რატომ არ მოსწონს ნუგზარ კვაშალს კულტურის სამინისტროს მუშაობა

რატომ არ მოსწონს ნუგზარ კვაშალს კულტურის სამინისტროს მუშაობა

მომღერალი ნუგზარ კვაშალი კულტურის სამინისტროს ესტრადის მომღერლების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევს... ამბობს, რომ მცირე ხანს პოლიტიკაში იყო და მიხვდა, ეს მისი საქმე არ არის. მომღერალი კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზეც ლაპარაკობს და ანსამბლ ''ივერიას'' 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით თაყვანისმცემლებს სიურპრიზს ჰპირდება.

- ანსამბლი ''ივერია'' ძველებურად ვეღარ ფუნქციონირებს, მაგრამ გასაკვირი არაფერია, დროის გასვლასთან ერთად ახალი ანსამბლები ''იბადებიან'' , ოღონდ ჩვენთან სხვანაირად ხდება. ახალი ანსამბლები არ არიან. წლების წინ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ცვენა იყო. ახლა ვითომ თანამედროვეობას აჰყვნენ და ქართულ ფესტივალებსა და კონკურსებში ქართული სიმღერა ამოიღეს, ან ინგლისურად მღერიან, ან რუსულად, რადგან ქართული სიმღერა ძნელი შესასრულებელია და მისი მსმენელამდე მიტანა უჭირთ. ყოველი მეორე ქართველი მღერის, მაგრამ კარგად - ძალიან ცოტა. გოგი დოლიძეს ამის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. საოცარი ნიჭი აქვს თემურ წიკლაურსაც... ის კი, რასაც ჩვენი დღევანდელი ''მომღერლები'' სიმღერას უწოდებენ, უბრალოდ ჰობია. ამ ხნის კაცი ვარ და დღესაც მყავს როკჯგუფი, ვიკრიბებით, ვუკრავთ, ეს გვაახალგაზრდავებს და ენერგიით გვავსებს...

წელს ანსამბლ ''ივერიას'' დაარსებიდან 45 წელი გვისრულდება, - ვაიმე, როგორ დავბერდით... გვინდა, შემოდგომაზე ოთხ დიდ ქალაქში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში საიუბილეო კონცერტები გავმართოთ. საბჭოთა კავშირის ანსამბლები ჩვენზე - ''ორერაზე'' , ''ივერიასა'' და სხვა ქართულ ანსამბლებზე აკეთებდნენ სწორებას. არადა, ჩვენ რომ ვმღეროდით და ჯიმი ჰენდრიქსის ჰარდ-როკს ვუკრავდით, ესენი დაბადებულიც არ იყვნენ.

- ''ახალ ტალღაზე'' სალომე ქათამაძე მეორე ადგილზე გავიდა. უყურეთ ამ კონკურსს?..

- კი, ძალიან მომეწონა სალომე. ძალიან ლამაზია და კარგადაც მღერის... იცით, რა ვერ გავიგე? ქართველი ჟურნალისტები თუ წამყვანები რომ გაჰკიოდნენ, მეორე ადგილი 30 ათასი ევროაო, უკაცრავად, მაგრამ იქნებ, სულ არ უნდა იმ გოგოს ამის აფიშირება. მესმის, რომ საკონკურსო ბიუჯეტი თანხით განისაზღვრება, მაგრამ მაინც არ არის ლამაზი. ჩვენ დროს პირველი ადგილი ასი მანეთი იყო, მეორე - 50 და მესამე, ტრამვაის ბილეთი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა... ახლა სალომეს გამარჯვება უნდა გაგრძელდეს და მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით კონცერტები უნდა გამართოს. დუეტმა ''ჯორჯიამ'' 2008 წელს გაიმარჯვა და აგვისტოს ომის გამო ტურნეზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს... სალომეს მეორე ადგილზე გასვლაზეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ყველაფერი კუტუნიოს რომ დააბრალეს, მასეც არ არის, ძალიან ბევრ ჟიურიში ვარ ნამყოფი და ვიცი, იქ რა ხდება კონკურსის დროს. სალომემ ძალიან რთული სიმღერები შეასრულა, მაგრამ ''ჯორჯიასთან'' ნამღერმა, მართალი გითხრათ, დამაბნია. ვერ მივხვდი, რატომ შეურჩიეს ეს სიმღერა. კონკურსზე ყოველთვის ისეთი რამ უნდა შეარჩიო, რომელიც ყველას კარგად მოხვდება ყურში. კუტუნიოს რა ესმის ქალაქური, ყარაჩოხლური ან ფოლკლორი, ეუცხოვა და გამოხატა კიდეც. ეს ხომ ევროპული ფესტივალია. ლეონიდ აგუტინმაც თქვა, პირველი ისე იმღერა, ''დაგლიჯა'' და მეორეზე ვნახოთ, რას იზამსო. მათ ენერგიული სიმღერა სჭირდებოდათ. კუბელმა სწორად შეარჩია რეპერტუარი და თავისი ვიზუალით გავიდა ფონს. კულტურის მინისტრმა უთხრა კიდეც, შენ მარტო იარე სცენაზეო, თორემ სალომემ ის ბიჭი ვოკალური მონაცემებით ჯიბეში ჩაისვა... ერთი საბჭოეთისდროინდელი ანეკდოტი გამახსენდა, რუსის ლამაზ ქალს რომ ეუბნებიან, შენ მხოლოდ იარე სცენაზე და დანარჩენი თავისით მოვაო... ასე რომ, გული დამწყდა, პირველზე ის კუბელი რომ გავიდა. ისე კი, გადამრიეს, კაცო, ამ ქათამაძეებმა, ასეთი ნიჭიერები როგორ არიან მუსიკაში, ჯერ ნინოზე გავგიჟდი, რა ვოკალი აქვს, ახლა ეს გოგონა... შეყვარებული ვარ მათზე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება