რამ გააბრაზა ჟანრი ლოლაშვილი

რამ გააბრაზა ჟანრი ლოლაშვილი

"თუ არ გაჩერდებიან, ჩვენ მათ სასტიკ ომს გამოვუცხადებთ..." - ამბობს ცნობილი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი. მისი აზრით, არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინსვლას, დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლიან და ქართველ ხალხს საქვეყნოდ არცხვენენ. ვის ემუქრება ბატონი ჟანრი და ვის მიიჩნევს ქვეყნის მტრებად, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბატონო ჟანრი, თქვენი აზრით, ვინ ან როგორ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას?

- "ნაციონალები" და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჰომოსექსუალებს უჭერენ მხარს. "ქართულმა ოცნებამ" ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეს ინტრიგანი "ნაციონალები" მაინც უკიჟინებენ, არაფერს აკეთებო. 9 წლის განმავლობაში თვითონ რა გააკეთეს ხალხისთვის, ახლა ახალ ხელისუფლებას რომ სთხოვენ პასუხს?

- მაინც რა ნაბიჯები გადადგა "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც "ნაციონალები" არ აფასებენ?

- იმას, რომ დაზღვევა გააუმჯობესა. ადამიანებს ოპერაციების უფასოდ გაკეთების საშუალება მიეცათ. რამდენიმე დღის წინ წამლების ყიდვა დამჭირდა და ყველაფერი მესამედ ფასად შევიძინე. ივანიშვილს რას ერჩით, ასე მცირე დროში მეტი რა გააკეთოს? აცალეთ ადამიანს მუშაობა. მე თუ მკითხავთ, "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ უნდა გაქრეს. ამ ორგანიზაციაში გაწევრებულმა ხალხმა ქვეყანას თავზე ლაფი დაასხა, ქართველ ხალხს თავმოყვარეობა შეულახა, ხელოვნება კი საერთოდ დაანგრია.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ თეატრისა და კინოს წინააღმდეგ გაილაშქრეს, თაობები დაღუპეს...

- რამდენად შეესაბამება რეალობას გავრცელებული მოსაზრება, რომ "ცხელი ძაღლი" ეკრანებზე ხელისუფლების ბრძანებით აიკრძალა?

- სრული სიმართლე გახლავთ.

- შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ფილმში მოყვანილი ამბავი, პრემიერის მკვლელობასთან დაკავშირებით, მართლაც რეალურ ფაქტებზე იყო დაყრდნობილი?

- დიახ, ზუსტად ასე იყო. მხოლოდ პრემიერის მკვლელობა კი არა, მთელი ფილმი რეალურ ფაქტებს ემყარება. იმედია, ყველას მოეთხოვება პასუხი. მე, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, კოაბიტაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან ამით საშინელი მონსტრები სარგებლობენ. ნახეთ, რა "ნაგლები" და უტიფრები არიან? კარიდან გავყარეთ და ფანჯრებიდან ძვრებიან, ისევ ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნება. ყველა უნდა გასამართლდეს, ვინც 9 წლის განმავლობაში ანგრევდა ქვეყანას. არ ვიცი, აცნობიერებთ თუ არა, რომ "ნაციონალები" საშიშები არიან. მათთან ერთად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც საშიშებად მეჩვენებიან, რომლებიც ჰომოსექსუალებს უჭერენ მხარს. დღეს იმ მამაოების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომლებმაც ჰომოსექსუალებს აღლუმის გამართვის საშუალება არ მისცეს. კი მაგრამ, რატომ? რაც კაცობრიობა არსებობს, ჰომოსექსულებიც არსებობენ, ახლა მაინცდამაინც ჩემ თვალწინ უნდა გაშალონ ლოგინი და თავიანთი უზნეობისთვის ტაში დამაკვრევინონ? არ მინდა, ბატონო, მაგათი ყურება და არც პატივს ვცემ, რატომ მაიძულებენ? ვინც ამ ტვინნაღრძობ ხალხს მხარს დაუჭერს, ყველას სასტიკ ომს გამოვუცხადებთ, მათ შორის, ამერიკასაც.

- ამერიკას რას ერჩით?

- როგორ თუ რას ვერჩი. ეს ქვეყანა ამბობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არაფერში გვეხმარება, არც ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით დაგვიდგა გვერდით და არც რუსული ბომბებისგან დაგვიცვა. ერთადერთი, რასაც აკეთებს, გვმოძღვრავს, ცისფერებს პატივი ეცით, ნუ ჩაგრავთო. თუ მაგათ ასე ესმით სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, მაშინ არ მინდა, სულ კარგად იყვნენ...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება