"იურმალის" ჟიურიმ ნინი ცნობილაძეც დაჩაგრა

"იურმალის" ჟიურიმ ნინი ცნობილაძეც დაჩაგრა

მომღერალი ნინი ცნობილაძე, სალომე ქათამაძის მსგავსად, "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მან მაყურებელს თავისი განუმეორებელი ხმით დაამახსოვრა თავი. ნინიმ სალომესთან ერთად, "ახალი ტალღა 2013"-ის წინასაკონკურსო ტური როგორც თბილისში, ასევე კიევში გაიარა (ისე მოეწონა კრუტოისა და რევზინს ორივე, საქართველოს გარდა უკრაინაშიც მოუსმინეს). მოსალოდნელი იყო, რომ ნინი სალომესთან ერთად, კონკურსზე გამგზავრებულიყო, მაგრამ რადგანაც ჟიურის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში უნდა ჩაეტარებინა "იურმალის" შესაჩევი ტური, უთხრეს, - თუ შენნაირი მონაცემებისა და შესაძლებლობების მქონე მომღერალს ვერ ვნახავთ, მაშინ კონკურსზე წაგიყვანთო.

ვინაიდან ნინი "ახალი ტალღის" კონკურსზე არ წასულა, ვიფიქრე, კრუტოიმ და რევზინმა მართლაც იპოვეს ნინის მსგავსი შემსრულებელი-მეთქი და "ახალი ტალღის" კონკურსს მოუთმენლად ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ, გამაწბილეს. ნინის დონის კი არა, წელს, ზოგადად, ძალიან სუსტი ნაკადი იყო კონკურსისთვის შერჩეული. ფაქტია, ნინი ცნობილაძესთან დაკავშირებით ჟიურიმ იცრუა.

"ამბები.გე" ნინი ცნობილაძეს დაუკავშირდა.

- ნინი, "იურმალის" შესარჩევ ტურზე თბილისსა და კიევში ჟიურის შენი შესრულება ძალიან მოეწონა. საქართველოდან მეორე კონკურსანტი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა.

- საბოლოოდ, მაინც ყველაფერი ბატონმა კრუტოიმ ისე გადაწყვიტა, რომ საქართველოდან ერთი კონკურსანტი ყოფილიყო... ამიტომ, როგორც ბევრი ქართველი, მეც ტელევიზორთან ვგულშემატკივრობდი სალოს.

- კონკურსანტად არა, მაგრამ "ძინტარის" დარბაზში მაყურებლის სტატუსით რომ მჯდარიყავი და სალომესთვის იქიდან გეგულშემატკივრა, არ გინდოდა?

- კი, მინდოდა და მივდიოდი კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოვახერხე და აქედან ჩავერთე კონკურსის ამბებში. წესით, პირველი ადგილი ჩვენ უნდა აგვეღო. წელს ეს კონკურსი რაღაც ვერ იყო ისეთი, როგორიც წლების მანძილზე. ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, საკმაოდ დაბალი დონის აღმოჩნდა...

- კუბელ მომღელაზე რას იტყვი?

- კუბელი მომეწონა, მუსიკალური ადამიანია, ფაქტია, რომ მღეროდა.

- დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი?

- კი, რატომაც არა. გემოვნების საკითხია, ხომ იცით. სალომეს არ ვგულისხმობ და კუბელი დანარჩენ კონკურსანტებს მართლაც სჯობდა, მაგრამ ვიმეორებ, მე სალომეს ვგულშემატკივრობდი, რადგან ძალიან მინდოდა, პირველი ადგილი დაეკავებინა და საქართველოს გაემარჯვა.

- ამბობენ, კუბელის პედაგოგები ჟიურის წევრები იყვნენო და საერთოდაც, რობერტო მოსკოვში ცხოვრობსო...

- ეს დეტალები ნამდვილად არ ვიცი, ჩამოვლენ ჩვენები იურმალიდან და ყველაფერს გავარკვევ...

- ტოტო კუტუნიოს არაადეკვატურობამ არ გაგაკვირვა?

- ასეთი რამ ზოგიერთ ჟიურის წევრს სჩვევია ხოლმე. რას ვიზამთ? ტოტო სალომეს პირველ ნამღერზე გადაირია, მეორე კომპოზიციაზე დაბალი ქულა დაუწერა, მესამედ ისევ გადაირია...

მეორე კომპოზიციის შესრულება, რაშიც 8-იანი დაწერა, საკმაოდ მომეწონა, მაგრამ თავად კომპოზიცია, მიმაჩნია, რომ მთლად ქართული არ იყო. სხვა ქართული ფოლკლორული ნიმუში რომ ყოფილიყო, ალბათ, დარბაზშიც ოვაციებს გამოიწვევდა, ისეთი საშემსრულებლო ხარისხი ჰქონდათ ჩვენებს (სალომე, რატი, მაკა). ტოტომ ქართველების პოპური საკუთარი გემოვნებით შეაფასა.

საერთოდ როცა კონკურსზე მიდიხარ, თავიდანვე უნდა იცოდე, რომ ვიღაცას რაღაც მოეწონება და ვიღაცას - ნაკლებად. ჟიურის გადაწყვეტილებას, როგორიც უნდა იყოს, პატივი უნდა სცე. მთავარი ის არის, რომ ღირსეულად გამოხვიდე, რაც საქართველოს წარმომადგენელს, სალომე ქათამაძეს ნამდვილად გამოუვიდა. წარმატება "ფეისბუქით" უკვე მივულოცე და თქვენი საშუალებითაც კიდევ ერთხელ მივულოცავ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ: ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება