"სლავიანსკი ბაზარის" ფავორიტები - "მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასე წარმოვაჩინე ჩემი სამშობლო"

"სლავიანსკი ბაზარის" ფავორიტები - "მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასე წარმოვაჩინე ჩემი სამშობლო"

რამდენიმე დღეა, რაც საერთაშორისო კონკურსიდან - "სლავიანსკი ბაზარ" ორი ქართველი მომღერალი - აჩიკო ნიჟარაძე და ლენკა ზვიადაძე დაბრუნდნენ, ორივე - ხელდამშვენებული.

აჩიკო ნიჟარაძე, რომელიც ქართველმა მსმენელმა პროექტ "ჯეოსტარიდან" გაიცნო, მეორე ადგილზე გავიდა. მას შემდეგ, მომღერალი არაერთ ქართულ კონკურსში მონაწილეობდა. აჩიკოს ინტერვიუსთვის რომ დავუკავშირდი, მითხრა, აჭარაში ვარ და ტელეფონით ვისაუბროთო.

- პირველ რიგში, გილოცავ წარმატებას. როგორ განწყობაზე ხარ?

- ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მეორე ადგილი დავიკავე და საქართველოში გამარჯვებული ჩამოვედი.

- როგორ მოხვდი "სლავიანსკი ბაზარზე"?

- მომღერალმა ამ ფესტივალის ორგანიზატორებს თავისი სიმღერები უნდა გაუგზავნოს და თუ მათგან მოწონებას დაიმსახურებს, მაშინ ფესტივალის მონაწილე ხდება, თუ არა და, სხვა მომღერლის მონაცემებს გაგზავნიან. საქართველოში "სლავიანსკი ბაზარის" წარმომადგენელი ქალბატონი მანანა სეფიაშვილი გახლავთ. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ წელს ამ ფესტივალის მონაწილე მე ვიქნებოდი.

- კონკურსი რამდენი ეტაპისგან შედგებოდა?

- პირველ დღეს მსოფლიო ჰიტები შესრულდა. კონკურსი კი ორდღიანი იყო. ერთ დღეს იგორ კრუტოის სიმღერა - "ია ლუბლუ ტებია და სლოზ" ვიმღერე, მეორე დღეს - რომა რცხილაძის "ვარსკვლავები".

- ჟიურის შემადგენლობაში თუ იყო საქართველოს წარმომადგენელი?

- რასაკვირველია. ჟიური 10 ქვეყნის მუსიკოსით იყო დაკომპლექტებული. მათ შორის, ბატონი ჯემალ სეფიაშვილიც გახლდათ. თავმჯდომარე კი ლარისა დოლინა იყო.

- მონაწილეებს როგორი ურთიერთობა გქონდათ? ერთმანეთს, როგორც კონკურენტებს, ხომ არ "მტრობდით"?

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა: ყველა იმდენად კარგი ადამიანი იყო, ერთ გუნდად ჩამოვყალიბდით. ამბობდნენ, - წინა წლებში ასეთი რამ არ გვახსოვს, მონაწილეები ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ დაყოფილებიო. ჩვენ კი ყველანი კარგად ვიყავით ერთმანეთთან, ვმეგობრობდით.

- აჩიკო, გრან-პრის აღების იმედი გქონდა?

- ამის შანსი ყველა მონაწილეს აქვს. უბრალოდ, ცოტა მეტი დრო მჭირდებოდა მოსამზადებლად. მხოლოდ 3 თვე ვემზადებოდი, ეს კი ძალიან ცოტაა. სხვა მონაწილეები არაერთი კონკურსის გამარჯვებულები და გრან-პრის მფლობელები იყვნენ, მე კი მხოლოდ "ჯეოსტარის", "ნუცას სკოლისა" და "პატრინოტის" გამოცდილება მაქვს; სომხეთ-საქართველოს დუეტების კონკურსი ჩატარდა და იქაც გავიმარჯვე. მოკლედ, "სლავიანსკი ბაზარი" ჩემთვის პირველი საერთაშორისო კონკურსია.

- რომელიმე ქვეყნიდან მიწვევა ხომ არ მიგიღია?

- კი, ორი მიწვევა მაქვს: ერთი - რუსეთიდან, მეორე კი ესტონეთიდან. ორივე ფესტივალია, თუმცა რომელი, ამას ჯერჯერობით არ გავამხელ, რადგან გადაწყვეტილი არ არის, სად წავალ. ქალბატონ მანანასთან თანამშრომლობას ვაგრძელებ. ჩვენი ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ის იქნება ჩემი პროდიუსერი. შესაბამისად, ერთად გადავწყვეტთ, სად წავალ.

- საჩუქრად რა მიიღე?

- მეორე ადგილზე გასული მომღერლისთვის პრიზად გათვალისწინებული იყო 6 ათასი დოლარი. რადგან ეს ადგილი ორ მონაწილეს ერგო, თანხაც შუაზე გაიყო და მხოლოდ 3 ათასი მერგო.

- შენი პატარა შვილი როგორ შეხვდა მამიკოს წარმატებას?

- ძალიან ვენატრებოდი. ისიც და ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრებიც კონკურსის ყველა ტურს უყურებდნენ და მგულშემატკივრობდნენ. ახლა აჭარაში ვიმყოფები, რამდენიმე დღეს დავისვენებ და აგვისტოდან კონკურსებისთვის მზადებას დავიწყებ...

იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდა კონკურსისთვის აჩიკოს შერჩევა, მის პროდიუსერსა და საქართველოში "სლავიანსკი ბაზარის" დელეგაციის ხელმძღვანელს, მანანა სეფიაშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო მანანა, დიდი ხანია, რაც "სლავიანსკი ბაზარის" დელეგაციის ხელმძღვანელი ბრძანდებით?

- მესამე წელია. ჩემი მეუღლე უკვე წლებია, მათთან თანამშრომლობს. შარშან საბავშვო "სლავიანსკი ბაზარის" ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ, წელს კი დიდების ჟიურიში მიიწვიეს.

- რა კრიტერიუმით შეარჩიეთ კონკურსის მონაწილე?

- ვიდრე აჩიკო "ჯეოსტარის" მონაწილე გახდებოდა, ჯემალმა მანამდე აღმოაჩინა ის. მოკლედ, დიდი ხანია, მას ვიცნობთ. მერე იყო "ჯეოსტარი" და სხვა კონკურსები. ახლა, როგორც კი ამის საშუალება მომეცა, მაშინვე გადავწყვიტე, რომ კონკურსზე აჩიკოს მონაცემები გამეგზავნა. საბედნიეროდ, ჩემმა არჩევანმა გაამართლა. წელს საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენთვის მეორე ადგილი დიდი წარმატებაა.

- გრან-პრის არ ელოდით?

- თბილისიდან რომ მივემგზავრებოდით, გამარჯვებას ნამდვილად ველოდით. 4 დღის განმავლობაში, მინსკში რეპეტიციები მიმდინარეობდა, სადაც ყველა კონკურსანტის შესაძლებლობები ვიხილეთ. მართლა ყველანი ძლიერები იყვნენ. მიუხედავად ამისა, არჩილმა ბევრი მათგანი უკან ჩამოიტოვა. ძალიან კმაყოფილები ვართ და მე და არჩილი თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ. "სლავიანსკი ბაზარი" საკმაოდ სერიოზული კონკურსია და შესაბამისად, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, თუ ამ კონკურსის შემდეგ სად გავემგზავრებით.

- ხომ არ არის შესაძლებელი, რომ აჩიკომ "ევროვიზიაზე" ან "ახალ ტალღაზე" მოსინჯოს ძალები?

- "ევროვიზიას" საზოგადოებრივ მაუწყებლის მესვეურები ხელმძღვანელობენ, შესაბამისად, ისინი წყვეტენ, თუ ვინ გაემგზავრება ამ კონკურსზე. ვერ ვიტყვი, რომ ამ კონკურსისადმი დიდი ლტოლვა მაქვს. ეს "პოლიტიკური" კონკურსია, რა მდგომარეობაშიცაა ესა თუ ის ქვეყანა, ისეთი ქულები იწერება. ამიტომ ასეთი კონკურსების მომხრე არ ვარ.

ლენკა ზვიადაძე ქართველმა მსმენელმა პროექტ "ნიჭიერიდან" გაიცნო. მერე მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიებშიც" ითამაშა. ახლა კი საქართველო ასახელა და საბავშვო "სლავიანსკი ბაზარის" გამარჯვებული გახდა.

- ლენკა, ვინ და რატომ გადაწყვიტა, რომ წელს საბავშვო "სლავიანსკი ბაზარის" მონაწილე შენ უნდა ყოფილიყავი?

- ქალბატონი ნანა ჯგერია, კონკურსის არსებობის დღიდან გახლავთ მათი წარმომადგენელი საქართველოში. მოგეხსენებათ, შარშან პროექტ "ნიჭიერში" ვმონაწილეობდი. მაშინ ქალბატონი ნანა "სლავიანსკიზე" მარი ბიჩოშვილთან ერთად ჩავიდა. ნანამ კონკურსის წარმომადგენლებს ჩემი სიმღერის ჩანაწერები აჩვენა, რომლებიც "ნიჭიერმა" "იუთუბზე" დადო. მაშინვე გადაწყდა, რომ მომდევნო წელს მე მიმიწვევდნენ. იანვარში მათგან ოფიციალური მიწვევა მივიღე, შევარჩიე სიმღერები, ჩავწერე და გავგზავნე. ამ ჩანაწერების მიხედვით აირჩიეს 21 მონაწილე და მათ შორის მეც აღმოვჩნდი. სიმღერები ნანამ ამირჩია. ორივე სიმღერის არანჟირება ოთარ ყუფუნიას ეკუთვნის, ერთი ქართულია - "ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს", მეორე - ინგლისურენოვანი Pეოპლე. პირველ ტურში ყველა მონაწილე თავის მშობლიურ სიმღერას ასრულებდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ტური იყო. მუსიკოს რუსუდან ბახტაძესა და მომღერალ მარიკა თხელიძეს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ქართული სიმღერის მინუს-ფონოგრამა სწორედ მათ მომცეს.

- საქართველოდან ვინ იყო ჟიურის წარმომადგენელი?

- მომღერალი მანანა თოდაძე.

- ალბათ დიდი კონკურენცია იყო...

- კონკურენცია ნამდვილად დიდი იყო. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვოკალურად საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები, ყველას თავისი სარეკლამო ბუკლეტი, ეროვნული დროშა და აფიშა ჰქონდა. მშობლებისა და პედაგოგის გარდა, თან ახლდნენ პროდიუსერები და სხვა უამრავი ადამიანი. იმდენად კარგად დაგეგმილი კონკურსი იყო, რომ ამ ბავშვებს კონკურენტებად ნამდვილად ვერ აღვიქვამდი. პირველი რეპეტიციის შემდეგ უკვე ყველამ ვიცოდით ერთმანეთის შესაძლებლობები.

- გამარჯვებას ელოდი?

- არ დაგიმალავთ და გამარჯვებას ნამდვილად ველოდი. პირველ ტურში სიმღერის შემდეგ უამრავი ადამიანი მილოცავდა, კონკურსანტი ბავშვების მშობლებიც კი. მანანა თოდაძის პროდიუსერმა მითხრა, - ქულებით პირველ ადგილზე ხარო!.. მერე რამდენიმე ტელევიზიამ ჩემთან ინტერვიუც ჩაწერა. აკაპელაშიც მამღერეს. მოკლედ, ეს ტური ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა... საერთაშორისო კონკურსში პირველად ვმონაწილეობდი და ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასე წარმოვაჩინე ჩემი სამშობლო. საჩუქრად გადმომცეს პირველი ადგილის დიპლომი, ამ კონკურსის სიმბოლო - ძალიან ლამაზი ფიგურა, მინიქანდაკება ღიღილოებით (ეს ყვავილი "სლავიანსკის" სიმბოლოა), 3 ათასი დოლარი და სხვადასხვა სუვენირი.

- რომელიმე ქვეყნიდან მიწვევა თუ მიიღე?

- რამდენიმე მიწვევა პირველი ტურის შემდეგ მივიღე. ამის შესახებ დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. ისინი ოფიციალურად დაუკავშირდებიან ჩემს პედაგოგს, ნანა ჯგერიას და მერე გადავწყვეტთ, თუ სად გავემგზავრები.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება