რატომ დაიწყო გიორგი ბოჭორიშვილმა ცოლზე ეჭვიანობა

რატომ დაიწყო გიორგი ბოჭორიშვილმა ცოლზე ეჭვიანობა

მსახიობები ეკა დემეტრაძე და გიორგი ბოჭორიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ნატაშკასა და ზაზას განასახიერებენ, რეალურად კი ცოლ-ქმარი არიან. მართალია, ერთი და იმავე სერიალზე მუშაობენ, მაგრამ სამსახურში ერთმანეთს თითქმის ვერ ხვდებიან, მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ ერთად გადაღება და მაშინაც ერთმანეთის დანახვამ ორივე გააოცა. წყვილს ოთხი წლის შვილი - თომა ჰყავს, რომელმაც ფოტოსესიის დროს არაჩვეულებრივად იპოზიორა. გიორგისა და ეკას გმირებზე, სასიყვარულო სცენებში საყვარელი ადამიანის ხილვაზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე სასაუბროდ წყვილს შინ ვეწვიეთ.

ეკა:

- ჩემთვის გასული სეზონი ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან სწორედ ამ დროს დავიწყე სერიალზე მუშაობა, რაც ძალიან საინტერესო იყო და იმავდროულად ბევრ სირთულეს უკავშირდებოდა, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე დროის მხრივ.

- პროფესიულ სირთულეში რა იგულისხმება?

- იმდენად შეკრული გუნდი მუშაობს სერიალზე, რომ ერთი ოჯახივით არიან, გარედან უცებ ამ გუნდში შესვლა მარტივი არაა, მაგრამ ისე მიმიღეს, რომ მუშაობა არ გამჭირვებია, გარდა იმისა, რომ ბევრი მეგობარი შევიძინე, კოლეგიალური თვალსაზრისითაც ძალიან დამეხმარნენ.

გიორგი:

- ჩემი გმირი - ზაზა, პირველი სეზონის მესამე სერიაში გამოჩნდა და მას შემდეგ სცენარისტს პერიოდულად შემოჰყავს ხოლმე, თუმცა ამ სეზონში შედარებით ნაკლებად აქტუალური იყო, მაშინ მეტად ვჩანდი სერიალში, როცა დათოს ხაზი უფრო მნიშვნელოვანი იყო, გვქონდა ღორების ბიზნესი და ა.შ. ამ სეზონში კი ეკას გმირმა წამოიწია წინ, რაც ორივესთვის მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც სერიალს ნატაშკა დაემატა, ეკას გადაღება, ფაქტობრივად, ყოველდღე ჰქონდა და თითქოს ვეჭვიანობდი კიდეც, მე სამი სეზონია რაღაცას ვწვალობ და ეკამ სერიალში უცებ დაიმკვიდრა თავი (იცინის). მეორე მხრივ, კარგია, რომ ასე მოხდა, რადგან სერიალის გარდა რეპეტიციები თეატრშიც მაქვს და მისკენაა ჩემი ენერგია მიმართული, ოღონდ ამ საკითხზე ჯერჯერობით საუბარი არ მინდა. ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია, ღმერთი იმდენ საქმეს გვაძლევს, რამდენის გაკეთებასაც შევძლებთ, ამჯერად სერიალში პატარა ეპიზოდებში ვმონაწილეობ, თუმცა თეატრში ვარ ძალიან დაკავებული და ა.შ.

- მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ყველა სერიაში არ ჩანს, შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟი უკვე შემდგარია.

- კი, ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ეს ზაზა არის ცოტა ჯუჯუღუნა, ცოტა ვირი, ცოტა უხეში ტიპი.

ეკა:

- მე მეკითხებიან ხოლმე, გიორგი მართლა ისეთია, როგორიც სერიალშიო, თან სახეზე ეტყობათ, რომ ცოტა ვეცოდები. ის, ვინც გიორგის რეალურად იცნობს, ამ დროს იწყებს მის ქებას და იმის მტკიცებას, რომ ცხოვრებაში სულ სხვანაირია და ძალიან კარგი ბიჭია (იღიმის).

გიორგი:

- სანამ სეზონი დასრულდებოდა, ერთ-ერთ სერიაში დათოს დის ქუთაისელ სიძეს დავარტყი, რასაც უცნაური გამოხმაურება მოჰყვა. თავიდან "ჩემი ცოლის დაქალების" "ფეისბუქის" გვერდზე რომ შევდიოდი, ზაზას სულ ლანძღავდნენ, მოაშორეთ ეგ გმირი ან ხასიათი გამოუსწორეთ, რა არის ეს, როგორ ელაპარაკება ცოლსო, - წერდნენ, რაც დამეთანხმებით, არ არის სასიამოვნო. ეტყობა, ზაზა პოპულარული ფსიქოტიპია ქართულ რეალობაში, საზოგადოებაში ბევრი ზაზასნაირი ადამიანის ნახვა შეიძლება და ეს გარკვეულწილად აღიზიანებს მაყურებელს. აბა, როგორია, ქმარი ცოლს რეალურად ისე უხეშად რომ ელაპარაკება, როგორც ზაზა და ამ დროს ტელევიზიითაც იმავეს რომ უყურებს, რასაკვირველია, გამწარდება ადამიანი და აგრესია გაუჩნდება ზაზას მიმართ, თუმცა ქუთაისელ ბაჩოზე ხელის აწევის შემდეგ იცით, როგორი კომენატრები იდებოდა "ფეისბუქზე", შენ გენაცვალე, ძლივს არ მოიქცა ეს ბიჭი კაცურადო (იცინის). ბაჩო იმდენად ნეგატიური გმირია, რომ ზაზა გადაფარა. ერთ სერიაში შეიძლება, მაყურებელს წარმოდგენა შეეცვალოს გმირზე, თითოეულ სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

- გადაღებებზე თუ ხვდებით ერთმანეთს?

ეკა:

- შეიძლება ითქვას, ერთმანეთის გადაღებებს არ ვესწრებით, დიდი ხნის განმავლობაში მე ცალკე მქონდა გადაღებები, გიორგის – ცალკე. ორჯერ მოგვიწია გადაღებაზე შეხვედრამ და სიმართლე გითხრა, ერთმანეთის დანახვამ გაგვაოცა. ზოგადად, ერთმანეთის მიმართ მეტად კოლეგიალური დამოკიდებულება გვაქვს, როდესაც ვმუშაობთ, ცოლქმრობას ვივიწყებთ, რაც კომფორტს გვიქმნის.

- რეალურ ცხოვრებაში რამდენად დაუმეგობრდა ეკა სერიალის დაქალებს, გიორგი კი - ძმაკაცებს?

- მსახიობებს იმდენად დიდი დროის გატარება გვიწევს ერთად, რომ მართლა დაქალები ვხდებით, დაკავებულობის გამო სხვა მეგობრებს ნაკლებად ვნახულობთ, დასვენებისთვის ცოტა დრო გვაქვს და მაშინაც ვცდილობთ, დაგროვილი საქმეები მოვაგვაროთ.

გიორგი:

- სერიალიდან გამომდინარე ლევან ყოჩიაშვილს დავუმეგობრდი, ვანიკო თარხნიშვილთან ადრეც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალებმა" უფრო დაგვაახლოვა, ჩვენი მეგობრობა სერიალით არაა განსაზღვრული, ეს ურთიერთობა ისედაც დაგვაკავშირებს ცხოვრების ბოლომდე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება