"ჩემი ცოლის დაქალების" სანდრექსა - "მოგზაურობა ჩემთვის შთაგონებაა, ასევე გაქცევა რაღაცისგან"

"ჩემი ცოლის დაქალების" სანდრექსა - "მოგზაურობა ჩემთვის შთაგონებაა, ასევე გაქცევა რაღაცისგან"

სანდრო კაკულია უცნაური მოგზაურია, ასე საკუთარ თავს ახასიათებს და ძნელია, არ დაეთანხმო. მის ფოტოალბომში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის ნამყოფი, მოგზაურობის ამსახველ ვერც ერთ ფოტოს ვერ ნახავთ. მიზეზზე თავად მოგახსენებთ.

- მოგზაურობა არის ფენომენი, რომლის გარეშეც, მე მგონია, ადამიანი სრულყოფილი ვერ იქნება. ეს არ ეხება მოგზაურობას შოპინგისთვის, მხოლოდ გართობისთვის, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. მოგზაურობა გახლავთ ახალი გამოცდილების შეძენა. ადამიანისთვის არსებობს ცხოვრებისეული შთაგონების რამდენიმე ტიპი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მოგზაურობაა. ეს არის ჩემთვის როგორც შთაგონება, ასევე გაქცევა რაღაცისგან. საქმესთან დაკავშირებული გასვლებიც მქონია და უბრალოდ, თუკი ასე დავარქმევთ, გაქცევა შთაგონების ახალი წყაროს საძებნელად.

- პირველი ასეთი გაქცევა გახსოვს?

- თუ ჩვენ ჩემს მოგზაურობებს დავყოფთ ადგილობრივად და საზღვრებს გარეთ გასვლად, პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბზე უნდა ვისაუბროთ. 12 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან ქვათახევში წავედით, პირველი კარავი, პირველი მიტოვებული, დამწვარი მონასტრის კედელი, ღამის თევა მინდორში. ზოგადად, არაკომფორტული მოგზაურობა მძულს. ამ ლაშქრობაში კი ვიყავი პატარაობისას, მაგრამ მას შემდეგ ლაშქრობაში არ ვყოფილვარ. ვერ ვიტან დისკომფორტს, იმას, რომ ღამით უნდა დავწვე დასაძინებლად ისე, რომ არ ვიბანაო, როგორ უნდა ვიცხოვრო, თუკი მუდმივად არ მოდის წყალი, არ მაქვს საჭმელი და მძინავს მიწაზე. ჩემი მოგზაურობების დაგეგმვას კომოფორტის მიხედვით ვცდილობ. მოკლედ, გავიხსენე, როგორი იყო პირველი მოგზაურობა საქართველოში, ახლა კი გავიხსენებ საზღვარგარეთ პირველ გამგზავრებას - 15 წლის ასაკში, სპორტული ტრავმის გამო, მუხლის სამკურნალოდ ავსტრიაში წავედი. აქ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს, ავსტრიაში კი სხივური თერაპიით მკურნალობდნენ. ავსტრიაში ჩემმა ახლობელმა ოჯახმა წამიყვანა. ჩემი ძმაკაციც მახლდა და კიდევ ერთი მათი ახლობელი ოჯახიც. ზაფხული იყო, ჯერ ვენაში ჩავედით. ტური შემდეგნაირად იყო დაგეგმილი, 20 დღის განმავლობაში უნდა გვენახა ვენა და ასევე კურორტი, ფუშელ ამზე, რაც ნიშნავს ტბასთან ახლოს. ვენაში ექიმის მონახულების შემდეგ, როცა ერთი კვირის განმავლობაში დამინიშნეს სხივური თერაპია, გადაწყდა, რომ ჯერ ზემოხსენებულ კურორტზე წასვულიყავით და მერე დავბრუნებულიყავი ვენაში სამკურნალოდ.

კურორტზე ერთი კვირა გავატარე და პირველივე დღეს ველოსიპედზე დავჯექი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ამიკრძალა (იღიმის). ძალიან მიყვარს მოგზაურობისას მარტო სიარული. ეს არის, რის გამოც მიყვარს სხვაგან წასვლა. თუკი ჩემს მოგზაურობას არ ახლავს თავგადასავლები, მაშინ ვთვლი, რომ იმ მოგზაურობით ვერაფერი მივიღე. ისტერიკაში ვვარდები ერთ შემთხვევაში - თუკი მოგზაურობამდე ინტერნეტში არ დავგუგლავ და არ მოვიძიებ საინტერესო ინფორმაციას იმ ადგილის შესახებ, სადაც წასვლას ვგეგმავ. იქ ჩასულმა აუცილებლად უნდა დავიწყო მარტო ხეტიალი და ახლავე გეტყვი რატომ - რაიმე რომ მოხდეს, ხომ უნდა ვიცოდე, სად არის ახლოს აფთიაქი, სუპერმარკეტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ასევე საავადმყოფო? ფეხით დავდივარ და პირველ რიგში, ამ დაწესებულებებს ვეძებ. ფობიასავით მაქვს, რომ ცივილიზაციის გარეშე დიდხანს ვერ ვჩერდები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება მაქვს მოგზაურობისას - არ მიყვარს, სხვა ქვეყანაში ყოფნისას თავს რომ ტურისტად ვგრძნობ. ამიტომ ორი დღის ჩასული ისე ვიქცევი, თითქოს იქ ვცხოვრობ. არ ვარ გაოცებული ღირსშესანიშნაობებით, ფეხითაც იმიტომ დავდივარ, რომ თავი შინაურად ვიგრძნო და მესამე დღეს უკვე ისე დავდივარ, გეგონება, იქ ვცხოვრობ. ჩემთვის ტურისტი დაბალი სტატუსის მატარებელი მოგზაურია. აი, ტიპური ტურისტები არიან იაპონელები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, მხოლოდ 20 დღე აქვთ შვებულება, ამიტომ ვისაც ნანახი გყავთ იაპონელი ტურისტები, აუცილებლად გაიხსენებთ, რომ ეს არის ჯარი, "მანიაკების" ჯგუფი, ბოლო მოდელის ფოტოაპარატებით და რას შვრებიან იცი დროის უქონლობის გამო? დარბიან და ყველაფერს იღებენ. მათ აქ აქვთ იმის დრო, რომ ერთი დღით მაინც წამოწვნენ და ჩემსავით გარემოთი ისიამოვნონ. მოგზაურობას გემოს ვერ ატანენ. სახლში დაბრუნებულები თავიდან იწყებენ ფოტოების დათვალიერებას, რადგან არაფერი ახსოვთ.

- შენ, როგორც მივხვდი, არ ხარ ასეთი მოგზაური.

- ჩამოვთვლი, რაც გამახსენდება და სადაც ვარ ნამყოფი - ვენა, ზალცბურგი, მიუნხენი, პრაღა, სტამბოლი, ბარსელონა, კრაკოვი, საოცარი ქალაქი... კიდევ პატარ-პატარა ქალაქებში ვარ ნამყოფი თითო-თითო დღით და მათ აღარ ჩამოვთვლი.

ახლა, ინტერვიუსას ვცდილობ გავაანალიზო და სახელი დავარქვა, რა ტიპის მოგზაური ვარ და დასკვნა ასეთია, რომ ვარ უცნაური მოგზაური. იმის გამო, რომ ვცდილობ, თავი შინაურად ვიგრძნო, დაგეგმილად არ ვნახულობ იმ ღირსშესანიშნაობებს, რაც აუცილებელი სანახავია. მაგალითად, ვენაში რომ არ ნახო შტეფანსდომი, პარიზში - ეიფელი. ვენაში რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი და სპეციალურად არ მივდიოდი შტეფანსდომის სანახავად, სანამ იქ შემთხვევით არ მოვხვდი. მე არ ვყიდულობ კიოსკში ტურისტულ რუკას, სადაც დატანილია ტურისტული მარშრუტი. ამის გამო თითქმის არ მაქვს ფოტოები, სადაც მოგზაურობისას ვარ გადაღებული. თუკი ადამიანი თავს ტურისტად არ აღიქვამს, რატომ გადაიღებს ფოტოს ღირსშესანიშნაობასთან?!. დრო მენანება, რომ ვიდგე და ვიღო ფოტოები, ეს მოგონილი რაღაცაა, რადგან ტვინში ბევრი რამ მრჩება, ფოტოს ალბათ იმისთვის იღებენ, რომ ასი წლის მერე შვილიშვილებს აჩვენონ ან დღეს "ფეისბუქზე" დათაგონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება