კულტურის სამინისტრო პოპშემსრულებლებს აღარ დააფინანსებს

კულტურის სამინისტრო პოპშემსრულებლებს აღარ დააფინანსებს

გასულ კვირას ქართულმა პრესამ კიდევ ერთხელ მიაპყრო ყურადღება სახელმწიფო აუდიტის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ დასკვნას კულტურის სამინისტროს მუშაობის შესახებ 2011 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შეგახსენებთ რამდენიმე საკვანძო მომენტს სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული დასკვნიდან. საუბარია 2011 წლის ბათუმის ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხრიდან განისაზღვრა 1 104 000 ლარით, თუმცა, როგორც ამ საკითხის კვლევისას სახელმწიფო აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, ჯაზფესტივალის სპონსორად გამოცხადდა "საქართველოს ბანკი", რომელმაც რეალურად ფესტივალი მხოლოდ მთლიანი თანხის 2,7%-ით დააფინანსა, ხოლო კულტურის სამინისტრო, რომელმაც თანხის გვარიანი ნაწილი გაიღო, სარეკლამო კლიპებში მხოლოდ მხარდამჭერად იყო მოხსენიებული.

დასკვნაში წერია, რომ ბათუმის ჯაზფესტივალის ჩასატარებლად სამინისტროს დაუსაბუთებლად მოსთხოვეს, მან კი გადაიხადა ზემოთ ნახსენები თანხა. გაჩნდა შეკითხვა, როცა ჯაზფესტივალს ისედაც ჰყავდა სპონსორები და გარდა ამისა, ბილეთების გაყიდვით 400 000 ლარზე მეტი მიიღო, რაში სჭირდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა დაფინანსება? გარდა ამისა, საუბარია კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე, კერძოდ, სტეფანე მღებრიშვილის ანგარიშზე ჩარიცხულ 25 000 დოლარზე, ასევე "ელდრაინისთვის", იმავე "ემთივის" კონცერტში მონაწილეობისთვის 12 500 დოლარი გამოიყო. ლელა წურწუმიას კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის სამინისტრომ 25 000 ლარი გაიღო. ანდრეა ბოჩელის კონცერტის ორგანიზებისთვის კოლოსალური თანხებია დახარჯული, თავად ცნობილი საოპერო შემსრულებლის ანგარიშზე გადაირიცხა 1 600 000 ლარი. სტინგისა და კრის ბოტის ცნობილი საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაიმართა, სტინგის ჰონორარი გახლდათ 300 000 დოლარი 4 სიმღერისთვის, ხოლო კრის ბოტის - 90 000 დოლარი. კულტურის სამინისტრომ კონცერტის ორგანიზატორებს დაპირებული 1500 დასაჯდომი ბილეთის ნაცვლად გადასცა 858 დასაჯდომი და 200 ფეხზე დასადგომი ბილეთი. დანარჩენი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 227 900 ლარი. შეგახსენებთ, რომ სტინგისა და კრის ბოტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი 400 ლარი ღირდა.

ამ დასკვნის შესახებ კომენტარისთვის კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე მარგიშვილთან გადაგვამისამართეს. მან არაერთი საინტერესო დეტალი გაგვიმხილა ამ დასკვნის მიღმაც.

ალექსანდრე მარგიშვილი:

- ამ დასკვნაზე მუშაობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენთანაც მუშაობდნენ სამინისტროში და საკუთარ ოფისშიც, სადაც ჩვენვე ვაწვდიდით ინფორმაციას. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურში მოკვლევა ახლაც მიმდინარეობს. საკმაოდ მძიმე სურათია, თუმცა აუდიტის დასკვნა ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში თავადაც შევისწავლეთ ტაშფანდურობებსა და მაიმუნობებში დახარჯული ფულის ამბავი.

- ტაშფანდურში რას გულისხმობთ?

- კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ ფინანსდებოდა უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, თუმცა არა საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, ვისაც ბილეთების ყიდვა და კონცერტებზე დასწრება სურდა, არამედ სააკაშვილს რომ ეთქვა, აი, სტინგი, კრის ბოტი და ბოჩელი ჩამოვიყვანეო. პურისა და სანახაობის პრინციპი იყო. გარდა იმისა, რომ პრინციპულად არ ვეთანხმებით, რაც კეთდებოდა, ვერც იმას ვეთანხმებით, როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, სტინგისა და კრის ბოტის კონცერტზე უნდა გაყიდულიყო ბილეთები და ხარჯის ნაწილი უნდა დაფინანსებულიყო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხით. რეალურად რაც მოხდა, ყოველ შემთხვევაში, რისი ნიშნებიც იკვეთება, გახლავთ შემდეგი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა ის ნაწილიც, რაც ბილეთების შემოსავლიდან უნდა გადახდილიყო. სახელმწიფო თანხები გადაირიცხა ამ ღონისძიებასთან სრულიად დაუკავშირებელ ქალთა მკერდის კიბოს კვლევის პროექტში. ეს თავისთავად კარგი აზრია, მაგრამ ხელშეკრულებით ეს პირობა არ იყო გათვალისწინებული და სახელმწიფო ფული წავიდა იქ, სადაც ამას არ ითვალისწინებდა ხელშეკრულება. პრობლემა არა კონტრაქტორებსა და შემსრულებლებშია, მომღერალი იქნება ეს თუ მოცეკვავე, არამედ კულტურის სამინისტროსა და ქვეყნის ხელმძღვანელობაში, რომლებიც ამ სფეროს, სხვა სფეროებთან ერთად, კერძო საკუთრებასავით ექცეოდნენ.

- დასკვნაში საუბარია ლელა წურწუმიას კონცერტისთვის, სტეფანე მღებრიშვილისთვის, ასევე "ელ­­დრაინისთვის" გამოყოფილ თან­ხებზე...

- დიახ, სხვა სახელ-გვარებს ვერ გეტყვით, რადგან ეს გამოძიების საგანია, მაგრამ თქვენ მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებს თუ განვიხილავთ, სტეფანე მღებრიშვილისთვის გადარიცხული 25 000 დოლარი არ იყო განკუთნილი მხოლოდ ამ ერთი შემსრულებლისთვის, არამედ რამდენიმე მუსიკოსისთვის. იმაზე, რომ სტეფანეს ანგარიშზე გადაირიცხა 25 000 დოლარი, პასუხისმგებლობა ეკისრება არა სტეფანეს, არამედ კულტურის სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობას.

- ჯაზფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ კო­­ნ­ცერტებით რეალურად იგებდა ს­ახელმწიფო, ვინაიდან ბათუმში ივლისის შუა რიცხვებში სასტუმროები კარგად მუშაობდა და ეს თვე მომგებიანი ტურისტული თვალსაზრისით სწორედ ზემოხსენებულმა ფესტივალმა გა­ხ­ადა. ცნობილი გახდა, რომ თქვენ წლევანდელი ჯაზფესტივალი აღარ დააფინანსეთ.

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ პერიოდში ტურისტთა რაოდენობის ზრდა მოხდა, მათ შორის, სავარაუდოდ უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანის ხარჯზეც. თუმცა მეორე საკითხია, რა როლი აქვს სახელმწიფოს კონცერტების მოწყობით ტურისტების მოზიდვაში. გამოდის, რომ ტურისტი ჩამოდის კონცერტზე დასასწრებად და არა იმისთვის, რომ საქართველო აინტერესებს. ტურისტების მოზიდვას მივესალმებით, მაგრამ მგონია, რომ არსებობს სხვა ხერხებიც, რომ ტურისტები ჩამოვიდნენ ბათუმში და არა მხოლოდ იქ და არა მხოლოდ ივლისში.

წელს ბათუმის ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე უარი ვთქვით. საბედნიეროდ, არსებობს ხელოვნებაში და მათ შორის საშემსრულებლო ხელოვნებაში მდგრადი, თვითმყოფადი მიმართულებები და რაც ცალკეული ღონისძიებების გამართვას სჭირდება, შემოსავალს შეუძლია ამ ხარჯების გასტუმრება. ჩავთვალეთ, რომ ჯაზი, პოპულარული მუსიკაც ის მიმართულებებია, რომელთაც საკუთარი თავის შენახვა შეუძლიათ და სახელმწიფოს შეუძლია ჩარევა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაშინ, როდესაც ეს სხვა მიმართულებებისთვისაც იქნება კატალიზატორი. ამიტომაც ვთქვით უარი ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე და ასევე უარს ვამბობთ პოპულარული მუსიკის კონცერტების დაფინანსებაზე. თავისთავად, ამგვარ ღონისძიებებს მივესალმებით, რაც კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას უკავშირდება, მაგრამ სახელმწიფო ფული ამაში არ უნდა იხარჯებოდეს. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ აღარ დაიხარჯება გარდა იმ გამონაკლისისა, რაზეც ზევით ვისაუბრეთ. ასეთი შეიძლება იყოს წელიწადში ერთი-ორი.

- ბატონო ალექსანდრე, გახსოვთ, ალბათ მუსიკალური ვიდეორგოლები, რომლებსაც სახელმწიფო იღებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასაპიარებლად. თუ დაინტერესდით, რა უჯდებოდა მსგავსი კლიპები სახელმწიფოს და თუ აპირებთ თქვენც ამგვარი ვიდეორგოლების გადაღებას...

- ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა უფრო არის. კლიპში რომ ვიღაც მღერის და ცეკვავს, იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო მსგავს ვიდეორგოლებს ნამდვილად აღარ დააფინანსებს. შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ - მოგეხსენებათ, გასული წლის ოქტომბერში არჩევნები იყო, 2 ოქტომბერს საზოგადოებამ უკვე იცოდა, რომ ხელისუფლება შეიცვალა. ოქტომბრის მეორე ნახევარში, სანამ ახალი მთავრობა შევიდოდა ძალაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაფორმებული იყო ხელშეკრულება დაახლოებით 400 000 ლარის გაცემაზე, რათა მსგავსი კლიპი დაფინანსებულიყო. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ეს კლიპი რამდენიმე თვით ადრე გადაღებულიც იყო, ტრიალებდა კიდეც და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისი "იუთუბიდან" გადმოწერა. რაც თქვენ აღნიშნეთ, იმგვარი კლიპია, ოღონდ მთლიანად საქართველოს შესახებ. არ მინდა, მეტად დავაკონკრეტო, რადგან ესეც გამოძიების საგანია. ეს გახლდათ მუსიკალური პერფორმანსი, ცეკვაც იყო და სიმღერაც. მოკლედ, დასრულებული პროექტისთვის პოსფაქტუმ იყო გამოყოფილი თანხა. ჩვენ ეს ხელშეკრულება გავაუქმეთ. საუბარი იყო 400 000 ლარზე, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაეხადა ერთ დისკში, რომელიც ბაზრობაზე ლარი ღირს, და ამ დისკზე იქნებოდა ჩაწერილი ზემოხსენებული კლიპი, რომელიც მანამდე ნებისმიერ მსურველს ინტერნეტიდან შეეძლო გადმოეწერა. ამ დისკის ღირებულება კი 400 000 ლარი გახდებოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება