"სახლი ჯერ ბანკმა წამართვა და მერე ის ფული ვინმე დოდომ წაიღო"

"სახლი ჯერ ბანკმა წამართვა და მერე ის ფული ვინმე დოდომ წაიღო"

დღეს კაცი ისე მოგატყუებს, თვალსაც არ დაახამხამებს... "გადაგდებულთა" შორის ყველა ფენის, წარმომავლობის, სქესისა თუ ასაკის ადამიანია, რომელებიც სხვადასხვა თაღლითური სქემის ხლართებში გაეხვნენ. ერთ-ერთი ასეთი "გადაგდებული" ცნობილი მსახიობი, ზაზა იგივე ზუზუ ბეჟაშვილია.

- 20.000 დოლარი მივეცი ქალს, იპოთეკარს და "გადამაგდო"...მისთვის არ მიჩივლია... მაგრამ სხვების ვალიც ჰქონდა (ჩემნაირების) და უჩივლეს. დაიჭირეს. მაგრამ არსებულ სიტუაციაში გამოსავალს ვერ ვხედავ. ის ქალი ციხისთვის მაინც შემეცოდა. ახლა ქირით ვცხოვრობ და ძალიან მჭირდება ის ფული, რაც დავკარგე... სამწუხაროა, რომ იმ თანხის დაბრუნებას აღარც ველი.

- რატომ ენდე იმ ადამიანს?

- ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა და ყველანი ერთად "გადაგვყარა"... არადა, 15 წლის განმავლობაში ეს ბიზნესი ჰქონდა და დარღვევა არ ჰქონია. იმის მიუხედავად, რომ "გადაგდებული" ვარ, მიმაჩნია, რომ ის ქალი აფერისიტი არ არის. კრიზისმა შეუშალა ხელი, ყველაფერი აერია და მაგ სიტუაციაში ჩვენ მოვყევით ... ამ ნაბიჯისკენ რამ გიბიძგაო, მკითხე. ბინა მანამდე ბანკმა გაგვიყიდა. მერე მე რაღაც ჩემი საკუთარი თანხა მქონდა. ნაცვლად იმისა, რომ იმით ბინა მეგირავებინა, ავდექი დ იპოთეკარს მივეცი, ვიფიქრე, ამ თანხით ვიარსებებ-მეთქი. თან, მაშინ იმ თანხით (20.000 დოლარი), რაც მქონდა, ბინის დაგირავება ვერ შევძელი.

ის ქალიც რაღაც პერიოდის მანძილზე ყოველთვიურად მიხდიდა და იმ ფულით ბინას ვქირაობდი. მერე, როგორც გითხარი, ეს ვეღარ შეძლო... ახლა რითი და როგორ ვახერხებ ბინის ქირაობას, თვითონაც მიკვირს...

მოკლედ, სახლი ჯერ ბანკმა წამართვა და მერე ის ფული, რაც იმ წუში მქონდა, ვინმე დოდომ წაიღო.

- ახლა რას აპირებ?

- ამ ყველაფრის ფონზე, ბევრი როლი ვითამაშე, რაც იმ პერიოდისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩემ უკან დგანან ადამიანები: დედა და ძმა, რომლებიც ასე თუ ისე, ჩემ გვერდში დგომას საჭიროებენ... რა ვქნა, უფრო დიდი ტრაგედიები ხდება. მოკლედ, ცხოვრება გრძელდება... დოდოს კი მალე სახლში დაბრუნებას ვუსურვებ, სადაც პატარა შვილი ელოდება.

- საოცარ დიდსულოვნებას იჩენ...

- რა ვქნა? იმხელა და ისეთი ბინა მქონდა ... მაგრამ დღეს ქირით ვცხოვრობ, თუმცა ყველაფერს ვიზამ, (პატიოსან შრომას ვგულისხმობ), რომ ჩემი სახლი მქონდეს.

- ამ ყველაფერს, რაც მოხდა, მაინც ვის აბრალებ?

- თუკი ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ხდება, ალბათ ყველამ მაინც საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. არ მიყვარს რაღაცების სხვებისთვის გადაბრალება... ამ ყველაფერს ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ და თან, საერთოდ, წარსულში ქექვა დიდად არ მსიამოვნებს.

- საოცარია, საკუთარი ჭერის გარეშე დარჩენილი ადამიანი მხნეობას მაინც ინარჩუნებ...

- სხვა გზა არ არის. მთავარია, იყოს კარგი პროექტი და ხასიათიც სასიკეთოდ მეცვლება. კარგ პროექტს ცოტა ფულიც მოაქვს და პროფესიული ბედნიერებაც. მიმაჩნია, რომ უფრო საინტერესო ცხოვრება მაქვს, ვიდრე ბინიან ადამიანებს... ერთ სახლს როგორღაც შევიძენ.

- ამ ზაფხულს დასვენება თუ შეძელი?

- არა, ქართულ-აზერბაჯანულ სერიალში ("ალი და თეო") მიმიწვიეს. ახლა ამ პროექტზე ვმუშაობ, გადაღებები თბილისში მიმდინარეობს და ქალაქიდან გასვლა ამიტომ ვერ მოვახერხე... აგვისტოს ბოლომდე ამ საქმით ვიქნები დაკავებული. სექტემბერ-ოქტომბერში რაღაც რუსულ-ქართული ერთობლივ პროექტს ველოდები. ის თუ გამოვიდა, ჩემს სახლში დაგპატიჟებთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება