გამიზნული პროპაგანდა თუ "იაფფასიანი პიარი"

გამიზნული პროპაგანდა თუ "იაფფასიანი პიარი"

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი""ჩემი ცოლის დაქალების"შემოქმედებით ჯგუფს თამბაქოს პროპაგანდაში ადანაშაულებს და თუ ამ სერიალში თამბაქოს მოწევის კადრები მომავალშიც გაგრძელდება, ალიანსი აპირებს ამის აღსაკვეთად შესაბამის ორგანოებს მიმართოს. ალიანსის ხელმძღვანელის - გიორგი ბახტურიძის თქმით, ამ შემთხვევაში "ფორმულა კრეატივს", ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სა და დამფინანსებელ კომპანიას 1.500-დან 5 ათას ლარამდე საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს...

გიორგი ბახტურიძე, "თამბაქოს კონტროლის ალიანსის"ხელმძღვანელი:

- თავდაპირველად სერიალში ბიჭები ეწეოდნენ სიგარეტს, მაგრამ 2-3 თვეა, აქცენტი გოგონებზე კეთდება. სერიალის დამფინანსებელი - "ომეგა ჯგუფი"პირდაპირ კავშირშია კომპანია "ფილიპ მორისთან". გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოწევის პროპაგანდის მიღმა თამბაქოს კონკრეტული მწარმოებელი კომპანია იდგა, რაშიც ბოლოდროინდელი სერიალის ტიტრებითაც დავრწმუნდით, სადაც დასახელებულია "ომეგა ჯგუფი". ეს კომპანია პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ტრანსნაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ფილიპ მორისთან", "ომეგა ჯგუფი"მისი პარტნიორია და საქართველოში წარმოებული ბრენდების დისტრიბუციას ახდენს. ამ ფაქტით ირღვევა რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის მიხედვითაც, 2009 წლის პირველი სექტემბრიდან "აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი ანუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით, სპონსორობა".

- რა შეიძლება დაეკისროს "ფორმულა კრეატივს", თუკი ეს ფაქტი მართლაც რეკლამირებაში ჩაითვლება?

- სანქციები, რომელიც სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ "ფორმულა კრეატივს"არ დაეკისრება, არამედ სპონსორს ანუ დამკვეთს, დამამზადებელსა და გამავრცელებელს. ესენი კი არიან: კომპანია "ომეგა-მოტორსი", "ფორმულა კრეატივი"და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2".

- რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი, თუკი მსგავსი კადრები სერიალში კვლავ გამოჩნდება?

- ამ შემთხვევაში, რეაგირებისთვის ოფიციალურად მივმართავთ შს და ფინანსთა სამინისტროებს, ასევე - მერიის ზედამხედველობის სამსახურს. ვიდრე ამ თემას გავასაჯაროებდით, წერილობით მივმართეთ "ფორმულა კრეატივს", მივუთითეთ მუხლებიც, რომლებიც ირღვევა. მივეცით გარკვეული დროც, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე იყო სხვა სერიალებშიც; მივუთითეთ, გაითვალისწინეს და ბოდიშიც მოიხადეს.

- რა საჯარიმო სანქცია შეიძლება დაეკისროს ამ კომპანიებს?

- 1.500-დან 5.000 ლარამდე. როცა წლის დასაწყისში თამბაქოს გავრცელების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თამბაქოს ინდუსტრიამ თამბაქოს პოპულარიზაციის მიზნით, ინტენსიურად დაიწყო მსგავსი პროექტების დაფინანსება. ტელეკომპანიები ამაში ფულს იღებენ და სცენარისტებს თამბაქოს პროპაგანდას ავალებენ. ისინი სხვადასხვა შემოქმედებითი ხერხით, თამბაქოს რეკლამასა და პროპაგანდას უწევენ. მოგეხსენებათ, ეს სერიალი, რეკლამითა და პრომოუშენითაა გაჯერებული. ყველა ობიექტის ჩვენებისთვის სოლიდურ ფულს იხდიან იურიდიული თუ ფარმაცევტული კომპანიები, სავაჭრო ობიექტები თუ სხვა. "შუა ქალაქშიც"იყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ როგორც კი მივმართეთ, ბოდიშიც მოიხადეს და მას შემდეგ არც ერთ სერიაში არ ყოფილა ნაჩვენები თამბაქოს მოწევის ფაქტი.

ირაკლი საღინაძე, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების"პროდიუსერი:

- ეს არის უსუსური ორგანიზაცია, რომელიც არანაირ საქმიანობას არ ეწევა. როგორც ჩანს, ცდილობენ, პოპულარული თემის გამოდევნებით ადამიანებს საკუთარი არსებობის შესახებ შეახსენონ...

- მაგრამ ისინი კანონის ენით საუბრობენ და ამბობენ, რომ სერიალში მოწევის კადრების არსებობა თამბაქოს უწევს პოპულარიზაციას, რაც კანონით იკრძალება...

- რაში მდგომარეობს პროპაგანდა?! ტიტრებში ნახსენები "ომეგა მოტორსი"მათი აზრით, "მოტორიან სიგარეტებს"აწარმოებს? "ომეგა მოტორსი"არის "ბეემვეს"წარმომადგენელი საქართველოში. ჯერ ერთი, სპონსორიც არაა ჩვენი, უბრალოდ, ფილმისთვის - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი"ავტომანქანა გვათხოვეს, რომელიც დიტომ კატოს აჩუქა. ერთხელ იყო ფილმში მათი სერვისცენტრის ამსახველი კადრი.

- "თამბაქოს კონტროლის ალიანსი"აპირებს, შესაბამის ორგანოებს მიმართოს, თუკი სერიებში კვლავ იქნება მოწევის კადრები...

- ჩვენ კი მათ ცილისწამებისთვის სასამართლოში ვუჩივლებთ და ბევრ ფულს წავართმევთ... ისინი არიან აბსოლუტურად არაკომპეტენტური, არაინფორმირებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი თავის იაფფასიანი პიარი ჩვენი შავი პიარის ხარჯზე ააგონ. სასაცილო და სამარცხვინოა მათი საქციელი. ჩვენ ვიცნობთ კანონმდებლობას, ვიცით, რას და რატომ ვაკეთებთ. თამბაქოს მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების ან თვითონ თამბაქოს ბრენდების რეკლამირება არის აკრძალული და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. პირიქით, ვცდილობთ, იმ მანკიერი თვისებების წარმოჩენას, რაც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ახასიათებს, - ის, რომ ყველა ყველგან სიგარეტს ეწევა. ამით გვინდა ხაზი გავუსვათ და აქტუალური გავხადოთ თემა. ამისთვის, წესით, მადლობას უნდა გვიხდიდნენ მსგავსი კომპანიები...

- ანუ მომდევნო სერიებში კვლავ ვიხილავთ სიგარეტის მოწევის კადრებს?

- რა თქმა უნდა. ასეთი ადამიანების აზრებს რომ ვითვალისწინებდეთ, იდიოტიზმი გვექნებოდა ტელევიზიაში და არა ის, რაც გვაქვს...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება