ცოტა ხნაში იურმალაში სტარტს "ახალი ტალღის" კონკურსი აიღებს, რომელშიც ქართველი კონკურსანტი, მომღერალი სალომე ქათამაძე მონაწილეობს. შესარჩევ ტურებში, რომელიც თბილისსა და კიევში რამდენიმე თვის წინ ჩატრადა, სალომემ ჟიურის, კერძოდ, კონკურსის ორგანიზატორის, კომპოზიტორ იგორ კრუტოისა და რეჟისორ, ალექსანდრე რევზინის მოწონება დაიმსახურა.
მიმდინარე წელი ახალგაზრდა მომღერლისთვის წარმატებულად დაიწყო - "ახალი ხმის" პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა და წელსვე შეძლო, წარმატებით გადაელახა "იურმალის" საკონკურსო ტურები. თუ "ახალი ტალღა 2013"-ის გამარჯვებულიც გახდება, ეს წელი მის ცხოვრებაში ზეწარმატებული აღმოჩნდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 2008 წელს, აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული დუეტი "ჯორჯია" გახლდათ. იმის შემდეგ იქ ჩვენი წარმომადგენელი აღარ წასულა...
ალბათ საინტერესოა, რა შანსი აქვს "იურმალის" კონკურსზე სალომეს. ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ის ქართველი მომღერლები გვიზიარებენ, ვისაც კონკურსებზე მონაწილოების გამოცდილება აქვთ.
ანრი ჯოხაძე:
- მიხარია, რომ მაქვს შანსი ჩვენს კონკურსანტს, სალომე ქათამაძეს "ახალი ტალღის" კონკურსზე დარბაზიდან ვუგულშემატკივრო, ტაშითა და შეძახილებით გავამხნევო...
რაც შეეხება სალომეს, მას გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს.
საერთოდ, ქართველი სიმღერას რომ იწყებს, სადაც არ უნდა იყოს, მსმენელზე ყველგან განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ჟიური "იურმალის" კონკურსზე ხანდახან არაობიექტურ შეფასებებს აძლევს ხოლმე კონკურსანტებს, რაზეც დარბაზში მყოფი მაყურებელი შეძახილებით რეაგირებს. არა მგონია, სალომე ჟიურიმ დაჩაგროს, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, დარბაზი ჟიურის არ აპატიებს, რადგანაც სალომეს ისეთი უნარი აქვს, რომ პუბლიკაზე საოცარი ზემოქმედებას მოახდენს. მოკლედ, სალომეს დარბაზის დიდი მხარდაჭერა ექნება. მთავრია, საქმეში პოლიტიკა არ ჩაერიოს. სოსო პავლიაშვილისა და დუეტ "ჯორჯიას" შემდეგ ქართველს იქ არ მოუგია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სალომე "იურმალაზე" სოსო პავლიაშვილის მსგავს გამარჯვებას გაიმეორებს.
- ასე რატომ ფიქრობ?
- იმიტომ, რომ სერიოზულ ვოკალურ და მუსიკალურ მონაცემებთან ერთად, საოცარი ქარიზმა აქვს, უძლიერესი ენერგეტიკის პატრონია, რაც საოცარ ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე. ეს უნარი ყველას არ აქვს, არადა, ამის გარეშე დიდი გამარჯვება ძნელია.
- თუ იცი, წელს რა დონის კონკურსანტები მონაწილეობენ "იურმალის" კონკურსზე?
- ნამდვილად არ ვიცი. არც დავინტერესებულვარ, რომ ჩავალ, ამას მერე გავარკვევ.
ნოდიკო ტატიშვილი:
- სიმართლე გითხრათ, "იურმალის" კონკურსის ფანი არ ვარ, რომ კონკურსანტების შემადგენლობით ვიყო დაინტერესებული.
- რატომ?
- იმიტომ, რომ "იურმალა" ძირითადად რუსული ესტრადის ვარსკვალავების მიერ არის ორგანიზებული. რუსული ესტრადის მოყვარული კი ნამდვილად არ ვარ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მომღერალს, რომელიც წელს ამ კონკურსზე საქართველოს წარადგენს, მხარს არ ვუჭერ. კარგი შემსრულებელია, მგონია, რომ ყველაფერი მაგრად უნდა გამოუვიდეს, რადგანაც შესაბამისი მუსიკალური რესურსი ნამდვილად აქვს.
სცენაზე რომ დგას და მღერის, საოცარ ჟინს ავლენს, რაც ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ზუტადაც ამის გამო მგონია, რომ უნდა გაქაჩოს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი საოცარი სტრესია, იქ მიღებული წარმატება კი შემდგომ ყველაფერს აბათილებს. ამიტომ სალომეს მთელი გულით გამარჯვებას ვუსურებ.
- ისე, 2008 წლიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი კონკურსანტი "ახალ ტალღაზე" მონაწილეობს...
- საერთოდ მიმაჩნია, რომ სიმღერაში პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს. მე მომღერალი ვარ და არანაირად არ ვერევი პოლიტიკაში, ჩემი საქმე არ არის და იმიტომ. თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვინმეს მიმართ სიმპათია მქონდეს.
ლალი ფაცია