ბანკის კრედიტებით დაზარალებული ცნობილები და მათი სამუდამოდ დაკარგული თანხები

ბანკის კრედიტებით დაზარალებული ცნობილები და მათი სამუდამოდ დაკარგული თანხები

პრაქტიკულად, ოჯახი არ არსებობს, ბანკის კრედიტი, ან ზოგადად, ვინმეს ვალი არ ჰქონდეს.

ზოგიერთი პატიოსანი გადამხდელია და თვიდან თვემდე ახერხებს სესხის დაფარვას, ზოგი უბრალოდ, მატყუარაა და გარკვეული მაქინაციებით აპირებს ფონს გასვლას. ვიღაცას ასეთი საქციელი გასდის, ვიღაცას კი სიცოცხლის ფასად უჯდება... მაგრამ არიან მევალეები, რომლებიც გარკვეული მიზეზით, აღებული კრედიტის გასტუმრებას ვეღარ ახერხებენ და სერიოზული პრობლემები ექმნებათ.

მოკლედ, როგორც იტყვიან, თუ ადამიანის შეცნობა გინდა, ფულთან "ურთიერთობაში" უნდა გამოსცადოო. "ამბები.გე" რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა და სწორედ ფულის თემაზე ესაუბრა;

თამუნა მუსერიძე, ტელე-რადიოწამყვანი:

- ვალის გარეშე, ალბათ, რჩეულებისთვის შეიძლება ცხოვრება, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის - არა.

- ხშირად გაქვს ხოლმე ვინმეს ვალი?

- ვინმეს ვალი არა, მაგრამ ბანკის ვალი მაქვს.

- პატიოსანი გადამხდელი ხარ?

- ჩემზე კარგი გადამხდელი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება. თუმცა ერთხელ ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა.

- რას გულისხმობ?

- ერთ-ერთი ბანკიდან ავიღე სამომხმარებლო სესხი. უფრო სწორად, ჩემს დაქალს გამოვუტანე, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ის თანხას ყოველთვიურად უგზავნიდა დედამისს, რომელიც ამ სესხს ფარავდა. თან, წლების განმავლობაში მაგ ბანკში მერიცხებოდა ხელფასი. თანხის გამოტანიდან 3 წლის შემდეგ, ჩემთან სახლში დარეკა ბანკის თანამშრომელმა და დედაჩემს უთხრა, რომ ბანკში დავალიანება 3.100 ლარი მქონდა. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში დედაჩემის მდგომარეობა, - ქალი გაგიჟდა. მოკლედ, მეორე დღეს მივედი ბანკში და აღმოჩნდა, რომ იმ ჩემს ძვირფას მეგობარს საერთოდ არ გადაუხდია არც ერთი თეთრი.

ბანკსაც იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის თავის დროზე დაერეკა, აცადეს, სანამ პროცენტები არ დაგროვდა და მერე პრობლემურ გადამხდელთა განყოფილებას გადასცეს. არადა, როგორც გითხარით, იქ მერიცხებოდა ხელფასი. თანაც, სოლიდური და თავისუფლად შეეძლოთ, რომ ყოველთვიურად იქიდან ჩამოეჭრათ. მოკლედ, თანხა საბოლოოდ ბანკმა მე გადამახდევინა.

- სად არის შენი მეგობარი და რას გეუბნება?

- მითხრა: გადავიხდიდი, რა ისტერიკას მიწყობდიო და აღარ მეკონტაქტება. ეს ამბავი 4 წლის წინ მოხდა, მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი. მოკლედ, მაგ დანაკარგს აღარავინ დამიბრუნებს.

- ბანკის გარდა, კერძო პირისგან თუ გისესხია ფული?

- სოლიდური თანხა - არა. ისე, ძირითადად მე მთხოვენ ხოლმე. თან ისინი, ვინც წესით არ უნდა მთხოვოს და მერე აღარ მიბრუნებენ. ისე, ახლო მეგობრებისგან ცოტ-ცოტას კი ვსესხულობ. ცოტა გულმავიწყი კი ვარ და ამიტომ ისეთებს ვთხოვ თანხას, ვინც შემახსენებს, რომ მისი ვალი მაქვს და არ იფიქრებს, რომ "გადავაგდე". ისე, ჩემი ფული როცა მართებთ, ეგეც მავიწყდება და თავისი ნებით თუ არ დამიბრუნეს, არ მახსოვს ხოლმე.

მარკუს მეტრეველი, მომღერალი:

- ვალის გარეშე ცხოვრება შეიძლება თუ არა? გააჩნია რომელ ქვეყანაში დაიბადე, იზრდები და რომელ ქვეყანაში ხდება შენი პროფესიული ზრდა და განვითარება.

- ამ შემთხვევაში საქართველო იგულისხმება.

- ვალის აღება რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თანაც იმიტომ, რომ ადამიანმა ელემენტარული, მისთვის სასურველი ნივთი შეიძინოს (ავეჯი, ავტომობილი). მოკლედ, ვალს იმიტომ იღებს, რომ ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში, ძალიან დაბალი ხელფასებია და ადამიანებიც ნაკლებად არიან დასაქმებულები.

- ანუ შეუძლებელია ვალის გარეშე საქართველოში ცხოვრება?

- კი, შეუძლებელია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც საშუალო ფენას ეკუთვნის, რადგან მათ არ აქვთ სამწუხაროდ, შესაბამისი ანაზღაურება, რომ თავისუფლად შეიძინონ მათთვის სასურველი ნივთები.

- პირადად თუ გაქვს ბანკის ვალი?

- ეს იმდენად პირადი თემაა, რომ ვფიქრობ, არავისთვის იქნება საინტერესო. თან, არ იქნება გამართლებული, საჯაროდ გამოვიტანო ჩემი პირადი ვალდებულებები, ამიტომ თავს შევიკავებ.

- თავად ვინმესთვის თუ გისესხებია თუნდაც მცირე რაოდენობის თანხა?

- კი, გასესხებით გამისესხებია და თან, ბევრჯერ და უკან არასდროს ამიღია. არასდროს... ამიტომ ჩემი 2 შვილი დავიფიცე, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს და დახმარება მთხოვოს, არასდროს, არავის 1 ლარსაც კი არ ვასესხებ...

- თავად როგორი გადამხდელი ხარ?

- თუ ვალი ამიღია, გამისტუმრებია. მყავს საკმაოდ ცოტა მეგობარი (ერთი-ორი), ვისაც თამამად ვეტყვი, ამდენი თანხა მჭირდება, მასესხე და ამა და ამ დროს დაგიბრუნებ-მეთქი და დათქმულ დროს ვუბრუნებ... საერთოდ, არ მიყვარს, როცა ვალს მე ვიხდი, ჯობია, თვითონ გადამიხადონ. თუმცა ფანტასტიკური გადამხდელი ვარ...…ხოლო გამყიდველებს, ვინც გროშებზე იყიდებიან, ჩემს სამეგობროში ადგილი არ მოეძებნებათ. ის, ვინც შემომრჩა, ჩემი ღირსეული მეგობრები არიან და ვიმეორებ, ასეთი სულ ერთი-ორია.

გია ჯაჯანიძე, ფსიქოლოგი:

- მქონია ბანკის ვალი, მაგრამ იმ პერიოდში ისეთი შეწუხებული ვიყავი, რომ რა გითხრათ. როდესაც ახლოვდებოდა გადახდის ვადა, საოცარი მოუსვენრობა და დისკომფორტი მექმნებოდა. იმის მერე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბანკიდან კრედიტი არ ავიღო.

ადრეულ წლებში, როდესაც ტელევიზიის "I არხზე" ვმუშაობდი, ერთ ადამიანს ვასესხე ფული. ის პიროვნება როცა მხვდებოდა, მუდმივად წუხდა იმაზე, რომ ვერ მიბრუნებდა ვალს, რეალურად კი მატყუებდა.

- დიდი თანხა ჰქონდა დასაბრუნებელი?

- არც ისე, მაგრამ იმ პერიოდისთვის 50 ლარი არ იყო ცოტა. მოკლედ, მისი ”ზეგ დაგიბრუნებ” და ”ორ-სამ დღეში”, არ მთავრდებოდა. საბოლოოდ, მან ის თანხა არ დამიბრუნა.

- ახლა თუ კონტაქტობ იმ ადამიანთან?

- კი, მშვენივრად ვურთიერთობთ, - თბილად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ მეც მახსოვს, რომ მას ჩემი ვალი დღემდე არ გაუსტუმრებია და, ალბათ, მასაც ახსოვს ეს ოღონდ, ამაზე არც ერთი ვლაპარაკობთ.

საერთოდ, თუ ვინმეს ჩემი ვალი აქვს და ვერ მიბრუნებს, უცნაურია, მაგრამ უხერხულობა მე უფრო მექმნება, როდესაც ვხვდები, ვიდრე მას. ერთხელ ჩემი მევალე ტელევიზიის ფოიეში რომ დავინახე, გავიქეცი და კედელს ამოვეფარე, რომ პირისპირ არ შემხვედროდა. გვერდით მყოფმა მითხრა, - რატომ ემალები, მისი ვალი გაქვსო? არა, მას აქვს ჩემი ვალი-მეთქი. არც იმას არ მოუცია დღემდე ის ფული.

ერთხელაც, ისეთ ადამიანს ვასესხე, წინასწარ რომ ვიცოდი, რომ ვერ დამიბრუნებდა. ის დღემდე ამბობს, რომ მომდევნო თვეში გადავიხდიო, მაგრამ... ამ ყველაფრის შემდეგ, ვალის აღებას საშინლად გავურბი, თუ ფული დამჭირვებია და არ მქონია, სახლიდან ამიღია რაღაც ნივთი, გამიყიდია და ვალის აღებას ასე ავცდენივარ.

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- მიმაჩნია, რომ მართლაც შეიძლება, ისე იცხოვრო, რომ ვალი არ აიღო.

- თუ ძალიან გინდა ამა თუ იმ ნივთის შეძენა, ან სახლში რემონტის გაკეთება და ფული არ გყოფნის?

- კი, მაგრამ უნდა ეცადო, რომ თავი იმ სურვილზე მაღლა დააყენო... არა, ვალს არ ვიღებ...

- სხვისთვის თუ გისესხებია თანხა?

- თუ მომმართავენ და იმ პერიოდში ვმუშაობ და ფული მაქვს, ვაძლევ, განსაკუთრებით მიხარია, როდესაც მიბრუნებენ. ზოგი ისეთია, თუ არ შეახსენე, არ ახსოვს. განსაკუთრებით მიჭირს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც მამუშავა, კონცერტი წამაყვანინა და არ გადამიხადა ჩემი კუთვნილი თანხა. ეს ამბავი მაგიჟებს და ყველა ხერხს მივმართავ, რომ იმ ადამიანმა ფული დამიბრუნოს, რომ მას თავისი არ გავატანინო.

ვერ ვეგუები იმას, რომ ვიღაც მიყენებს. რატომ არ უნდა გადამიხადოს? მამუშავა, ენერგია დამახარჯვინა... კონცერტის ერთი ორგანიზატორი გაუთავებლად მატყუებდა და მერე დავემუქრე: შენი ამ საქციელის შესახებ ქვეყანას მოვდებ, ჟურნალისტებს, ტელევიზიებს ამ თემაზე ინტერვიუებს მივცემ-მეთქი. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიპოვე ჩემი კუთვნილი, ნაშრომი თანხა. მსახიობებს ისედაც მიზერული ანაზღაურება გვაქვს და იმასაც რომ არ გადაგიხდიან...

- ესე იგი, ფული არასდროს დაგიკარგავს?

- ერთხელ დავკარგე, ბაზრობაზე ჯიბიდან ამომაცალეს და კინაღამ გადავყევი მაგ ამბავს. რომ ვიცოდე, ვიღაცას ჩემი ვალი აქვს და არ მიბრუნებს, არაფრით შევარჩენ. ამას მირჩევნია, მთხოვოს, - მაჩუქეო და ვაჩუქებ, ოღონდ, ნუ მომატყუებს, რომ ვალად უნდა.

- ბანკიდან კრედიტი თუ აგიღია?

- მე არა, მაგრამ ჩემმა ოჯახმა (მშობლებს ვგულისხმობ) აიღო და საოცრად ცუდ დღეში არიან. ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს კრედიტი, თავიდან იხდიდნენ, მერე ვეღარ შეძლეს გადახდა და ახლა რთულად არის საქმე. არც ვიცი, ვინმე თუ დაგვეხმარება და გვიშველის. ვეღარ ვიხდით.

- და შეიძლება, სახლი დაკარგოთ, რომელიც კრედიტის სანაცვლოდ, ბანკშია ჩადებული?

- კი, თითქოს რაღაცები გაირკვა, მაგრამ ერთბაშად დიდი თანხის შეტანა მოგვთხოვეს, რომელიც არ გვაქვს და არც ვიცი, ეს საკითხი როგორ გადაწყდება. ამიტომ თუ სტაბილური შემოსავალი არ გაქვს, არ უნდა გარისკო ბანკის ვალის აღება.

ლალი ფაცია

აპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება