რეჟისორი ლევან თუთბერიძე ახალ ფილმს იღებს

რეჟისორი ლევან თუთბერიძე ახალ ფილმს იღებს

პავილიონში მსახიობებთან კოსტიუმების მხატვრები მუშაობდნენ და სამოსს არგებდნენ. ეს პროცესი ახალი ფილმის სამზადისს ჰგავდა. სწორად მივხვდი, აღმოჩნდა, რომ რეჟისორი ლევან თუთბერიძე მორიგი ფილმის გადაღებას იწყებს. შთამომავლობით კინემატოგრაფისტს ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ...

- კინოს ოჯახიდან მოვდივარ. დედის მხრიდან ბაბუა, ლევან ხოტივარი, კინორეჟისორი იყო, ასევე ორივე ბიძა - ქართლოს და ბუბა ხოტივარები. მამა - არქიტექტორი და ამავდროულად კინორეჟისორიც იყო, ჩემმა ძმამაც ეს პროფესია აირჩია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მე ფიზიკოსი ან ქიმიკოსი არ გავხდი. ერთი წლის ვიყავი, როცა ბაბუაჩემს "უდიპლომო სასიძოს" გადასაღებ მოედანზე ვყავდი. ალბათ ამ პროფესიაში ჩემი ნათლობა მაშინ დაიწყო. სახლში სულ კინოზე ლაპარაკი მესმოდა, მოდიოდნენ ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. არავის უნდოდა, მეც კინორეჟისორი გამოვსულიყავი, მაგრამ მაინც ასე მოხდა.

- ბიძის, ბუბა ხოტივარის სახელოსნოში სწავლობდით, არა?

- იცით, როგორ იყო?! ჯგუფი სოსო ჩხაიძემ აიყვანა. მე რომ ვაბარებდი, მაშინ ბუბა მისაღებ გამოცდებში არ მონაწილეობდა. შემდეგ უკვე ჩვენი სახელოსნოს პედაგოგები ორივენი - სოსო ჩხაიძე და ბუბა ხოტივარი იყვნენ.

- როცა პროფესიული არჩე­ვანი გააკეთეთ, თუ გქონდათ რო­მელიმე ავტორის ნაწარმოები ამოჩემებული, რომლის გადაღებაც მაშინ გსურდათ?

- არა, 15-16 წლის ბიჭი რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების გადაღებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. მაშინ სულ მინდოდა გადამეღო ფილმი ჩემს თაობაზე, ქუჩაზე, ბიჭებზე... თუმცა, არ გეგონოთ, მხოლოდ ქუჩაში ვიდექით. ეზოში ყოფნის გარდა, ვკითხულობდით, ვაწყობდით ჩემპიონატებს, ვსაუბრობდით... პლეხანოვზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგი ეზო გვქონდა. იმ სახლში შვიდი ბიჭი გავიზარდეთ: ზაზა აბაშიძე, დათო კაკაბაძე, რომელიც დღეს რადიო "თავისუფლების" ხელმძღვანელია, ვახო ვისოცკი მშვენიერი არქიტექტორი გახდა, გოგი მარგველაშვილი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი. იქვე ცხოვრობდა მიშა კალატოზიშვილი, კალატოზოვის შვილიშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ჩემი პირველი ფილმი იყო "თუშური ყველი", რომელიც მთაში, თუშეთში, სოფელ დიკლოში, მეცხვარეებში გადავიღე. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

- თქვენც გადაგიღეს ფილმებში...

- იყო ასეთი რეჟისორი გენო ხოჯავა, რომელმაც ცნობილი ფილმი "მიზანი" გადაიღო. მერვე კლასში ვიყავი, როცა ის ფილმში "დილის ნისლივით" გადასაღებად ბიჭებს ეძებდა. მეც გავიარე სინჯები და ამ ფილმში მოვხვდი. მას შემდეგ რამდენიმე ფილმში თამაში მომიწია. ეს მთავარი როლები არ იყო, უბრალოდ, სტუდენტობის დროს მეგობრები ერთმანეთს ვეხმარებოდით ხოლმე. ასე მოვხვდი დიტო ცინცაძის ფილმში, ისევე, როგორც ის ჩემს სურათში ვათამაშე. შემდეგ გუგული მგელაძის ფილმში "როგორ ვიცხოვრო უშენოდ" პატარა ეპიზოდი შევასრულე. მესამე-მეოთხე კურსზე ვსწავლობდი, როცა ბუბამ "დემეტრე II"-ს გადაღება დაიწყო. მასთან ასისტენტად მინდოდა მუშაობა, მაგრამ სხვაგვარად მოხდა. ძალიან ბევრი გასინჯა მთავარ როლზე. იმ დროს მე ვერ მხედავდა, როგორც მსახიობსა და ამ როლის შემსრულებელს. მახსოვს ერთხელ, რეზო ჩხეიძემ, კახა ქორიძემ და სხვებმა ბუბას ურჩიეს, დემეტრეს როლზე მოვესინჯე. სინჯი გადამიღეს და სამხატვრო საბჭოზე, რომელსაც ცნობილი კინორეჟისორები ესწრებოდნენ, რამდენიმე კანდიდატურას შორის რატომღაც როლზე მე დამამტკიცეს. ეს ჩემთვის შოკი იყო. არ მინდოდა, შემეშინდა, არ ვიცოდი, როგორ უნდა შემესრულებინა დემეტრე თავდადებულის როლი. მერე ბუბამ რაღაცები ამიხსნა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაღებებიც დავიწყეთ.

- როგორ უყურებთ საკუთარ თავს, როგორც მსახიობს?

- ცუდად. ეპიზოდებს სერიოზულად არც აღვიქვამ, უბრალოდ, ვერთობოდით ერთმანეთის ფილმებზე მუშაობით, რაც შეეხება დემეტრეს, ჩემი შესაფასებელი არ არის. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ბუბას უნდოდა, მის ფილმში მეფე არასტანდარტული ყოფილიყო, არა ახოვანი, ძლიერი, მჭევრმეტყველი, არამედ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც თავი გადადო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება