სად გეგმავენ დასვენებას ცნობილი სახეები

სად გეგმავენ დასვენებას ცნობილი სახეები

ქართულ კურორტებზე დასვენება რომ იაფი სიამოვნება არ არის, ამის შესახებ დიდი ხანია ლაპარაკობენ. ბოლო წლებში აჭარაში სასტუმროების ფასი, რეტორნებში სმა-ჭამა და სანაპიროზე შეზლონგისა თუ ქოლგის დაქირავება იმდენად გაძვირდა, რომ აშკარაა, ეს ყველაფერი ქართველების საშუალო ხელფასზე გათვლილი არ არის. როგორც ჩანს, აჭარაში გათვლებს არა თანამემამულეებზე, არამედ უცხოელ ტურისტებზე აკეთებენ. ტურისტები უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა, ალბათ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამშობლოში დასვენება.

როდესაც ცნობილ სახეებთან დასვენების თემაზე გასაუბრება გადავწყვიტეთ, არ გვეგონა, თუ ეს გახდებოდა ჩვენი საუბრის მთავარი თემა, თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ მცირე გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა მათგანი დასვენებას საზღვარგარეთ ამჯობინებს, ოღონდ არა იმიტომ, რომ სქელი ჯიბე აქვთ, პირიქით, ეს მათთვის თანხის სწორად გამოყენების საუკეთესო საშუალებაა. როცა ხარჯავ, გინდა, შესაბამისი სერვისი მიიღო, რაც საქართველოს კურორტებზე, სამწუხაროდ, ასევე დიდი პრობლემაა.

თიკა ფაცაცია:

- 26 ივლისს მთავრდება ჩვენი ეთერი და იწყება ჩემი შვებულება.

- ტელევიზიის მუშაკებს მთელი აგვისტო გაქვთ შვებულებით ტკბობის ბედნიერება?

- (იცინის) დიახ, ასეა. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ დავგეგმო, რადგან აგერ "ნიჭიერიც" იწყება უკვე და ვერაფერს ვგეგმავ ამ პროექტის გამო. ძალიან მინდა, ქმარსა და ბავშვებთან ერთად ზღვაზე მოვხვდე, მაგრამ დამოკიდებული ვარ ტელეპროექტზე. არავინ იცის, როდის დაიწყება ჩაწერები, გუშინ გავიგე "ნიჭიერის" ამბავი. როგორც წესი, ეთერში პროექტი გვიან გადის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჩაწერასა და მუშაობას გაცილებით ადრე ვიწყებთ.

- ქართულ კურორტს მიაშურებ?

- არ ვაპირებ და არ ვანიჭებ უპირატესობას ქართულ კურორტებს, რადგან ძვირია და ნაკლები სერვისია ამ ფასად. მირჩევნია, უცხო ქვეყანა ვნახო და ამასთანავე, უფრო კომფორტულად დავისვენო. მეუბნებიან, პატრიოტი არ ხარო, მაგრამ რა ვქნა, როცა მთელი წელი ველოდები დასვენებას და ფული უნდა დავხარჯო. ორი წელია ზღვაზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას. უკვე ჩამოყალიბებული ვარ, საბერძნეთში მინდა გამგზავრება.

- თიკა, "ნიჭიერი" მოგენატრა?

- ძალიან. დიდი ხანია მე და ვანიკოს ერთად არ გვიმუშავია და განსაკუთრებულად ვემზადები.

- ამას წინათ "პროფილში" ფანტასტიკურად გამოიყურებოდი. როგორ ინარჩუნებ გარეგნობას?

- არანაირი საიდუმლო არ მაქვს. ზაფხულია და ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ალბათ იცით, რომ ფიზიკური აქტიურობაც მიყვარს, ცურვა, და ესეც ეფექტურია. ამასთანავე, სახეზე არ ვიკარებ მზეს და წელსაც არ ვაპირებ ზღვაზე გარუჯვას. დილიდანვე ქოლგის ქვეშ ვიქნები. უბრალოდ, ზღვა თავისი მონაბერი ნიავით ძალიან სასიამოვნოა და ამიტომაც მიყვარს.

- რატომ ამბობ რუჯზე უარს?

- სამი წელია, აღარ ვირუჯები. თავად შევატყვე ჩემს კანს, რომ მზისგან დასვენება სჭირდებოდა. წლებმა, როცა მზე ჭარბი რაოდენობით მივიღე, ძალიან ცუდი ხელი დაატყო ჩემს კანს. მივხვდი, რომ პაუზა უნდა ამეღო. მომწონს რუჯი, ოღონდ ზომიერი და უსაფრთხო. თანაც, ახლა მოდურიც არ არის.

სალომე გოგიაშვილი:

- კურორტს ვეძებდი. მინდა, შევცვალო მარშრუტი და რაიმე ახალი ვცადო, მაგალითად, საზღვაო კურორტი, სადაც ბავშვებთან ერთად არ დამისვენია. ჯერ კიდევ ვეძებ. უფრო ევროპა მინდა.

- რა კრიტერიუმით არჩევ დასასვენებელ ადგილს, ბავშვებისთვის რაც საინტერესო იქნება?

- ზაფხულში არ მიყვარს ქალაქებში სიარული, დათვალიერება, როცა მცხელა, დისკომფორტი მექმნება, ამიტომაც უფრო შემოდგომაზე მიყვარს ახალი ადგილების მონახულება და დათვალიერება. შესაბამისად, როცა დასასვენებელ ადგილს ვარჩევ, ვითვალისწინებ, რომ იყოს კარგი სასტუმრო, ზღვა და ეს ორი რამ ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს მდებარეობდეს, რათა ბავშვებთან ერთად დასვენება გამიადვილდეს. რთულია, როდესაც პატარები მიგყავს და კომფორტი არ არსებობს.

- ქართულ კურორტებზე რას იტყვი? წელს არ აპირებ, ესტუმრო? და თუ ეთანხმები მოსაზრებას, რომ ძვირია და შესაბამისი სერვისი არ არის.

- ბათუმში ამას ყველა სასტუმროზე ვერ ვიტყვი, რადგან არის რამდენიმე სასტუმრო, სადაც კარგი ნომრებიც არის და შესაბამისი მომსახურებაც, უბრალოდ, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ძალიან ძვირია. თანაც, საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს ხარ დაზღვეული, რომ კარგი ამინდი იქნება. შეიძლება, გადაიხადო ძვირი, წახვიდე ქართულ კურორტზე ორი კვირით და მთელი დასვენების განმავლობაში წვიმდეს, ამიტომაც დასასვენებლად აჭარაში არასდროს მივდივარ. რამდენჯერმე ვცადე და წყალში გადავყარე თანხა, არადა, შემეძლო, თურქეთში წავსულიყავი და გარანტირებულად კომფორტულად და კარგ ამინდში დამესვენა. ასე რომ, მაინც ვცდილობ, საზღვარგარეთ წავიდე. როცა მარტო ვიყავი, ოჯახი არ მქონდა, ბავშვები არ მყავდა, მეგობრებთან ერთად ყოფნისას კურორტზე წვიმდა თუ არა, დიდად არ მანაღვლებდა, ახლა კი ამინდი ერთ-ერთი მთავარია.

- საუკეთესო კურორტი შეგიძლია გაიხსენო?

- საუკეთესოდ შემიძლია დავასახელო სენ-ტროპე. განუმეორებელია ჩემთვის, ალბათ, არის უკეთესი ადგილებიც, თუმცა მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. სეიშელის კუნძულებზეც ვყოფილვარ, მაგრამ, ჯერ ერთი, ერთმანეთისგან ეს ორი ადგილი ძალიან განსხვავდება და მეორე, სენ-ტროპეთი უფრო მოვიხიბლე. რაც ძალიან მიყვარს, არის თეთრი ქვიშა, ანუ ისეთი ოქროსფერი, რომ სითეთრეში გადადის. გამჭვირვალე, წყნარი, მარილიანი ზღვაა. იქ საოცარ რუჯს იღებ, ძალიან სასიამოვნოა იმ ზღვაში ბანაობა და მაგარი გარუჯულიც ჩამოვედი. არის ფანტასტიკური სასტუმროები, ერთმანეთზე უკეთესი. მთელი დღე შეგიძლია სანაპიროზე გაატარო. პლუს ამას, ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები ჩადიან და ისვენებენ, რადგან იქვეა მონაკო, მონტე-კარლო... ქუჩებში მოძრაობენ ფანტასტიკური მანქანებით, არაჩვეულებრივად ჩაცმული ხალხი დადის, დისკოთეკები, მაღაზიები, ბარები 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ისეთი დროსტარებაა, ვერ აგიწერთ. მე ალბათ მთლად ისეთი დრო ვერ გავატარე, როგორიც იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა ქალაქი იცი, მაგრამ მაინც დაუვიწყარი დღეები იყო.

- სენ-ტროპეში მეუღლესთან ერთად იყავი?

- არა, მშობლებთან ერთად - 12 წლის წინ. ძალიან დიდი დრო გავიდა. ალბათ, ახლა გაცილებით უკეთესი კურორტია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება