რატომ უწოდა ყალბმა "ნინა წკრიალაშვილმა" ნინა წკრიალაშვილს აფერისტი

რატომ უწოდა ყალბმა "ნინა წკრიალაშვილმა" ნინა წკრიალაშვილს აფერისტი

"ფეისბუქზე" ცნობილი ადამიანის დამეგობრება რომ გინდოდეს, გაგიჭირდება, რადგანაც თითოეულის სახელითა და გვარით რამდენიმე გვერდი მაინც არის გახსნილი და მათში რეალური პიროვნების გარჩევა რთულია. შეგხვდებათ რამდენიმე კახი კალაძე, რამდენიმე ნანკა კალატოზიშვილი, ქეთა თოფურია, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ანრი ჯოხაძე, რუსკა მაყაშვილი, ნინა წკრიალაშვილი. სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ქეთა თოფურიას სახელით, "ფეისბუქზე" უცნობმა ადამიანმა ჟურნალ "გზას" ინტერვიუ მისცა, რამაც ქეთას აღშფოთება გამოიწვია, მით უფრო, რომ ყალბი ქეთა მისი მეგობრის, ნინი ბადურაშვილის პირად ცხოვრებაზე იძლეოდა პრესისთვის ინტერვიუს. ამის შემდეგ თოფურიამ საზოგადოებისთვის ინტერნეტის საშუალებით საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომ ინტერვიუ მას არ ეკუთვნის და "ფეისბუქზე" გვერდი საერთოდ არ აქვს. იმავე ვიდეოში მომღერალმა ჟურნალისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ადამიანები, ვინც ამაში მონაწილეობს, გააფრთხილა, განმეორების შემთხვევაში, სამართლებრივად აგებენ პასუხსო.

ამ თემასთან დაკავშირებით "ამბები.გე" ნინა წკრიალაშვილსა და ქრისტინე იმედაძეს დაუკავშირდა.

ნინა წკრიალაშვილი:

- ეს მართლა პრობლემა და ადამიანის უფლებების დარღვევაა. კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს კანონი მსგავსი ქმედებების ასაკრძალად. ჩემი სახელით ვიღაც არის "ოდნოკლასნილებშიც" და "ფეისბუქზეც". იმ დღეს ჩემ გვერდს ვეძებდი მეგობრის კომპიუტერიდან და გული გამისკდა იმდენი "ნინა" იყო დარეგისტრირებული. მერე მივწერე, - ვინ ხარ-მეთქი? - ნინა ვარო, - მიპასუხა. მაშინ მე ვიღა ვარ-მეთქი? - ვიღაც აფერისტიო... გული გამისკდა. ვინ იცის, რას არ წერს ჩემი სახელით ხალხს? ძალიან უხერხულია და მართლა მაწუხებს ეს საკითხი.

- როგორ ფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე?

- ადამიანს, რომელიც სხვისი სახელით რეგისტრირდება, ვფიქრობ, მას უკვე ფსიქიატრიული პრობლემა აქვს, ან უბრალოდ სურს, რამე ავნოს ადამიანს, ან იმდენად უყვარს ის, რომ უნდა "ის" იყოს და არც ეს შემთხვევა მიმაჩნია ჯანსაღად.

- "ფეისბუქიდან" ვინმეს შენი სახელით ინტერვიუ ხომ არ მიუცია?

- ინტერვიუ არ ვიცი, მაგრამ რაღაც უაზრო კომენტარებს აკეთებენ, რაც მაგრად მაღიზიანებს... ძალიან მეცოდებიან ასეთი ადამიანები... თითოეულს ისეთ საინტერესო ცხოვრებას ვუსურვებ, რომ არა თუ სხვების სახელით, "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდისთვისაც ვერ მოიცალონ... ისე, სიმართლე რომ გითხრა, უკვე აღარც ვბრაზდები. თავიდან ძალიან ვღიზიანდებოდი, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, ამ ადამიანებს დიდი პრობლემა აქვთ და სიამოვნებას განიცდიან, როდესაც სხვებს ლანძღავენ. ამიტომ მათ მიმართ, თანაგრძნობის გარდა, სხვა არაფერი დამრჩენია.

- სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის გარკვევა ვერ ხერხდება. "ფეისბუქი" ვერ ახდენს იდენტიფიცირებას იმ ადამიანებისა, ვინც სხვების სახელით რეგისტრირდება...

- ძალიან რომ მოინდომოს ადამიანმა, მოხერხდება. უბრალოდ, უნდა აღიძრას საქმე, მაგრამ ჯერ რატომღაც ყველა თავს იკავებს, მაგრამ ვგრძნობ, მალე არავინ შეიკვებს თავს და მერე ნელ-ნელა ისწვლიან ჭკუას.

- თუ იცი, "ფეისბუქზე" შენი სახელით რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული? მე მაგალითად, რამდენიმე ვნახე და რეალური ქრისტინეს პოვნა გამიჭირდა...

ქრისტინე იმედაძე:

- ზუსტად არ ვიცი, ჩემი სახელით რამდენი ადამიანია, მაგრამ ვიცი, რომ არა ერთია, თან, ჩემს სახელს სხვადასხვანირად წერენ: ხან hristine, ხან qristine, ხანაც kristine. მოკლედ, ბევრნი არიან. სიმართლე რომ გითხრა, ვერ ვხდები, რაში სჭირდებათ ეს და რას ემსახურება "ფეისბუქზე" ასეთი გვერდების შექმნა.

- თუ შეგქმნია იმ ადამიანებისგან პრობლემა, ვინც ცდილობს, დაიბრალოს, რომ ქრისტინე იმედაძეა?

- ჩემ მაგივრად, სხვადასხვა პოსტზე როდესაც კომენტარებს აკეთებენ, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, ან რა სასიამოვნოა?! თუმცა რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შემქმნია.

- როგორ გგონია, რატომ აკეთებენ ამას?

- ალბათ ზოგი იმიტომ აკეთებს ასეთ გვერდებს, რომ შენი გულშემატკივარია, თუმცა ალბათ ისეთებიც არსებობენ, ვისაც კეთილი ზრახვები არ ამოძრავებთ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დამიმეგობრა - "ჩვენ გვიყვარს ქრისტინე იმედაძემ". ეს ნამდვილად პოზიტიურად განწყობილი ადამიანის გაკეთებულია, არც არაფერს იბრალებს და სასიამოვნოც არის.

- შენ ნაცვლად ვინმეს "ფეისბუქის" საშუალებით თუ მიუცია ინტერვიუ, ანუ ისე, რაც ქეთას შემთხვევაში მოხდა?

- კი, რთულია რეალურისა და არარეალური პროფაილების იდენტიფიცირება, რადგან ისინი ბევრ შენ რეალურ ნაცნობებსაც იმეგობრებენ, იგივე პროფილის ფოტოს აყენებენ, სტატუსსაც "აკოპირებენ" და უკვე შეუძლებელია, გაარჩიო, რომელია ნამდვილი და რომელი - არა.

ქეთას შემთხვევა კი უკვე ყველანაირ ზღვარს გადასცდა, ყველანი ძალიან გავღიზიანდით, როდესაც გავიგეთ ქეთას პირად ცხოვრებაზე ჩვენთვის უცნობი ადამიანი მისი სახელით რომ მსჯელობდა, საჯაროდ თავის აზრს გამოთქვამდა (თან ისე, რომ რეალური ქეთას აზრს საერთოდ არ ემთხვევა). ასეთ დროს მეც ჩემი მეგობარივით ვიდეომიმართვას გავაკეთებდი, რომ ჟურნალისტები მომავალში აღარ გაბმულიყვნენ თაღლითების მახეში. რომ ყალბი ქრისტინესგან არ აეღოთ ინტერვიუ... ერთიც მინდა ვთქვა, ერთი "ფეისბუქ" პროფილი მაქვს ანუ ქრისტინე იმედაძე, სადაც მეგობრების ლიმიტია და ყველას ვერ ვიმატებ. ამიტომ, დიდი ბოდიში მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, ვისაც ჩემთან დამეგობრება სურს და ეს ვერ ხერხდება. ამიტომ არსებობს ჩემი მეორე გვერდი ანუ "fun page chqristine imedadze", რომელსაც თვითონ ვაკონტროლებ და შეუძლიათ, ის გვერდი მოიწონონ და მეგობრობა იქ გავაგრძელოთ. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველას გამოვეხმაურო, ვუპასუხო და მათ შენიშვნებს თუ კეთილ სურვილებს გავეცნო.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება