მიშა მესხის დაუვიწყარი სიურპრიზი და მოგზაურობა ზღაპრულ მონაკოში

მიშა მესხის დაუვიწყარი სიურპრიზი და მოგზაურობა ზღაპრულ მონაკოში

მსახიობ ია სუხიტაშვილს დასვენება, მოგზაურობა ძალიან უყვარს და როგორც ამბობს, ბევრი ფული რომ ჰქონდეს, სიამოვნებით იცხოვრებდა "ჩემოდნებზე". საკუთარი პროფესიისა და მეუღლის მონდომების წყალობით, უკვე ბევრი სურვილი აისრულა და სხვადასხვა ქვეყანასთან უამრავი საინტერესო მოგონება აკავშირებს.

ზაფხული 2013

- დასვენებას რაც შეეხება, ბევრი გეგმა მაქვს; ამ მხრივ ფანტაზია ყველას სწყალობს, მაგრამ მოგეხსენებათ, მთავარი ფინანსური მხარეა. ახლა აგარაკზე ვარ, შვილთან ერთად. აგვისტოს ბოლოს საფრანგეთში - ლიონში ბავშვობის მეგობართან ვაპირებ წასვლას, რომელიც ხუთი წელია, იქ არის გათხოვილი და ძალიან მომენატრა. ასევე, იგეგმება გასტროლი. აგვისტოს დასაწყისიდან კი ბექა ელბაქიძის პროექტში ვმონაწილეობ: ხელოვანები 9 რეგიონს მოვივლით, თითოეულ ადგილას 2-2 დღეს გავჩერდებით. მოკლედ, საინტერესო და ხმაურიანი ზაფხული მელის, ამიტომ ახლა ვცდილობ, ივლისის ბოლომდე მშვიდ გარემოში დავისვენო.

- მსახიობებს კონკრეტულად, რა როლი გაკისრიათ ბექას პროექტში?

- პირველივე დღიდან, რაც ბექამ ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლების შემოქმედების კითხვასა და პოპულარიზაციას ჩაუყარა საფუძველი, მე და მაკა შალიკაშვილი მის გვერდით ვართ. წლების წინაც ხომ ასე იყო? აბა, როგორ მოვიდნენ ჩვენამდე ის პოეტები და მწერლები, რომლებსაც ვეთაყვანებით? ხელოვანები სალონურად იკრიბებოდნენ და ამის შემდეგ ხდებოდა ახალი ლექსების პოპულარიზაცია. XXI საუკუნეშიც გახდნენ საჭირო ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებდნენ, ბექა კი ამ ყველაფრის თავკაცია. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: ბექა ელბაქიძის სახელი ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერება.

ზღვა და თინეიჯერული გართობა

- სიმართლე გითხრათ, ზღვა დიდად არ მხიბლავს, რადგან წყლის შიში მაქვს, ცურვა არ ვიცი. გარუჯვა კი მიყვარს, მაგრამ მთაში მიღებული ნამზეური მირჩევნია. ჩემს აგარაკზე, რომელიც მთიან ადგილას არის, გარუჯვისთვის საჭირო ყველანაირი პირობა მაქვს - აუზი, შეზლონგები და ა.შ. იყო დრო, როდესაც ზღვაზე უბრალოდ, იმის გამო მივდიოდი, რათა მეგობრებისთვის კამპანია გამეწია. მაშინ ყოველი ზაფხული ერთმანეთს ჰგავდა, რადგან ღამით კლუბურ ცხოვრებას ვეწეოდით, დილით გვიანობამდე გვეძინა და პლაჟზე ისეთ დროს გავდიოდით, როცა მზე პიკში იყო და გარუჯვა არ შეიძლებოდა. ახლა რომ ვუფიქრდები, მიკვირს: ამას როგორ ვაკეთებდი? კიდევ კარგი, კანი არ დავიზიანე-მეთქი.

მთა, ლაშქრობა, კარავი

- ყოველთვის, როცა ლაშქრობაში წასვლას მთავაზობდნენ, არ არსებობდა, ამ დღეს გადაღება ან სპექტაკლი არ დამმთხვეოდა; თეატრში სეზონი რომ მთავრდება, მერე უკვე ლაშქობისთვის ძალიან ცხელა. მართალია, ზოგისთვის კარავში ცხოვრება დისკომფორტია, მაგრამ ჩემთვის, თუნდაც ხუთი დღით ხეტიალი, გასაძლები იქნებოდა. ფსიქოლოგიური მომენტია: როცა იცი, რომ რამდენიმე დღეში ისევ ცივილიზაციას დაუბრუნდები, დისკომფორტულ გარემოში ყოფნაც გეხალისება.

მოგზაურობა

- ბევრი ამბობს, - ფული რომ მქონდეს, გაჭირვებულებს დავეხმარებოდიო, მე კი ვფიქრობ, ქველმოქმედებისთვის ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო. თუ ადამიანი მუშაობს, ელემენტარულად, ხელფასიდან შეუძლია გარკვეული თანხა გადადოს და შაქარი იქნება, ფქვილი თუ ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამს, გაჭირვებულს მისცეს... ბევრი ფული რომ მქონდეს, ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი. შემიძლია, "ჩემოდნებზე" ვიცხოვრო. ჩემი პროფესიაც მოგზაურობასთან არის დაკავშირებული, ხშირად მიწევს გასტროლზე წასვლა. ბევრგან ვარ ნამყოფი: მონაკოში, ნიცაში, მიუნხენში, ვენეციაში; ახლახან მთელი ბელორუსია მოვიარეთ; ციმბირში ორჯერ ვიყავი. გაოგნებული დავრჩი კაბადოკიის ნახვით. ეს ადგილი ნამდვილი სასწაულია, მსგავსი სილამაზე სხვაგან არსად მინახავს. მითხრეს, თამარ მეფე ამ ბუნებით მოხიბლულა და ვარძია სწორედ კაბადოკიის ანალოგიაო, მაგრამ იქ უფრო გაშლილი სივრცეა. პარიზშიც ვიყავი, მაგრამ მონაკოს ნახვის შემდეგ, ამ ქალაქმა დიდად ვერ აღმაფრთოვანა.

ზღაპრული მონაკო

- ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ ჩვენი ჩასვლა დაემთხვა დღესასწაულს - Red and White ანუ "წითელი და თეთრი", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფერებში უნდა გეცვას და თუ ტურისტი ხარ, ამ ფერის ლენტი ან ყვავილი მაინც გაიკეთო. ჩვენ, როგორც ფესტივალის მონაწილეები, დიდ საკონცერტო დარბაზში დაგვპატიჟეს, სადაც მაგიდებიც იყო და მოჰქონდათ ხილი, კოქტეილი და ა.შ. შოუ ტომ ჯონსს მიჰყავდა; პრინცი ალბერტი და პრინცესა კაროლინა თითოეულ მაგიდასთან მიდიოდნენ და ხალხს ესალმებოდნენ. მეორე დღეს, მონაკოს დოდი ალ-ფაიედი და პრინცესა დაიანა ესტუმრნენ. იქ ყოფნისას თავი მართლაც, ზღაპარში მეგონა. მაშინ გავიცანი ქეთევან ბაგრატიონი, უფლისწული გიორგი და დავრწმუნდი, რომ ის მართლაც ზღაპრული სილამაზის მქონე ადამიანია. მათმა ოჯახმა ჩვენი სპექტაკლი ნახა.

უცხოური საზაფხულო კურორტები

- ვენეციაში, ლიდოს კუნძული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კურორტია და ჩვენი ბუნგალოები იქაურთან ახლოსაც ვერ მივა. თითზე ჩამოსათვლელია ადგილები, სადაც მხოლოდ დასასვენებლად ვყოფილვარ. - საზღვარგარეთ ძირითადად, საქმიანი ვიზიტები გვაქვს ხოლმე. დაახლოებით ერთი კვირის წინ ბელორუსიაში, ნარუჩიზე ვიყავით. ლამაზი ადგილია, კარგი ტყეები აქვთ. ღამით ისე ყინავდა, პირიდან ორთქლს ვუშვებდით, მაგრამ იმის გამო, რომ იქ მთელი 9 თვის განმავლობაში ზამთარია, როგორც კი ცოტა დათბება, ყველა მსუბუქად ჩაცმული დადის და გარუჯვას ცდილობს. ბელორუსები გიჟდებიან, ისე მოსწონთ იქაურობა, მაგრამ საქართველოდან ჩასული ადამიანისთვის, ეს არცთუ ისე გასაოცარი ადგილია: იქ ჩვეულებრივი ტბა იყო, როგორიც ჩვენთან ძალიან ბევრია და კიდევ უფრო დავრწმუნდი, როგორი მდიდარია საქართველო. იმედი მაქვს, მალე კიდევ მეტად დავაფასებთ საკუთარ ქვეყანას, აზრზე მოვალთ და იმ რესურსს, რაც გვაქვს, უკეთ გამოვიყენებთ.

საოცნებო ქალაქი

- იმდენად დიდი სურვილი მაქვს მოგზაურობის, რომ ავღანეთშიც წავალ, ოღონდ - თუ ჩემი უსაფრთხოება დაცული იქნება. მსოფლიოს ცნობილი ქალაქებიდან, განსაკუთრებით, ლონდონის დათვალიერება მსურს, მაგრამ ეს ჯერჯერობით ჩემი აუხდენელი ოცნებაა. არადა, ერთადერთი ქალაქია, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, რადგან იქ ზუსტად ისეთი ამინდებია, როგორიც მიყვარს - ნისლი, წვიმა. დეპრესიული არ ვარ, მაგრამ ჩემზე ასეთი გარემო დადებითად მოქმედებს, მცხუნვარე მზე კი ცოტა არ იყოს, მაშტერებს და მთენთავს.

შოპინგი და სუვენირების კოლექცია

- საზღვარგარეთ ყოფნისას რაღაცის შეძენას ყოველთვის ვახერხებ, მით უმეტეს, შვილისთვის მაინც. სხვათა შორის, მონაკოში ასეთი რამ შემემთხვა: ცნობილია, რომ მონაკო ძალიან ძვირად ღირებული ქვეყანაა. პირველად იქ 1997 წელს, "ბერიკებიდან" წავედი. იქ დიდხანს გავჩერდით, მერე - პარიზში, ბოლოს კი მიუნხენში ჩავედით. ამ მოგზაურობისას ჯიბეში 70 დოლარი მქონდა, მონაკოში ჩასული ადამიანისთვის კი ეს ძალიან ცოტა თანხა იყო. იმდენი ფული არავის გვქონდა, რომ შოპინგი მოგვეწყო. და მაინც, ერთ მაღაზიაში შევედით, სადაც "სტატუეტკები" იყიდებოდა. ზურგზე "რუგზაკი" მქონდა მოკიდებული და გასასვლელისკენ რომ შევტრიალდი, მსხვრევის ხმა გავიგონე. ნამსხვრევები უცებ მოგავეს, პარკში ჩამიყარეს და მითხრეს, - ფული გადაიხადეო. ისე შემეშინდა, ავკანკალდი. დაქალს ვუთხარი: ჩქარა მითხარი, რა ღირს-მეთქი? როგორც აღმოჩნდა, 45-დოლარიანი სუვენირი იყო - მონაკოს სახლის ხედი, რომელსაც საკვამურები მოსტყდა. გატეხილი სუვენირი წამოვიღე და მას შემდეგ, ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს რაიმე ისეთი ნივთი, რაც სამახსოვროდ დამრჩება. ჰოდა, კოლექციონერი გავხდი. როცა მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ცალკე გადავალთ, ამ ყველაფერს ერთი დიდი კუთხე დაეთმობა.

სიურპრიზები მეუღლისგან

- მიშას ძალიან უყვარს საჩუქრებისა და სიურპრიზების გაკეთება. განსაკუთრებულად და გამორჩეულად მისი ერთი საქციელი დამამახსოვრდა: იცის, რომ ჯგუფ U2-ს თაყვანისმცემელი ვარ. ერთ დღეს, სინჯებზე კინოსტუდიაში ვიყავი, როცა დამირეკა და მკითხა: პასპორტი თან გაქვსო? - სახლში მაქვს-მეთქი, - ვუპასუხე. - გინდა, სადმე გადავფრინდეთო? ცხადია, უარი არ მითქვამს. ჰოდა, ჯერ ბათუმში წავედით, მერე - სტამბოლში, სადაც მხოლოდ გავლით ვიყავი ნამყოფი და როცა გაკვირვებულმა ვკითხე, - აქ რისთვის ჩამოვედით-მეთქი? მიპასუხა: U2-ის კონცერტიაო. წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდებოდა! ეს ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო, რაც კი ჩემთვის ოდესმე ვინმეს გაუკეთებია. რომელი სამკაული და სუნამო შეედრება ამ ყველაფერს? ბევრის ინტერვიუში წამიკითხავს: ქმარმა სამკარატიანი ბრილიანტი მიყიდაო. კარგია, ცხოვრებაში ოქრო და ბაჯაღლო გამოგადგება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი "მეშჩანურია"... ყველაზე დიდი სიურპრიზი ის არის, რაც გონებიდან არ ამოიშლება.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება