იყო თუ არა "საქართველოს ვარსკვლავი" საქართველოსთვის?!

იყო თუ არა "საქართველოს ვარსკვლავი" საქართველოსთვის?!

ცოტა ხნის წინ კონკურსი - "საქართველოს ვარსკვლავი" დასრულდა და როგორც აღინიშნა, წარმატებული სეზონი იყო, ღირსეული ფინალისტებითა და გამარჯვებულით. ყველა კონცერტის ხილვის არც საშუალება მქონდა და გამოგიტყდებით, ზოგჯერ არც სურვილი, რადგან მობეზრებული მაქვს, ქართველები ძირითადად, ინგლისური რეპერტუარით რომ ცდილობენ ხალხის მოხიბვლას. შეიძლება, ამაზე რაიმეს დაწერა აზრად არც მომსვლოდა, თბილისიდან ქუთაისში მომავალ სამარშრუტო ტაქსიში მგზავრების მსჯელობა რომ არ მომესმინა:

- უყურე წუხელის "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალს, სოსოია? - ჰკითხა გვერდით მჯდომს საშუალო ასაკის ჩასუქებულმა მამაკაცმა.

- ვუყურე და ნერვებიც დამაწყდა. გაგიგონია, "საქართველოს ვარსკვლავს" ირჩევდნენ და ორსაათიან კონცერტზე ერთი ქართული სიმღერა არ ამღერონ ამ ნიჭიერ, მარა ტვინარეულ ბოვშებს?!

- არ ვარგა ქართული სიმღერები, ბიძია და არავინ მოუსმენს მაინც! - აზრი გამოთქვა თექვსმეტიოდე წლის მოზარდმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიძრო ყურსასმენები და ახლა დას ეხვეწებოდა, მისი მობილური ტელეფონი ეთხოვებინა ახალი "კონცერტის" მოსასმენად.

- ქართული სიმღერა არ ვარგა და ინგლისურია უნიკალური?! - გული დასწყდა კაცს და რატომღაც, საწყალ "ნაციონალებს" დააბრალა ახალი თაობის მუსიკალური გემოვნების გაუკუღმართება: - იმ გასაწყვეტლების ბრალია, რომ გატყუებდნენ, ინგლისურის გარეშე დეიღუპებითო და დედაენაზე წინ გაჩრიდნენ ცხვირში სასწავლებლად! კიდო კაი, დროზე მევიშორეთ თავიდან. იქნება არაა მთლად დაღუპული ჩვენი საქმე და შემოვაბრუნოთ ახალგაზრდები ყველაფერი ქართულისკენ...

- მართალია ეს კაცი! - საუბარში ჩაერთო მძღოლიც, რომელიც მთელი გზა რადიო "არ დაიდარდოს" "ჰიტებს" გვასმენინებდა და შიგადაშიგ თავადაც აყოლებდა ხმას: - რომელი ინგლისური სიმღერა ჯობია ახლა ამას?!

- თუ "საქართველოს ვარსკვლავობაზე" გაქვს პრეტენზია, ქართულად ამღერე ბოვშები, თუ არა და, დაარქვი "ამერიკის ვარსკვლავი" და გააკეთე ამერიკელების საქმე. მაინც იმაზეა გადართული ყველა, ვინ რითი აამებს იმ უისტორიო ხალხს, მხოლოდ დემოკრატია რომ აქვთ საამაყო და მაძალებენ: გოუშვი შენი ნანული და ცოლად კაცი მეიყვანეო! მანამდე არ ოუდგათ მაგენს გვერდები, "ცისფერები" არ ვაპარპაშოთ ქვეყანაში! - ძირითად თემას გადაუხვია პოლემიკის წამომწყებმა, მაგრამ შავოსანმა ქალბატონმა დააბრუნა დაწყებული თემისკენ:

- იგივე არ ხდება "ახალ ქართულ ხმაშიც"?! ქართული სიმღერა ერთმა იმღერა და ისიც დაიწუნა ჟიურიმ: ზედმეტად კაცურად მღეროდა ეს ერთი ციდა ბიჭიო!.. კაცურად და ვაჟკაცურად რომ მღეროდა, მაგაშია მთელი ხიბლი. ქართველებმა თუ არ ვიმღერეთ ინგლისური სიმღერები, დეიღუპება ვითომ ამერიკელების საქმე?!

- ნუ უყურებთ მერე, თუ არ მოგწონთ! - ახლა თინეიჯერმა გოგონამ დაიცვა ამერიკული ესტრადა.

- მე მოვუსმენ თუ არა, მაგი არაა პრობლემა, - შენ და შენმა ტოლებმა არ უნდა თქვათ: ქართული სიმღერა რა მოსასმენიაო, თუ არა, გასკდა გული იმაზე დარდით, რომ ერთი-ორი თაობაც და წევიშლებით, ჩვენი კულტურიანად, ისედაც გადაშენების გზაზე მდგარი ქართველები! - ამოიოხრა ორმოციოდე წლის მამაკაცმა, რომელიც აქამდე ჩუმად იყო და არ შემეძლო, არ დავთანხმებოდი, რადგან თავადაც დიდი ხნის წინ დავკარგე ყველა იმ სატელევიზიო პროექტისადმი ინტერესი, რომლებშიც ყველაფერი ქართული უგულებელყოფილია.

იმდღევანდელმა ჩემმა თანამგზავრმა ერთი რამ სწორად აღნიშნა: იქნებ მართლა დადგა დრო, ვიღაცამ წესად დაამკვიდროს, რომ ყველა ქართულ კონკურსში ქართულად სიმღერა იყოს აუცილებელი და პრიორიტეტული და ერთ ტურში ავიტანთ უცხოური სიმღერების მოსმენასაც, თუ ეს ასე აუცილებელია. როგორც ერთი ჭეშმარიტება ღაღადებს - "ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ" - და 20 და 30 წლის წინ თუ ძირითადად, ქართულად მღეროდნენ დიდებიც და პირველ რიგში, პატარები, სწორედ ნანი ბრეგვაძემ, ირმა სოხაძემ, ნატო მეტონიძემ, ნუკრი კაპანაძემ, პირველმა "მზიურელებმა" და სხვებმა არ შეინარჩუნეს დღემდე სახელიც და პოპულარობაც?! ეს ინგლისურად მომღერალი ქართველი "ვარსკვლავები" კი ხშირად, ერთი წლის შემდეგაც არავის ახსოვს, რადგან მეხსიერებაში არ რჩება ის, რაც გულისთვისაა უცხო... ვიცი, ჟურნალისტმა თავისი აზრი არ უნდა მოახვიოს მკითხველს და გთხოვთ მომიტევოთ ზედმეტი გაცხარება.

ბოლოს კი ერთი პატარა გამოკითხვის შედეგი მინდა გაგაცნოთ: ამ მასალაზე მუშაობისას, 15-დან 75 წლამდე ასაკის 40 ადამიანს ერთი და იგივე შეკითხვა დავუსვი - უნდა იყოს თუ არა "საქართველოს ვარსკვლავის" და "ახალი ქართული ხმის" კონკურსებისთვის სავალდებულო, ძირითადი რეპერტუარის ქართულად შესრულება და უნდა ეწეოდნენ თუ არა მსგავსი კონკურსები ქართული მუსიკის პოპულარიზაციას? ჩემდა სასიხარულოდ, 40-დან 31-მა დამიდასტურა, რომ ქართული კონკურსების მიზანი სწორედ ქართული მუსიკის განვითარება და დაცვა უნდა იყოს და იქნებ უფრო ფართო მასშტაბითაც მოგვეწყო ამ საჭირბოროტო საკითხის განხილვა?!

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება