთ და ეს ძალიან მახარებს.

- ზოგიერთის აზრით, შენი პაროდიით პრემიერის დაკნინებაც ხდება.

- ამ კრიტიკას ვერ მივიღებ. ბევრი რამ ექსპრომტად ხდება. მე პრემიერს ვბაძავ. ის გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებულია, ვიდრე - პრეზიდენტი. შესაბამისად, ქართლოს ნატროშვილს მეტად უწევს აქტიურობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერს ვაკნინებ.

- ეს ქალაქი იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 114 მეტრზე მდებარეობს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. 1936-1989 წლებში სხვა სახელი ერქვა. რომელ ქალაქზეა ლაპარაკი?

- (იცინის) ხონზე ხომ არა? ეს ადვილი გამოსაცნობია. აღნიშნულ წლებში ხონს წულუკიძე ერქვა.

- იოანე პეტრიწის განმარტებით, ძველად რიტორიკის სამი დარგი არსებობდა: თანამზრახველთა - სათათბირო, საპაექრო, სადაც პოლემიკა იმართებოდა. დაასახელე მესამე დარგი, სადაც კარგად ჩანდა სიდიადე ორატორობისა.

- უნდა გავიხსენო, ორატორობა სად არის საჭირო?

- მიგანიშნებ, ეს მამაკაცების საქმედ მიიჩნევა.

- თამადობა, არა?

- გამოიცანი. თამადობა კარგად გამოგდის?

- არ მიყვარს. წყნარად, მშვიდად ყოფნა მირჩევნია. ალკოჰოლიც დიდად არ მიზიდავს. არც ვეწევი, ვვარჯიშობ და როცა დალევა მიწევს, უპირატესობას ღვინოს ვანიჭებ.

- თავად, ღვინის დაყენება იცი?

- სოფელში ვარ გაზრდილი და ღვინის დაყენება არ მეცოდინება?

- ერთმა ბრძენმა თქვა: თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს, თუ მეგობარი დაკარგე, - ბევრი რამ დაგიკარგავს, ხოლო თუ ის დაკარგე, ყველაფერი დაგიკარგავს. რა არის "ის"?

- სინდისი.

- შენს პასუხში არის ლოგიკა. ამ შემთხვევაში ბრძენი რწმენას გულისხმობდა. რომელ სოფელში დაიბადა ნიკო ფიროსმანი?

- მირზაანში.

- რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტად?

- ზედიზედ 2-ჯერ.

- მერამდენე კაცად შევიდა სულხან-საბა ორბელიანი ლუდოვიკო XIV-სთან?

- მიუხედავად იმისა, რომ ლექსები ზეპირად არ ვიცი, ეს სტროფი მახსოვს: "ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა".

- რა ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ქართლში 502-515 წლებში მეფობდა?

- დაჩი.

- ინდოეთში ზოგიერთი ქალი შუბლზე წითელ ხალს იხატავს, როგორც ბედნიერების სიმბოლოს. რომელი კატეგორიის ქალები იხატავენ ხალს?

- დაქორწინებულები, ხომ?

- გამოიცანი. მარმარილოს ზღვასთან რომელ ზღვას აერთებს დარდანელის სრუტე?

- არ მახსოვს.

- ეგეოსის ზღვას. ალექსანდრე დიუმამ რომელ რომანში აღწერა მსოფლიოს ისტორიაში საყოველთაოდ ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბართლომეს ღამე?

- ვერ გიპასუხებ.

- "დედოფალი მარგო". რა ჰქვია ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს?

- კონგრესი.

- ცნობილია, რომ თავისუფლების ქანდაკება ამერიკელებს ფრანგებმა აჩუქეს. იგი მოქანდაკე ფრედერიკ-ოგიუსტ ბართოლდიმ შექმნა. ვინ გამოიყენა მოდელად მოქანდაკემ?

- არ ვიცი.

- მან მოდელად დედა გამოიყენა. რომელი ქართველი რომანტიკოსი პოეტია დაკრძალული ქაშუეთის ტაძარში?

- გრიგოლ ორბელიანი.

- "ცოდვაა ქართველი ქალი, რადგან მამაკაცები ტირანები ხართ, სულ ერთია - მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო... თქვენ უკიდურესი ევროპელის და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული. როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას". კონსტანტინე გამსახურდიას რომელ რომანში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "მთვარის მოტაცებაში".

- ავტორს ეთანხმები?

- "ტირანი" ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ერთიანობაში სიმართლეა. ვეთანხმები, მან ქართული რეალობა აღწერა.

- აზიატი ხარ?

- ყველა ქართველი კაცი აზიატია, ნაწილობრივ მაინც.

- "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- რაფიელ ერისთავი.

- რა უწოდა გაზეთმა "დროებამ" ამ სიტყვებს?

- არ ვიცი.

- "მეთერთმეტე მცნება". კლასიკური ნიუ-იორკული საუზმე გულისხმობს სამ ელემენტს. ერთი არის ცხელი, მეორე - თბილი და მესამე - ახალი. ცხელი ეს არის ყავა, თბილი - ფუნთუშა, რა არის ახალი?

- ვერ გიპასუხებ.

- გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი". ეს მწვერვალი ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მდებარეობს, პირამიდის ფორმა აქვს და ყველაზე მაღალ მწვერვალად არის მიჩნეული. მისი სახელი ტიბეტურ ენაზე ღვთაებრივს ნიშნავს. რომელ მწვერვალზეა ლაპარაკი?

- ყველაზე მაღალი მწვერვალი ჯომოლუნგმაა.

- "მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,/ ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,/ როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -/ შენი ლამაზი გული მელოდეს./ შევყრი მეგობრებს მაღალ მაყრიონს,/ ორღობეებში გასროლას დოღის,/ ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს".... ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- მირზა გელოვანი.

- რომელი მითური ფრინველი იწვავდა თავს და მერე ფერფლისგან კვლავ აღდგებოდა, რის გამოც მუდმივი განახლების და აღორძინების სიმბოლოდ იქცა?

- სფინქსი.

- სამხედრო გზა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიასთან აერთებს, ჯვრის უღელტეხილზე გადის. რომელ მდინარეთა ხეობებს შორის მდებარეობს ჯვრის უღელტეხილი?

- არაგვის და თერგის.

- ვინ ასრულებს ბიჭიკოს როლს ფილმში - "ჭრიჭინა"?

- დოდო აბაშიძე.

- ამჟამად რომელი ქალაქი მდებარეობს ანტიკური ქალაქის, დიოსკურიის ადგილზე?

- სოხუმი.

- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, რა ჰქვია ვაჭრობის ღმერთს, რომელიც ასევე მოგზაურთა მფარველადაც ითვლება?

- ვერ გიპასუხებ.

- ჰერმესი. სადაური სიტყვაა "სადისტი"?

- მგონი, ფრანგულია.

- რა შეიძლება იყოს ბლაგვიც, მართიც და მახვილიც?

- კუთხე.

- ზესტაფონი, ქუთაისი, თბილისი და გორი - ამ ქალაქებიდან რომელია უძველესი?

- ქუთაისი.

- ვინ არის ცნობილი ფერწერული ტილოს - "იმერეთი - დედაჩემი" ავტორი?

- დავით კაკაბაძე.

- რისი ერთობლიობაა არქიპელაგი?

- კუნძულების.

- დაბოლოს, დაასრულე მაქს პლანკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭეშმარიტება არასდროს იმარჯვებს; უბრალოდ, მისი..."

- ვერ დავასრულებ.

- "...მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება