ნინო მუმლაძე - "სიყვარული სიგიჟეა"

ნინო მუმლაძე - "სიყვარული სიგიჟეა"

"ამ რუბრიკაში სტუმრობა რისკია, რადგან შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები სააშკარაოზე გამოგაქვს. არც ისაა გამორიცხული, ვინმემ კრიტიკის ქარცეცხლში გაგხვიოს", - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე და დასძენს, რომ ცუდი მკითხველი არასოდეს ყოფილა. ბავშვობაში რომელი წიგნითაც დაინტერესდებოდა, მეორე დღესვე ბიბლიოთეკარ დეიდას მასთან მიჰქონდა და დღემდე ასე გრძელდება.

- ნინო, ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- მიყვარს, როცა სხვა თამაშობს. აზარტული ადამიანი ნაკლებად ვარ, რისკზე წასვლა არ მიყვარს.

- როგორი მკითხველი ხარ?

- კითხვა დიდი სიამოვნებაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მოუცლელობის გამო ისე აქტიურად ვეღარ ვკითხულობ. ავტორებიდან გამორჩეულად ძმები სტრუგაცკები მიყვარს. რუსულ ლიტერატურას ყოველთვის ორიგინალში ვკითხულობ, თარგმანს ბევრად ჯობია. სტრუგაცკების სამყარო მაოცებს. ისინი მწარე რეალობას ძალიან საინტერესოდ ფუთავენ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ჰენრიკ იბსენის ნორასთან ("თოჯინების სახლი"). ეს არის პერსონაჟი, რომელიც ყველაზე ხშირად მახსენდება. იბსენმა პიესა XIX საუკუნეში დაწერა. მაშინდელ ნორას XXI საუკუნის საქართველოში იშვიათთად შეხვდები. სამწუხაროდ, ნორასნაირი ქალები თითზე ჩამოსათვლელები არიან.

- რას გულისხმობ?

- მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, ბევრი ქალი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდა.

- ნორას ჰგავხარ?

- მთელი ცხოვრება ვიბრძვი, მინდა, დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანი ვიყო. არის ჩემში რაღაც ნორასეული (იცინის). დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი მეგობრები ვიქნებოდით.

- ახლა რას კითხულობ?

- ახლახან ზურა ქარუმიძის "ჯაზის ცხოვრება" დავამთავრე. სანამ წავიკითხავდი, ბევრი ადამიანისგან მესმოდა, კარგი წიგნიაო. მათ რიგს მეც შევუერთდი, მართლა კარგი წიგნია.

- დასვენებას სად აპირებ?

- ჯერ არ გადამიწყვეტია, რადგან სატელევიზიო პროექტზე ვმუშაობ. არ ვიცი, რა იქნება. "პილოტის" ჩასაწერად ვემზადებით. თუ ყველაფერი კარგად დამთავრდება, ამ ჩანაფიქრზე მერე ვილაპარაკოთ.

- შენი გმირი ნათია ("ჩემი ცოლის დაქალებიდან") ხომ არ მოგენატრა?

- გმირზე რა გითხრა, მაგრამ სერიალის გადაღების პროცესი მართლა ძალიან მომენატრა. მუშაობა, როგორც ფილმზე, ისე მიდიოდა. ნებისმიერი მსახიობი დამეთანხმება, გადასაღებ მოედანზე ყოფნა ასეთ დროს უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვეულებრივად, სერიალის სტუდიური გადაღებისას.

- შემოქმედებით საქმიანობაში სიახლე ხომ არ გაქვს?

- ცოტა ხნის წინ ქართულ-აზერბაიჯანულ ფილმში გადამიღეს. მართალია, ეპიზოდური როლი მერგო, მაგრამ საინტერესო სამუშაო იყო. ფილმი 16 სერიისგან შედგება.

- რომელიმე თეატრიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ გაქვს?

- არა. 2 წელია, თეატრის სცენაზე აღარ მითამაშია. ამას ძალიან განვიცდი, თეატრი მენატრება.

- არაბეთის ქვეყნებში მამაკაცები გრძელ, თავისუფალ თეთრ ტანსაცმელს ატარებენ, ქალები კი - შავ სამოსს. არაბების თვალთახედვით, რატომ უნდა ატარებდეს ქალი მხოლოდ შავ სამოსს?

- არ ვიცი.

- ისინი თვლიან, რომ ქალი მამაკაცის აჩრდილია.

- ჰო, იქ საქმე გაცილებით რთულად ყოფილა.

- რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როცა პიროვნება რამე საინტერესოს ისმენს?

- მგონი, ფართოვდება, ხომ?

- გამოიცანი. იერუსალიმში, სიონის მთის ფერდობზე წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესია მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ეკლესია სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც პეტრეს შემოესმა... რა შემოესმა მას?

- მინიშნებით დამეხმარე, გთხოვ.

- მას შემდეგ, რაც ქრისტე უარყო, პეტრეს ერთ-ერთი ფრინველის ხმა შემოესმა.

- გამახსენდა, მამლის ყივილი შემოესმა. არ ვიცოდი, იმ ადგილზე ტაძარი თუ იყო აგებული.

- სერგო ფარაჯანოვის ბიოგრაფიას კარგად იცნობ?

- გააჩნია, რა უნდა მკითხო.

- ერთ-ერთ ფესტივალზე, სმოკინგის უქონლობის გამო, მან კედლიდან წარწერა "ნოუ სმოკინგ" ჩამოხსნა და დარბაზში ამ წარწერით ხელში, შევიდა. სად მოხდა ეს ამბავი?

- არ ვიცი.

- კანის ფესტივალზე. ჩაიკოვსკის ბალეტ "გედების ტბაში" რამდენი ბალერინა ასრულებს პატარა გედების ცეკვას?

- 4.

- "გეუბნები, რომ მიყვარხარ მეასეჯერ,/ მე ასე ჯერ არავინ მყვარებია". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, - მას მუსიკოსად უფრო ვიცნობთ, ვიდრე - პოეტად.

- ვერ ვხვდები, ვინ არის?

- დათო ევგენიძე.

- ვაიმე!!! გამახსენდა და არ გითხარი.

- "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს სტატუეტებს ართმევენ და რამდენიმე დღის შემდეგ უბრუნებენ. რატომ?

- მათზე მფლობელის სახელი და გვარი რომ ამოტვიფრონ.

- რომელი ცხოველი ზრუნავს თავის ნაშიერზე ყველაზე მეტხანს: დათვი, კატა თუ სპილო?

- ზუსტი პასუხი არ ვიცი, მაგრამ ინტუიციით ვხვდები, სპილო იქნება.

- პატარა სპილო დედასთან 10 წელიწადზე მეტხანს რჩება. არისტოტელე ამბობდა: ნათესავი, ეს არის ჩვენი სხეულის ნაწილიო. ვის მიიჩნევდა იგი სულის ნაწილად?

- საყვარელ ადამიანს.

- მეგობარს. "განგაში", "ხევისბერი გოჩა", "ნინო", "დათა თუთაშხია" - ამ ფილმებიდან რომლისთვის არ დაუწერია მუსიკა რევაზ ლაღიძეს?

- "დათა თუთაშხიასთვის".

- ის თეატრისა და კინოს რეჟისორი იყო. 1913-21 წლებში რუსეთში მოღვაწეობდა. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა. გახმაურებული სპექტაკლებით - "ცხვრის წყარო", "ურიელ აკოსტა"... 1928 წელს ქუთაისში თეატრალური დასი ჩამოაყალიბა. პარალელურად მუშაობდა კინოში. დაასახელე ეს პიროვნება.

- კოტე მარჯანიშვილი.

- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და სწრაფად მოძრაობა შეუძლია. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- ენაზე.

- გამოიცანი.

- ზოგიერთის ენას გაცილებით მეტი კუნთი აქვს (იცინის).

- ახლა ერთ ძველ იტალიურ გამოცანას გეტყვი: რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან. რა არის?

- გზა.

- უფრო კონკრეტულად?

- ცხოვრების გზა.

- ბარბრა სტრეიზანდი ამბობდა: განსაკუთრებული თავისებურება ამაში ის არის, რომ შემქმნელები ხშირად ცდებიან, მაგრამ გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამ შეცდომებში ფულს იხდიან. რაზეა ლაპარაკი?

- წარმოდგენა არ მაქვს.

- მოდაზე. "სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი/ სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა/ და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,/ შარავანდედი გადაჰფენოდა". ვის აღწერს ასე ილია ჭავჭავაძე?

- განდეგილს.

- კოლექციონერები მის ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგში, წერენ წერილებს და არც ქურდობას ერიდებიან. რაზეა ლაპარაკი?

- მარკებზე, ხომ?

- ცდები.

- (ფიქრობს) შეიძლება, სწორი პასუხი ავტოგრაფებიც კი იყოს.

- მართალია. ეს მუსიკალური საკრავი ორნაირია - უენო და ენიანი. რომელ საკრავზეა ლაპარაკი?

- კიდევ მინიშნება შეიძლება?

- ჩასაბერი ინსტრუმენტების ჯგუფს განეკუთვნება.

- სალამური იქნება.

- ნამდვილად ასეა. ახლა კი დაიანგარიშე და მითხარი, რამდენი წუთია დაშორება დილის 10 საათსა და 30 წუთსა და იმავე დილის 9 საათსა და 15 წუთს შორის?

- (ფიქრობს) 75 გამოდის.

- ამ ქართველი მწერლის მამა თვითნასწავლი მღვდელი იყო. რომელ მწერალზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- საქართველოში ის ბევრს უყვარს გამორჩეულად. ცნობილია ფსევდონიმით.

- ვაჟა-ფშაველა.

- ბერძნული მითოლოგიით, რომელი მცენარე ითვლება ქორწინების სიმბოლოდ?

- არ ვიცი.

- ბროწეული. დაასახელე ამერიკის ქალაქი, რომელიც გადმოცემით, განგსტერებმა დააარსეს და დღეს კაზინოებითა და საქმიანი შეხვედრების ადგილად არის ცნობილი.

- ლას-ვეგასი.

- რომელი ქართული ფილმის გმირები არიან ბოლოკა და ბეთჰოვენა?

- "ღიმილის ბიჭების".

- ოსკარ უაილდის აზრით, ის ფილოსოფიაზე უფრო გონიერი და ძალაუფლებაზე უფრო ძლიერია, მისი ფრთები ალისფერია და როგორც ცეცხლი, ისეთია მისი სხეული. ბაგენი მისი თაფლივით ტკბილია და სუნთქვა მისი - საკმეველივით სურნელოვანი. რის შესახებ წერდა ასე უაილდი?

- ადამიანის ერთ-ერთ გრძნობას გულისხმობდა?

- დიახ.

- სხვაზე რაზე იტყოდა, თუ არა - სიყვარულზე?

- გამოიცანი. მწერალს ეთანხმები?

- ეს ცოტა მძიმე თემაა. ვეღარ გავიგე, რა დამოკიდებულება მაქვს სიყვარულის მიმართ. რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ეს არის დროებითი მდგომარეობა. სიგიჟეა.

- ისე ლაპარაკობ, რაღაც არ მგონია, ახლა შეყვარებული იყო.

- ახლა არ ვარ შეყვარებული, მაგრამ ეს გრძნობა გამომიცდია. ყოველ შემთხვევაში, მაშინ მეგონა, მიყვარდა. დღეს ვეღარ ვხვდები, სიყვარული იყო თუ - გატაცება.

- დაბოლოს, დაასრულე ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვამი: "ბედი იმისია, ვინც ძლიერია. ძლიერი კი მხოლოდ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...მხოლოდ მცოდნე კაცია".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება