Dolce&Gabbana-ს მუზა და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის კერპი, იტალიელი მონიკა ბელუჩი ჟურნალისტებს მოდაზე, სილამაზის საიდუმლოზე, ოჯახსა და იტალიელი მამაკაცებზე ესაუბრა.
- თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობთ, რომ ამ ასაკში თავს უფრო მიმზიდველად გრძნობთ...
- არასდროს მითქვამს, რომ ასაკის მატებასთან ერთად გავლამაზდი, ყოველთვის ვამბობდი, რომ წლების მატებასთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობ. შეიძლება გარეგნულად ახალგაზრდობის ეშხი და მიმზიდველობა დაკარგო, მაგრამ შინაგანად სხვა ფასეულობები შეიძინო. შევხვედრივარ 60-70 წლის დანაოჭებულ ქალებს, მაგრამ მათ იმდენად ღრმა და საინტერესო ბუნება ჰქონდათ, რომ ახალგაზრდა გოგონები დაგვჩაგრეს.
- ფოტოსესიებსა და წითელ ხალიჩაზე ტრანსფორმირების პროცესი გხიბლავთ?
- დიახ, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა. ყველა ქალს სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, ყოველდღიური სილამაზის ჩემი რეჟიმი ძალიან მარტივია - სახის გასაწმენდად კრემს ვისვამ და მხოლოდ თვალის ტუშს ვხმარობ.
- იტალიელები რას ფიქრობთ ამაზე?
- მილანში ყველა ქალი მოდურია. ეს არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგანაც გარშემო მხოლოდ მაღალი ბრენდის სამოსი და სამკაული იყიდება.
- თქვენს შვილებს ფრანგი მამა და იტალიელი დედა ჰყავთ. მათში რომელი კულტურა უფრო ჭარბობს?
- არ ვიცი, ისინი არც ჩემები არიან და არც ვინსენტის საკუთრება - ჩვენს შვილებს საკუთარი სამყარო აქვთ და საკუთარ თავს ეკუთვნიან. შვილებს ვეუბნები, რომ ჩემზე უკეთესები არიან - უფროსი ქალიშვილი, 8 წლის დევა უაქცენტოდ საუბრობს პორტუგალიურად, უკრავს ფორტეპიანოზე და ჩემს ასაკში უფრო ლამაზი იქნება.
- რას გვეტყვით იტალიელებზე?
- იტალიაში ადამიანები ერთმანეთს ადვილად ხიბლავენ და იზიდავენ. ჩვენს ქვეყანაში ფლირტაობა ძალიან სასიამოვნოა - შენ მე მოგწონვარ და მიყურებ, მე შენ გიყურებ, მაგრამ არაფერი მოხდება. ვფიქრობ, იტალიელი კაცები პოპულარულები იმიტომ არიან, რომ ისინი ლამაზ ქალს ქუჩაში უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ. უცხო ქვეყნის მეგობარი გოგონები ხშირად მეუბნებიან: "იტალიაში როცა ვმოგზაურობ თავს ქალად ვგრძნობ. თქვენი სიმპატიური კაცები უყურადღებოდ არასდროს მტოვებენ". თუმცა, იტალიელი მეგობრები სხვა ქვეყანაში სტუმრობის შემდეგ მეკითხებიან: "ეს კაცები ყველანი გეები არიან? ყურადღებას არავინ მაქცევს".
მომზადებულია stylist.co.uk-ის მიხედვით.