რამ ”გაამწარა” ტოტო კუტუნიო?

რამ ”გაამწარა” ტოტო კუტუნიო?

"ახალი ტალღის" მეორე ტურში ქართველი კონკურსანტის, სალომე ქათამაძისა და დუეტ "ჯორჯიას" გამოსვლა ჟიურიმ არაერთგავროვნად შეაფასა. კერძოდ კი, იტალიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, "იურმალაზე" სპეციალური მიწვევით მყოფმა ჟიურის წევრმა, ტოტო კუტუნიომ სალომეს დაბალი ქულა დაუწერა, რითაც ქათამაძის გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. "ამბები.გე" კომენტარისთვის მუსიკოს ნუცა ჯანელიძეს დაუკავშირდა.

- გუშინ ჩვენები (სალომე და დუეტი "ჯორჯია") გამორჩეულები იყვნენ და არა იმიტომ, რომ ქართველები არიან, მათ ეს შეფასება დაიმსახურეს! მერე, სამივეს (სალომე, რატი, მაკა) არაჩვეულებრივი ხმა აქვს, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მათი ნამღერი შესანიშნავად ისმოდა. ამასთან, არც ერთს არ დაუკარგავს ის, რაც კონკურსისთვის ისწავლეს და მოამზადეს. სადაც პიანო იყო საჭირო, იყო პიანო, სადაც ხმა იყო საჭირო, იყო ხმა... რაც შეეხება კომპოზიციას, რომელიც შეასრულეს, ცნობილი ქართული თემაა, ამასთან, იყო პოპური და ერთი ხასიათიდან მეორეზე უხდებოდათ გადასვლა, რაც ასევე შესანიშნავად შეძლეს. შრომა რეჟისორმაც არ დაუკარგა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სალომე საკონკურსო სიმღერას კი არ ასრულებდა, არამედ როგორც კონკურსის სტუმარი, ისე იყო კონცერტზე მიწვეული, რადგან ძალზე ლაღი იყო. საერთოდ, ძლიერი გოგონაა.

- ჟიურის შეფასებაზე რას იტყვი?

- ნამდვილად ვერ გავიგე, რა მოხდა. ფადეევმა, რომელმაც წინა დღეს, 10 ქულა დაუწერა სალომეს, გუშინ 11 ქულით შეაფასა, ხოლო ტოტო კუტუნიომ, რომელიც გუშინწინ ფეხზე წამოუდგა ჩვენს კონკურსანტს და 11 ქულა მისცა, გუშინ 8 ქულით შეაფასა. მოკლედ, ვერაფრით ავხსენი მისი ასეთი "ჩამოხტომა" რას ნიშნავდა?! ან მაშინ არ იყო მართალი, როცა ფეხზე წამოდგა, ან გუშინ, როცა 8 ქულა დაწერა. საერთოდ, ჟიურის წევრს ეკრძალება ზედმეტი ემოციის გამოხატვა, მით უფრო, ფეხზე წამოხტომა და გადარევა. ჰოდა, თუ გუშინწინ გადაირია, გუშინ რამ გაამწარა?! რაღაც სერიოზულად შეეშალა. არადა, უმკაცრესმა ადამიანმა, თვით იგორ კრუტოიმ 11 ქულით შეაფასა ქართველების გამოსვლა.

- მართალია სალომეს ახლა სხვა ვოკალის პედაგოგები ჰყავს, მაგრამ როგორც მახსოვს, ის თავიდან თქვენი მოსწავლე იყო...

- კი, სალომე, ალბათ, 13-14 წლის იქნებოდა, რომ მისი ბებია, ქალბატონი ნატო დამიკავშირდა და მთხოვა, მისი შვილიშვილისთვის მომესმინა. მაშინ სალომე კონსერვატორიაში პროფესორ გულიკო კარიაულთან დადიოდა და კლასიკური სიმღერის მიმართულებით სერიოზულ მონაცემებს ავლენდა და პედაგოგი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ სალომეს რატომღაც მოუნდა, ჯერ ესტრადაში მოვსინჯავ ძალებსო და ჩემთან მოვიდა. რომ მოვუსმინე, მომეწონა და მეცადინეობა დავიწყეთ. იმ პერიოდში რაღაც საერთაშორისო კონკურსზე უნდა წასულიყო და ქართული სიმღერა სჭირდებოდა, რომელიც ქართული ფოლკლორის ელემენტებზე უნდა ყოფილიყო აგებული. მივიყვანე ნიკა მემანიშვილთან. ნიკამ უძლიერესი სიმღერა დაუწერა (ტექსტი ირინა სანიკიძემ შექმნა), მაგრამ იმ კონკურსზე მერე ვეღარ წავიდა, თუმცა იმ პერიოდში მასთან ერთად სერიოზულად ვიმუშავე.

2007 წელს "I არხზე" გადაცემა-კონკურსი - "წარმატების ფორმულა" მქონდა, რომელშიც სალომემ როგორც კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა და ჟიური აღაფრთოვანა. იმ პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულიც აღმოჩნდა.

- "იურმალას" რომ დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს სალომეს?

- შანსი აქვს, როგორ არა. ამ ყველაფრის ფონზე ჯერჯერობით მეორე ადგილზე გასვლა ცუდი არ არის. რაც შეეხება იმ კუბელს, კარგი მომღერალია, მაგრამ მგონია, რომ ამ საქმეში მთლად ახალბედა არ უნდა იყოს... რაღაც მეტი გამოცდილება აქვს. ამის გამო ასეთ კონკურსზე არ უნდა მიეღო მონაწილეობა. სალომეს წარმატებას ვუსურვებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ:

სალომე ქათამაძე და დუეტი "ჯორჯია" - "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო დღე

"კუტუნიოს ალბათ ეძინა და არ მოეწონა, რომ გააღვიძეს" - ვალერი მელაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება