მანიკა ასათიანი - "ერთი დღით ოპრა უინფრი სიამოვნებით ვიქნებოდი"

მანიკა ასათიანი - "ერთი დღით ოპრა უინფრი სიამოვნებით ვიქნებოდი"

მოდელსა და ტელეწამყვან მანიკა ასათიანს არანაირი ფობია არ აქვს, მხოლოდ ხახვს "უფრთხის," "ხახვი ან ხახვიანი კერძი არასოდეს მიჭამია, რადგან მეზიზღება, მძულს!" - გვითხრა მანიკამ, რომელმაც "დეტექტორის" შეკითხვებს ხალისიანად უპასუხა.

- ვთქვათ, საცურაო აუზზე მყოფს რამდენიმე ქალბატონი გთხოვს: აქაურობა დატოვე, რადგან შენი უზადო სხეული გვაკომპლექსებს, გარუჯვასა და ბანაობას ვეღარ ვახერხებთო...

- გამეცინება! ოღონდ მართლა, სიცილით მოვკვდები (იცინის)! არ მიმაჩნია, რომ ისეთი უზადო სხეული მაქვს, ვინმე დავაკომპლექსო. ვინც საცურაო აუზზე მიდის და საცურაო კოსტიუმს იცვამს, იმის შეგნებაც უნდა ჰქონდეს, რომ ვიღაცას შეიძლება, მასზე უკეთესი აღნაგობა ჰქონდეს.

- ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ?

- ჯერ თბილისში ვარ, თვის ბოლოს კი ბათუმში წავალ. აუზზე სულ ორჯერ ვიყავი. სატელევიზიო სეზონი გასულ პარასკევს დავასრულე და შესაბამისად, მუშაობის პარალელურად აუზზე წასვლას ვერ მოვახერხებდი.

- ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი გთავაზობს, რომ მისი მრჩეველი გახდე საჯაროდ მოსაყოლი ანეკდოტების საკითხში...

- მაშინვე უარს ვეტყვი.

- რატომ?

- იუმორის დიდი ნიჭით არ გამოვირჩევი.

- ვქვათ, სტივენ სპილბერგი ფილმში სათამაშოდ გიწვევს...

- რომ არ დავთანხმდე, უნამუსო ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცნობილი რეჟისორი მიწვევს, ჩემს პრინციპებს მაინც არ გადავუხვევ. იმედია, მოვილაპარაკებთ. ჯერ დამირეკოს და ამ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს მერე გეტყვით (იცინის).

- რა პრინციპებს გულისხმობ?

- მაგალითად, გაშიშვლებას არ დავთანხმდებოდი.

- დავუშვათ, როლისთვის წონაში 10 კილოგრამის მომატებას გთხოვს...

- პრობლემა არ არის, ეს ყველაზე იოლია: 23 კილო მქონდა მომატებული, მაგრამ ახლა ჩვეულ ფორმაში ვარ.

- ლიფტში უცნობი თანამგზავრი გოგონა ხმამაღლა იგინება...

- გამეცინება. აბა, რა ჩემი საქმეა, ის რას გააკეთებს? საერთოდ, სხვის საქმეში ჩარევა არ მიყვარს. შეიძლება, იმ დროს ბილწსიტყვაობა საჭიროც იყო. ზოგადად, არ მომწონს, როცა გოგონა უცენზურო სიტყვებს ამბობს, მაგრამ უცხო ადამიანების მიმართ ზედმეტი კომენტარების გაკეთება არ მიყვარს.

- ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?

- ნაკლებად.

- ვთქვათ, ჯეკპოტი მოიგე...

- ბევრ აგარაკს, მანქანას ვიყიდდი, ოღონდ - არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც... ისე, გააჩნია, რა თანხას მოვიგებ. გაჭირვებულებს რომ დავეხმარებოდი, ეს ზუსტად ვიცი. თანხებს საქველმოქმედო ფონდებში გადავრიცხავდი.

- ვთქვათ, შენი დანახვით აღტაცებული პატრულის თანამშრომელი გეკითხება: ასეთი სილამაზის პატრონს მოდელობაზე ან ტელეწამყვანობაზე არასოდეს გიფიქრიაო?

- (იცინის) ვიფიქრებ, რომ მეხუმრება და სინამდვილეში, ჩემ შესახებ ყველაფერი იცის. თუ სერიოზულად მეუბნება, გამეცინება და ვუპასუხებ, რომ ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ.

- ზოგადად, შენი დანახვისას უცნობ ხალხს როგორი რეაქცია აქვს?

- ბედნიერი ვარ, რომ უარყოფითი ენერგია არავისგან მოდის. ყველა დადებითადაა განწყობილი. ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- ვთქვათ, მეუღლე გეუბნება, რომ სპორტისთვის თავის დანებებას და ექსტრასენსობას აპირებს...

- გამეცინება, მაგრამ ვეტყვი, - იუმორი შეარჩიე-მეთქი.

- ერთი დღით რომელ ცნობილ ადამიანად ისურვებდი ყოფნას?

- ალბათ, ბევრი (მათ შორის - მეც) ოცნებობს ისეთ წარმატებაზე, როგორსაც ოპრა უინფრიმ მიაღწია. ამიტომ ერთი დღით ოპრა უინფრი სიამოვნებით ვიქნებოდი.

- ვთქვათ, თაყვანისმცემლები ნაცრისფერ ჩოჩორს გჩუქნიან და გთხოვენ, - მათდამი პატივისცემის ნიშნად, გაზარდო და მოუარო...

- ალბათ, საჩუქარს მივიღებ, მაგრამ შემდეგ გავაჩუქებ, რადგან ნამდვილად ვერ მოვუვლი.

- Victoria's secret-ი საცვლების კოლექციის ჩვენების გახსნას გთავაზობს...

- ამ წინადადებაზე აუცილებლად დავთანხმდებოდი (იცინის). ასეთ ჩვენებაზე საცურაო კოსტიუმით გამოსვლა არ "ტეხავს".

- დავუშვათ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეზოში მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი დომინოს თამაშობენ და შენც გეპატიჟებიან...

- დომინოს თამაში კარგად ვიცი და მეც ვითამაშებდი, პრობლემა არ არის...

- უჩინარი რომ იყო, რას გააკეთებდი?

- ვაიმე, ძალიან რთული შეკითხვაა... არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, ამ ნიჭს ცუდი საქმისთვის არ გამოვიყენებდი. ზოგი ამბობს, - ბანკს გავძარცვავდიო. ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი... და თუ მაინც გავძარცვავდი, ნაქურდალს კარგ საქმეს მოვახმარდი - გაჭირვებულებს დავეხმარებოდი.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება