"მსახიობის შემოქმედება რეპეტიციაა, სპექტაკლი - რეზულტატი"

"მსახიობის შემოქმედება რეპეტიციაა, სპექტაკლი - რეზულტატი"

მსახიობი გია ბურჯანაძე ამჯერად იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში გარდამტეხი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ყოფილი კალათბურთელი პირველ მწვრთნელზე, უსაყვარლეს პედაგოგზე და მსახიობ მეგობარზე გვესაუბრება, რომელთა რჩევა-დარიგებები მთელი ცხოვრების მანძილზე მოჰყვება...

"სერგო მასწი" - ცხოვრების პირველი მასწავლებელი

- ადამიანის ცხოვრება რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს: ბიჭობა, ახალგაზრდობა და ე.წ. შეგნებული ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მეც იმ სამ ადამიანზე ვისაუბრებ, რომლებსაც ჩემი გარემოცვისა და ოჯახის წევრების გარდა, ჩემს კაცად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ბიჭობის პერიოდში კალათბურთს ვთამაშობდი და ჩემი პირველი მწვრთნელი სერგო იშხნელი გახლდათ. მაშინ ის საკმაოდ ახალგაზრდა - 28 წლის იყო, მაგრამ ჩვენთვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენდა, თითოეულ ჩვენგანში სხვანაირი საფუძველი "ჩაყარა". წესრიგს, ფიქრს, პასუხისმგებლობას, ერთმანეთზე მზრუნველობას გვაჩვევდა. გვეუბნებოდა, - არ არის აუცილებელი, ყველანი დიდი სპორტსმენები გახდეთ, მაგრამ პიროვნება, ღირსეული მოქალაქეები და კაცები აუცილებლად უნდა იყოთო. ეს თვისებები სწორედ მან გააღვივა ჩემში. ამდენი წელი გავიდა, რაც კალათბურთს აღარ ვთამაშობ, მაგრამ მის გვერდში დგომას დღესაც ვგრძნობ და სხვათა შორის, ჩემი თაობის კალათბურთელებიც ზუსტად ასე არიან - ყველაფერი "სერგო მასწისგან" მოდის. ახლა ის ჩვენი მეგობარია. ასაკობრივი სხვაობა თითქმის წაიშალა და ლხინი, გაჭირვება და ბევრი რამ ერთად გადაგვიტანია. "სერგო მასწის" ფენომენი მეხსიერებაში დღემდე ჩამრჩა.

- მაგალითად, რა რჩევებს გაძლევდათ?

- მკაცრი იყო. მართალია, ტანად დიდები და ღონიერები ვიყავით, მაგრამ სერგოს რიდი გვქონდა; ის რომ დაგვიყვირებდა ან კაცურად, მშვიდად დაგველაპარაკებოდა, ჩვენთვის მის სიტყვებს წონა და ფასი ჰქონდა. იმდენად სწორ აქცენტებს აკეთებდა, რომ ვხვდებოდით, ეს კაცი ყველაფერში მართალი იყო. ერთ მაგალითს გეტყვით: სოხუმში, პირველობაზე გვქონდა თამაში და საკმაოდ რთული მატჩი იყო, "ქულა ქულაში" მიდიოდა (ასეთი ცნებაა კალათბურთში). აშკარად ეტყობოდა, მსაჯი ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს ემხრობოდა. გუნდის კაპიტანი ვიყავი, უკვე სამი პერსონალური ჯარიმა მქონდა მიღებული და მეოთხეც რომ გამომიცხადა, გავღიზიანდი. შევეკამათე. მანაც რაღაც მითხრა და თავი ვეღარ შევიკავე - ხმამაღლა შევაგინე. თამაშის დასრულებამდე 40 წამი რჩებოდა, მან კი ტექნიკური ჯარიმაც მომცა და მოედნიდან გამაგდო. ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასი გახლდათ. საბოლოოდ, ბიჭებმა ეს მატჩი მოიგეს, დიდი ზეიმი იყო, ხალხი გვილოცავდა. სერგო რომ შემოვიდა, მისგან შორს დგომა ვარჩიე, რადგან ისეთი სახე ჰქონდა, უკვე მივხვდი, გაბრაზებული იყო. მაგიდის გარშემო დამდევდა და დავრბოდით ასე (იცინის). - ამდენი ხალხის თანდასწრებით, მამის ტოლა კაცს როგორ შეაგინეო?! მე შენ გთხოვე, ჩემპიონი გახდიო?! კაცად ვერ გამიზრდიხარ და შენი ჩემპიონობა რად მინდაო?! ახლა რომ ვუფიქრდები, აბსოლუტურად მართალი იყო. ბევრ რამეს გვარიგებდა. საშხაპიდან რომ გამოვდიოდით, გვსაყვედურობდა: ონკანს მოშვებულს რატომ ტოვებთ? ამისთვის ხომ ადამიანები შრომობენ, თქვენ კი ტყუილად ღვრით წყალსო! გვეუბნებოდა, - დაგვიანება არ შეიძლება, ეს შენი მეგობრების უპატივცემულობაა; ვარჯიშზე მომზადებულები უნდა მოხვიდეთ; კალათბურთი კოლექტიური სპორტია და თანაგუნდელს ხელი არ უნდა შეუშალოო. მისი დარიგებები მთელი ცხოვრება გამომყვა.

სტუდენტობა - ახლის შეცნობისა და ცხოვრების მეორე ეტაპი

- სერგოს შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში ქალბატონი ლილი იოსელიანი შემხვდა, რომელმაც ფაქტობრივად, გამზარდა; ჩემს მშობლებს თითქმის წაართვა ჩემი თავი: ყველანაირად მასთან ვიყავი, ის მზრდიდა არა მარტო როგორც მსახიობს, არამედ - როგორც პიროვნებას. მასაც ისეთივე თვისებები ჰქონდა, როგორიც სერგო "მასწს". დიდი მსახიობობა, დიდი სპორტსმენობა, დიდი ხელოვანობა ხომ ღმერთისგან მოდის. სავალდებულო არ არის, ყველა დიდი შემოქმედი გახდეს, მაგრამ აუცილებელია, პატრიოტი მოქალაქე და კაცი იყო, ამას კი ყველა ვერ ახერხებს. ლილი ფიქრს, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გვაჩვევდა, რადგან თეატრი კოლექტიური (ისევე, როგორც კალათბურთი) შემოქმედებაა და თითოეული მსახიობი ძალიან მობილიზებული უნდა იყოს. რეპეტიციაზე დაგვიანება წარმოუდგენელი რამ იყო. გვეუბნებოდა, - სხვის კრიტიკას კი ნუ მოუნდებით, საკუთარი თავი გააკრიტიკეთო. ლილისთვის მთელი ცხოვრება იწყებოდა და მთავრდებოდა თეატრით. მისთვის ოჯახი ჩვენ - სტუდენტები და ცხონებული ჯაბა იოსელიანი ვიყავით. შესაძლოა, ჩვენზე უფრო მეტადაც კი ზრუნავდა, რადგან მოზარდები გახლდით. უნდოდა, ყოველი სტუდენტისგან მოქალაქისა და შემოქმედის საუკეთესო ვარიანტი მიეღო და ეს მოახერხა კიდეც. ქართულ თეატრში თუკი ვინმე ბრწყინვალე მსახიობია, სწორედ მისი აღზრდილია. როცა რეპეტიცია გვქონდა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, ვინმე გასართობად გაეშვა. მსახიობის შემოქმედება - რეპეტიციაა, სპექტაკლი უკვე რეზულტატია.

მახსოვს, თბილისის "დინამო" ევროპის ტურნირებზე კარგად რომ გამოდიოდა, 1981 წელს, ნახევარფინალზე გვინდოდა წასვლა და ქალბატონ ლილის ვთხოვეთ, რეპეტიცია დილით ადრე დაგვეწყო, რათა საღამოს მატჩისთვის გვეყურებინა. გაგიჟდა, - ეს როგორ მაკადრეთ, რა დროს ფეხბურთიაო?! ავდექით და სტადიონზე წასვლა მასაც შევთავაზეთ. დაგვთანხმდა, - ჯანდაბასო. ადამიანის მსგავსი წამება ჯერ არ მინახავს - საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ იმის გამო, რომ მისი "შვილები" - გოგოებიც და ბიჭებიც ასე ანთებულები ვიყავით, ხათრი აღარ გაგვიტეხა. მერე რაღაც ხომ უნდა ეთქვა და, - ნახეთ, ამ ფეხბურთიდანაც მაგალითი გამოიტანეთ - რა ლამაზად უხტებიან ერთმანეთს, თურმე ესთეტიკა ფეხბურთშიც ყოფილაო! ამ დროს ეს ის თამაში იყო, როცა ლამის დალეწეს ჩვენი ფეხბურთელები (იცინის). რაც დიდ შემოქმედებასთან არის კავშირში, გინდ სპორტი იყოს, გინდ - ხელოვნება, ყველაფერი ლამაზია. ამდენი წელი გავიდა და ახლაც რომ რაღაცას ვაკეთებ ან ვფიქრობ, გონებაში ვაცნობიერებ, რომ როგორც ლილისთან გავაკეთებდი, როგორც ის მეტყოდა, ისე უნდა მოვიქცე - სამშობლოსა და ღმერთის წინაშე უნდა იყო მართალი, შენს საქმეში კი - საკუთარი თავის წინაშე, თავი არაფერში დაზოგოო. ლილი ღვთისმოსავია და ჩვენც რწმენით გაგვზარდა. ასეთი იყო ჩემი ჩამოყალიბების პერიოდი.

გოგი გელოვანი - მეგობრობის ეტალონი

- შემდეგ უკვე, შეგნებულ ცხოვრებაში, ჩემზე 38 წლით უფროსი მეგობარი მყავდა - მარჯანიშვილის თეატრის ცნობილი მსახიობი გოგი გელოვანი. შესანიშნავი პიროვნება იყო. მის გარდაცვალებამდე (2005 წლამდე) ერთი დღე არ ყოფილა, რომ უერთმანეთოდ ვყოფილიყავით. შეიძლება, არ შევხვედროდით, მაგრამ ტელეფონით მაინც აუცილებლად მოვიკითხავდით ერთმანეთს. ამბებს გამომკითხავდა; თუ სახლში არ ვიყავი - ჩემს ცოლს ელაპარაკებოდა. ქართული სიმღერის ამაგდარი იყო - არაპროფესიონალი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი ლოტბარი. საოცრად უყვარდა და აფასებდა ქართულ ფოლკლორსა და ქართულ სულს; სხვადასხვა ვარიანტის სიმღერებს ეძებდა, შემდეგ კი ასწავლიდა და დღეს თუ მსახიობები მღერიან, ეს მისი დამსახურებაა. წინა თაობებში ამას მანველ აფხაიძე აკეთებდა რუსთაველის თეატრში, მეორე კი გოგი იყო. ქართული ტრადიციები, სუფრის წესები - ყველაფერს მისგან ვსწავლობდით. ისიც იმავეს ამბობდა, - როცა ადამიანს უნდა შეხვდე, დაგვიანება როგორ შეიძლება?! გზაში შეიძლება, საცობი ან რაიმე შეფერხება იყოს, ამიტომ 15 წუთით ადრე მიდი, გაზეთი იყიდე, დაჯექი და წაიკითხე. დაგვიანება ადამიანის უპატივცემულობააო. გოგი თვითონაც ისე ცხოვრობდა, რომ მატერიალური მხარე მისთვის ბევრს არ წარმოადგენდა; მისთვის მთავარი - მისი სამყარო იყო, ქართული სულიერებითა და სიმღერით სავსე. ეს, მეგობრობაზე თავდადებული ადამიანი, თვალსაჩინო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება წლების განმავლობაში ძმაკაცური სიყვარული ატარო. მისი მეგობრები ჩემი მეგობრები გახდნენ, მაგალითად: ცნობილი ექიმი - ლევან ჭაჭიაშვილი, რომელსაც უფროს ლევანს ვეძახით; ასევე, ცნობილი ექიმი - წოპე, ვახტანგ ხურციძე და აწ უკვე გარდაცვლილი - ზურაბ ლეჟავა, ჩვენი მხატვარი; დოდო აბაშიძე გოგის კლასელი იყო და ასე შემდეგ... მთელი ცხოვრება ერთად გამოიარეს, ულამაზესი სამეგობრო იყო და ახალგაზრდა კაცისთვის ისეც დიდი მაგალითია, როდესაც ნამდვილ მეგობრობას უყურებ. მათი მეგობრობა ლიტონი სიტყვები არ იყო, ისინი მართლაც, ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

ეს სამი ადამიანი, ვისზეც ვისაუბრე, იყვნენ ისინი, ვინც ჭეშმარიტად გარდამტეხი როლი შეასრულეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და როგორიც უნდოდათ მათ, ისეთი გავხდი. რომ არა ჩემი ოჯახი, გარემოცვა და ეს ადამიანები, ალბათ სხვანაირი ვიქნებოდი.

"თეთრი ბაირაღები"

- ყველა ფილმის გადაღება თუ სპექტაკლის დადგმა გამორჩეული და აბსოლუტურად განსხვავებულია, თუნდაც კოლექტივიდან გამომდინარე. "თეთრი ბაირაღების" გადაღებებზე, ძირითად სცენებში მამაკაცები სულ ერთად ვიყავით, მხოლოდ რამდენიმე სცენაა, სადაც ქალები არიან - დედის სცენა და ხანდახან, ნუნუ ექიმი თუ შემოვიდოდა. ამ ფილმის განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ამდენი ნიჭიერი არტისტის ერთად ყოფნა აუტანელია; გული გაგისკდება, ამდენ ბუმბერაზს რომ უყურებ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, გივი ბერიკაშვილი, ლეუშა ანთაძე, გურამ ფირცხალავა, თენგიზ მაისურაძე და სხვები. ეს გიგას (ლორთქიფანიძის. - ავტ.) ფენომენი იყო. თვითონ გახლდათ ასეთი ფენომენური, გაანათლოს მისი სული უფალმა; ნიჭიერი რომ იყო, ამიტომაც გიჟდებოდა ნიჭიერ ხალხზე და კარგად ეხერხებოდა მათი ერთად თავმოყრა. არტისტები ძალიან უყვარდა. რომ არა ფეხის პრობლემა, ალბათ მსგავსი არტისტი მეორე არ გვეყოლებოდა. ამდენ ნიჭიერს ჯერ "დათა თუთაშხიაში" მოუყარა ერთად თავი, მერე - "თეთრ ბაირაღებში". დიდი დღესასწაულია, როდესაც მსახიობიც და რეჟისორიც ნიჭიერია. შეიძლება, რამე მოხდეს და "დახოცონ" ერთმანეთი - ხანდახან ეს ღმერთების შერკინებას ჰგავს, მაგრამ მათთან მუშაობა შესანიშნავია.

ამჟამინდელი

შემოქმედებითი ცხოვრება

- მსახიობები ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებულები - მოგეხსენებათ, როლებს რეჟისორები ანაწილებენ, საქართველოში კი ბოლო პერიოდში რატომღაც, "აკრძალული მსახიობი" ვიყავი და ჩემი თეატრიც ამ აკრძალვას ემორჩილებოდა. მხოლოდ თემურ ჩხეიძის ძველ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. ჩვენი თეატრის ხელმძღვანელობა, სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" ფეხის ხმას იყო აყოლილი, "შავი სიებით" ხელმძღვანელობდა. სხვა თეატრებში მიწვევით ვთამაშობდი. ახლა ეს ტაბუ მომეხსნა და გადაღებებზეც მიმიწვიეს.

სერიალის გადაღებები მოსკოვში

- მართალია, სერიალებს ჩვენთანაც იღებენ, მაგრამ იქ გაცილებით მეტ ჰონორარს იხდიან. საერთოდ, სერიალები არ მიყვარს, ვერ ვუყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მომეწონა სცენარიც და ჩემი პერსონაჟიც - ძალიან საინტერესო, ტრაგიკული როლია. მოქმედება 1980-იან წლებში ხდება. კაცს, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში თითქმის ყველა ემორჩილება, რომელსაც აღიარებენ, როგორც ნათლიას და ასე ვთქვათ, ბოსია (ოღონდ - არა პარტიული), ოჯახში ვერ დაულაგებია სიტუაცია. მისი მეორე, ახალგაზრდა ცოლი მისივე ქალიშვილის საქმროსთან ერთად გაიპარება, ოჯახი ინგრევა და ტრაგედია ხდება. ჩემი გმირი სწორედ ამ სიტუაციის დალაგებას ცდილობს... სულ 8 სერიაა და მოსკოვში წასვლა ალბათ, მხოლოდ ერთხელ მომიწევს. რეჟისორს გავიცნობ და ვნახოთ, როგორ ვიმუშავებთ.

კონიუნქტურის გავლენა ხელოვნებაზე და ტაბუახსნილი "გაშავებული" მსახიობები

- რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, უკეთესს არაფერს მთავაზობენ. იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში ტრიალებენ, რატომღაც, "ნაციონალების" მსგავსი ხედვა აქვთ და ამბობენ: გია ხომ პოლიტიკაშია წასულიო. უვიცები არიან. გია ბურჯანაძე რომ პოლიტიკაში ყოფილიყო, ახლა მინისტრი ან დეპუტატი იქნებოდა. ამას სამივე მთავრობა მთავაზობდა, მაგრამ უარი ვთქვი, დასაბუთებულად. თეატრში ჩემნაირი პროფესიონალი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა, რადგანაც ახალ თაობას სათანადოდ ვეღარ ზრდიან. კვირაში 2-3-ჯერ სპექტაკლს ვთამაშობ, მოვიდნენ და მნახონ, აბა, რომელიმეს შეუძლია ასე მუშაობა? პოლიტიკაში თვითონ არიან. გიას იმიტომ არ ეძახიან სამუშაოდ, რომ კონიუნქტურას ექვემდებარებიან, რასაც მე არასდროს ვექვემდებარებოდი. მე პოლიტიკაში კი არ ვარ, არამედ ვცხოვრობ ისე, როგორც სწორად მიმაჩნია. როცა ქვეყანას უჭირს, უკან დახევა ღალატია. თუ განსხვავებული სათქმელი გაქვს და არ ამბობ, ამას ვირთხობა - "კრისობა" ჰქვია, მე კი "კრისად" არავის გავუზრდივარ. შემოქმედი ვარ და კაბინეტში გული გამისკდება. ჩემი მხრიდან, თუ რამეა გასაკეთებელი, ქვეყნისთვის არაფერი დამიკლია და მის საკეთილდღეო საქმეს კაბინეტების გარეშეც ვაკეთებ.

- ზოგიერთი ადამიანისთვის თანამდებობას სხვა ხიბლი და ფინანსური სარგებელი აქვს.

- ჩემი აღმზრდელები არასდროს იბრძოდნენ მატერიალური კეთილდღეობისთვის და მეც ასე ვარ. თუ არის, დიდი მადლობა უფალს, არ არის და - რა მოხდა მერე?! "არა მარტო პურითა ცხონდების კაცი". შენ ღმერთის სახლი ხარ, ღმერთი შენშია და თუ ეს მარტო ტაძარში შესვლისას ახსენდება ადამიანს და მიაჩნია, რომ ოჯახში რამის მისატანად უნდა "იკრისოს", ძალიან ცდება. მადლობა ღმერთს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წყალობით, მსახიობი დღეს შიმშილით აღარ კვდება. ვინმე გინახავთ, სიმდიდრე და აგარაკები იმ ქვეყნად წაეღოს? ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ, არც აგარაკი მაქვს და არც რაიმეზე გამჩენია პრეტენზია. იმ ადამიანებს, ვინც დაგისახელეთ, არასდროს ჰქონიათ ქონება, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია - ის სახელი, რომელიც მათ დატოვეს, თუნდაც ერთ კაცში (ჩემ გარდა კი რამდენი ადამიანია, ვინც მათ ასე იხსენებს!), თუ ის, რომ "კრისებივით" ეცხოვრათ და დაეგროვებინათ ის, რასაც თან ვერ წაიღებდნენ?!.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება