”საქართველოში დაგეგმილ კონკურსს ჟიურის ჰოლივუდელი წევრი შეაფასებს”

”საქართველოში დაგეგმილ კონკურსს ჟიურის ჰოლივუდელი წევრი შეაფასებს”

საპროდიუსერო ცენტრი - Star Media Production- საქართველოში (ამჯერად - ბათუმში) საერთაშორისო მუსიკალურ პროექტ ”ოქროს ნიჟარას” მეორედ მართავს. ფესტივალს კონკურსის სახე აქვს. მასში 2 ასაკობრივი კატეგორია მონაწილეობს: 9-დან 12-მდე და 13-დან 17 წლამდე კონკურსანტები მრავალფეროვან მუსიკალურ ნომრებს 25-დან 28 აგვისტოს ჩათვლით შემოგვთავაზებენ. ჟიურის ქართველი წევრი ისევ ანრი ჯოხაძე იქნება...

ვიაჩესლავ დმიტრიენკო, საერთაშორისო საპროდიუსერო ცენტრ Star Media Production-ის გენერალური დირექტორი:

- საპროდიუსერო კომპანია Star Media Production-ს ბევრი გეგმა აქვს: ჰყავს მუსიკალური ბენდები და ფესტივალის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას აპირებს. ”ოქროს ნიჟარა” ჩვენი პირველი პროექტი გახლავთ. მოგეხსენებათ, ეს კონკურსი შარშანაც გავმართეთ. საპროდიუსერო ცენტრს თბილისში ხმის ჩამწერი სტუდია აქვს, სადაც ბავშვებს ვოკალსა და ქორეოგრაფიაში ვამზადებთ. მასწავლებლებს საქართველოდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიწვევთ. ამჟამად, ხელშეკრულების საფუძველზე, უკრაინიდან ქორეოგრაფი ჩამოგვყავს, რომელიც რუსეთის შოუბიზნესს ”ამოძრავებს”. ჩვენი კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული.

- კომპანიის შექმნა საქართველოში რატომ გადაწყვიტეთ?

- მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომლებიც მღერიან, ცეკვავენ... მინდა, მათ კომფორტი შევუქმნა, რაც პატარებს ნიჭის გამოვლენის და საკუთარი შემოქმედების უცხოეთში (ინგლისი, იტალია, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა...) ”გატანის” შესაძლებლობას მისცემს.

- საპროდიუსერო საქმიანობაში როგორ ჩაერთეთ?

- პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ ბავშვობიდან მსურდა, მემღერა. მოგეხსენებათ, ცხოვრებაში ზოგჯერ იმ გზას არ ირჩევ, რაც გინდა. ეკონომისტობით - იცხოვრებ, სიმღერით - ვერა... როცა მატერიალურად ისე გავძლიერდი, რომ შემეძლო, მუსიკალური პროექტი განმეხორციელებინა, აღარ დავაყოვნე. მინდა, ბავშვებს იმ საქმეში დავეხმარო, რაც თავის დროზე თავად ვერ გავაკეთე.

- რუსეთში შოუბიზნესი ისეთ დონეზეა განვითარებული, რომ სიმღერით თავის გატანა არ გაგიჭირდებოდათ.

- როცა მღერი, ან ძალიან მაგარი უნდა იყო, ან - თუ დახმარება გჭირდება, საკმარისი ფინანსები გქონდეს... ამიტომ ისეთ პროფესიას ირჩევ, რომელიც საშუალებას გაძლევს, ხვალინდელ დღეს გულდამშვიდებულად შეხვდე. ეს გზა ამიტომ ავირჩიე, მაგრამ სიმღერა დღემდე ჩემი ჰობია. მუსიკალურ პროექტებს ამიტომ ვახორციელებ.

- გვიამბეთ, წლევანდელი ფესტივალისათვის როგორ ემზადებით?

- აჭარის მთავრობა გვეხმარება - ფესტივალისათვის დარბაზი გამოგვიყო. ძირითად საქმეს ჩვენი კომპანია აკეთებს.

ობიექტური მიზეზები არსებობს, რის გამოც სახელმწიფო ვერ გვეხმარება. კონკურსი გაისად და მომდევნო წლებშიც ჩატარდება. ისეთი სახის იქნება, როგორიც - მაგალითად, იურმალას ”ახალი ტალღა”. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში საქართველოს კულტურის სამინისტრო გვერდში დაგვიდგება.

- თავდაპირველად, ”ოქროს ნიჟარა” ერთჯერად პროექტად ხომ არ იყო ჩაფიქრებული?

- არა. გვსურდა, რომ პროექტი გაგრძელებულიყო. გვინდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთ და ვაჩვენოთ, საქართველოს რა შეუძლია. ხარისხიანი პროექტის განხორციელება ნამდვილად შეგვიძლია. ამიტომ ”ოქროს ნიჟარის” ყოველწლიურად ჩატარების ამბიციაც თავიდანვე გვქონდა.

- კონკურსში მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებით, რაიმე ცვლილება ხომ არ არის?

- საერთო ჯამში, კონკურსანტების რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი ვერ მონაწილეობს. ეს ჩვენი ბრალია: სამინისტროსგან დახმარების მოლოდინში, ცოტათი დავაგვიანეთ, ბავშვებმა კი უკვე სხვა რაღაცები დაგეგმეს. შარშან კონკურსში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, წელს კი ევროპაც შემოგვიერთდა: ინგლისი, იტალია და შეიძლება - საფრანგეთიც (ამ ეტაპზე, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ). ”ოქროს ნიჟარა” სხვა ფესტივალების გამართვის დროს ემთხვევა. კონკურსანტები ფიქრობენ, - გამგზავრება სად ჯობია? სამწუხაროდ, წელს სცენასთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა. ძალიან მცირე დრო გვაქვს, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში, უამრავ საქმეს ვაკეთებთ. ამჟამად, სოჭში მცხოვრებ ქართველებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ კონკურსზე ბათუმში ისინიც ჩამოვიდნენ.

- სოჭელი ქართველების პროექტში ჩართვას სტუმრის სტატუსით გეგმავთ, თუ კონკურსში მონაწილეობასაც მიიღებენ?

- ისინი კონკურსანტები იქნებიან.

- ქართველი კონკურსანტების ვინაობა უკვე გადაწყვეტილია?

- დიახ, მაგრამ მათ ვინაობას სიურპრიზად დავტოვებთ. წინ სასიამოვნო და ემოციური მუსიკალური ნომრები გელით...

- ჟიურის წევრები ვინ იქნებიან?

- სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები. ფესტივალებს ისინიც მართავენ. ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალი ყაზახეთში ჩატარდა, სადაც ჟიურის წევრად ჩვენი კომპანიის გენერალური პროდიუსერი - გიორგი ბენდელიანი მიიწვიეს. ყაზახეთში ქართველი კონკურსანტი - საბა ჩაჩუა (რომელმაც შარშანდელ ”ოქროს ნიჟარაზე” მესამე ადგილი დაიკავა) წაიყვანეს, უკან კი გრან-პრით დაგვიბრუნდა. საბა ”ევროვიზიის” კონკურსანტიც გახლდათ. ის ჩვენმა კომპანიამ აღმოაჩინა. ჩვენი კონკურსი იმის გარანტი გახლავთ, რომ ქართველი ნიჭიერი ბავშვებით უცხოელი პროდიუსერები დაინტერესდებიან და პატარებს საკუთარი ნიჭის საზღვარგარეთ გამოვლენის საშუალებაც ექნებათ. საქართველოში დაგეგმილ კონკურსს ჟიურის ჰოლივუდელი წევრი შეაფასებს: ლენა-ლორენა სვილპე ჰოლივუდის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი გახლავთ.

- შარშანდელი ფესტივალის გამარჯვებულის - საშა ლავროვის მუსიკალური კარიერა როგორ განვითარდა?

- საშა გაიზარდა, ჩამოყალიბდა და მუსიკალურ კარიერას წარმატებით აგრძელებს. წლევანდელ ფესტივალზეც გვესტუმრება...

- გამარჯვებულის პრიზი რა იქნება?

- რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის ხმის ჩამწერი სტუდია გვაქვს, რომელშიც გამარჯვებულს სიმღერას ჩავუწერთ და მის გაჰიტებას ხელს შევუწყობთ. გრან-პრის მფლობელს - პლატინის, პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს - ოქროს, მეორეზე - ვერცხლის, მესამეზე კი - ბრინჯაოს ქანდაკებები გადაეცემათ. ასევე, ფინალისტები ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

- ფესტივალის პროგრამა როგორი იქნება?

- კონკურსანტები პირველ დღეს ეროვნულ სიმღერებს შეასრულებენ, მომდევნო დღეებში კი - მსოფლიო ჰიტებს და საკუთარ სიმღერებს. ბოლოს გალა-კონცერტი გაიმართება, რომელზეც მოწვეული ვარსკვლავები დაუვიწყარ სანახაობას შემოგვთავაზებენ... საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი ბევრ რამეში შეგვიშალა. ვფიქრობ, თუკი სახელმწიფოსგან მხარდაჭერა გვექნება, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის დონის ფესტივალს გავმართავთ. ჩვენი კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებით საქართველოს სახელი მსოფლიოში ”გაგვაქვს”. ამიტომ სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანია.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება