ჟანეტ ქერდიყოშვილი - "პარიზში მოხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გარეშე იქ ჩასვლა არ მინდა"

ჟანეტ ქერდიყოშვილი - "პარიზში მოხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გარეშე იქ ჩასვლა არ მინდა"

რაც უნდა გაგიკვირდეთ, მომხიბვლელ მოდელს, ჟანეტ ქერდიყოშვილს ზამთარი და სიცივე უფრო ხიბლავს, ვიდრე - ზაფხული. მაგრამ როგორც თავად ამბობს, წყალზე გიჟდება და ნამზეურის მიღებაზეც უარს არასდროს ამბობს. უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას, პირველ რიგში, შოპინგზე დადის. ამბობს, რომ ამისთვის ფულს ბოლო "კაპიკამდე" ხარჯავს.

- ჰოროსკოპით მშვილდოსანი ვარ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოგზაურობა და თავგადასავლები ძალიან ხიბლავთ და მეც მათ კატეგორიას მივეკუთვნები. ბავშვობიდან სულ სიახლეების ძიებაში ვარ, არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება. პეტერბურგში დავიბადე. 2 წლის ვიყავი, როცა მამამ თავისი დიდი მანქანით სამოგზაუროდ უკრაინაში წაგვიყვანა. მთელი ქვეყანა დავათვალიერეთ. ასე მანქანით მოვიარეთ თურქეთიც. მარტო პირველად იტალიაში გავემგზავრე. მილანი ისე მომეწონა, დარჩენა გადავწყვიტე. პატარა, მყუდრო, არცთუ ისე ხმაურიანი ქალაქია. მინდოდა, იქ უნივერსიტეტში მესწავლა. სხვა გეგმებიც მქონდა. მათ კი, ვისაც სიძველეები ხიბლავს, ბარსელონა ძალიან მოეწონებათ... "მის მსოფლიოს" კონკურსზე ლონდონში ჩავედი, იქიდან კი მალევე შოტლანდიაში გადავედით. ძველ სასახლეში დავბინავდით, რომელიც ადრე ფსიქიკურად შეშლილი ადამიანების საავადმყოფო ყოფილა. ძალიან მგრძნობიარე ვარ და მაშინვე ცუდი აურა ვიგრძენი. მოჩვენებების ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ სხვა საქმე ყოფილა, ამ ყველაფერს საკუთარ თავზე რომ გამოცდი. მოკლედ, ხან ტელევიზორი თავისით ირთვებოდა, ხანაც - მაღვიძარა რეკავდა... ყველას ძალიან გვინდოდა, ამ სასახლისთვის თავი დაგვეღწია და ლონდონში დავბრუნებულიყავით. იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება. თან მომწონდა ის სიტუაცია, თანაც - მეშინოდა.

- ყველაზე კარგად დასვენება რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი?

- შარშან დუბაიში ვიყავი. საოცარი ქალაქია. ვნახე კადრები, თუ როგორი იყო 1991 წლამდე დუბაის ტერიტორია და მერე, 2001 წლამდე რა გააკეთეს. ხანდახან მგონია, რომ ზედმეტიც კი მოუვიდათ. მათ სასტუმროებსა და შენობა-ნაგებობებში სიმდიდრე და ოქრო ჭარბობს.

- სად ისურვებდი მოგზაურობას?

- ძალიან მინდა, ნიცასა და კანში ვიმოგზაურო. პარიზში მოხვედრაზე ვოცნებობ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გარეშე იქ ჩასვლა არ მინდა. ამიტომ ამ ქალაქს ჯერჯერობით "ვინახავ" (იღიმის)... საბერძნეთში გამგზავრებასაც ვგეგმავ, შენგენის ერთწლიანი ვიზა მაქვს და მინდა, მაქსიმალურად გამოვიყენო. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლამაზი და საინტერესო კუნძულია. ასევე მაინტერესებს ამერიკა. მინდა, მეც შევიგრძნო იქაურობისთვის დამახასიათებელი თავისუფლება. ხალხი მალდივის კუნძულებზეა გაგიჟებული. არადა, იქ უამრავი ხვლიკი, კოღო და ქვეწარმავალია. ასეთი არაკომფორტული დასვენება არ მიყვარს.

- როგორც მითხარი, ახლა უკრაინაში იმყოფები. ისვენებ თუ კარიერასთან დაკავშირებით რაიმე სიახლეა?

- ჩემს კარიერაში სიახლეები დაიწყო, მაგრამ არა - სამოდელო კუთხით. ახლა უკრაინაში საქმიანი ვიზიტით ვარ. მაპატიეთ, არ მაქვს გამხელის უფლება. დაახლოებით ზაფხულის მიწურულს გაიგებთ სიახლეებს.

- ზაფხული ყველასთვის საყვარელი სეზონია. როგორი დასვენება გხიბლავს, ხმაურიანი თუ - პირიქით?

- ვერ გეტყვით, რომ ზაფხულზე ვგიჟდები. რატომღაც, ზამთარი, თოვლი, სიცივე და თხილამურებით სრიალი უფრო მიყვარს. ნოემბრის ბოლოს ვარ დაბადებული, მაშინ, როცა უკვე ზამთარი იწყება. ბოლო დროს მივხვდი, რომ ზაფხულიც მშვენიერი სეზონია. ვგიჟდები წყალზე. შემიძლია, 24 საათი წყლიდან არ ამოვიდე.

- გარუჯვა გიყვარს?

- გარუჯული სხეული მართლაც ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ზედმეტად გაშავება არ მომწონს. ყველაფერს თავისი ნორმა აქვს. რამდენიმე გოგონა ვნახე, რომლებსაც ვაკვირდებოდი და ვერ გამეგო, ზანგები იყვნენ თუ - მზისგან ზედმეტად გაშავებულები. ცხვირის ნესტოებიც კი შავი ჰქონდათ. არ მესმის, საიდან მოაქვთ ასეთი მოდა. ევროპასა და ჰოლივუდს რომ გადავხედოთ, ვარსკვლავები ძალიან იშვიათად იღებენ ნამზეურს. მათ იციან, რომ ეს გარკვეულწილად მავნეა. როგორც იცით, ნიკოლ კიდმანი ძალიან თეთრია და თითქმის არასდროს ირუჯება. თეთრი ადამიანი უფრო ნაზია. სხვათა შორის, ბიჭებსაც ასეთი გოგონები მოსწონთ. ახლა მეც მაქვს ნამზეური, მაგრამ შავი არ ვარ.

- ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსოვს?

- შარშანდელი. ივნისში დუბაიში ვიყავი, სადაც მშვენიერი დრო გავატარე. იქიდან დაბრუნებულს, მამამ მანქანა დამახვედრა და ჩემი მანქანით, მეგობრებთან ერთად, ბათუმში წავედი. იქ ჩემი ძმა დამხვდა. სხვათა შორის, მარტო თითქმის არსად მიშვებენ, ყველგან ძმა დამყვება. ის მონაკვეთი, რომელიც თბილისიდან ბათუმამდე მარტომ გავიარე, უკვე დასამახსოვრებელი იყო. აღარ მაინტერესებდა, იქ რა მოხდებოდა (იცინის). რუსეთში უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, ისინი ზაფხულობით ჩამოდიან ბათუმში და მათთან ერთად მშვენიერ დროს ვატარებ. მშობლებთან ერთადაც ვისვენებ ხოლმე, უჩემობა რომ არ იგრძნონ.

- წელს სად გეგმავ დასვენებას?

- ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი. ვიცი, რომ 3 დღით აუცილებლად ჩავალ ბათუმში. ასევე მინდა, საბერძნეთში ან იტალიაში წავიდე. ოღონდ ისეთ ქალაქს ავირჩევ, სადაც წყალი და ლამაზი სანაპირო იქნება.

- შენთვის რამდენად მისაღებია სეზონური ფლირტი?

- არა, ერთთვიანი და ორკვირიანი ფლირტი და შეყვარებულობანას თამაში ჩემთვის მიუღებელია. თუ ვიღაც მომეწონა, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზულად ვფიქრობ მასზე და შესაძლოა, ის ჩემი მეუღლეც გახდეს.

- შოპინგი გიყვარს? ზაფხულში როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას?

- "შოპოგოლიკი" ვარ. უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, პირველი, რასაც ვაკეთებ, - შოპინგია. ბოლო "კაპიკსაც" კი ვხარჯავ. ევროპაში ხშირად დიდი ფასდაკლებებია. საკმაოდ დაბალ ფასში კარგი ბრენდის ყიდვა შეიძლება. ზაფხულში ძალიან მიყვარს მოკლე კაბისა და შორტის ჩაცმა. თუ ცოტა ნამზეურიც მაქვს, ამ ყველაფერს მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც ვუხამებ. ძალიან ცუდია ცხელ დღეებში შავი ფერის ჩაცმა, მზის სხივებს იზიდავს და არაკომფორტულია. მიყვარს ფერადი სამოსი. თეთრზე ვგიჟდები, ჩემთვის სისუფთავესთან ასოცირდება.

- დაბოლოს, რომელ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?

- ამბობენ, რომ შვეიცარია ძალიან წყნარი და მშვიდი ქვეყანაა. ალბათ ასაკში რომ შევალ, შვეიცარიაში, შვილიშვილთან ერთად ვიცხოვრებ (იღიმება).

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება