ტელეწამყვან გვანცა დარასელიას პარანორმალური მოვლენები იზიდავს. ამბობს, რომ თავგადასავლების დიდი "არქივი" არ აქვს და უხერხულ სიტუაციაშიც იშვიათად მოხვედრილა. სამაგიეროდ, "დეტექტორის" "სიტუაციებში" მისგან საინტერესო და თავშესაქცევი პასუხები მივიღეთ...
- დიდი ხნით ადრე დაგეგმილი საღამოსთვის შერჩეულ ულამაზეს კაბაზე, თანაც - წვეულებაზე წასვლამდე 15 წუთით ადრე, თვალში საცემი ლაქა რომ შენიშნო, როგორი რეაქცია გექნება?
- ალბათ, გავგიჟდები! განა იმიტომ, რომ სხვა რამეს ვერ ჩავიცვამ ან ჩემი კარგი განწყობილება ამ კაბაზე "დგას", უბრალოდ, ასე მემართება: როცა რაღაც დაგეგმილი მაქვს და ბოლო წუთებში იცვლება, ცუდ ხასიათზე ვდგები. ხანმოკლე დეპრესიული შემოტევის შემდეგ, გამოსავლის ძებნას დავიწყებ. შეიძლება, იმ ლაქაზე რაიმე აქსესუარი დავიმაგრო ან, თუ კაბის ქვედა ნაწილი დაზიანდა, გადავჭრა... მოკლედ, რამეს მოვიფიქრებ.
- დავუშვათ, დილით გაღვიძებული ამჩნევ, რომ უზარმაზარი ღიპი და ბუთხუზა ლოყები გაქვს...
- საერთოდ, ორსულობის პირველ თვეში ქალები ძალიან სუქდებიან. ჰოდა, ვიფიქრებ, რომ ფეხმძიმედ ვარ და ამიტომ გავსივდი, მაგრამ თუ მიზეზი სხვა რამე იქნება, მაშინ თავსაც გადავიპარსავ - ბარემ, ბოლომდე მახინჯი ვიყო... კიდევ ერთი ვარაუდი მაქვს: შეიძლება, მუცელსა და ლოყაზეც ბზიკმა მიკბინა (იღიმის).
- საცურაო აუზზე მყოფს უცხო ქალბატონები გიახლოვდებიან და გთხოვენ, იქაურობა დატოვო, რადგან შენი უზადო სხეულით მათ აკომპლექსებ...
- ასეთ შემთხვევაში, დავიბნეოდი. ზოგადად, ქალებს იშვიათად შეუძლიათ, ასეთი კომპლიმენტი გითხრან (იცინის)... მათ ვუპასუხებ, - ცოტა გაიწიეთ, ჩემს უზადო სხეულამდე მზის სხივები ვერ აღწევს, მიჩრდილავთ-მეთქი.
- მახსოვს, ერთხელ ჯონი დეპის იმიჯი მოირგე...
- დიახ, ასე იყო...
- დავუშვათ, "მარტოხელა რეინჯერის" მეორე სერიაში ჯონი დეპის ნაცვლად, ტონტოს როლის შესრულებას გთხოვენ...
- ვეტყვი: პირადად ჯონი დეპმა მთხოვოს, სხვა შემთხვევაში არ დაგთანხმდებით-მეთქი.
- "კურიერში" აცხადებენ, რომ ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ხულიგნობაშია ბრალდებული - პატრულის თანამშრომელს პანღური ამოჰკრაო...
- (იცინის) თუ ეს სიმართლეა და "კურიერი" არ იტყუება, გეტყვით, რომ უსამართლოდ პანღურს არავის ამოვკრავ; ალბათ პატრულის თანამშრომელი ჩემგან ასეთ საქციელს იმსახურებდა. უფრო მეტიც - ვიფიქრებ, რომ პანღური მეორედაც უნდა ამომეკრა. სამართლიანი ადამიანი ვარ. შენიშვნის მიცემა და უშვერი სიტყვებით ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ წონასწორობა არ უნდა დამაკარგვინონ.
- რაიმე მსგავს სიტუაციაში თუ მოხვედრილხარ?
- რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მანქანის მართვისას, მძღოლებმა ძალიან გამაღიზიანეს. მათთან შორიდან შეპასუხება მომიხდა... დრო რომ გადის, ვხვდები, რომ ნერვებს ტყუილად ვიშლი, მაგრამ არ მომწონს, როცა იმას მაბრალებენ, რაც ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის.
- ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიგიყენებია?
- არასოდეს! საერთოდ, ადამიანები ასეთები ვართ: ბევრს ვიმუქრებით, - ამას ვიზამ, იმას ვიზამო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველანი ჰუმანურები ვხდებით; ყოველ შემთხვევაში, ჩემ გარშემო ასეთი ხალხია. თან, მგონია, რომ ჩემ მიმართ ყველა კეთილგანწყობილია, უცნობი ადამიანებიც თბილად მხვდებიან, სიკეთეს მისურვებენ... შესაბამისად, ვინმესთვის პანღურის ამოკვრა რატომ უნდა მომინდეს?! ცუდ სიტუაციაში იშვიათად აღმოვჩენილვარ...
- ვთქვათ, მაღაზიის კონსულტანტი გეკითხება: ასეთი სილამაზის პატრონს, მოდელობაზე ან ტელეწამყვანობაზე არასოდეს გიფიქრიათო?
- ვეტყვი: თქვენ არ გიფიქრიათ, რომ ტელევიზორი გეყიდათ-მეთქი?
- ერთი დღით რომელ ცნობილ ადამიანად ყოფნას ისურვებდი?
- არ ვიცი.... ბედნიერი ვარ იმით, ვინც ვარ და როგორიც ვარ. თითოეული დღის ყოველი წამი "დათვლილი" მაქვს, რათა შვილთან მეტი დრო გავატარო და სხვა ადამიანად გადაქცევა ნამდვილად არ მჭირდება. ახალახან შვილი 5 დღით, ბებოსთან ერთად, დასასვენებლად გავუშვი და დეპრესიაში ვარ. მასთან ყოფნა მინდა...
- შეშფოთებული მეუღლე გიმხელს, რომ უცხოპლანეტელებს შეხვდა...
- შეიძლება, ეს დავიჯერო, რადგან რაღაცნაირად, მეც მჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. პარანორმალური მოვლენები ძალიან მაინტერესებს, მიზიდავს და ამ თემაზე გადაღებულ დოკუმენტურ თუ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ მხატვრულ ფილმებს სიამოვნებით ვუყურებ...
- ალბათ მეუღლეს ვეტყოდი: მეც მაჩვენე, სად არიან-მეთქი?
- დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილი გთხოვს, გახდე მისი მრჩეველი საჯაროდ მოსაყოლი ანეკდოტების შერჩევის საკითხში...
- ხუხაშვილის კონკურენტი გავხდები (იცინის)?! ზოგადად, ანეკდოტებს კარგად ვყვები, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ჩემი რჩევებით ბიძინა ივანიშვილი დიდ მწვერვალებს დაიპყრობს.
- და მაინც, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდი?
- არ ვიცი, სამუშაო პირობებს, შემოთავაზებებს გააჩნია..
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)