სანდრო კაკულიას თავგადასავლები, უმისამართოდ ხეტიალი და დიდი სისუსტე

სანდრო კაკულიას თავგადასავლები, უმისამართოდ ხეტიალი და დიდი სისუსტე

"მოულოდნელობები და სპონტანურობა მიყვარს. გეგმითა და გათვლილი ნაბიჯებით ცხოვრება არ შემიძლია", - ამბობს სანდრო კაკულია (სანდრექსა, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"). მარტო მოგზაურობა და უმისამართოდ ხეტიალი მისი ცხოვრების წესია. მიაჩნია, რომ ქალაქგარეთ ბევრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. უცნობ ადამიანებთან მიდის, კარზე აკაკუნებს და ეკითხება: - შეიძლება, თქვენთან ღამე გავათიო?

- სახელი და გვარი.

- სანდრო კაკულია.

- დაბადების თარიღი.

- 1985 წლის 24 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. ვგიჟდებოდი, ექიმობა ისე ძალიან მინდოდა. სანათესავოში ბევრი მედიკოსი მყავს. ვიცი, ჩემგანაც ძალიან კარგი ექიმი დადგებოდა. მედიკამენტებში ახლაც კარგად ვერკვევი, ანოტაციები ვიცი. სულ ანალიზებს ვიღებ, გამოკვლევებს ვიტარებ, ჯანმრთელობაზე ვზრუნავ. ინტერნეტში სამეცნიერო ლიტერატურას ვკითხულობ. ინფორმაციას ვიღებ ახალ დაავადებებზე, მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე...

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვარსებობ, მაქვს საშუალება, განვვითარდე.

- როცა მარტო ვარ...

- ....თავს ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ. მარტოობა მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ საქმეში ვარ ჩართული, ეს ყოველდღიური ყოფითობა მკლავს. როცა მარტო ვარ, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. ვალდებულებებს ვივიწყებ.

- მარტო სამოგზაუროდაც...

- ...ხშირად წავსულვარ. ამას წელიწადში ერთხელ მაინც ვაკეთებ. გუდა-ნაბადს ავიკრავ და მივდივარ, ოღონდ სახლიდან გასვლისას არ ვიცი, სად მივდივარ. ცოტა ხნის წინ, გურიაში ვიყავი. სრულიად უცნობ ადამიანებთან მივდივარ, კარზე ვაკაკუნებ და ვეუბნები: - შეიძლება, თქვენთან ღამე გავათიო? იცი, ეს რა მაგარი შეგრძნებაა? რომ არ შეეშინდეთ, ვუხსნი, რომ ტურისტი ვარ. ქალაქის გარეთ ბევრად გულწრფელი და თბილი ადამიანები ცხოვრობენ. აქ ვინმეს რომ მიადგე და კარზე დაუკაკუნო, შეიძლება არც კი გაგიღოს. იქ ყველა სითბოს გახვედრებს. ქართული სტუმართმოყვარეობა ქალაქში საერთოდ გამქრალია, სოფლებში ჯერ კიდევ არსებობს. მერე იმ უცნობ ადამიანებს ვუმეგობრდები. საინტერესო ამბებს მიყვებიან, ხალასი გული აქვთ. მას შემდეგ, რაც სერიალში გამოვჩნდი, ასე უმისამართოდ აღარ მიხეტიალია. ალბათ ახლა ყველა მიცნობს.

- ერთხელ ასეთი მოგზაურობისას...

- ...თავს უცნაური რაღაც გადამხდა. მაშინ მე და ნუცა დაქორწინებული არ ვიყავით, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარდა. ერთ საღამოს შინ ვაცილებდი. ნუცას ვთხოვე, სადმე წავიდეთ-მეთქი. სად წავიდეთო? "მარშრუტკების" გაჩერებაზე მივიდეთ და პირველი რომელი მიმართულებითაც გავა, იქ წავიდეთ-მეთქი. ჩვენი დიალოგი ტაქსის მძღოლს ესმოდა. მას გია ერქვა. შემოგვთავაზა, კახეთში ზედა მაჩხაანში სახლი მაქვს, სადაც ჩემი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ და თუ გინდათ, იქ წადით, გაუხარდებათო. იმ საღამოს უკვე ძალიან გვიანი იყო. მეორე დღეს მე და ნუცა მაჩხაანის "მარშრუტკით" კახეთში წავედით. გიას სახლსაც ადვილად მივაგენით. კარზე დავაკაკუნეთ, - გამარჯობა!!! ჩვენ გიას მეგობრები ვართ! - გავეცანით მაჩხაანელებს. დოკუმენტურ ფილმებზე ვგიჟდები, პატარა ეპიზოდებს სულ ვიღებ. მაჩხაანში კამერაც მქონდა წაღებული, შტატივიც და რატომღაც მოვიტყუეთ, - დოკუმენტალისტები ვართ და ფილმი უნდა გადავიღოთ-მეთქი. მთელი მაჩხაანი ფეხზე დადგა, გამგებელთან მიგვიყვანეს, მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. მანქანა გამოგვიყვეს, სად აღარ გვატარეს. ერთი ძველი მიკროფონისმაგვარი რაღაც მქონდა და ინტერვიუებს ისე ვწერდით. მინდა, მაშინდელი ტყუილისთვის ყველას ბოდიში მოვუხადო. მთავარ ამბამდე ჯერ არ მივსულვარ. მე და ნუცა მაჩხაანში ისე წავედით, არავისთვის გვითქვამს. მასთან სახლში იცოდნენ, რომ ბაკურიანში იყო. ნუცას ტელეფონი ჩვენს მასპინძელ ოჯახში დარჩა. თურმე დედამისი ურეკავს ერთხელ, ორჯერ, ათჯერ... ჩვენ ამ დროს სუფრა გაგვიშალეს და ვქეიფობთ. მოკლედ, ამ ტელეფონის ზარმა ოჯახის უფროსი შეაწუხა და ერთხელაც რომ დარეკა, უპასუხა. გავიყიდეთ, რომ მაჩხაანში ვიყავით. ნუცას ოჯახს ეგონა, რომ ის გატაცებული მყავდა და პანიკა ატყდა. მირეკავდნენ, ახლავე სახლში დააბრუნეო. ნუცას დედას მთელი სამეგობრო შეუკრებია, რუკაზე ეძებდნენ, სად იყო მაჩხაანი, რომ ნუცასთვის ჩამოეკითხათ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ვაღიარებ სხვა ადამიანის თავისუფლებას. არავის ვკიცხავ. ვინც როგორია, ისეთს ვიღებ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზარმაცი ვარ. ზოგჯერ ვცდილობ, პრობლემებს დავემალო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ოჯახს. ახლა ვხვდები, მათ ჩემთვის რამდენი რამ გააკეთეს.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვბანაობ. ისე ვერაფრით დავიძინებ და ვფიქრობ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უზრდელობას. ვფეთქდები და რას ვაკეთებ, აღარ ვიცი. ამ დროს საჭიროა, ის ადამიანი, ვინც მაბრაზებს, ხელიდან ვინმემ გამომგლიჯოს.

- მეზარება...

- ...გადასახადების გადახდა, ნაგვის გადაყრა, დალაგება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ფილოსოფოსი ან სასულიერო პირი.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვიცი, რომ სამომავლოდ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა ექნება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...უცხოეთში, ნეპალში, კატმანდუში. სექტემბერში წასვლას ვაპირებ, ჩემი თავის აღმოჩენა მინდა. შეიძლება მარტოც წავიდე.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ არ შეიძლება, ყველა ადამიანს ვენდო. იმედგაცრუება ხშირად მქონია და ეს მძიმედ გადამაქვს. თავად ძალიან ერთგული ვარ. თუ შევამჩნიე, მეორე ადამიანი შეგნებულად ცდილობს, რაღაც მატკინოს, ვერ ვპატიობ. შემიძლია, წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით დავანგრიო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...აღარ ვიმეორებ.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ხანდახან, როცა ვინმესთან ვრეკავ და დაკავებაა, ვფიქრობ, ეტყობა, არ არის საჭირო რომ დაველაპარაკო-მეთქი და მასთან დაკავშირებას ხელმეორედ აღარც კი ვცდი.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემი ფიქრები 40 წლამდე მიდის, მერე ვეღარაფერს ვხედავ. ვიცი, მანამდე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.

- ვნანობ, რომ...

- ...ბევრი რამ არ ვისწავლე და უცხოეთში სასწავლებლად არ წავედი.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...იმდენად გახსნილი ადამიანი ვარ, ყველასთან ყველაფერზე ვსაუბრობ, ინტიმური დეტალების გარდა.

- სიყვარული ეს...

- ...არის კოშმარული გრძნობა. ნამდვილი სიყვარული ის არის, როცა შენს თავს ვერ აკონტროლებ. ამ დროს ძალიან ვიტანჯები. სიყვარული კონტროლდაკარგული მდგომარეობაა. აზრზე თანდათან მოდიხარ. საკუთარ თავზე კონტროლი 4 წელი მაინც მქონდა დაკარგული.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...არეული ვარ, გონზე არა ვარ. ახლა რომ ისეთი მდგომარეობა მქონოდა, როგორიც ნუცას გაცნობიდან დაქორწინებამდე, საერთოდ ვერ ვიმუშავებდი, ვერაფერს გავაკეთებდი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...უნებისყოფობაა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...გემრიელ საჭმელს და კარგ ფილმს. განსაკუთრებით ტკბილეული და ხილი მიყვარს. სასუსნავზე უარს არასდროს ვამბობ.

- რისკზე...

- ...ხშირად წავსულვარ და მომავალშიც არაერთხელ გავრისკავ, რადგან თავშეკავებას ასე სჯობია. მე ხომ მოულოდნელობები და სპონტანურობა მიყვარს. გეგმითა და გათვლილი ნაბიჯებით ცხოვრება არ შემიძლია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, საქებარ სიტყვებს ვინმე პირადად მეუბნება თუ ამას საჯაროდ აკეთებს.

- მეშინია...

- ...მძიმე დაავადებების და სიკვდილის.

- არ მჩვევია...

- ...საზოგადოებისთვის ჩემი პრობლემის თავს მოხვევა. ცუდ განწყობაზეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ვერავის შეუმჩნევია. პრობლემებს ყოველთვის ჩემთვის ვიტოვებ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ჩემი ჰიპერაქტიურობის გამო. ვეღარ მიძლებენ, მთხოვენ, გაჩერდიო.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემს პიროვნებასა და სახელს საზოგადოებაში.

- არ მრცხვენია...

- ...ჩემი არც ერთი თვისების.

- როცა მამა გავხდი და ჩემი შვილი პირველად დავინახე...

- ...ნორმალურად ვერც კი გავაცნობიერე, ჩემს თავს რა ხდებოდა. ვერ აღვიქვამდი, 6 თვე ვერც კი ვურთიერთობდი. სანამ აზრიანი თვალებით არ გამომხედა, მანამდე ვერ აღვიქვი, რომ მამა ვიყავი. დღეს ძალიან კარგი მამა ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილთან აუცილებელია, 24 საათი გაატარო. მინდა, ისეთი გოგო გაიზარდოს, როგორიც მე მომწონს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ერთ ძალიან დიდ სახლს ავაშენებდი მოხუცებისთვის. მერე ბევრს ვიმოგზაურებდი. ჩემი გემები და იახტები მეყოლებოდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ადამიანს არ მოვკლავ.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ფიქრებით წარსულსა და მომავალზე.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ რამეს შევცვლიდი. ამ წუთში, ძალიან ბევრ საქმეს ვარ მოდებული. ერთი მიმართულებით ვიმუშავებდი და იმ სფეროში ძლიერი პროფესიონალი ვიქნებოდი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი და იქ ერთმა ამერიკელმა მასწავლებელმა გვითხრა, - ყოველი დღე თავის თავზე თვითონ იზრუნებსო. ეს სიტყვები დავიწყებული მქონდა, არ ვიცი, 10 წლის მერე რატომ გამახსენდა.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ..

- ...ყველა გამოცდილება კარგი გამოცდილებაა. ცუდი გამოცდილება არ არსებობს. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ყველაფერი უნდა სცადო და გარისკო, რომ მერე რაღაცებზე გული არ დაგწყდეს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება