ვის გამო არ გადის სახლიდან გვანცა დარასელია

ვის გამო არ გადის სახლიდან გვანცა დარასელია

სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ ”სხვა შუა დღის” წამყვანი გვანცა დარასელია თითქმის მთელ დროს მის ცხოვრებაში არსებულ უმნიშვნელოვანეს მამაკაცს - წლინახევრის ერეკლეს უთმობს და როგორც თავად ამბობს, შვილის რეჟიმით ცხოვრობს. შვებულების პერიოდს ნაყოფიერად იყენებს, კანსა და თმას ასვენებს, თან აღნიშნავს, მივხვდი, ცხოვრება მაკიაჟის გარეშე ბევრად უკეთესია, ვიდრე მაკიაჟითო. რა ტრადიციის აღდგენას გეგმავს გვანცა ზღვაზე წასვლისას და როგორ შეცვალა წლებმა მეუღლესთან მისი ურთიერთობა, ტელეწამყვანი თავად გიამბობთ.

- გეგმების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ”სხვა შუა დღე” იქნება უფრო მრავალფეროვანი და იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო. რაც შეეხება ”საქართველოს ვარსკვლავს”, ჯერჯერობით ეს მუსიკალური შოუ არ იწყება, რადგან ახლა ”ნიჭიერის” სეზონია. რაც შეეხება დასვენებას, მეუღლესა და შვილთან ერთად დასასვენებლად ბათუმში მივდივარ. მინდოდა, ბავშვი ჩემს სოფელში წამეყვანა, მაგრამ ავად გამიხდა, ამას სხვა გარემოებებიც დაემატა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთი კურორტი აგვერჩია და იქ დაგვესვენა. ასე რომ, ბათუმში გავატარებთ მთელ თვეს, ძიძაც მომყვება და ბავშვთან ერთად ზღვისპირა ქალაქში დასვენება არ გამიჭირდება.

ერეკლე

- მეორე ზაფხულია, შვებულებას ჩემს შვილთან ერთად ვატარებ და მთელ დრო მას ვუთმობ. მაგალითად, გუშინ საერთოდ არ გავსულვარ სახლიდან და სადმე წასვლის სურვილიც არ მქონია. დილა იწყება ერეკლეთი, როცა სასეირნოდ მიდის, სახლში ჩემს საქმეებს ვაგვარებ, ამასობაში ბავშვი ბრუნდება და ისევ მასზე ვერთვები, მოკლედ, ბავშვის რეჟიმით ვცხოვრობ. სამუშაო პერიოდში, სამსახურის შემდეგ, მაშინვე ბავშვთან მოვდიოდი, მაგრამ მასთან სათამაშოდ იმდენი ენერგია და ძალა არ მრჩებოდა, რასაკვირველია, დროს მასთან ვატარებდი, მაგრამ ისე ვერ ვეთამაშებოდი, როგორც ახლა.

ერეკლე წლინახევრის გახლავთ. მასზე რაც უნდა ვთქვა, ქება გამომივა, მაგრამ მართლა ძალიან სხვანაირი ბავშვია, არ ლაპარაკობს, თუმცა ყველაფერს გაგებინებს ჟესტიკულაციით, თვალით, ცხვირით, მიმიკით, გარდა ამისა, არის სიყვარულით სავსე, ძალიან თბილი და აზრიანი. დღითიდღე უფრო მეტად მაყვარებს თავს, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. უკვე იმ ასაკშია, რომ გვეხუტება, გვკოცნის, გამოხატავს სითბოს და გვაგიჟებს. ჩემთან სხვანაირი ურთიერთობა აქვს, მამამისთან - სხვანაირი, ჩემს მიცემულ შენიშვნასა და მამამისის მიცემულ შენიშვნას შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მას მაშინვე უჯერებს და იგებს მის ნათქვამს. შეუძლია, მამასთან ერთად წამოწვეს და ერთად უყურონ ტელევიზორს, ამას ჩემთან არასდროს აკეთებს, რადგან მე სულ გიჟურად ვეთამაშები და ასე თამაშს მთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულს ჩემთან უფრო გამოხატავს, ჩემს მეუღლესთან უფრო მეტად მშვიდდება და წყნარდება. როცა მამა აქ არ არის, სულ ენატრება და ახსენებს.

- მეორე შვილის გაჩენაზე არ ფიქრობ?

- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ოღონდ ასე მალე არა, თუმცა ძალიან დიდ შუალედსაც არ გავაკეთებთ.

უმაკიაჟოდ...

- ამ შვებულების პერიოდში მივხვდი, რომ ცხოვრება მაკიაჟის გარეშე ბევრად კარგია, ვიდრე მაკიაჟით. კანისთვის მძიმე მაკიაჟი ძალიან დამღლელი და სტრესულია, უბედნიერესი ვარ, რადგან სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ არ შევღებილვარ, კანმა დაისვენა, აღდგა, დატენიანდა. იგივე შემიძლია ვთქვა თმაზეც, მასაც სჭირდებოდა განტვირთვა და ასევე დასვენება სჭირდება ფეხებს ქუსლიანი ფეხსაცმლისგან. სახის ან თმის მოსავლელად არასდროს მიმიმართავს ხალხური მეთოდისთვის, რატომ უნდა ვიწვალო, როცა თანამედროვე კოსმეტიკაში ყველაფერია თავმოყრილი? უბრალოდ, ვცდილობ, გამოვიყენო კარგი ხარისხის დამატენიანებელი კრემი და ჩამოსაბანი გელი, თმის შემთხვევაშიც ზუსტად იმავეს ვიტყვი, ვიყენებ კარგ შამპუნსა და კონდიციონერს.

საკურორტო სამოსი

- როდესაც ადამიანი დასასვენებლად მიდის, თან მიაქვს ერთი ან ორი ქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ასევე იცვლის ჩაცმის სტილსაც. მართალია, მოკლე შორტი მოდაშია და აცვიათ ყველანაირ ფეხსაცმელზე, ქუსლიანზე, ჩექმაზე და ა.შ, მაგრამ მე თბილისში ძალიან მოკლე შორტით არასდროს ვივლი, რადგან არ მომწონს. ჩემი აზრით, ეს უფრო საზღვაო ჩასაცმელია და იქაურ განწყობას შეეფერება. მე თუ მკითხავთ, დასასვენებელ და სამუშაო სამოსს შორის უნდა იყოს განსხვავება, ზღვაზე უფრო მსუბუქად უნდა გეცვას, იქ ნამზეურის დემონსტრირებას უფრო თამამად ახდენ...

შოპინგი დასვენებისას

- შოპინგი დასვენების განუყოფელი ნაწილია, როდესაც დასვენებას ვგეგმავთ, ყოველთვის გვაქვს გამოყოფილი ბიუჯეტი საყიდლებისთვის და ასევე გარკვეული ადგილი ჩემოდანში ახალი ნივთებისთვის. არც ერთხელ არ გავსულვარ ქვეყნიდან ისე, რომ რაღაც არ მეყიდა და უკან დაბრუნებულს ახალი არაფერი ჩამომეტანა, ეს ალბათ უკვე ჩვევაში გადამივიდა იმიტომ, რომ სამახსოვრო ნივთის ქონის სურვილი გიჩნდება, თანაც, საზღვარგარეთ შეგიძლია შეიძინო ისეთი რამ, რასაც აქ ვერ იყიდი. ჩემს მეუღლეს საშინლად არ უყვარს საყიდლებზე სიარული. როდესაც საზღვარგარეთ ვართ, ის აუცილებლად პოულობს მეგობარს, ერთად მივდივართ დიდ შოპინგმოლში, ისინი სხდებიან კაფეში, მე კი დავდივარ მაღაზიებში, ესაა ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ ერთმანეთს ამ საკითხზე ნერვები არ მოვუშალოთ. თუ ვთქვათ, ისეთ ქალაქში ვართ, სადაც თავს შინაურულად ვგრძნობ, მაშინ მარტო ვშოპინგობ. მაგალითად, პრაღაში ხშირად დავდივართ, იქ ერთი ქუჩაა, სადაც ბევრი მაღაზიაა განლაგებული და იქ დამოუკიდებლად მივდივარ, უკვე კარგად ვიცნობ ქალაქს და არ დავიკარგები, ყველაფერს მშვიდად ვათვალიერებ და ზოგჯერ ექვსი საათი ისე გადის, ვერ ვიგებ, ამასობაში ჩემი მეუღლე სხვა საქმეებს აგვარებს, იმიტომ რომ ამდენი საათი კი არა, ექვსი წუთიც ვერ მიძლებს. მაღაზიებში სიარული იმდენად აზარტულია, რომ დროის შეგრძნება მეკარგება, მთავარია, მეცვას მოხერხებული ფეხსაცმელი, მეჭიროს კომფორტული ჩანთა და იყოს კარგი ამინდი, ასეთ დროს საყიდლებზე სიარული დიდ სიამოვნებას უკავშირდება. შეიძლება, ბევრი კი არა, ერთი რამ იყიდო, მაგრამ ისეთი კმაყოფილი დარჩე, რომ ამდენ სიარულად ღირდეს. ერთადერთხელ მომეწონა ფეხსაცმელი ისე, რომ ბოლო კაპიკები გადავიხადე და ვიყიდე, მერე კი ვინანე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოხდა ეს შემთხვევა და მეორედ აღარ გავიმეორებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება